განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001238572
საქმე №2ბ/7349-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი - ლ---–- ჯ---–--
წარმომადგენელი - ი---------------
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს------------- კ-------- ა-–----ი“
წარმომადგენელი - გ-----------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2013 წლის 25 სექტემბერს, ლ---–- ჯ---–--სა და სს „ს------------- კ-------- ა-–----ს“ შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დაზღვეულ იქნა ლ---–- ჯ---–--ს კუთვნილი 2013 წელს გამოშვებული ავტომანქანა T-------------.
2. მხარეთა შეთანხმებით, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს სადაზღვევო პერიოდში მომხდარი დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება ან მთლიანი განადგურება, რომელიც გამოწვეულია: ავტოსაგზაო შემთხვევით; ხანძრით ან აფეთქებით; სტიქიური უბედურებით (გარდა მიწისძვრისა და სეტყვისა). დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება ვანდალიზმის შედეგად; ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობის შედეგად (სადაზღვევო პირობების მეორე მუხლი).
3. ავტოტრანსპორტის და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პირობების R---------- მეოთხე ნაწილის (საერთო პირობები) 1.1.4 პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ მოქმედებს და შესაბამისად, დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება, თუ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობას ან თვითმკვლელობის მცდელობას ან ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ამასთან, დაზღვევის პირობების მეოთხე ნაწილის 1.1.13 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ შემთხვევა შედეგად მოჰყვა ქმედებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე.
4. 2015 წლის 9 დეკემბერს, ლ---–- ჯ---–--ს კუთვნილ ავტომანქანას მართავდა ე----------–--- (ლ---–- ჯ---–--ს მეუღლე), რა დროსაც მოხდა შეჯახება, რასაც მოჰყვა შედეგად ავტომანქანის დაზიანება. 2015 წლის 9 დეკემბერს, შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი მასზე, რომ ქ.თბილისში, შ------------------–-ს N42-ის მიმდებარედ მძღოლმა (ე----------–---) ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა ბეტონის კედელს. ე----------–--- დაჯარიმდა 250 ლარით.
5. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ე----------–--- შეტყობინების მიზნით დაუკავშირდა ს------------- კ-------- „ა-–----ს“ და აცნობა ავტომანქანის დაზიანების ფაქტი და განუმარტა, რომ „მანქანა ეზოში მივამსხვრიე კედელზე“, „რაღაცაზე ნერვები მომიშალეს, დავაწექი გაზს და მივახეთქე კედელზე“. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ---------ს“ დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევა განვითარდა აჩქარებული ავტომობილის მოძრაობისას საჭეზე და სატერფულებზე გაურკვეველი მოქმედებით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ---–- ჯ---–--მ და მოპასუხე სს „ს------------- კ-------- ა-–----ის“ მიმართ მოითხოვა თანხის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 15 დეკემბერს, მოსარჩელის მეუღლეს, რომელიც იყო უფლებამოსილი მძღოლი მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა ლ---–- ჯ---–--ს კუთვნილი 2013 წელს გამოშვებული ტ-----------------–-ს მარკის ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირებულ იქნა საპატრულო პოლიციის მიერ და შედგა სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაზღვეულია ს------------- კ-------- „ა-–----ში“, რის გამოც, მძღოლმა დარეკა და შეატყობინა მომხდარის თაობაზე. დამზღვევის მიერ ს------------- პრემია სრულად არის გადახდილი. ს------------- კ--------მ მანქანა გადაიყვანა ტ---------–-------ს ავტო სერვისში, სადაც გააკეთა ზარალის შეფასება და გამოაწერინა ინვოისი შესაკეთებელი თანხის რაოდენობის შესახებ. მოსარჩელის მეუღლემ, 2015 წლის 1 დეკემბერს, წერილობით მიმართა ს------------- კ--------ს დაზიანების შედეგად განცდილი ზარალის ანაზღაურების შესახებ, თუმცა, მოპასუხემ უარი განაცხადა. უარის მიზეზად მითითებულ იქნა, რომ ე----------–---მ განზრახ დააზიანა ავტომანქანა. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც ე----------–---მ განუცხადა, რომ მოხვევის დროს პედალსა და მანქანის კორპუსს შორის გაეჭედა ფეხი, რის გამოც, ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა კედელს. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარის მიზეზი განპირობებულია ე----------–---ს მიერ ცხელ ხაზზე დარეკვის დროს გაკეთებული განმარტებით, რა დროსაც, ის ამბობს, რომ „ნერვები მომიშალეს და მივამტვრიე მანქანა“. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული არ გულისხმობს მის განზრახვას. ე----------–---მ დარეკა ცხელ ხაზზე ავარიიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ის იმყოფებოდა აღელვებულ მდგომარეობაში.
7. მოპასუხე სს „ს------------- კ-------- ა-–----ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება არ ატარებდა შემთხვევით ხასიათს. უფლებამოსილი მძღოლის ე----------–---ს მიერ შემთხვევის მომენტიდან რამდენიმე წუთში ს------------- კ--------ში განხორციელდა შეტყობინება შემთხვევის შესახებ. აღნიშნულ სატელეფონო საუბარში უფლებამოსილი მძღოლი უთითებს, რომ „მანქანა ეზოში მივამსხვრიე კედელზე“, „რაღაცაზე ნერვები მომიშალეს დავაწექი გაზს და მივახეთქე კედელზე“. ამავე ჩანაწერით ირკვევა, რომ შეჯახება კედელთან მოხდა წინა მხრიდან.
სადაზღვევო პირობების მეოთხე ნაწილის (საერთო პირობები) პირველი მუხლით დადგენილია ის ზოგადი საგამონაკლისო პირობები, რომლებიც არ ანაზღაურდება დაზღვევის ხელშეკრულებით არცერთი დაფარვისათვის. აღნიშნული მუხლის 1.1.4 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობას ან თვითმკვლელობის მცდელობას ან ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ამასთან, დაზღვევის პირობების მეოთხე ნაწილის 1.1.13 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ შემთხვევა შედეგად მოჰყვა ქმედებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე (მაგალითად, სკ-ის 829-ე მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ---–- ჯ---–--ს სარჩელი სს „ს------------- კ-------- ა-–----ის“ არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
8.1. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
სადაზღვევო შემთხვევა სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგია. დაზღვევის ხელშეკრულება, ორმხრივი, რეალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მხარეები სადაზღვევო შემთხვევას არსებითი პირობის სახით წინასწარ განსაზღვრავენ ხელშეკრულებაში. დასახელებული ხელშეკრულების სინალაგმანტური ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, მზღვეველი მოვალეა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აანაზღაუროს, ხოლო მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება.
უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი „სადაზღვევო შემთხვევას“, რომლის შეფასებაც, უნდა განხორციელდეს მხარეთა შორის არსებული ავტოტრანპორტის პირობების შესაბამისად. დასახელებული პირობების მეორე მუხლით განსაზღვრულია სადაზღვევო შემთხვევები, რაც შემდეგნაირად გამოიყურება: დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება ან მთლიანი განადგურება, რომელიც გამოწვეულია: ავტოსაგზაო შემთხვევით; ხანძრით ან აფეთქებით; სტიქიური უბედურებით (გარდა მიწისძვრისა და სეტყვისა). დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება ვანდალიზმის შედეგად; ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობის შედეგად. ავტოტრანსპორტის და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პირობების R---------- მეოთხე ნაწილის (საერთო პირობები) 1.1.4 პუნქტის თანახმად, დაზღვევა არ მოქმედებს და შესაბამისად, დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება, თუ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობას ან თვითმკვლელობის მცდელობას ან ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ამასთან, დაზღვევის პირობების მეოთხე ნაწილის 1.1.13 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ შემთხვევა შედეგად მოჰყვა ქმედებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე.
დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დროს, ლ---–- ჯ---–--ს კუთვნილ, დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა ე----------–--- (მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ე----------–---მ დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისათვის უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენს). 2015 წლის 9 დეკემბერს, შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი მასზე, რომ ქ.თბილისში, შ------------------–-ს N42-ის მიმდებარედ მძღოლმა (ე----------–---) ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა ბეტონის კედელს. ე----------–--- დაჯარიმდა 250 ლარით. აღნიშნულის გამო, ე----------–--- შეტყობინების მიზნით დაუკავშირდა ს------------- კ-------- „ა-–----ს“ და აცნობა ავტომანქანის დაზიანების ფაქტი და განუმარტა, რომ „მანქანა ეზოში მივამსხვრიე კედელზე“, „რაღაცაზე ნერვები მომიშალეს დავაწექი გაზს და მივახეთქე კედელზე“. შესაბამისად, სადავოა მართლსაწინააღმდეგო ქმედების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) ჩადენისას ე----------–--- მოქმედებდა განზრახ, თუ უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს სკ-ის სკ-ის 799-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული დათქმა „მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“. აქვე საყურადღებოა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი, რომელიც მზღვეველის უფლებადამცავი ნორმაა და მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ იმპერატიულ წინაპირობებს ადგენს. იგი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. დასახელებულის გათვალისწინებით, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ხელშეკრულებაში პირდაპირ და ცალსახად უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას, აღნიშნული შემთხვევა მოექცევა სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის რეგულაციის ფარგლებში, რომელიც, როგორც აღინიშნა, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება არ შეიცავს შეთანხმებას დამზღვევის ბრალის (განზრახვა, გაუფრთხილებლობა) არსებობისას მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა, რომ ავტომანქანის მართვისას ადგილი ჰქონდა მძღოლი - ე----------–---ს უხეშ გაუფრთხილებლობას (მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევა განპირობებულია მძღოლის მიერ მანევრირების წესების უგულვებელყოფით, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფდა ამ სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას), მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, არც აღნიშნული წარმოშობდა სს „ს------------- კ-------- ა-–----ის“ ვალდებულებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს ე----------–--- შემოთავაზებულ ვერსიას (შესაბამისად, ვერც შპს „ვ---------ს“ დასკვნას), რომლის მიხედვითაც, ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლისათვის გაუთვალისწინებელმა და დაუძლეველმა გარემოებამ გამოიწვია, კერძოდ, „ფეხი გაეჭედა მოხვევის დროს „პედალსა“ და მანქანის კორპუსს შორის“. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის აღნიშნული ვერსია პერმანენტულად იცვლებოდა. პირვანდელი განმარტებით, მძღოლს ფეხი გაეჭედა "პედალს“ (აქსელერატორის საფერხული) და კორპუსს შორის (იხ. სარჩელი ს/ფ 2), რამაც გამოიწვია ავტომობილის აჩქარება. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 10 თებერვლის #5----------- დასკვნის თანახმად, „...გაზის პედლისა მარჯვენა კიდისა და კორპუსს შორის არსებული მანძილის გაზომვით, აღმოჩნდა რომ იგი შეადგენს დაახლოვებით 4 სმ-ს. აღნიშულის გათვალისწინებით, კი ცხადია, რომ ყოვლად გამორიცხულია ფეხის გაჭედვა...“. შემდგომი განმარტება, რომლიც ე----------–---მ გააკეტა ამ საკითხთან დაკავშირებით, მოცემულია ფეხის გაჭედვა სამუხრუჭე სატერფულსა და ქვედა კურპუსს შორის. ამ შემთხვევაშიც, ამავე დასკვნის თანახმად, მსაგვსი შემთხვევა გამორიცხულია. სასამართლო სხდომაზე ამგვარი შესაძლებლობა გამორიცხა, ასევე ექსპერტმა რ---------–------–---–მა, რომლიც წარმოადგენს საქმეში არსებული „დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის“ 2016 წლის 16 მაისის დასკვნის ავტორს. მას შემდეგ, რაც ე----------–---მ ნიმუშად წარუდგინა ექსპერტს ფეხსაცმელი, მან კატეგურიულად გამორიცხა მისი გაჭედვა სამუხრუჭე სატერფულსა და ავტომანქანის კორპუს შორის.
აღნიშნული ვერსიის სიმცდარე დადასტურებულია ექსპერტები - დ----------–------სა და ვ-----------–------–---–-ს ჩვენებითაც, რომლებმაც გამორიცხეს ფეხის გაჭედვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობა (იხ. 2017 წლის 4 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
ამავდროულად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ უფლებამოსილი მძღოლი - ე----------–---ს მიერ ავტომანქანის დაზიანების მიზნით განხორციელებული განზრახი ქმედება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
9. თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლ---–- ჯ---–--მ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
9.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადაც ნათლად არის ასახული, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მომხდარა ავტოსაგზაო შემთხვევა აქსელერატორის და მუხრუჭის პედლებს შორის ფეხის გაჭედვის შედეგად. ამასთან არასწორ შეფასებას აძლევს ფაქტებს და აღნიშნავს, რომ ე----------–---მ, რომელიც ავტომობილის უფლებამოსილ მძღოლს წარმოადგენდა ავტომობილი დააზიანა განზრახ და სწორედ ამ გარემოებას ასახელებს სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძვლად, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა იყო ამ განზრახვის მოტივი ან/და მიზანი. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტის დ----------–------ს ჩვენებას. არ გამოუკვლევია და არ მიუცია შეფასება იმ ფაქტისათვის, თუ რაში მდგომარეობდა ე----------–---ს განზრახვის მიზანი ან მოტივი, რადგან თუ ადამიანი განზრახ ახდენს ძალიან მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო ავტო ავარიას ეს მოქმედება განპირობებული უნდა იყოს მისთვის სასურველი გარკვეული მიზნის მიღწევის სურვილით. ვინაიდან ე----------–---ს არ გააჩნდა ავარიის განზრახ ინსცენირების მოტივი და მიზანი მიაჩნია, რომ შეუძლებელია სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს შეფასება ე----------–---ს არაკეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით არ არის მართებული და დასაბუთებული, ვინაიდან აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე წელია ზიანი ადგება ე----------–---ს ინტერესებს.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 8.1. პუნქტი) სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. 2013 წლის 25 სექტემბერს, ლ---–- ჯ---–--სა და სს „ს------------- კ-------- ა-–----ს“ შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დაზღვეულ იქნა ლ---–- ჯ---–--ს კუთვნილი 2013 წელს გამოშვებული ავტომანქანა T-------------.
11.2. ლ---–- ჯ---–-- სს „ს------------- კ-------- ა-–----ის“ მიმართ ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 16 281 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. კერძოდ, ს------------- შემთხვევის დროს, ლ---–- ჯ---–--ს კუთვნილ, დაზღვეულ ავტომანქანას მართავდა ე----------–---.
11.3. 2015 წლის 9 დეკემბრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის თანახმად ქ.თბილისში, შ------------------–-ს N42-ის მიმდებარედ მძღოლმა (ე----------–---) ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა და შეეჯახა ბეტონის კედელს. ე----------–--- დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო მძღოლის ე----------–---ს ახსნა-განმარტების თანახმად, როდესაც დაძრა ავტომანქანა მოულოდნელად გაზის პედალსა და კორპუსს შორის გაეჭედა ფეხი, რის გამოც ვეღარ დაიმორჩილა ავტომანქანა და შეეჯახა წინ მდებარე კედელს. (ს.ფ.23, 24, 25)
11.4. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ე----------–--- შეტყობინების მიზნით დაუკავშირდა ს------------- კ-------- „ა-–----ს“ და აცნობა ავტომანქანის დაზიანების ფაქტი და განუმარტა, რომ „მანქანა ეზოში მივამსხვრიე კედელზე“, „რაღაცაზე ნერვები მომიშალეს, დავაწექი გაზს და მივახეთქე კედელზე“. (ს.ფ.43-54)
11.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 თებერვლის დასკვნის თანახმად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით არ შეიძლებოდა განვითარებულიყო იმ პირობებში, როგორც ე----------–---ს ახსნა-განმარტებაშია მოცემული. აქსელერატორის სატერფული (გაზის პედალი) და სამუხრუჭე სატერფული ერთმანეთისგან განივად დაშორებული არიან დაახლოებით 7 სმ-ით, რაც შეეხება აღნიშნულ სატერფულებს შორის არსებულ მანძილთა სხვაობა იატაკის ზედაპირიდან შეადგენს დაახლოებით 4 სმ-ს. სამუხრუჭე სატერფული 4 სმ-ით მაღლაა განთავსებული ვიდრე აქსელერატორის სატერფული. სატერფულებს შორის არსებული 7 სმ ტექნიკური თვალსაზრისით არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პედლებს შორის მოხდეს ფეხის გაჭედვა, რაც შეეხება ორივე სატერფულზე ერთად ფეხით ზემოქმედებას სამუხრუჭე სატერფული გაცილებით ადრე მოვა მოქმედებაში და ავტომობილის თვითნებური გადაადგილება გამორიცხული იქნება. (ს.ფ. 90-92)
11.6. პალატა განმარატავს რომ ამ მხრივ, არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნაა კატეგორიული. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ---------ს“ 2016 წლის 16 მაისის დასკვნის თანახმად ავტო საგზაო შემთხვევა განვითარდა აჩქარებული ავტომობილის მოძრაობისას საჭეზე და სატერფულებზე გაურკვეველი მოქმედებით, სავარაუდოდ ისეთი სახით, როგორც მძღოლი აღნიშნავს (მძღოლის ჩვენებით - „როდესაც დავძარი ავტომანქანა მოულოდნელად გაზის პედალსა და კორპუსს შორის გამეჭედა ფეხი, რის გამოც ვეღარ დავიმორჩილე მანქანა და შევეჯახე წინ მდებარე კედელს...“) (ს.ფ. 99-103)
11.7. სადაზღვევო პირობების მეოთხე ნაწილის (საერთო პირობები) პირველი მუხლით დადგენილია ის ზოგადი საგამონაკლისო პირობები, რომლებიც არ ანაზღაურდება დაზღვევის ხელშეკრულებით არცერთი დაფარვისათვის. აღნიშნული მუხლის 1.1.4 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობას ან თვითმკვლელობის მცდელობას ან ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ამასთან, დაზღვევის პირობების მეოთხე ნაწილის 1.1.13 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ შემთხვევა შედეგად მოჰყვა ქმედებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. სადაზღვევო პირობების 12.1.1. პუნქტის თანახმად სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის განცხადება შესაძლებელია დაზარალებულმა განზრახ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან.
12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადაც ნათლად არის ასახული, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მომხდარა ავტოსაგზაო შემთხვევა აქსელერატორის და მუხრუჭის პედლებს შორის ფეხის გაჭედვის შედეგად. ამასთან, სასამართლომ არ გამოიკვლია და არ მისცა შეფასება იმ ფაქტს, თუ რაში მდგომარეობდა ე----------–---ს განზრახვის მიზანი ან მოტივი, რადგან თუ ადამიანი განზრახ ახდენს ძალიან მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო ავტო ავარიას ეს მოქმედება განპირობებული უნდა იყოს მისთვის სასურველი გარკვეული მიზნის მიღწევის სურვილით.
პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლს, რომლის თანახმად მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამდენად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (და არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.
ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მოცემულ შემთხვევაში მძღოლის ე----------–---ს მიერ მიცემული სხვადასხვა ახსნა-განმარტები, კერძოდ: ფეხის გაჭედვა აქსელერატორის სატერფულსა (გაზის პედალი) და სამუხრუჭე სატერფულს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში გაზის პედალსა და კორპუსს შორის, პალატა განმარტავს რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევის შედეგად უტყუარად არ დასტურდება ამგვარი ფაქტობრივი გარემოება, თუმცა ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც პალატის შეფასებით იგი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობაზე მიანიშნებს.
„სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ასეთი განმარტება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას“ (იხ. საქმე №ას-745-713-2014).
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტების შედეგად ასკვნის, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლევა დამზღვევის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას და დამატებით განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნიათ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ ას-1306-1226-2015) პალატის მოსაზრებით მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობაა ასევე იმგვარი დაუდევრობა და უყურადღებობა, რომელმაც მოსარჩელის განმარტებით (ფეხის გაჭედვა) გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
13. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ---–- ჯ---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა