განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100116001469663
საქმე №1ბ/1148-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: ნინო სოლომნიშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორები: თ--------------, მ-----------–--–---–ი
დაცვის მხარე:
გამართლებული: ჯ-----–------–----- (პირადი ნომერი: №3----------), დაბადებული 1----–-–---------------–-; საქართველოს მოქალაქე; რეგისტრირებული: ს------------------------–-----–-------––-; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------–-------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი.
ადვოკატი: ი-–------------ე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----------–--–---–მა და ითხოვა გამართლებული ჯ-----–------–-----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
2010 წლიდან 2016 წლის 13 მაისამდე ჯ-----–------–----- სისტემატურად ემუქრებოდა რ-----------------ს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2016 წლის იანვრის თვეში, ქ------–--–------–--------------ში მდებარე სასტუმროში, ჯ-----–------–----- რ-----------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, აიღო ხელში ქვა და მოიქნია მისი მიმართულებით, რის გამოც რ-----------------მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე წლის 13 მაისს, ქ-------–--–------------------------------თან რ-----------------ს ა/მანქანით აედევნა ჯ-----–------–----- და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც რ-----------------მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა ჯ-----–------–-----ს მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ-----------------მ განმარტა, რომ მას და ჯ-----–------–-----ს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ერთი წელი, წელიწადნახევარი ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, შემდეგ ვინაიდან მათი ხასიათები ვერ შეეწყო ერთმანეთს, შეწყვიტა ურთიერთობა ჯ-----–------–-----სთან. ჯ-----–------–----- დაემუქრა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავს არ დაანებებდა და ცხოვრებას გაუმწარებდა. 2016 წლის იანვრის თვეში, იმყოფებოდა სამსახურში, სასტუმრო „ოპერაში“, რა დროსაც მასთან მივიდა ჯ-----–------–-----, აიღო სადარბაზოს კართან დადებული ქვა და დაემუქრა მას, რომ არ აცოცხლებდა, წავიდა მისი მიმართულებით, მაგრამ ამ დროს სადარბაზოში მაცხოვრებლის ფეხის ხმა გაიგონა და გაიქცა. მას ძალიან შეეშინდა, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2016 წლის 13 მაისს რ----------------- ბრუნდებოდა მეგობრის სახლიდან, რა დროსაც მას ა/მანქანით აედევნა ჯ-----–------–-----, სახლის ჩასახვევთან საპირისპირო მხარეს ჯ-----–------–----- გადმოვიდა ა/მანქანიდან და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რაც მან ასევე აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოწმე ა--------------მ სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2016 წლის მაისის ბოლოს გადაადგილდებოდა თ---------------- მშრალი ხიდის მიმართულებით, ქუჩაზე ასევე გადაადგილდებოდა რ-----------------. მათ გარდა იქ არავინ იყო. ამ დროს, შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდა თეთრი ფერის ა/მანქანა, რომელმაც შეანელა სვლა და მძღოლმა რ-----------------ს მიმართულებით გაურკვეველი ჟესტიკულაცია განახორციელა, ასევე ადგილი ჰქონდა შეძახილებს, მაგრამ ვინაიდან მას ყურსასმენი ეკეთა და მუსიკას უსმენდა ვერ გაიგო თუ რა მიაძახეს რ-----------------ს. მოწმის ჩვენებით, მან 2016 წლის 13 მაისის ფაქტის შესახებ არაფერი იცის, უბრალოდ რ-----------------სგან ფლობს ინფორმაციას, რომ ჯ-----–------–----- პერმანენტულად აწუხებდა, უთვალთვალებდა და უქმნიდა დისკომფორტს. ასევე, ერთხელ ქვაც კი უსვრია მისი მისამართით, რაც ასევე მას უამბო რ-----------------მ.
მოწმე ლ---–--------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ-----------------ს იცნობს დაახლოებით 10 წელია. მისგან იცის, რომ ჯ-----–------–----- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მოწმე შემსწრეა მხოლოდ გინების ფაქტის, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ იცის რ-----------------სგან.
დაცვის მხარის მიერ უდაოდ ცნობილი ს-----–----------------ს გამოკითხვის ოქმის თანამად, მოწმე რ-----------------სგან ფლობს ინფორმაციას ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. კერძოდ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯ-----–------–----- რ-----------------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ჯ-----–------–-----ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მხოლოდ დაზარალებულ რ-----------------ს ჩვენება, რომელიც აცხადებს, რომ ჯ-----–------–----- მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რასაც აღიქვამდა რეალურად. მოწმეები: ლ---–--------ე, ა-------------- და ს-----–---------------- გადმოსცემდნენ მხოლოდ რ-----------------ს ნაამბობს, რაც შესაბამისად წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, დანაშაულის ჩადენა/არჩადენის ფაქტის დასადგენად, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი ჯ-----–------–-----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჯ-----–------–----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ჯ-----–------–-----ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ჯ-----–------–-----ს სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/