განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
200100116001491147
ინსტანცია
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100116001491147

საქმე №1ბ/1143-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,პროკურორის - შ-----------ას,ადვოკატ - ბ-------------–--–---–ის,მსჯავრდებულ - თ---------–---–-----ის მონაწილეობით,თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ას და მსჯავრდებულ თ---------–---–-----ის ადვოკატ ბ-------------–--–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თ-----------------------–---–-----ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N2----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–----------------------–-----------–ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

თ---------–---–-----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა;

 

მანვე ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 13 ივნისს, თ---------–---–-----მა, მ----------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწია თელავის რაიონის ს------–----------––ი მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში.

 

2016 წლის 13 ივნისს, თ---------–---–-----ი თელავის რაიონის ს------–----------––ი მდებარე მ----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხა მ----------–---–ს და ძალადობის გამოყენებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით:

 

თ---------–---–-----ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თ---------–---–-----ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თ---------–---–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

თ---------–---–-----მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 13 ივნისს, თელავის რაიონის ს------–----------––ი მდებარე მ----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი შელაპარაკების დროს, თ---------–---–-----მა მ----------–---–ს პირზე ააფარა ხელი და მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით, ჯანმრთელობის მოუშლელად, მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ-----------ამ და მსჯავრდებულ თ---------–---–-----ის ადვოკატმა ბ-------------–--–---–მა.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და თ---------–---–-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

აპელანტის მითითებით, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დაზარალებულ მ----------–---–ის განმარტება, რომ მსჯავრდებულმა მას კაბა შემოახია, არ უნდა გამხდარიყო მისი ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვიანიდან ჩვენების მიხედვით, თ---------–---–-----ი მას მთელი ტანით აწვებოდა და მ----------–---–ს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, დაენახა მსჯავრდებულმა ქვედაბოლო შემოახია თუ არა. ამასთან, ქვედაბოლოს შემოხევის ფაქტი არ წარმოადგენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც გავლენას მოახდენდა ძირითადი ქმედების დადასტურებაზე. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ თითქოს დაზარალებულმა ხშირად შეცვალა ჩვენება და გაანადგურა დამნაშავის მამხილებელი მტკიცებულება და განმარტავს, რომ დაზარალებული საკუთარი პატივისა და ღირსების დასაცავად ყველანაირად ცდილობდა, არ გამჟღავნებულიყო თ---------–---–-----ის მიერ მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტი. სწორედ აღნიშნულის გამო დაწვა მან საკუთარი საცვალი და გამოძიებას თავდაპირველად მისცა განსხვავებული ჩვენება. რაც შეეხება შემთხვევის ადგილიდან სიგარეტის ნამწვის ამოღებას, აპელანტი მიუთითებს, რომ დაზარალებულის განმარტებით, მან საშუალება მისცა თ---------–---–-----ს, სიგარეტის ნამწვი დაეტოვებინა ადგილზე, რათა მომავალში დადასტურებულიყო ბრალდებულის მის ბინაში ყოფნის ფაქტი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი პროკურორი აღნიშნავს, რომ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ცემის მიუხედავად, დაზარალებულს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა დაზარალებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომ თ---------–---–-----მა მას თვალის არეში ჩაარტყა მუშტი, ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურებულია.

 

ბრალდების მხარე არ იზიარებს სასამართლოს პოზიციას თ---------–---–-----ის ბინაში შეღწევასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ ცხადია ფანჯარაზე ხელის კვლის აღმოჩენა გაამყარებდა დაზარალებულის ჩვენებას, მაგრამ ხელის კვალი ყოველთვის არ რჩება შემთხვევის ადგილზე და მისი აღმოუჩენლობის ფაქტი არ უნდა გახდეს ჩვენების ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი. პროკურორი მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მ----------–---–ის ჩვენების სანდოობა და შესაბამისად, თ---------–---–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენის გაუქმება და თ---------–---–-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში თ---------–---–-----ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ასევე, არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა თ---------–---–-----ის ჩვენებას, ვიანიდან მას არ უთქვამს, რომ დაზარალებულს პირზე ხელის აფარებისას სახეზე მიაყენა დაზიანება. თ---------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებულს მხოლოდ პირზე ააფარა ხელი, რითაც გამორიცხულია მისთვის რაიმე დაზიანება მიეყენებინა.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა შ-----------ამ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა თ---------–---–-----მა და მისმა ადვოკატმა ბ-------------–--–---–მა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას თ---------–---–-----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ----------–---–მა განაცხადა, რომ მესამე წელია ცხოვრობს ს------–----------––ი. შემთხვეის დღეს მარტო იმყოფებოდა სახლში, დაკეტა კარები, წამოწვა ტელევიზორთან და ჩაეძინა, რა დროსაც გააღვიძა ტელეფონის ხმამ. ამ დროს იყო დაახლოებით ღამის 2 საათი (13 ივნისი). ნახა, რომ მისი ტელეფონი არ რეკავდა, თუმცა დაინახა ტელეფონის შუქი. შეეშინადა და გავიდა მეორე ოთახში, რა დროსაც შეამჩნია, რომ აივანზე კართან ვიღაც იდგა. სცადა ძმასთან დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. შენიშნა, რომ ვიღაც აწვალებდა კარს, შემდეგ კი ფანჯარას. უცხო პიროვნებამ გახსნა ფანჯრის სანიავო, რისი მეშვეობითაც მოახერხა ფანჯრის გაღება და შემოვიდა სახლში. უცნობმა კედელზე და იატაკზე არტყმევინა თავი, თან პირზე აფარებდა ხელს, ისე, რომ სუნთქვასაც ძლივს ახერხებდა; დაარტყა სახის არეშიც და ფეხებზეც; შემოახია ქვედაბოლო და მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. აქტის დასრულების შემდეგ უცნობს სთხოვა, რომ ძალიან ცუდად იყო და მიეწოდებინა წყალი. როდესაც ეს პიროვნება მეორე ოთახში გავიდა წყლის მოსატანად, ტელევიზორის შუქზე იცნო თ---------–---–-----ი, რომელიც სულ სამჯერ ყავს დანახული სოფელში და მანამდე მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. თ-----იმ სიგარეტის მოწევა დაიწყო. მან (მ----------–---–მა) უთხრა, რომ სიგარეტი ოთახში მოეწია, რადგან სურდა თ---------–---–-----ის რაიმე კვალი დარჩენილიყო მის სახლში. მოგვიანებით თ---------–---–-----ი დათანხმდა მის თხოვნაზე, რომ წასულიყო, თუმცა განუცხადა, რომ კიდევ მივიდოდა. ვინაიდან არ უნდოდა ეს ამბავი მის შვილებს და ძმას გაეგოთ, თავდაპირველად არ აპირებდა სამართალდამცავებისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ. შეეცადა უცებ მოწესრიგებულიყო, საცვალი ღუმელში შეაგდო და დაწვა, ასევე გამოიცვალა ქვედაბოლო. აპირებდა დედამისთან წასვლას, რა დროსაც თ---------–---–-----ი შემობრუნდა და უთხრა, რომ მისი ტელეფონი გაჰყვა. ტელეფონის დაბრუნების შემდეგ იგი (მ----------–---–ი) აღარ გავიდა სახლიდან და დაუყოვნებლივ დარეკა 112-ში.

 

თ---------–---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ----------–---–ი არის მისი თანასოფლელი, რომელთანაც ქონდა დიდი ხნის ურთიერთობა - ერთმანეთს ხვდებოდნენ ფარულად და ქონდათ სექსუალური კავშირი. შემთხვევის წინა ღამესაც ერთად იმყოფებოდნენ და ქონდათ სექსუალური კავშირი. 2016 წლის 13 ივნისს ნამდვილად იმყოფებოდა დაზარალებულთან სახლში, რა დროსაც მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, კერძოდ, მ---ს აუხსნა, რომ ვერ ახერხებდა დანაპირების შესრულებას, რაც ეხებოდა მათ საზღვარგარეთ გამგზავრებას. მ----------–---–მა დაიწყო ყვირილი, რა დროსაც დაწყნარების მიზნით, პირზე ააფარა ხელი, თუმცა სხვა არანაირი დაზიანება მისთვის არ მიუყენებია. როდესაც მ--- დაწყნარდა, სახლშივე მოწია სიგარეტი და განაგრძეს საუბარი, ცოტა ხნის შემდეგ კი წამოვიდა. წამოსვლისას მ----------–---–მა უთხრა, რომ ვინაიდან პირობა არ შეასრულა და საზღვარგარეთ არ წაიყვანა, პოლიციას დააჭერინებდა მის თავს. მეორე დღეს, დილით, გააღვიძეს პოლიციის თანამშრომლებმა და წაიყვანეს პოლიციაში. თ---------–---–-----მა ასევე განმარტა, რომ მ----------–---–ის სახლში უკანონოდ არასოდეს შესულა. შემთხვევის დღესაც ჩვეულებრივად დაუკაკუნა კარზე და სახლში შევიდა კარიდან. მოლაპარაკების თანახმად, როდესაც მ----------–---–ს ღამით ტელევიზორი ჩართული ექნებოდა, ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მისი შვილები სახლში არ იმყოფებოდნენ და ამ დროს მიდიოდახლომე მ---სთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------------–---–მა განაცხადა, რომ არის თ---------–---–-----ის მეგობარი და თანასოფლელი. ორივეს ყავთ მსხვილფეხა პრუტყვი და დაკავებულები არიან მათი მოვლით. 2016 წლის 12 ივნისს, საღამოს იქეიფეს, თუმცა თ---------–---–-----ი სუფრაზე არ იმყოფებოდა, ხოლო 13 ივნისის დილით გაიგო, რომ თ-----ი დააკავეს. მოწმის განმარტებით, თ-----ი ხშირად მიდიოდა ღამე სადღაც, თუმცა ვისთან დადიოდა, არ იცის. მან შემთხვევის წინა ღამესაც დაუძახა და უთხრა, რომ მიდიოდა და მისი საქონლისთვის ყურადღება მიექცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---------------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის ს------–----------––ი და იცნობს თ---------–---–-----ს. შემთხვევის დღეს სამუშაოდან მივიდა სახლში და დაიძინა, არაფერი გაუგია. ქუჩა, სადაც ცხოვრობს, არის ჩიხი. მ----------–---–ის სახლი მდებარეობს მისი სახლიდან დაახლოებით 40-50 მეტრში. სახლს დასავლეთის მხარეს აქვს ერთი კარები და აქვს ასევე ქუჩიდან შესასვლელი კარები. მ----------–---–ის სახლი სხვა მეზობლების სახლებთან ახლოს მდებარეობს, თუმცა როგორც იცის, არც მეზობლებს და არც მისი ოჯახის წევრებს არაფერი გაუგიათ. მისივე განმარტებით, თ---------–---–-----ი თავის ქუჩაზე უნახავს, მასთანაც მისულა საქმეზე და მის მეზობლებთანაც.

 

2016 წლის 13 ივნისის მ----------–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მ----------–---–მა დაკითხვის შემდეგ წარმოადგინა მოყავისფრო ფერის უმკლავებო მაისური ფერადი ყვავილებით; ასევე მოყავისფრო ფერის ბიუსტგალტერი ფერადი ყვავილებით და მოწითალო ფერის ქვედა საცვალი. წარმოდგენილ ტანისამოსს ვიზუალურად რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნება. მ----------–---–მა განმარტა, რომ წარმოდგენილი ტანოისამოსი ეცვა გაუპატიურების მცდელობის დროს. ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს ნაცვამი გრძელი ქვედაბოლო ამჟამად ინახება შემთხვევის ადგილზე, მის საცხოვრებელ სახლში. დათვალიერების შემდეგ წარმოდგენილი ნივთები დაილუქა ერთ ფუთად. ოქმის კანონიერება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა დეტექტივ-გამომძიებელმა გ----------------მ. მანვე დაადასტურა მ----------–---–ის და თ---------–---–-----ისგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმების სისწორე.

 

2016 წლის 13 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თელავის რაიონის ს------–----------––ი და წარმოადგენს მ----------–---–ის ორსართულიან საცხოვრებელ სახლს. პირველ სართულზე არსებული საძნებელი ოთახის დასავლეთ კუთხეში მდებარე ფანჯარა ოთახის მიმართულებით არის გაღებული. ოთახში შევდივართ ხის კარით, სადაც განთავსებულია შეშის ღუმელი, დასავლეთ კედელთან დგას ე.წ. სეტკიანი საწოლი, რომლის ზედაპირზე დევს ყვავილებით გაწყობილი ბოლოკაბა, რომელზეც მ----------–---–მა განმარტა, რომ მითითებული ბოლოკაბა ეცვა შემთხვვეის დროს. ღუმელის ზედაპირიდან ასევე ამოღებული იქნა სიგარეტის ნამწვი, რაზეც მ---მ განმარტა, რომ სიგარეტი მოიხმარა თ---------–---–-----მა. ამოღებული კაბა და სიგარეტის ნამწვი შეიფუთა და დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა: დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ჯ---------–---–-ა, გამომძიებელმა გ----------------მა და ექსპერტებმა გ--–-------------–---–მა და ვ-–----------–---–-ა.

 

2016 წლის 13 ივნისის თ---------–---–-----ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ თ---------–---–-----მა დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით წარმოადგინა ის ტანსაცმელი, რაც ეცვა შემთხვევის დღეს მ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას. კერძოდ მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მონაცრისფრო ფერის გრძელმკლავიანი სვიტრი, შუა ადგილზე ჰორიზონტალურად მოლურჯო ფერის ზოლით. მონაცრისფრო ფერის უმკლავებო მაისური, შავი ფერის წინდები და მოლურჯო ფერის ტრუსი მოთეთრო ფერის ზოლებით და ფიგურებით. აღნიშნული ტანისამოსი დაილუქა ერთ ფუთად. ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნ---------------–---–მა.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: - მ----------–---–ის სისხლის ნიმუში (ობ. N8, პაკეტი წარწერით: „...მ----------–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში...“) მიეკუთვნება A(II) ჯგუფს, Rh+ ფაქტორს; - თ-----ი ხ--–---–-----ის სისხლის ნიმუში (ობ. N9, პაკეტი წარწერით: „...თ-----ი ხ--–---–-----ისგან აღებული სისხლის ნიმუში...“) მიეკუთვნება O(I) ჯგუფს, Rh+ ფაქტორს; - პაკეტში, წარწერით: „...ნაცხი საშოდან და უკანა ტანიდან 0-----------... მ----------–---–ი“ მოთავსებულ: ნაცხზე, წარწერით: „...მ----------–---–ის ნაცხი საშოდან 13.06.16“ (ობ. N1) აღმოჩნდა სპერმა. ობ. 1-ის გენეტიკური პროფილი და თ-----ი ხ--–---–-----ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ნაცხზე წარწერით: „მ----------–---–ის ნაცხი უკანა ტანიდან...“ (ობ. N2) სპერმა არ აღმოჩნდა; - პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც. ნაჭრის ქალის ქვედა ბოლო კაბა...“ მოთავსებულ ქვედაბოლოზე არსებული მოთეთრო ფერის დანაშრევებში (ობ. N3) სპერმა არ აღმოჩნდა. ობ. N3-ში არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და მ----------–---–ის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი იდენტურია; - პაკეტში, წარწერით: „...მ----------–---–ის ტანისამოსი“ მოთავსებულ საცვალზე, მაისურზე და აზღუდზე, სისხლსა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; - პაკეტში, წარწერით: „...თ-----ი ხ--–---–-----ის მიერ წარმოდგენილი მისი კუთვნილი ტანისამოსი...“ მოთავსებულ: შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N4,5) სისხლს არ წარმოადგენს; საცვალზე არსებულ მოყავისფრო ფერის ლაქებში (ობ. N6) აღმოჩნდა სპერმა. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N6-ის პროფილის ერთი წილი და თ-----ი ხ--–---–-----ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი იდენტურია, მეორე წილი და მ----------–---–ის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი იდენტურია; ჯემპრზე, მაისურზე და წყვილ წინდაზე სისხლსა და ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; - პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც. სიგარეტის ნამწვი ამოღებ. საძინებელ ოთახში მდგარი ღუმელის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი და თ-----ი ხ--–---–-----ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურეს ექსპერტებმა ი-------–-------ამ და ი-------------მ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით, 13.06.16წ-ს მ----------–---–ს აღენიშნება სისხლნაჟღენთები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე, მაცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა და მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე; დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში წინა ზედაპირზე ხანდაზმულობით არ შეეფარდება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე და მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში შიგნითა ზედაპირზე - ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მ----------–---–ს უკანა ტანის არეში, საათის ციფერბლატის მე-2 და მე-11 დანაყოფების შესაბამისად, აღინიშნება ზედაპირული ნასკდომები, ხოლო საათის ციფერბლატის მე-6 დანაყოფის შესაბამისად, აღინიშნება ჰემოროიდალური კვანძი, ზედაპირული ნასკდომით. ნასკდომები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ შეეფარდებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მ----------–---–ის საშოდან და უკანა ტანიდან აღებული ნაცხები დაილუქა ერთ პაკეტად და გადაეცა გამოძიებას. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს------------–----ამ.

 

ტრანსოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ „მ----------–---–ის“ მიერ წარმოდგენილ ტანსაცმელს (მაისური; აზღუდი; ტრუსი); ფუთაში, არსებული წარწერის მიხედვით: „1 (ერთი) ც. ქალის ქვედა ბოლო“ - მოთავსებულ ქვედაბოლოს და „თ-----ი ხ--–---–-----ის“ მიერ წარმოდგენილ ტანსაცმელს (ჯემპრი; ბრეტელიანი მაისური; ჯინსის შარვალი; ტრუსი; ერთი წყვილი წინდა) ექსპლუატაციური ხასიათის ნიშნების და კვლების გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება არ აღენიშნება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-–--------------–---მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად ტანსაცმელს უფრო დიდი დაზიანებები ექნებოდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა, 2016 წლის 13 ივნისის მ----------–---–ისგან ნაცხის ნიმუშის აღების ოქმი და თ---------–---–-----ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული და გამოკველვის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი თ---------–---–-----ის მიერ მ----------–---–თან ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტი. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე უდავო გარმეოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ----------–---–ის საშოდან აღებულ ნაცხის ნიმუშში აღმოჩნდა სპერმა, რომლის გენეტიკური პროფილი და თ-----ი ხ--–---–-----ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. თუმცა, მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულთან სქესობრივი აქტის არაერთხელ დამყარებას არ უარყოფს თავად დაცვის მხარეც.

 

პალატა განმარტავს, რომ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, რათა იგი აღქმული იქნეს როგორც დამაჯერებელი მტკიცებულება და არ აღძრას საფუძვლიანი ეჭვები. მოცემულ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ზედმიწევნით დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული და შეფასებული დაზარალებულ მ----------–---–ის ჩვენება.

 

დაზარალებულმა მ----------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გვიან ღამით გაიგო უცხო პიროვნება თუ როგორ აწვალებდა ჯერ კარს, შემდეგ კი ფანჯარას. დაინახა, რომ ამ პირმა გახსნა ფანჯრის სანიავო, მოახერხა ფანჯრის გაღებაც და შეუვარდა ოთახში; კედელზე და იატაკზე არტყმევინა თავი, პირზე აფარებდა ხელს, დაარტყა სახის არეშიც და ფეხებზეც, რის შემდეგაც შემოახია ქვედაბოლო და მასთან ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი. როგორც შემდეგ ამოიცნო, ეს პიროვნება იყო თ---------–---–-----ი. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ჩვენება ერთი შეხედვით არის თანმიმდევრული და მასში არსებითი ხასიათის ურთიერთწინააღმდეგობები არ გამოვლენილა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია აშკარად შეუსაბამოა სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ:

 

მ----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ თ---------–---–-----მა შემოახია ქვედაბოლო. საქმეზე წარმოდგენილი ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ ფუთაში მოთავსებულ ქალის ქვედაბოლოს ექსპლუატაციური ხასიათის ნიშნების და კვლების გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება არ აღენიშნება. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ე-–--------------–---მაც დაადასტურა, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად ტანსაცმელს უფრო დიდი დაზიანებები ექნებოდა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას, რომ ქვედაბოლოს შემოხევის ფაქტი არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის გარემოებას, პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან მოწმის მიერ შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების აღწერიდან ფასდება მთლიანობაში მისი ჩვენების სანდოობა.

 

ასევე, დაზარალებულმა მიუთითა, რომ თ---------–---–-----ის სახლიდან წასვლის შემდეგ, იგი შეეცადა სწრაფად მოწესრიგებულიყო, საცვალი, რომელიც სქესობრივი კავშირის დამყარების დროს ეცვა, ღუმელში შეაგდო და დაწვა, ასევე გამოიცვალა ქვედაბოლო და აპირებდა დედამისთან წასვლას. ამ უკანასკნელმა ასევე განმარტა, რომ წასვლამდე თ---------–---–-----მა მოწია სიგარეტი, რისი უფლებაც მან დართო იმ მიზნით, რომ მის სახლში დარჩენილიყო თ---------–---–-----ის კვალი. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს არა ის გარემოებები, თუ რა მიზნით დაწვა დაზარალებულმა საცვალი, ან რატომ სურდა მის სახლში მოეწია სიგარეტი მსჯავრდებულს, არამედ ის ფაქტი, რომ თუ მ----------–---–მა დაანთო ღუმელში ცეცხლი, როგორც ამას ამბობს და დაწვა საცვალი, გაურკევევლია რატომ არ დაიწვა დანთებული ღუმელის ზედაპირზე მოთავსებული სიგარეტის ნამწვი. ასევე, მ----------–---–მა ჩვენებაში განმარტა, რომ თ---------–---–-----ის წასვლის შემდეგ მას არ სურდა მომხდარის გახმაურება, ვინაიდან არ უნდოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე შეეტყოთ მის შვილებს და ძმას, რის გამოც მაშინვე მოწესრიგდა, ხოლო საცვალი ღუმელში დაწვა. მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმ საკითხს, თუ რატომ დასჭირდა მ----------–---–ს ჩვენების ამ სახით მიცემა. საყურადღებოა, რომ საქმის მასალებში მოთავსებულია დათვალიერების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 7), საიდანაც ირკვევა, რომ მ----------–---–მა გამოძიების დაწყებისთანავე ნებაყოფლობით წარმოადგინა მოწითალო ფერის ქვედა საცვალი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული საცვალი ეცვა გაუპატიურების მცდელობის დროს (გამოძიების საწყის ეტაპზე დაზარალებულმა განმარტა, რომ ადგილი ქონდა გაუპატიურების მცდელობას და არა გაუპატიურებას). წარმოდგენილ საცვალზე ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა (ტ.1. ს.ფ. 95) და დადგინდა, რომ მასზე ბიოლოგიურ გამონაყოფებზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. იმავე ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მ----------–---–ის საშოდან აღებულ ნაცხში აღმოჩნდა სპერმა, რომლის გენეტიკური პროფილი და თ-----ი ხ--–---–-----ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. სწორედ ამის შემდგომ შეიქმნა გარკვეული უხერხულობა და წინააღმდეგობა, ვინაიდან თუკი გაზიარებული იქნებოდა დაზარალებულის განმარტება, რომ თ-----ი ხ--–---–-----მა სწორედ იმ დღეს მოახდინა მისი გაუპატიურება და ამის გამო აღმოჩნდა მის სხეულში სპერმა, მაშინ დაისმებოდა კითხვა, თუ რატომ არ ამოჩნდა ბიოლოგიური კვალი ქვედა საცვალზეც. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ სწორედ აღნიშნული შეუსაბამობის და უხერხულობის გასაბათილებლად დასჭირდა დაზარალებულს აღნიშნული ვერსიის მოფიქრება - თითქოს ის საცვალი, რომელიც შემთხვევის დროს ეცვა, დაწვა ღუმელში. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თუკი მ----------–---–ი მომხდარის თაობაზე გახმაურებას არ აპირებდა, რატომ უნდა დაეწვა საცვალი.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მის მიმართ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნასთანაც, რომლის მიხედვითაც მ----------–---–ს აღენიშნება სისხლნაჟღენთები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე; მაცხენა ბარძაყის შუა მესამედში, შიგნითა და მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე. პალატა ნაწილობრივ ეთანხება ბრალდების მხარეს, რომ გარკევულ შემთხვევებში ცემის მიუხედავად, დაზარალებულს შეიძლება არ აღენიშნებოდეს დაზიანებები, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული მიუთითებს, რომ თ---------–---–-----მა თავი არტყმევინა კედელზეც და იატაკზეც, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ თვალის მიდამოს გარდა, მას სხვა სახის დაზიანებები არ მიეღო.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო გარემებები ეჭვქვეშ აყენებს მ----------–---–ის ჩვენების უტყუარობას, რის გამოც იგი ვერ იქნება გაზიარებული და ვერ გახდება თ---------–---–-----ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

 

რაც შეეხება თ---------–---–-----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლადაც ბრალდების მხარის ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს თავად დაზარალებულ მ----------–---–ის ჩვენება. მან სასამართლოს მოახსენა, რომ მსჯავრდებული აწვალებდა სახლში შესასვლელ კარს, შემდეგ კი ფანჯარას. მოგვიანებით თ---------–---–-----მა ფანჯრის საშუალებით შეძლო სახლში მოხვედრა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხელის კვალი შესაძლოა ყოველთვის არ დარჩეს შემთხვევის ადგილზე, თუმცა გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომლის სანდოობაზეც სასამართლომ უკვე იქონია მსჯელობა, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი პირდაპირის ხასიათის მტკიცებულება, რაც დაადასურებდა მ----------–---–ის სახლში თ---------–---–-----ის უკანონოდ, ფანჯრის საშუალებით შესვლის ფაქტს. გამოძიების მიერ არ არის დადგენილი, არსებობდა თუ არა რაიმე სახის ზემოქმედების ნიშნები კარის სახელურზე, საკეტზე, ან ფანჯარაზე, ფანჯრიდან შეღწევის დროს მის კიდეებზე ხომ არ დარჩა მიკრონაწილაკების კვალი და ა.შ.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ვერ ქმნის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ მაღალ სტანდარტს და ვერ სცემს პასუხს კითხვაზე - 2016 წლის 13 ივნისს, თ---------–---–-----მა, მ----------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია თუ არა მის საცხოვრებელ ბინაში და განახორციელა თუ არა მის მიმართ სექსუალური კონტაქტი ძალადობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ თ---------–---–-----ის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაგდენილი ფაქტია, რომ 2016 წლის 13 ივნისს, ღამის საათებში, თ-----ი ხ--–---–-----ი იმყოფებოდა მ----------–---–ის სახლში და მათ შორის ადგილი ჰქონდა გარკვეული ხასიათის კონფლიქტს. თავად მსჯავრდებულმაც დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც მ----------–---–მა დაიწყო კივილი, იგი ცდილობდა მის დამშვიდებას, ეუბნებოდა, რომ დაწყნარებულიყო და პირზე ხელს აფარებდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით მ----------–---–ს აღენიშნება სისხლნაჟღენთები - მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, იგი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ თ---------–---–-----მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და თ---------–---–-----ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი თ---------–---–-----ის მიმართ, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ თ---------–---–-----ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენი;

 

თ---------–---–-----ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თ---------–---–-----ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

თ---------–---–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

თ---------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნა თ---------–---–-----ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ თ-----ი ხ--–---–-----ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მოყავისფრო უმკლავებო მაისური, მოყავისფრო ბიუსგალტერი, წითელი ფერის ქვედა საცვალი, ბოლოკაბა, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მონაცისფრო სვიტერი, უმკლავებო მაისური, შავი ფერის წინდები, მოლურჯო ფერის ტრუსი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

სიგარეტის ნამწვი, ნაცხის ნიმუში, მ----------–---–ის სისხლის ნიმუში და თ---------–---–-----ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე