2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

3. ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება.

4. მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.

5. აკრძალულია სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

6. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური შეფერილობა.

7. ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დაყენებულ იქნეს სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო. სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ერთდროულად ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.

8. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

9. აკრძალულია საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება.

საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.

საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №933 – ვებგვერდი, 08.07.2025