განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2018
საქმის ნომერი
330210016001649476
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001649476

საქმე №2ბ/610-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი: სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–--ს ე------------- ე---------–- ბ-------

წარმომადგენელი - ტ------– ზ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ზ---- ხ-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2016 წლის 9 თებერვლის N-- ხელშეკრულების საფუძველზე ი/მ ზ---- ხ-----ისთვის დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა 207.22 ლარით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2016 წლის 09 თებერვალს მხარებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ხელშეკრულება (ს.ფ 15-18);

 

2.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 იანვარი, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 39850.00 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ 15-18);

 

2.3 ხელშეკრულების საერთო პირობების 5.1 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის 2016 წლის 18 აგვისტოს N5--------- მოთხოვნის საფუძველზე, ი.მ ზ---- ხ-----ეს საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ 15-18);

- ლ.ს----------–ის ს----–----- ს----------–-- ე------------- ე---------–- ბ-------ს 18.08.16წ მოთხოვნა (ს.ფ25)

- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.4. მოსარჩელე ადასტურებს, რომ შემკვეთისათვის საქონლის ნაწილის, კერძოდ XL ზომის ხელთათმანის მიწოდება განახორციელა 26 დღით დაგვიანებით, 2016 წლის 28 სექტემბერს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ 15-18);

- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.5. ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი (26 დღის დაგვიანებით) შესრულებისათვის, ი.მ ზ---- ხ-----ეს, ხელშეკრულების 15.1 პუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.6 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც ჯამში შეადგინა 6216.6 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს

- ხელშეკრულება (ს.ფ 15-18);

- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, ს----------–-- სხდომის ოქმი);

- ლ.ს----------–ის ს----–----- ს----------–-- ე------------- ე---------–- ბ-------ს 27.09.16წ N5--------- წერილი (ს.ფ.51)

 

2.6. მოპასუხემ არ გაითვალისწინა ი.მ ზ---- ხ-----ის მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე და განახორციელა 6216,60 ლარის ოდენობით დარიცხულ პირგასამტეხლოს დაქვითვა მიმწოდებლის სასარგებლოდ ბიუროს მიერ გადასახდელი სახელშეკრულებო ღირებულებიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ.ს----------–ის ს----–----- ს----------–-- ე------------- ე---------–- ბ-------ს 08.11.16წ N5--------- წერილი (ს.ფ.54)

- ი.მ ზ---- ხ-----ის 02.11.16წ წერილი(ს.ფ.29 -31)

- საგადასახადო მოთხოვნა N1---- (ს.ფ.53 )

- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ 2016 წლის 9 თებერვალს მხარებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელებიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებდა კონკრეტულ ვალდებულებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

2016 წლის 9 თებერვალის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების საერთო პირობების 5.1 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება მომწოდებელს უნდა განეხორციელებინა ეტაპობრივად, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მიმწოდებლის მიერ აღნიშნული პუნქტის დარღვევისათვის ხელშეკრულების 15.1 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.6 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დაქვითვაც მოხდებოდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების შესრულებას. ამავე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს N5--------- მოთხოვნის საფუძველზე, ი.მ ზ---- ხ-----ემ მოპასუხეს პროდუქციის ნაწილი, 2000 ცალი XL ზომის ერთჯერადი ნიტრილის ხელთათმანი ნაცვლად 2 სექტემბრისა, მიაწოდა 26 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 28 სექტემბერს.

 

ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი (26 დღის დაგვიანებით) შესრულებისათვის, ი.მ ზ---- ხ-----ეს, ხელშეკრულების 15.1 პუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.6 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც ჯამში შეადგინა 6216.6 (239.1ხ26დღეზე) ლარი. შემსყიდველის მიერ არ იქნა გაზიარებული მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნა დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე და პირგასამტეხლოს თანხა, 6216.6 ლარის ოდენობით მოპასუხის მიერ ამავე ხელშეკრულების 15.1 პუნქტის საფუძველზე დაქვითულ იქნა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან ვალდებულება დაარღვია, თუმცა არ ეთანხმება დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას ამყარებს იმ გარემოებებზე, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო მხარის მიერ სრულად არის გადახდილი მოპასუხის სასარგებლოდ და მის კანონიერებაზე მსჯელობა დღეის მდგომარეობით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, თუმცა აქვე განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მიმწოდებელი მხარის მიერ არ განხორციელებულა ნებაყოფლობით და პირგასამტეხლოს „აღმატებული მოთხოვნის“ დაკმაყოფილება შემსყიდველმა განახორციელა მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან პირგასამტეხლოს დაქვითვით.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული პრინციპი ასევე განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლითაც, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მე-8 და 115-ე მუხლებით გათვალისწინებული აღნიშნული ნორმა პრინციპების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე დაუშვებელია ერთი პირის უფლების განხორციელება სხვა პირის კანონიერი ინტერესის უგულებელყოფის გზით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 0,6% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იგი უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ჯამში შეადგენს 207.22 ლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტურ საფრუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კმოდექსის 394-ე მუუხლის ,,ე“ პუქნტი, ანუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იყო უგულვებელყოფილი სსსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტი. ასევე, არასწორი განმარტება მისცა სსსკ-ს 420-ე მუხლს. სასამართლო იყო უფლებამოსილი, შეემცირებინა პირგასამტეხლო, ამასთან ეს შესაძლებლობა გააჩნდა ჯერ კიდევ გადაუხდელი პირგასამტეხლოს მიმართ. ასეთი დასკვნის გაკეთება შეილება 420-ე მუხლის ნორმის ადეკვატური განმარტების საფუძველზე.

 

აპელანტი მხარე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მხარეთა შორის სადავო საკითს წარმოადგენს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ უკვე სრულად გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირების საკითხი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არ მიანიჭა ჯეროვანი ყურადღება იმ გარემოებას, რომ მოვალე მხარის მიერ უკვე გადახდილი იყო სრულად პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებული მხარეთა შროსი გაფორმებული ხელშეკრულებით.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გაზიარებულია დოქტრინა მხოლოდ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს შესახებ. მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულებაში, მისი უზრუნველყოფის მიზნით, პირგასამტეხლო საურავის სახით. პირგასამტეხლოს ფორმა არის წერილობითი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლები არეგულირებენ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ითვალისწინებენ ძირითადად კრედიტორი მხარის და ნაწილობრივ მოვალე მხარის უფლებებსა და კაონიერ ინტერესებს.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა და გამოიყენა პირგასამტეხლოს შემცირების შეაძლებლობა არასწორად, მოსარჩელეს უკვე გადახდილი ჰქონდა წინასწარ სრულად პირგასამტეხლო და სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ასეთი სარჩელი. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სსსკ-ს 420-ე მუხლის ადეკვატურ განმარტებას. პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ კრედიტორ მხარეს, ამასთან თუ პირგასამტეხლო ჯერ არ ყოფილა გადახდილი. სასამართლოს შეუძლია მოახდინოს პირგასამტეხლოს შემცირება (რედუქცია) მოვალე მხარის მოთხოვნით ან სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით. ასეთ შემთხვევაში, მომავალში მოხდება პირგასამტეხლოს გადახდა, შემცირებული ოდენობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.2. უდავოა, რომ 2016 წლის 9 თებერვალს მხარებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 31 იანვარი, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 39850.00 ლარით.

 

4.3 ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების საერთო პირობების 5.1 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის 2016 წლის 18 აგვისტოს №5--------- მოთხოვნის საფუძველზე, ი.მ ზ---- ხ-----ეს საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით. ზ---- ხ-----ე სადავოდ არ ხდის, რომ შემკვეთისათვის საქონლის ნაწილის, კერძოდ XL ზომის ხელთათმანის მიწოდება განახორციელა 26 დღით დაგვიანებით, 2016 წლის 28 სექტემბერს.

 

4.4. დადგენილია, რომ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი (26 დღის დაგვიანებით) შესრულებისათვის, ი.მ ზ---- ხ-----ეს, ხელშეკრულების 15.1 პუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.6 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც ჯამში შეადგინა 6216.6 ლარი.

 

4.5. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

4.6. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად მოხდა პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ოდენობამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე, 418-ე 420-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

 

პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის აპელირებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არ მიანიჭა ჯეროვანი ყურადღება იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო გადახდილია სრულად მოსარჩელის მიერ. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ მომხდარა ნებაყოფლობით, პირგსამტეხლოს დაფარვა მოხდა მიმწოდებლისთვის გადასახდელი თანხიდან პირგსამტეხლოს დაქვითვით. შესაბამისად, პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 0.06% დან 0.02%-მდე - 207.22 ლარამდე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - წარმოადგენს პირგასამატეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-462-462-2018, 22.06.2018).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ ლ---- ს----------–ის ს----–----- ს----------–-- ე------------- ე---------–- ბ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე