განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001802882
საქმე №2ბ/3058-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - მ------ ნ-----–-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ----- ბ----“ (სს ბ---- ,,რ-------–---ს“ უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 28 მარტის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „თ----- ბ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, მ-–------ს ქუჩა N18-ში მდებარე ბ------- (საკადასტრო კოდით N0----------------------) და ბინა N5- (საკადასტრო კოდით N0--------------------5-) გამოთხოვილი იქნა მ------ ნ-----–-----–---–ის უკანონო მფლობელობიდან და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს „თ----- ბ----“.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2017 წლის 13 თებერვალს სს „ბ---- რ-------–---ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ------ ნ-----–-----–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. მოსარჩელის მითითებით, სს „ბ---- რ-------–---ს“ საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, მ-–------ს ქ. N18, ბინა N5- საკადასტრო კოდი N0--------------------5- და ბ------- საკადასტრო კოდით N0----------------------. მოპასუხე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას და იძულებულია სასამართლო წესით მოახდინოს მოპასუხის გამოსახლება.
2.2. მოპასუხე მ------ ნ-----–-----–---–მა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო.
2.3. სასამართლოს 2017 წლის 07 დეკემბრის საოქმო განჩინებით სს „ბ---- რ-------–---ს“ უფლებამონაცლედ დაშვებულ იქნა სს „თ----- ბ----“.
2.4. 2018 წლის 07 თებერვალს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, მოპასუხის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ დაკმაყოფილდა.
2.5. 2018 წლის 02 მარტს მ------ ნ-----–-----–---–მა სასამართლოში წარადგინა საჩივარი 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა ჩათვლილიყო, კერძოდ - მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე და მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც დააკმაყოფილა იგი.
2.6. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შენიშნა, რომ 2017 წლის 07 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 07 თებერვალს მხარეთა მორიგების მიზნით. 2018 წლის 07 თებერვალს მ------ ნ-----–-----–---–ი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მან მიმართა შ.პ.ს. ,,თ---–------------------------–-----–------ს”, რომლის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, მ------ ნ-----–-----–---–ს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დაავადება. საჩივარს თან ერთვოდა განმეორებით გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დიაგნოზი ასევე მითითებული იყო ,,მწვავე რესპირატორული დაავადება“, პაციენტი იმყოფებოდა ამბულატორიულად შ.პ.ს. ,,თ---–------------------------–-----–------ში”. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 07 თებერვალს გაცემულ ცნობაში მითითებული არ იყო მ------ ნ-----–-----–---–ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. შ.პ.ს. ,,თ---–------------------------–-----–------ის” მიერ იმავე თარიღით და ნომრით განმეორებით გაცემულ ცნობაშიც არ იყო მითითებული 2018 წლის 07 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------ ნ-----–-----–---–ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს არ ადასტურებს. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2018 წლის 07 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ავადმყოფობით, რის თაობაზეც მან დროულად მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია და დაურთო შესაბამისი მტკიცებულება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული, გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ------ ნ-----–-----–---–ს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 07 თებერვალს, 12:00 სთ-ზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა, ხოლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად დაასახელა ავადმყოფობა, რომლის დამადასტურებლადაც განცხადებას დაურთო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ე.წ. ,,ფორმა N100”, სადაც დიაგნოზად ,,მწვავე რესპირატორული დაავადებაა“ მითითებული. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით წარდგენილ საჩივარში მ------ ნ-----–-----–---–მა მიუთითა, რომ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ ავადმყოფობით და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ხოლო, იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა შენიშნავს, რომ, მართალია მ------ ნ-----–-----–---–ის მიერ საქმეზე დართულია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ NIV-100 ცნობა, თუმცა ხსენებული დოკუმენტით დგინდება, რომ პაციენტს აღენნიშნებოდა ,,მწვავე რესპირატორული დაავადება“ და მას სამედიცინო მომსახურება გაეწია ამბოლატორიული წესით. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე სტაციონარში მოთავსებული არ ყოფილა, რაც მსგავსი შემთხვევებისთვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება, მეტიც - სასამართლოს შეფასებით, მ------ ნ-----–-----–---–ის მხრიდან პროცესის გაჭიანურებას ჰქონდა მცდელობა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის 07 თებერვლის სასამართლო სხდომა გადადებულ იქნა მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზნით, რაც ვერ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარეებს გონივრული ვადა ჰქონდათ მიცემული, შესაბამისად, აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით მას სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა, პალატას დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი მისი ავადმყიფობით, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 215.3. მუხლით. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, არ არსებობს არც მ------ ნ-----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დატოვა იგი ძალაში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის ფაქტი.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ------ ნიკოლოზაშილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 28 მარტის განჩინება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი