განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
330210017001910290
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001910290

საქმე №2ბ/3167-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24ოქტომბერი, 2018წელი თბილისი

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი: დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

 

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

აპელანტი - გ------- ლ---–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ს----–-------------ი“

წარმომადგენელი - ლ----------------–---–-

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. ს----–-------------სა“ და მ------ ჭ------ეს შორის 2015 წლის 14 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (#0--------------), კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 3710 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა 2017 წლის 07 ოქტომბრამდე, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო 0.5 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2. 2015 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ს----–-------------სა“ და გ------- ლ---–----ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, ზღვრული თანხის 8767 ლარის ფარგლებში;

 

3. ს----–-------------მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მ------ ჭ------ისა და გ------- ლ---–----ისათვის ს----–-------------ი“ -ს სასარგებლოდ სოლიდარულად 2015 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#0--------------) გამომდინარე 5 908.35 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 3710 ლარი, პროცენტი - 1048.35 ლარი, ჯარიმა - 1150 ლარი) დაკისრება.

 

4. მოპასუხეთაგან წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა თავდებმა გ------- ლ---–----ემ, რომელმაც სარჩელი არ ცნო, 2018 წლის 5 აპრილს სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოცხადდნენ მ------ ჭ------ე და გ------- ლ---–----ე, რომლებმაც სარჩელი არ ცნეს, მაგრამ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ გახადეს, ვინაიდან არა აქვთ გადახდის საშუალება.

 

5. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ს----–-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მ------ ჭ------ეს და გ------- ლ---–----ეს ს----–-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5 458,35 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

5.1 მოპასუხეებმა დაარღვიეს 2015 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გადახდა აღარ განუხორციელებია, რაც გამოიხატება სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევაში. მოსარჩელემ 2017 წლის 04 ოქტომბერს შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება. 2017 წლის 10 აპრილს სს „ლ--------------“-ს მიერ გაცემული ცნობის თანახმად მოპასუხეთა დავალიანება 10.04.2017 წლის მდგომარეობით არის: 2015 წლის 14 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (#0--------------) გამომდინარე 5 908.35 ლარი (საიდანაც ძირითადი თანხაა - 3710 ლარი, პროცენტი -

1048.35 ლარი, ჯარიმა - 1150 ლარი) სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ- სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, თავდების ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

5.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესებს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს 1150 ლარის დაკისრება არ იქნება გონივრული და აღნიშნული უნდა შემცირდეს 700 ლარამდე და მოსარჩელს უარი უნდა ეთქვას 450 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. რაც შეეხება პროცენტის - 1048.35 ლარის დაკისრებას, 2015 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 9.3.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში: „პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისთვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალიანების გადახდის მიზნით“. აღნიშნული პროცენტი, მოიცავს როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წლიურ დასარიცხ პროცენტს, ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ზიანის სახით დარიცხულ პროცენტს, თანახმად, საქართველოს სამოქალქო კოდექსი 403-ე, 624-625-ე მუხლებით გათვალისწნებული წესით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი - 1048.35 ლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ ექვემდებარება შემცირებას.

 

5.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყონოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. თავდების - გ------- ლ---–----ის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 8767 ლარით, რაც მოიცავს ძირითად თანხაზე, პროცენტასა და პირგასამტეხლოზე სოლიდარულ პასუხისმგებლობას.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ------- ლ---–----ემ. აპელანტის განმარტებით:

 

6.1 საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას არაერთხელ, მათ შორისწარდგენილ წერილობით შესაგებელში აღნიშნა, რომ კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა მ------ ჭ------ესა და მოსარჩელეს შორის, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება. შესაბამისად აპელანტი არ არის მსესხებელი, შესაბამისად ის არც გაფრთხილების ადრესატად უნდა ჩაითვალოს.

 

6.2 აპელანტი დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებისას, მისთვის არავის განუმარტავს თავდებობის არსი. შესაბამისად მისთვის მოულოდნელი იყო იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ის დაეთანხმა თავისი ხელმოწერით. ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ყველა ეს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასააღტლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თანხის გადახდა დაეკისრათ მას და მ------ ჭ------ეს სოლიდარულად და არა მხოლოდ ნამდვილ მოვალეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ძირითადი მოვალისა და თავდებისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საქმეში წარმოდგენილი თავდებობის ხელშეკრულებითა და თავდები პირის განცხადებით დასტურდება, რომ აპელანტმა ნამდვილად იკისრა სოლიდარული თავდებობა, მ------ ჭ------ის სასესხო ვალდებულებისათვის. (ტ1. ს.ფ. 21-24).

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხელშეკრულების დადებისას არ ესმოდა ხელშეკრულების შინაარსი, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს. (საქმე №ას-272-272-2018)

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წამროდგენილია წერილობითი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და ასევე თავდების განცხადება, რომლითაც აპელანტი გამოხატავს თანხმობას, ს----–-------------ის“ წინაშე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად თავდებად დაუდგეს მოვალე მ------ ჭ------ეს. საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ აპელანტისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები და ის ხელშეკრულების დადებისას მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საპროცესო ხარჯები აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- ლ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა