განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002501903
საქმე №1ბ/1291-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
7 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ბ----------–---–ი (პირადი ნომერი: №3----------), დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ს--------------–----–-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა ნ-----------მ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
სასამართლომ დაადგინა:
ბ----------–---–ი ტელეფონისა და სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას თ-------------–---–თან, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ასევე სისტემატურად აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი.
2018 წლის 25 აპრილს ბ----------–---–ი ტელეფონით დაუკავშირდა თ-------------–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბ----------–---–ის აღიარებით დადგენილია, რომ მან წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ თ-------------–---–ს არ სურდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება, იგი სისტემატურად ურეკავდა და უკავშირდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე სისტემატურად აკითხავდა სამსახურსა და საცხოვრებელ მისამართზე. გარდა ამისა, მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
დაცვის მხარის მოწმეების კ---------------------ს და თ-------–---–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ბ----------–---–ი არის მათი მეგობარი, დაახლოებით 8 წლის განმავლობაში ისინი ერთად მუშაობდნენ თბილისის ზღვის სამაშველო სამსახურში. მათი განმარტებით, ბ----------–---–ი არის უკონფლიქტო, მამაცი (საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენილი ჰყავს არაერთი ადამიანი) და დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით გამორჩეული პიროვნება. მოწმეთა განმარტებით, ბ----------–---–ი და თ-------------–---–ი დაახლოებით უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. მათ ჰქონდათ იდეალური, თითქმის ცოლ-ქმრული ურთიერთობა. თ-------------–---–ი სისტემატურად აკითხავდა ბ----------–---–ს სამაშველო სამსახურში მუშობის დროს, ასევე მათ ჰქონდათ საერთო ბიზნესი, თ-------------–---–ის სამსახურის მიმდებარედ თ-------------–---–ს და ბ----------–---–ს ჰქონდათ საერთო საცხობი/მაღაზია. მათი განმარტებით, მართალია, ისინი არ ესწრებოდნენ შეყვარებულთა შორის არსებულ პირად და სატელეფონო საუბრებს, ასევე არ კითხულობდნენ მათ შორის არსებულ მიმოწერას, თუმცა, მათი ურთიერთობიდან გამომდინარე, არ დარჩენიათ შთაბეჭდილება, რომ ბოლო წლებში ისინი დაშორებულები იყვნენ.
დაცვის მხარის მოწმე რ----–-–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2007 წელს მან ბ----------–---–ი სამუშაოდ მიიღო თბილისის ზღვის სამაშველო სამსახურში. მოწმის განმარტებით, ბ----------–---–ი სამსახურში ხასიათდებოდა დადებითად, გამოირჩეოდა სიმამაცითა და დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებით. იგი წლებია იცნობს თ-------------–---–ს, როგორც ბ----------–---–ის შეყვარებულს/საცოლეს. მისი შეფასებით ბ----------–---–ს და თ-------------–---–ს ჰქონდათ იდეალური ურთიერთობა, იგი ხშირად აკითხავდა ბ----------–---–ს სამსახურში, იცის, რომ ჰქონდათ საერთო ბიზნესი და ბოლო პერიოდში საცხოვრებლად გადავიდა ბ----------–---–ის საცხოვრებელ სახლთან ახლოს. ამასთან, მართალია, იგი არ ესწრებოდა შეყვარებულებს შორის საუბარს და არ გაცნობია მათ შორის მიმოწერას, თუმცა, ბ----------–---–ის სამსახურიდან წასვლამდე - 2017 წლის აგვისტომდე, მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ისინი დაშორებულები იყვნენ.
გარდა ბ----------–---–ის აღიარებისა, მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: დაზარალებულ თ-------------–---–ისა და მოწმეების ნ------------–---–ის, ს------------–---–ის და მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 მაისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #003577118 დასკვნით, კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტაციით, 2018 წლის 15 ივნისის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ----------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ადევნება, ესე იგი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, დანაშაული გათვალისწინებული სააქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ბ----------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ აქვს, მსჯავრდებული მისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს და თანახმაა მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი არის სამართლიანი და იგი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე დროს, პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს, სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია, რაიმე ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის უსამართლობას და მისი გამკაცრების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, ბ----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის გლდანი-ნაძალდევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორის ნ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_ საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;
_ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ----------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ბ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 4 ივნისიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.
ბ----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ბ----------–---–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/