განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 01--11415700008101
თბილისისსააპელაციოსასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1747-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ თამარ ალანია
მოსამართლეები _ თამარ ზამბახიძე
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი _ ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ზე--------–---ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - რო-------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ცი------------–---–ი
დავის საგანი - საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კონკურსის შედეგების გაუქმება, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზე--------–---ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა. სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში“ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე, არქივარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების (ოქმი №--) ბათილად ცნობა, დასახელებული კონკურსის შედეგების გაუქმება, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული №4--- ბრძანების (არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან ზე--------–---ძის გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა და მოსარჩელის (ზე--------–---ძის) სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ადმინისტრაციაში (სამსახურში) არქივარიუსის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზე--------–---ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. სააპელაციო პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით ზე--------–---ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. ზე--------–---ძე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამავე ცენტრის დირექტორის ბრძანების (N1---- 1.02.2013წ.) საფუძველზე 2013 წლის 1 თებერვლიდან არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა (ტომი I, ს.ფ. 128-132).
6. მოსარჩელის, როგორც არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობებში ცენტრის საარქივო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, ცენტრის თანამშრომლების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოძიება და საჭიროების შემთხვევაში, მათი გადაცემა შედიოდა (ტომი I, ს.ფ. 133-134).
7. 2013 წლის 3 აპრილს მოპასუხემ ბრძანება (N1--) ცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გამოსცა, ხოლო 2013 წლის 13 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით (№4--) მასში ცვლილება შევიდა და საკონკურსო - საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, ნაცვლად 5 წევრისა, 8 წევრით (მათ შორის - 4 მოწვეული) განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 75-76, 77-78, 79-80).
8. 2013 წლის 5 ნოემბერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ცენტრის არქივარიუსის თანამდებობაზე, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ჩატარება სამ ეტაპად განისაზღვრა: ა. განცხადებების შერჩევა, ბ. ტესტირება, ბ. გასაუბრება (ტომი I, 82-83, 84-85).
9. არქივარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 19 განაცხადი შევიდა. საკონკურსო კომისიამ, რეზიუმეების მიხედვით, კონკურსის შემდეგ ეტაპზე 4 კანდიდატი გადაიყვანა. ტესტირების შედეგების მიხედვით კი, მათგან სამი შემდეგ ეტაპზე - გასაუბრებაზე დაუშვა. ტესტირებაზე მოსარჩელემ 21 ქულა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი - 22 და 17 ქულა მიიღეს (ტომი I, 89-90, 169).
10. 2013 წლის 16 დეკემბრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის N-- სხდომის ოქმის (სადავო ოქმი) მიხედვით, კონკურსის მესამე ეტაპს - გასაუბრებას კომისიის 4 წევრი ესწრებოდა. კონკურსზე სამივე კანდიდატი გამოცხადდა, რომელთაგან ერთ-ერთი ვაკანტური თანამდებობისთვის შეირჩა (მასთან შრომითი ხელშეკრულება 3.01.2014 წლიდან 31.12.2014 წლის ჩათვლით, აქედან, 01.01.2014 წლიდან 3.04.2014 წლის ჩათვლით - გამოსაცდელი ვადით დაიდო). მოსარჩელეს კომისიამ შრომითი ურთიერთობა 2013 წლის 31 დეკემბრიდან შეუწყვიტა (ტომი I, ს.ფ. 99-100).
11. 2013 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად აცნობეს, ხოლო 2013 წლის 20 დეკემბერს წერილობით შეატყობინეს კონკურსის შედეგი (ტომი I, 106).
12. 2013 წლის 25 დეკემბერს ცენტრის დირექტორმა (№4---) ბრძანება ცენტრის არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოსცა, რომლითაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არქივარიუსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის (და სხვა აქტების) საფუძველზე, მოსარჩელე 2013 წლის 31 დეკემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოსარჩელეს კომპენსაციის სახით 2 თვის ხელფასი და 2013 წელს გამოუყენებელი ფასიანი შვებულების დღეები აუნაზღაურდა (ტომი I, 108-109).
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ზე--------–---ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით ზე--------–---ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
14. სააპელაციო პალატა უზენაესი სასამართლოს მიერ განსახილველ დავასთან მიმართებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2013 წლის 16 დეკემბრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის N-- სხდომის ოქმი კანონის დარღვევით იქნა გამოცემული.
დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, უპირველესად საკონკურსო კომისიის უფლებაუნარიანობის საკითხი უნდა შეფასდეს, ამ მიმართებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოსაზრება გაზიარებული ვერ იქნება და კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2013 წლის 3 აპრილს მოწინააღმდეგე მხარემ ცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ ბრძანება (N1--) გამოსცა, ხოლო 2013 წლის 13 დეკემბერს გამოცემული ბრძანებით (№4--) მასში ცვლილება შევიდა და საკონკურსო - საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, ნაცვლად 5 წევრისა, 8 წევრით (მათ შორის - 4 მოწვეული) განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 75-76, 77-78, 79-80). თუმცა, ნიშნანდობლივია აღინიშნოს, რომ 2013 წლის 13 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით 8 წევრით შემდგარი კომისია მხოლოდ კონკრეტული თანამდებობების ვაკანსიის შესავსებად განსაზღვრულ კონკურსის ჩატარებაში მიიღებდა მონაწილეობას ხოლო, არქივარიუსის ვაკანტურ ადგილზე გასაუბრების ჩატარებას ხუთი წევრი, კერძოდ: კომისიის თავმჯდომარე - ელ---------–-ძე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - და-----------ნი, კომისიის მოწვეული წევრი - სა-–-----–--–-ა, კომისიის მოწვეული წევრი - ქე------------------–---–ი და კომისიის წევრი - გი------------ე უნდა დასწრებოდნენ. გასაჩივრებულ ოქმს ხელს ოთხი პირი (ელ---------–-ძე, და-----------ნი, გი------------ე და ქე----------------–---–ი) აწერს. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N4- ბრძანებულების მე-7 მუხლის შესაბამისად კი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. შესაბამისად, რადგან სხდომას ხუთი წევრიდან ოთხი ესწრებოდა და მათი ხელმოწერა სადავოდ გამხდარ ოქმზე დაფიქსირებულია (ტომი I, ს.ფ. 99), პალატა ასკვნის, რომ კომისია გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის უფლებაუნარიანი იყო, თუმცა, განსახილველ დავაში უფრო მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ამავე ბრძანებით გათვალისწინებული სხვა ძირეული პრინციპების დარღვევების გამოკვლევა (კონკურსის გამჭირვალობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და ა.შ.).
15. მიუხედავად კომისიის უფლებაუნარიანობისა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე თავად მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ კონკურსის მესამე ეტაპისთვის წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმები გაწერილი არ ყოფილა რაც საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის N4- ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების სავალდებულო მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტული სისტემა, რომლის მეშვეობითაც კანდიდატთა შეფასება უნდა განხორციელებულიყო არ არსებობდა (სხდომის ოქმი 14:20 საათიდან-14:22საათამდე). ვინაიდან დავა შეეხება გასაუბრების ეტაპის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება შესაძლებელია ჩაითვალოს საკმაოდ სუბიექტურად, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. იმისათვის, რომ გასაუბრების შედეგების სუბიექტურობა შემცირდეს და გაიზარდოს სანდოობა იგი უნდა ჩატარდეს წინასწარ შემუშავებული და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. საკონკურსო კომისია კანდიდატებთან გასაუბრებისას უნდა იყენებდეს წინასწარ შემუშავებულ კითხვარს, რომელსაც თან უნდა ახლდეს შეფასების მეთოდი. აღნიშნული წარმოადგენს პროცესის გამჭვირვალობის, საჯაროობის, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. აღნიშნული ხდება ნდობის საფუძველი, რომ კონკურსანტის მიმართ მიიღება კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეფასების კრიტერიუმების არ არსებობის პირობებში, კი ჩნდება ისეთი დასკვნის საფუძველი, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით.
სააპელაციო პალატა იზიარებს განსახილველ დავასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დავა კომპლექსურია, გარდა კერძო სამართლებრივი საკითხებისა იგი საჯაროსამართლებრივ საკითხებსაც შეეხება, ამიტომ მისი გადაწყვეტისას სასამართლო საჯაროსამართლის ნორმების გამოყენებას გვერდს ვერ აუვლის. გასაჩივრებული აქტების კანონიერად მიჩნევა მაღალი ლეგიტიმაციის დასაბუთებას საჭიროებს. მართალია, ადმინისტრაციული ორგანო კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის პროცესში დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. როდესაც კონკურსის წესით საჯარო მოხელის შერჩევისას არჩევანი ერთი კანდიდატის სასარგებლოდ კეთდება, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ბუნებრივია კანდიდატს, რომელსაც უარი ეთქვა თანამდებობაზე წარსადგენად უჩნდება საფუძვლიანი უფლება გაეცნოს გადაწყვეტილების მოტივებს. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შედეგებისა, დაინტერესებული მხარისთვის გასაგები უნდა იყოს რა მოტივით იქნა მიღებული მის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანობისა და კანონიერების განცდას უნდა ქმნიდეს. ამასთან, თავად კონკურსის არსიდან გამომდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მაღალი სტანდარტი, ვინაიდან კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევისას ადმინისტრაციულ ორგანოს კანდიდატთა შეფასების ფართო არეალი აქვს, რაც ზრდის არაობიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს. პროცესის გამჭვირვალობითა და გადაწყვეტილების დასაბუთებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაობიექტური გადაწყვეტილება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინება საქმეზე N ბს-2------(2კ-18).
ერთ-ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართებაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი არ იყო დაცული, რამდენადაც მოსარჩელესთან მიმართებაში კომისიის გადაწყვეტილებები არ ეფუძნებოდა ღია, ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა კონკრეტული, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო კონკურსანტის შეფასება, უზენაესმა სასამართლომ გასაუბრების ეტაპი მაინც ნაკლოვანად მიიჩნია და განმარტა, რომ თუმცა, შეფასება განხორციელდა შემდეგი კრიტერიუმებით: კომუნიკაციის უნარი, პრეზენტაბელურობა, პროფესიული მიღწევები, ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის (მაგ: სიტუაციური მაგალითი) უნარი, შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა, დამატებით კითხვებზე პასუხები. თითოეული კრიტერიუმი კომისიის წევრთა მიერ შეფასებულ იქნა 1-დან 5 ქულამდე, დასაბუთება იმისა თუ რატომ მოხდა თითოეულ კონკრეტულ კრიტერიუმში ამა თუ იმ ქულის მინიჭება კომისიის წევრთა მიერ არც ერთ აქტში წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, ცალსახაა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გასაუბრების ეტაპის კანონიერად მიჩნევისთვის წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები უნდა არსებობდეს და ამასთანავე ოქმი კონკურსანტის აღნიშნული კრიტერიუმებით შეფასების და მინიჭებული ქულის ახსნა-განმარტებასაც უნდა შეიცავდეს, რაც ზე--------–---ძის მიმართ არ განხორციელებულა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინება საქმეზე N ბს-9------(კ-17).
16. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კონკურსის მესამე ეტაპის - გასაუბრების კანონიერად მიჩნევისთვის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე. უპირველესად აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებებს სასამართლო ორი თვალსაზრისით სარწმუნოობისა და განკუთვნადობის კრიტერიუმით აფასებს. მტკიცებულებათა შეფასებისას ყურადღება ექცევა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე - ერთობლივად შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოწმის ჩვენებაც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულებას, ფიზიკურ მდგომარეობასა და სხვა) განხილვასა და გამორიცხვას, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს მოწმის ჩვენების სისწორეზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-8-------2011). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სადავო ოქმი კონკურსის გასაუბრების ეტაპის ამსახველი ერთადერთი მტკიცებულებაა. მისი გამჭირვალობა, ობიექტურობა და კანონშესაბამისობა მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ პროცესზე დაკითხული ორივე მოწმე დ. ყ------ი და გ. მ---ძე, ჩვენების მიცემის დროს მოპასუხესთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა (ტომი I, ს.ფ. 245).
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები მოცემულ შემთხვევაში ვერც განკუთვნად და ვერც სანდო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. განკუთვნადობასთან მიმართებით პალატა მიიჩნევს, რომ ორივე მოწმე თავად იყო კონკურსის შემფასებელი კომისიის წევრი, მათ ვალდებულებას წარმოადგენდა კონკურსზე დასმული შეკითხვების შესაბამისად კონკურსანტის შეფასება, რაც არ განუხორციელებიათ, შესაბამისად მათი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება პროცესის მიმდინარეობის შესახებ რელევანტურ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. რაც შეეხება სანდოობის სტანდარტს, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მოწმე აპელანტის უშუალო ხელმძღვანელს წარმოადგენდა. საქმის მასალებით აპელანტისთვის დაკისრებული შრომითი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისთვის გაფრთხილების მიცემა ან სხვაგვარი სახდელის გამოყენება არ დასტურდება, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც ორივე მათგანი მოწინააღმდეგე დაწესებულებასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, იქმნება ვარაუდი, რომ დამსაქმებლის ნეგატიურ დამოკიდებულებას აპელანტის მიმართ შესაძლებელია გავლენა ჰქონოდა პროცესზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ობიექტურობის ხარისხზე, მით უფრო კი იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულებით აღნიშნული გარემოებები არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, რადგან განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ გასაუბრებისას კომისიას კანდიდატთა შეფასებისას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით არ უხელმძღვანელია და არც კონკურსანტისთვის დაწერილი შეფასების განმარტება მომხდარა, ამასთან, რადგან გასაჩივრებულ ოქმში მხოლოდ აღნიშნულია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, გასაუბრების ეტაპზე, დაბარებულ იქნენ კანდიდატები, ხოლო დანართად არ არის წარმოდგენილი გამოცხადებული კანდიდატების საბოლოო შეფასების და ინდივიდუალური შეფასების ფორმები. სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული ოქმი გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპებით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ პასუხობს.
17. გარდა ზემოაღნიშნულისა, რადგან სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ კონკურსის მესამე ეტაპი - გასაუბრება არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომლების არსებობის შემთხვევაშიც გასაუბრების შედეგად გამოცემული ოქმი კანონშესაბამისად იქნებოდა მიჩნეული, მიუთითებს, რომ ბათილად უნდა იქნეს კონკურსის არა მხოლოდ დასკვნითი - მესამე ეტაპი, არამედ მთლიანად 2013 წლის 5 ნოემბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არქივარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ობიექტური ჭეშმარიტებიდან, რომ კონკურსის ბოლო ეტაპის გაუმჭირვალე და არაობიექტური ჩატარება ქმნის კონკურსის წინა ეტაპების ნაკლოვანად მიჩნევის პრეზუმფციასაც მით უფრო კი იმ პირობებში, როდესაც კონკურსი ერთი მთლიანი, განგრძობადი პროცესია, მხოლოდ გასაუბრება ვაკანტური თანამდებობის დაკავების წინაპირობას არ ქმნის. ამასთან, როგორც სააპელაციო საჩივარში, ასევე მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს კონკურსის მეორე ეტაპზე - ტესტირებაზეც ჰქონდა გარკვეული შენიშვნები. ტესტირების საკითხები ზე--------–---ძემ სადავო გახადა მათი უზუსტობის გამო თუმცა, რადგან დამსაქმებელს ნორმატიული აქტით დადგენილი წესების დარღვევით არ ჰქონდა შექმნილი საპრეტენზიო საბჭო მან წერილობით პრეტენზია ვერ დააფიქსირა, რაც პრეზიდენტის ხსენებული ბრძანებულებით დადგენილი წესის დარღვევას წარმოადგენს.
აღნიშნული კი შეიძლება არა მხოლოდ აპელანტის, არამედ კონკურსში მონაწილე სხვა პირთა უფლებებსაც ლახავდეს. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეთა სრული უფლებრივი რესტიტუციის ფარგლებში, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს 2013 წლის 5 ნოემბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არქივარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს). ამ გადაწყვეტილებას კი ავტომატურ რეჟიმში შედეგად მოჰყვება სტატუს ქვოს აღდგენა, ანუ 2013 წლის 25 დეკემბრის N4--- ზე--------–---ძის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა (რადგან სწორედ კონკურსის წარუმატებლად გავლის გამო გათავისუფლდა სამსახურიდან) და აპელანტის მიერ კონკურსის გამოცხადებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლად, აღდგენა მოჰყვება (ტომი I, ს.ფ. 128-132).
18. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულთან მიმართებით მნიშვნელოვანია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა, რომელიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების შესახებ აპელირებს, უნდა წარმოადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით, საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება N2/1/536). კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი).
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მხარემ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითა დისკრიმინაციული ფაქტის არსებობის შესახებ, მან დაცული ნიშნის იდენტიფიცირება და კომპარატორის მითითება ვერ შეძლო, რაც სააპელაციო სასამართლოსთვის შეუძლებელს ხდის აღნიშნულ აპელირებასთან მიმართებით არსებით მსჯელობაში შევიდეს და მითითებული ფაქტი სამართლებრივად შეაფასოს.
19. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებული დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერებას სადავოდ ხდის მტკიცების ტვირთი ბრუნდება და სწორედ დამსაქმებელს ეკისრება მის მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერების მტკიცების ტვირთი. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა კონკურსის ბოლო ეტაპის - გასაუბრების პროცესის მიმდინარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, გასაჩივრებული აქტები ვერ უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, ხოლო მოწმეთა ჩვენებები სანდოობისა და ობიექტურობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს რაც გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის მოწმეთა ჩვენებებს მტკიცებულებით ძალას უკარგავს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კონკურსის, როგორც ერთი მთლიანი პროცესის, არაობიექტურად ჩატარების თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად გამჭვირვალე პროცესითა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. იმისათვის, რომ შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, უნდა არსებობდეს პროცესის შემოწმების შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი კი სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, კანდიდატის შეფასების პროცესში გამოსაყენებელი კრიტერიუმების არარსებობა, გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი და მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი სასამართლოსთვის შეუძლებელია. ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის შემოწმება, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა არა მხოლოდ კონკურსის მესამე არამედ, პირველი და მეორე ეტაპებიც. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო აქტის კანონიერების შემოწმება. პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დასძლია მასზე კანონით დაკისრებული ტვირთი და კონკურსის ობიექტურად, გამჭირვალედ და კანონის დაცვით ჩატარება ვერ დაადასტურა.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, რადგან ზე--------–---ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს პროპორციულად, სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი თანხა, ჯამში 550 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტმა მხარემ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1 200 ლარის ოდენობით, ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ ზე--------–---ძის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1 200 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. აპელანტის ზე--------–---ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.10.2014 წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზე--------–---ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 5 ნოემბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არქივარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი, (რომლის შედეგი დამტკიცდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის ოქმი N--);
5. ბათილად იქნეს ცნობილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის N4--- ბრძანება ზე--------–---ძის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ;
6. ზე--------–---ძე აღდგენილ უნდა იქნეს სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციაში არქივარიუსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე;
7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ზე--------–---ძის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი თანხის ჯამში 550 ლარის გადახდა;
8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს ზე--------–---ძის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 1 200.00 ლარის გადახდა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4--ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები თამარ ზამბახიძე
ქეთევან მესხიშვილი