განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
010141318700067366
ინსტანცია
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700067366

საქმე №1/ა.გ-564-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით:

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ლ-----------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 5 ოქტომბერს, მსჯავრდებულმა ლ-----------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენის გადასინჯვა და ამ განაჩენით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ლ-----------–---–ს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ლ-----------–---–ი უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მასვე უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება ამავე განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, როგორც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილით ირკვევა, აღნიშნული ჯარიმა ლ-----------–---–ს გადახდილი აქვს. შესაბამისად, პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისგან მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ლ-----------–---–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ-----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენში ლ-----------–---–ის მიმართ, შევიდეს ცვლილება;

 

მსჯავრდებული ლ-----------–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

 

ლ-----------–---–ს აღუდგეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

მ. ლომთათიძე