განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002465213
საქმე #1ბ/857-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ნანა გიგიტაშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო--------------ის,ადვოკატის: მ------------ას,მსჯავრდებულის: ს-----------------------ის
თარჯიმნის: თ------------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ს-----------------------ის, დაბადებულის 1987 წლის 4 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ბორჯომის რაიონის სოფელ ტაბაწყურში, ფაქტობრივად მცხოვრების: ბ--------------------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ს-----------------------მა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ორი პირის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 09:30 საათზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-----------–---------------------–ში მდებარე შ-----------–--------ის საცხოვრებელ სახლში, ს-----------------------მა ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს--–-------------ეს, კერძოდ, ზემოდან დააწვა საწოლზე და მარჯვენა მუშტი ჩაარტყა მარცხენა ლოყაში, რამაც ს--–-------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ხოლო შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ-----------–--------ს, კერძოდ, ორივე ხელი ჩაავლო თმებში, თავი ძირს დაახრევინა და საფერფლე ჩაარტყა თავში, ორივე გაშლილი ხელით ურტყამდა სახეში, ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და რამდენჯერმე გულმკერდის არეში და სახეში ჩაარტყა წიხლი, გადაუგრიხა ორივე ხელი და მიახეთქა კედელზე, ასევე ორივე ხელზე მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების სახით, რამაც შ-----------–--------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენით:
ს-----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო--------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენის, რომელიც აპელანტს მიაჩნია უკანონოდ, დაუსაბუთებლად და ლმობიერად, გაუქმება და მსჯავრდებულ ს-----------------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ს-----------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს-----------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების და მოწმეების - ს--–-------------ის, შ-----------–--------ის, გ--------------–ის, ე-----------------------ის გამოკითხვის ოქმების, სასამართლოში ს-----------------------ის მიერ დანაშაულის აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), პაციენტ შ-----------–--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციის, სამედიცინო ექსპერტიზის №2--------- და №2--------- დასკვნების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს-----------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ს-----------------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ს-----------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი ძალადობრივი დანაშაული, იგი სახლში მიეჭრა დაზარალებულ დედა-შვილს და ორივეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ ს-----------------------ის მიერ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი ძალადობრივი დანაშაული ორი პირის (დედა-შვილის) მიმართ, – ვერ იქნება გაზიარებული სასჯელის გასამკაცრებლად სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ს-----------------------ის მიერ ჩადენილი, საქართელოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებებს სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უკანონობასთან და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულ ს-----------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ს-----------------------ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება, რომ მსჯავრდებულმა ს-----------------------მა სრულიად უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ იძალადა დაზარალებულებზე. საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიჩნეული არაერთი მტკიცებულებით დადგენილია, რომ ს-----------------------მა აგრესიული ძალადობრივი ქმედებები დაზარალებულთა მიმართ განახორციელა პირადი წყენის მოტივით, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ დაზარალებულმა შ-----------–--------მა ს-----------------------ის მეუღლეს, ე----------------------ს უთხრა, რომ, თითქოსდა, ს-----------------------ი იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და ღალატობდა მეუღლეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ს-----------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ს-----------------------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრის შესახებ. ს-----------------------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის მთელ რიგ შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ს-----------------------ი არის მცირეწლოვანი შვილის დედა, მეზობლების მიერ ხასიათდება დადებითად, ასევე ს-----------------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ს-----------------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ს-----------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ს-----------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო--------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ს-----------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ს-----------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ს-----------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შ-----------–--------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს შ-----------–--------ს;
მეტალის საფერფლე, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე