განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100118002485296
საქმე #1ბ/1207-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ვ--–-----------------ის, დაბადებულის 1979 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----–----–----–---------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–-----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 მაისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ----–----–----–-------------------ში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში, ვ--–-----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის, ნ------------–--ის მიმართ, კერძოდ, სახის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით და ყელის არეში ხელის მოჭერით მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით:
ვ--–-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით ვ--–-----------------ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ---------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანას ვ--–-----------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ თ---------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–-----------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ--–-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ნ------------–--ის, მ------------–---–ის, მ-----–-----------ის, ლ--------–--ის გამოკითხვის ოქმების, ვ--–-----------------ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის №00------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ--–-----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ვ--–-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სპეციფიკური ხასიათი, კერძოდ, ის გარემოება, რომ ვ--–-----------------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის ქმედება (ფიზიკურად გაუსწორდა) ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე გასათვალისწინებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ამასთან, ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნის შემდეგ ვ--–-----------------ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ--–-----------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ვ--–-----------------ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ--–-----------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, აღნიშნული ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ვ--–-----------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ვ--–-----------------ეს მოცემული დანაშაული ჩადენილი აქვს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაზეც აპელირებს პროკურორი სააპელაციო საჩივარში, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დადგენილია 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით ვ--–-----------------ე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციით) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ზემოხსენებული არგუმენტის საფუძველზე, მჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ვ--–-----------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ--–-----------------ის მიმართ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ. ვ--–-----------------ემ როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, ვ--–-----------------ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ვ--–-----------------ე არის არასრულწლოვანი შვილის მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლის მიხედვით, დაზარალებულს ვ--–-----------------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის მიმართ მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, აგრეთვე, ვ--–-----------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ--–-----------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–-----------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ--–-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ვ--–-----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ--–-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 7 მაისიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, ვ--–-----------------ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ--–-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე