განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002210544
საქმე №2ბ/5266-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია სულხანიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ე-–--- გ--–-–---–ი
წარმომადგენელი - გ---------------
მოწინააღმდეგე მხარე - ნ----- ქ–-----–---–ი
მესამე პირი - გ--–- გ--–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ე-–--- გ--–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ნ----- ქ–-----–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა N---, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ------------- დასახლება, მ-------------------, კ------------, საკადასტრო კოდი N-----------------------, რეგისტრირებულია ე-–--- გ--–-–---–ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 21 აპრილს (ს.ფ. 13-14).
2.2. საჯარო რეესტრის ცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მოპასუხე ნ----- ქ–-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონება არ ირიცხება (ს.ფ. 43).
2.3. 2013 წლის 19 აგვისტოს, ნ----- ქ–-----–---–მა შეადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც დაადასტურა, რომ სამკვიდროს მისაღებად დაგენილი ვადის განმავლობაში, მას არცერთი ფორმით არ მიუღია თავისი შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. ამავე განცხადებით ნ----- ქ–-----–---–მა განაცხადა, რომ სამკვიდროს ფაქტიურად ფლობენ და იღებენ მამკვიდრებლის შვილი ე-–--- გ--–-–---–ი და მამკივიდრებლის მეუღლე მ----- გ--–---–---–ი. ნ----- ქ–-----–---–მა თანხმობა განაცხადა მასზედ, რომ კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო სრულად მიიღონ ე-–--- გ--–-–---–მა და მ----- გ--–---–---–მა (ს.ფ. 61).
2.4. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ე-–--- გ--–-–---–ისა და მისი დედის, მ----- გ--–---–---–ის თანასაკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხულია ბინა N4-, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ------------- დასახლება, ი---------–------------, საკადასტრო კოდი N0----------------------. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2013 წლის 27 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა N1--------. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ე-–--- გ--–-–---–ი თავის დედასთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში საკადასტრო კოდით N0----------------------. (ს.ფ. 75).
2.5. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებებს, რომ მოპასუხე ნ----- ქ–-----–---–ი არის მოსარჩელე ე-–--- გ--–-–---–ის აღმზრდელი ბებია, არის შრომისუუნარო და თავის შვილთან, გ--–- გ--–-–---–თან ერთად ცხოვრობს მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულ სადავო ბინაში (მხარეთა ახსნა-განმარტებები).
2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ გ--–- გ--–-–---–ის საკუთრებად აღრიცხულია 185.29 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი N1ა, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ------------- დასახლება, მ-------------------, კ------------, საკადასტრო კოდი N0-----------------------. (ს.ფ. 163).
2.7. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან წარმოდგენილი ამონაწერით დადგენილია, რომ ნ----- ქ–-----–---–ი და გ--–- გ--–-–---–ი რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ს.ფ. 165, 222).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დადგენილ სადავო გარემოებებს არ შეიცავს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლოს განმარტებით, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1224-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომიუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან და ერთმანეთისაგან. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ანალოგიურ საკითხზე დადგენილ პრაქტიკა და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 1224-ე მუხლის რეგულირების მიზანი მხოლოდ შრომისუუნარო ბებიისათვის მატერიალური საზრდოს დანიშვნა არ არის, მისი მოქმედების მასშტაბი უფრო ფართოა და მოიცავს შრომისუუნარო ბებიის უზრუნველყოფას საცხოვრებლით მაშინ, როდესაც მას ამ სიკეთის მიღება თავისი შვილებისგან, ან მეუღლისგან არ შეუძლია (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე Nას-454-426-2017). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის ერთ მხარეზე მოსარჩელის საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი იდგა, ხოლო ამ უფლების საპირწონედ, წარმოდგენილი იყო შრომისუუნარო ბებიის მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ შენიშნა, რომ საქმეში მესამე პირად ჩართულმა გ--–- გ--–-–---–მა წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მის საკუთრებაში არსებული ფართი იყო არასაცხოვრებელი ფართი, მანვე წარმოადგინა აღნიშნული უძრავი ნივთის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები და მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდებოდა მოპასუხის წარმომადგენლისა და მესამე პირის მიერ გაკეთებული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გ--–- გ--–-–---–ის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ნივთი არ არის საცხოვრებლად ვარგისი, არის დანგრეული და გაურემონტებელი, მასში არ არის გაყვანილი ელექტროენერგია და გაზი ( ს.ფ. 211-216, 219, 213, 225). მესამე პირმა განმარტა, რომ ზემოაღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის ნაწილი მას გაცემული აქვს იჯარით, მიღებული საიჯარო თანხა 200 ლარის ოდენობით კი არის მისი ერთადერთი შემოსავალი, რომლითაც ის ცდილობდა, უზრუნველეყო როგორც საკუთარი თავის, ასევე მშობლის, მოპასუხე ნ----- ქ–-----–---–ის, რჩენა. სასამართლომ შენიშნა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და არც რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N0---------------------- საცხოვრებლად ვარგისი იყო, მოსარჩელის მიერ არც ის გარემოება ყოფილა სადავოდ გამხდარი, რომ მოპასუხის შვილს, გ--–- გ--–-–---–ს, რაიმე სახის შემოსავალი, გარდა ზემოაღნიშნული საიჯარო ქირისა, გააჩნდა. მოსარჩელემ ასევე არ გახადა სადავოდ გარემოება, რომ მოპასუხეს ჰყავს მხოლოდ ერთი შვილი, გ--–- გ--–-–---–ი, და არ ჰყავს მეუღლე, რომლისგანაც სარჩოს მიღებას შესძლებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა გამოკვეთილი არ იყო და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელი იყო, ვინაიდან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხე დარჩებოდა თავშესაფარის გარეშე, რაც, წარმოდგენილი სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 1224-ე მუხლის განმარტებულ რეგულირების მიზანს. შესაბამისად, სასამართლომ ე-–--- გ--–-–---–ს სარჩელს უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა უდავო გარემოებად ის, რომ ნ----- ქ–-----–---–ი არის შრომისუუნარო, მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი, რის გამოც ე-–--- გ--–-–---–ს ეკისრება მასზე ზრუნვის ვალდებულება. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ უგულებელყო ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა აპელანტის დედის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენადაც ე-–--- გ--–-–---–ი ვალდებულია იზრუნოს დედაზე და არა ბებიაზე, მით უფრო, რომ ამ უკანასკნელს ჰყავს შვილი, საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართული გ--–- გ--–-–---–ი, რომელიც იმავე სადავო ბინაში ცხოვრობს და რომელსაც საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონებიდან საკმაო შემოსავალიც გააჩნია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა N---, მდებარე მისამართზე ქალაქი თბილისი, დ------------- დასახლება, მ-------------------, კ------------, საკადასტრო კოდი N-----------------------, რეგისტრირებულია ე-–--- გ--–-–---–ის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 21 აპრილს.
- საჯარო რეესტრის ცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია და მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ მოპასუხე ნ----- ქ–-----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონება არ ირიცხება.
- 2013 წლის 19 აგვისტოს, ნ----- ქ–-----–---–მა შეადგინა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც დაადასტურა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში, მას არცერთი ფორმით არ მიუღია თავისი შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. ამავე განცხადებით ნ----- ქ–-----–---–მა განაცხადა, რომ სამკვიდროს ფაქტიურად ფლობენ და იღებენ მამკვიდრებლის შვილი ე-–--- გ--–-–---–ი და მამკივიდრებლის მეუღლე მ----- გ--–---–---–ი. ნ----- ქ–-----–---–მა თანხმობა განაცხადა მასზედ, რომ კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო სრულად მიიღონ ე-–--- გ--–-–---–მა და მ----- გ--–---–---–მა (ს.ფ. 61).
- საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ე-–--- გ--–-–---–ისა და მისი დედის, მ----- გ--–---–---–ის თანასაკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხულია ბინა N4-, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ------------- დასახლება, ი---------–------------, საკადასტრო კოდი N0----------------------. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2013 წლის 27 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა N1--------. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ე-–--- გ--–-–---–ი თავის დედასთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში საკადასტრო კოდით N0----------------------. (ს.ფ. 75).
- დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებებს, რომ მოპასუხე ნ----- ქ–-----–---–ი არის მოსარჩელე ე-–--- გ--–-–---–ის აღმზრდელი ბებია, არის შრომისუუნარო და თავის შვილთან, გ--–- გ--–-–---–თან ერთად ცხოვრობს მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულ სადავო ბინაში.
- საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ გ--–- გ--–-–---–ის საკუთრებად აღრიცხულია 185.29 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი N1ა, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ------------- დასახლება, მ-------------------, კ------------, საკადასტრო კოდი N0-----------------------.
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან წარმოდგენილი ამონაწერით დადგენილია, რომ ნ----- ქ–-----–---–ი და გ--–- გ--–-–---–ი რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი, გარდა სადავო ქონებისა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ----- ქ–-----–---–ის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობას, ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ საქმეში მესამე პირად ჩართულ გ--–- გ--–-–---–ს, რომელიც წარმოადგენს ნ----- ქ–-----–---–ის შვილსა და აპელანტის ბიძას და რომელიც ასევე ცხოვრობს და სარგებლობს სადავო ქონებით, მართალია გააჩნია საკუთრებაში არასაცხოვრებელი ფართის სტატუსის მქონე ქონება, თუმცა დადგენილია, რომ იგი საცხოვრებლად უვარგისია. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ არ უნდა მიჩნეულიყო ნ----- ქშუტშვილის შრომისუუნარობისა და სხვა საცხოვრებლის არქონის ფაქტი, რამდენადაც საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით 85 წლის ასაკის მოპასუხის შრომისუნარიანობა სადავოდ არ გამხდარა, მეტიც, სწორდ რომ უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხე ნ----- ქ–-----–---–ი არის აპელანტის ბებია (მამის დედა), იგი თავისი შვილის - კ--- გ--–-–---–ის სიცოცხლეშიც ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში და წარმოადგენდა მის მართლზომიერ მფლობელს, ამავდროულად, არის პენსიონერი, შრომისუუნარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და მას არცერთი ფორმით არ მიუღია თავისი შვილის, კ--- გ--–-–---–ის სამკვიდრო ქონება.
4.2. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე ნ----- ქ–-----–---–ის მფლობელობის არამართლზომიერება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1224-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან და ერთმანეთისაგან. პალატა განმარტავს, რომ პაპა და ბებია შვილიშვილის უახლოეს ნათესავებად მოიაზრებიან და ისინი ხშირად მონაწილეობენ შვილიშვილის აღზრდა-განვითარებაში მშობლებთან ერთად, ხშირად - მშობლებსაც კი ცვლიან, რის გამოც კანონის ხსენებული დანაწესის მოთხოვნა, რომ შვილიშვილი ვალდებულია არჩინოს შრომისუუნარო პაპა და ბებია, სავსებით ლოგიკურ და მართლზომიერ დათქმას წარმოადგენს. პალატა მიუთითებს, რომ მოცემული ნორმის მიზნებისათვის, აუცილებელია განიმარტოს, თუ რა განიხილება დახმარებად: პალატის შეფასებით, ასეთად მიჩნეული უნდა იქნეს არა მხოლოდ მატერიალური დახმარება (როდესაც შვილიშვილი სრულწლოვანია და გააჩნია შესაბამისი სახსრები, იგი ვალდებულია მატერიალურად იზრუნოს პაპა-ბებიაზე), არამედ, არამატერიალური დახმარებაც, რის ქვეშაც სწორედ რომ პაპისა და ბებიის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოიაზრება. ამდენად, პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დავის ერთ მხარეს მოსარჩელის საკუთრების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი იდგა, ხოლო ამ უფლების საპირწონედ, წარმოდგენილი იყო შრომისუუნარო ბებიის მწვავე საჭიროება საცხოვრებელ ბინაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებები, რომ მოპასუხე ნ----- ქ–-----–---–ი არის აპელანტის აღმზრდელი ბებია (მამის დედა) და იგი თავისი შვილის - კ--- გ--–-–---–ის სიცოცხლეშიც ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში, ამასთან, იგი არის პენსიონერი და შრომისუუნარო, სოციალურად დაუცველი, რაც პალატის აზრით, პირდაპირ წარმოშობს აპელანტის მხრიდან მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მასზე ზრუნვის ვალდებულებას. ამავდროულად, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული ერთ-ერთი გარემოება, რომ მას ჰყავს მძიმედ ავადმყოფი დედა და აკისრია მასზე ზრუნვის ვალდებულება, არ გამორიცხავს მისი მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1422-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონისმიერ ვალდებულებაზე უარის თქმის საფუძველს, ამასთან, ხსენებული არც მოცემული დავის საგნის ფარგლებში სამტკიცებელ გარემოებაა და შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების უპირობო საფუძველი. აქვე პალატა განმარტავს იმასაც, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე, რის გამოც, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ ნ----- ქ–-----–---–ი არამართლზომიერად ფლობს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რამდენადაც წინამდებარე შემთხვევაში არ გამოიკვეთა მესაკუთრის უპირატესი ინტერესი მოპასუხის და მასთან ერთად მცხოვრები მესამე პირის ინტერესთან მიმართებით. ამდენად, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ე-–--- გ--–-–---–ი არამართლზომიერად იყენებს მესაკუთრის უფლებებს და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია, აღნიშნულის გათვალისწინებით კი სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულია არსებითად სწორი გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–--- გ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–--- გ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი