განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018002319141
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-870-2018 23 ოქტომბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ნ--- ძ--------ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ს-------------–-----------–-პ---–---–--------ი გ-----------ა
წარმომადგენელი - მ----------------ა
დავის საგანი - მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ--- ძ--------ის სარჩელი, მოპასუხე შპს ”ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გ-----------ის” მიმართ, 2004 წლის სახელფასო დავალიანებისა და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე ნ--- ძ--------ი შპს ”ს-------------–-----------– - პ---–---–-------- გ-----------ასთან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2004 წელს დასაქმებული იყო ამავე საზოგადოებაში ე-----–-----ის საექიმო უბანზე უმცროს ექიმ-თავრაპევტის პოზიციაზე და მას 2004 წელს 3-15 წლის ასაკის ბავშვთა ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება არ მიუღია. 2.2. 2003 წელს შემუშავებილი იქნა მოსახლეობის ამბულაორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის #71/ნ ბრძანებით განისაზღვრა ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების წესი და უფლებამოსილ პირთა წრე. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშსწორების წესი. 2004 წელს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ დამტკიცებული იქნა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2003 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშსწორებისა და ანაზღაურების წესი. გამომდინარე აღნიშნულიდან საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და ს-------------–-----------–-პ---–---–-------- გ-----------ას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით და ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ნ. ყაზახაშვილის წერილობითი განისაზღვრა შემსყიდველის „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა“ და მიმწოდებლის შ.პ.ს „ს-------------–-----------–-პ---–---–-------- გ-----------ის“ უფლება -მოვალეობები. ფონდსა და შ.პ.ს „ს-------------–-----------–-პ---–---–-------- გ-----------ას“ შორის გაფორმებული კონტრაქტის მოცულობა ითვალისწინებდა 24 ზოგადი პროფილის სამედიცინო ბრიგადის, ამასთანავე რიგი ვიწრო სპეციალისტების და მათთვის გამოყოფილი ორი ექთნის მომსახურებას. პროგრამაში მონაწილე სპეციალისტების შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების 2003 წლის სახელმწიფო პროგრამის ფორმატით, რაც არ ითვალისწინებდა რავმატოლოგისა და ექიმ- ინფექციონისტის დაფინანსებას. ხელშეკრულებით განისაზღვრა პროგრამის ფორმატით გათვალისწინებული სხვა ხარჯების ოდენობაც. ბავშვთა აბულატორიული მომსახურება პროგრამის ფარგლებში შესაძლებლად იქნა მიჩნეული ზოგადი პროფილის სამედიცინო ბრიგადების 25% დაკომპლექტებით პედიატრითა და მისი ექთნით, რომლებიც მოემსახურეობდნენ სენაკის „ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გ-----------ის“ საკურაციო ზონაში მცხოვრებ ბავშვთა კონტიგენტს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის #71/ნ ბრძანებით გაწეულ მომსახურებაზე (შესრულებულ სამუშაოზე) დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების პირობების დაცვით. ამდენად, მითითებული მასალის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ფარგლებს და გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა, არამედ ამ პროგრამის აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა შორის დადებული ხელშეკრულებები. 2.3. ნ--- ძ--------ს 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, 3 დან 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მიმსახურების ანაზღაურება არ ეკუთვნის. ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ნ. ყაზახაშვილის წერილით დადგენილია, რომ შ.პ.ს. სენაკის „ა-----–-----------–-პ---–---–-------- გ-----------ას“ 2004 წელს, მსგავსად გასული წლისა უფლება ჰქონდა ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების პროგრამის 25% ფარგლებში დაეკომპლექტებინა ზოგადი პროფილის სამედიცინო ბრიგადა პედიატრითა და მისი ექთნით. საქმეში არსებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სალიცენზიო ბარათი №008162 -ით დადგენილია, რომ შ.პ.ს სენაკის „ა-----–-----------–-პ---–---–-------- გ-----------ას“ გააჩნდა პედიატრიაში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა განმარტებით და საქმეში არსებული ბრძანება №4-ით დადგენილია, რომ 2004 წელს ნ--- ძ--------ი მუშაობდა ს-------------–-----------–-პ---–---–-------- გ-----------აში“, სოფელ ეკი-უშაფათის ბრიგადის უმცროს ექიმ-თერაპევტად და იგი მიმაგრებული იყო სერტიფიცირებულ ექიმ მ. მალანიასთან. მხარეთა განმარტებით, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ--- ძ--------ს პედიატრიაში ანუ ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სფეროში შესაბამისი საქმიანობის სერთიფიკატი არ გააჩნდა. მხარეთა განმარტებით, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანიზაციას, სენაკის „ა-----–-----------–-პ---–---–-------- გ-----------ას“ სოფლად 2004 წელს ბავშვთა ამბულატორიული მომსახურებისათვის დამატებით დაფინანსება არ მიუღია და აღნიშნული სფერო ფინანსდებოდა ზოგადი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარების ძირითადი პაკეტი და ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ჩამონათვალი განცალკავებულად არ ითვალისწინებდა 3-დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ამბულატორიულ სამედიცინო კონსულტაციას. ამდენად, ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დასტურდება, რომ მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარების ძირითადი პაკეტი და ამ პროგრამით განსაზღვრული ზონისძიებების ჩამონათვალი, არ ითვალისწინებდა, ცალკე, 3 დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ამბულატორიულ სამედიცინო კონსულტაციას, ამასთან უდაოდ დადგენილია და არც მხარეები უარყოფენ, რომ მოპასუხე ორგანიზაციას სოფლად ბავშვთა ამბულატორიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო თანხები არ მიუღია. აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელე ნ--- ძ--------ის მოთხოვნა, იმის შესახებ რომ მას მოპასუხე ორგანიზაციიდან ეკუთვნის 2004 წლის 6 თვის ხელფასი 3 დან 15 წლამდე ბავშვთა ამბულატორიული მოსახურებისათვის და რომ იგი უნდა გადაუხადოს მოპასუხე ორგანიზაციამ უსაფუძვლოა. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნ--- ძ--------ის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარებისადმი (პაციენტებისადმი) უფასოდ მომსახურების ფაქტს, ასევე ამავე პროგრამით დადგენილი წესით კონსულტაციის გაწევას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოსარჩელეს გარდა ზეპირი განმარტებისა, რომ იგი 3 წლიდან 15 წლამდე მოზარდებს უწევდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავალებით, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება ამის შესახებ არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლო, დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსახლეობის ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ნ--- ძ--------ს 3-დან 15 წლამდე ბავშების ამბულატორიული მომსახურებისთვის ანაზღაურება არ ეკუთვნის. 2.4. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული დავა მისი შინარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე წარმოადგენს შრომით, სახელშეკრულებო ვალდებულებით დავას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობებთან მიმართებით კანონით განსაზღვრულია სპეციალური ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ 2004 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 22 თებერვალს ანუ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან თითქმის 13 წლის შემდეგ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ზოგადად, ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება ან ორივე ერთად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე თუ არ არსებობს ხელშეკრულება, ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლი, არ არსებობს ვალდებულებაც. მოსარჩელე სადაოდ ხდის, რომ მას მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 2004 წელს სიტყვიერად დაავალა 3 დან 15 წლამდე მოზარდების ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურება, რითაც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა საქმის განხილვისას ვერც წერილობითი და ვერც ზეპირსიტყვიერად ვერ დაადატურა აღნიშნული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოცემული დავა არ შეეხება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს. ამდენად, შექმნილ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები. კერძოდ არ არსებობს მხარეთა შორის ხელშეკრულება და შესაბამისად არ არსებობს არც ვალდებულება. 2.6. საქართველოს კანონის შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დამსაქმებლის ამგვარი ვალდებულება სადავო პერიოდში - 2004 წელს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული არ იყო. ვინაიდან, ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაზე, ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ შრომით ურთიერთობებზე ამავე კანონის 31-ე მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება. ასეც რომ არ იყოს, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ანგარიშსწორების დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს დამოუკიდებლად, არამედ ის უშუალოდ დაკავშირებულია დამსაქმებლის ვალდებულებასთან უზრუნველყოს დასაქმებულთან ანგარიშსწორება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დამსაქმებელს - მოპასუხე შპს „ს-------------–-----------–-პ---–---–-------- გ-----------ას“ მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია შრომის ანაზღაურების ვალდებულება, არ არსებობს მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდევინების სამართლებრივი საფუძველიც. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129.1 მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ 2004 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარმოადგინა 2018 წლის 22 თებერვალს, ანუ სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან თითქმის ცამეტი წლის გასვლის შემდეგ. სასამართლომ არ გაიზირა მოსარჩელეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი, შესაბამისად, ხელფასის, როგორც პერიოდულად გადასახდელი მოთხოვნის საერთო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი (იხ. სუსგ №ას-560-535-2016, 2 სექტემბერი, 2016 წელი).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ--- ძ--------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მოსამართლემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე დაავალა მოპასუხეს წარმოედგინა 6 თვის სახელფასო უწყისების ასლი. მოპასუხემ უწყისების მაგივრად წარმოადგინა ბრძანება. საგადასახადო კოდექსი უწყისების განადგურებას არ ითვალისწინებს. სასამართლომ დაარღვია მუხლი 136-ის მოთხოვნები. ბრძანება N4 5.01.04 შედგენილი არ იყო ნ. ყაზახაშვილის წერილის საფუძველზე და იყო ყალბი. ხანდაზმულობა არ ეკუთვნის პირად არაქონებრივ უფლებებს, ანუ ხელფასის მოთხოვნას. 3.2. სასამართლომ უხეშად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლის 136 ნაწილი 1,2,3,4,5-ის მოთხოვნები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2004 წლის 5 იანვრიდან ნ--- ძ--------ი მუშაობდა შპს ს-------------–-----------–-პ---–---–-------- გ-----------აში სოფ. ეკი-უშაფათის ბრიგადის უმცროსი ექიმი თერაპევტის თანამდებობაზე. 4.2. მისი ყოველთვიური ხელფასი იყო 100 ლარი. 4.3. აპელანტის განმარტებით, გარდა ამისა, იგი მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნით ასრულებდა პედიატრის მოვალეობებს და ამ საქმიანობისათვის ანაზღაურება არ მიუღია. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.4.1. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო. 4.5. უდავოდ არის დადგენილი, რომ აპელანტი დასაქმებული იყო შპს ს-------------–-----------–-პ---–---–-------- გ-----------აში და იღებდა შრომით ანაზღაურებას. 4.5.1. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსათვის გადასახდელ ხელფასს იგი არ ითხოვს. 4.5.2. აპელანტი ითხოვს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას, რომლისთვისაც, მისი თქმით, თანხა მოწინააღმდეგე მხარემ მიიღო. 4.6. არც-ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სარჩელში მითითებული სამუშაო აპელანტმა მართლაც შეასრულა და რომ ამისთვის ცალკე ანაზღაურება იყო გათვალისწინებული, მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.6.1. პალატის აზრით, სახელფასო უწყისებით ზემოხსენებული გარემოებების დადასტურება შეუძლებელი იყო. თერაპევტისათვის განკუთვნილი ანაზღაურების გარდა აპელანტისათვის სხვა თანხის გადაუხდელობის ფაქტს კი მოწინააღმდეგე მხარე ისედაც არ უარყოფს. 4.6.2. ამის შესაბამისად, სახელფასო უწყისებს დავის საგანთან შემხებლობა არ ჰქონდა და მათ წარმოუდგენლობას საქმის განხილვის შედეგზე არანაირი გავლენა მოუხდენია. 4.7. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, პალატა სავსებით იზიარებს რაიონული სასამართლოს პოზიციას აპელანტის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. 4.7.1. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. 4.7.2. პალატა აღნიშნავს, რომ ფული ქონებაა და, ამის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მიღების უფლება ქონებრივი უფლებაა. 4.7.3. ამრიგად, შრომის ანაზღაურების მოთხოვნა არაქონებრივი უფლება არ არის და მასზე ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. 4.7.4. აპელანტს მიაჩნია, რომ ანაზღაურება ყოველთვიურად, ე.ი. პერიოდულად უნდა მიეღო. ამის შესაბამისად, მისი მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარეობს. 4.7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია და იგი მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან ითვლება. 4.7.6. აპელანტის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მას მოთხოვნის უფლება 2004 წლის ივლისიდან მაინც წარმოეშვა. 4.7.7. თუ მივიჩნევთ, რომ იმ დროისათვის აპელანტმა სავარაუდოდ დარღვეული უფლების თაობაზე არ იცოდა, მოთხოვნის საფუძველი მისთვის ცნობილი იყო 2007 წლის 29 მაისიდან, ე.ი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილის მიღებიდან მაინც. 4.7.8. ამის შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, 2018 წლის 22 თებერვალს მისი მოთხოვნა ხანდაზმული იყო. 4.8. მოპასუხემ ვალდებულების შესრულებაზე უარი მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივითაც განაცხადა (იხ. შესაგებელი, მე-3 ფაქტობრივი გარემოება). 4.8.1. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც კი მას შეეძლო იგი არ შეესრულებინა. 4.9. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ნ--- ძ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე