განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
110210017001977360
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210017001977360

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე 2/ბ-769-18 წ. 10 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - - გ------- მ----–-----–--ე ბ---- ა---–---ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის საოქმო განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმება

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ხ---------–ის რაიონი სოფელი ხ-----ში, საკადასტრო კოდი: 3--------1-- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) წარმოადგენს მის საკუთრებას, სადაც კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს მოპასუხე. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე არ ათავისუფლებს საცხოვრებელ სახლს, რამაც განაპირობა სარჩელის სასამართლოში წარდგენა. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება მის საკუთრებას წარმოადგენდა, რაც სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა იპოთეკით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ დამტკიცებული მორიგების საფუძველზე, ბ---- ა---–---ს საკუთრებაში გადაეცა იპოთეკის საგანი, ხოლო მიწის ნაკვეთზე აშენებული დანარჩენი ფართი -ფაცხის სტილის ნაგებობები, რაც არ ჰქონდა დარეგისტრირებული, დარჩა მოპასუხის საკუთრებაში. მოსარჩელემ, შეთანხმების გარეშე მოახდინა ფართების დაზუსტება და საკუთრებაში დაირეგისტრირა ის ფართიც, რომელიც იპოთეკის საგანს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, მასზე მოთხოვნის უფლებაც არა გააჩნია. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მოსარჩელე ბ---- ა---–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხე გ------- მ----–---------- (პ/ნ 0-------1--) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას, ხ---------–ის რაიონის, სოფელ ხ-----ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 3--------1-- და გადაეცეს მოსარჩელე ბ---- ა---–---ს (პ/ნ 0----------) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში; 3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; 4. მოპასუხე გ------- მ----–---------- (პ/ნ 0-------1--) დაეკისროს, მოსარჩელე ბ---- ა---–---ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120(ას ოცი) ლარი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. გ------- მ----–----------- და ბ---- ა---–---ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გ------- მ----–----------, ბ---- ა---–---ისაგან სესხის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. მოპასუხის მიერ თანხის გასტუმრების ვალდებულება ვერ შესრულდა. 2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 იანვრის განჩინებით, დამტკიცდა გ------- მ----–----------- და ბ---- ა---–---ს შორის მორიგება, რის საფუძველზეც, გ------- მ----–----------, ბ---- ა---–---ს, გამოსყიდვის უფლებით საკუთრებაში გადასცა იპოთეკის საგანი - უძრავი ქონება მდებარე ხ---------–ის რაიონის სოფელ ხ-----ში ს/კ 3-----------. იპოთეკის საგნის ღირებულება 65000 ლარი გ------- მ----–---------- უნდა გადაეხადა 10 თვის ვადაში. მოპასუხის მიერ მორიგებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შესრულდა. 2.3. ხ---------–ის რაიონის სოფელ ხ-----ში მდებარე 3--------1-- ს/კოდის უძრავი ნივთი (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე ბ---- ა---–---ის საკუთრებაში, რომელსაც მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს, მოპასუხე გ------- მ----–---------. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლებზე და განმარტა: საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. სკ-ის 170-ე მუხლი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება პირს, ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. 2.5. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა. ამასთან, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.6. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება, მოსარჩელე ბ---- ა---–---ის საკუთრებაა, ხოლო მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ამ ქონებას. ვინაიდან, მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, მოსარჩელეს სრული უფლება აქვს მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---- ა---–---ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ჯერ კიდევ, შესაგებლის შეტანის ეტაპზე, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სადავო ქონება ბ---- ა---–---ს გადაეცა იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დამტკიცებული მორიგებიდან, სადაც გარკვევითაა ნათქვამი, რომ იპოთეკის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე ხ---------–ის რაიონი, სოფ, ხ-----ი, კერძოდ კი, 514 კვ.მ. ფართი, ს/კ. 3-----------. სადავო უძრავი ქონების ფართი, რომელიც არ წარმოადგენდა იპოთეკის საგანს, სულ შეადგენდა 606 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, მოძრავი ქონება 105 კვ.მ. და 255 კვ.მ. უძრავი ქონება (იხ: აზომვითი ნახაზი). აღნიშნული ფართები საჯარო რეესტრში არ არის დარეგიტრირებული. 3.2. საქმეში წარდგენილია საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ნათელია, რომ ბ---- ა---–---ის სახელზე აღირიცხა უფრო მეტი ფართი, ვიდრე ეს იყო იპოთეკის ხელშეკრულებით და მორიგების აქტით განსაზღვრული. ამიტომ, ბ---- ა---–---ს 435 კვ.მ ფართზე არანაირი მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა და უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ ბ---- ა---–---ის ქონებას ფლობს გ------- მ----–---------. 3.3. სასამართლომ, 31.05.2018 წლის განჩინებით გააუქმა მოწმე ლ-–- ლ--------- დაკითხვის შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მოთხოვნილი იქნა მოწმის გამოუცხადებლობის გამო საქმის გადადება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 10 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომა გადადებული იქნა 31 მაისს, სასამართლოს ინიციატივით, სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, მაშინ, როდესაც მხარეები, მათ შორის სხდომაზე დასაკითხი მოწმე უკვე იმყოფებოდა ზესტაფონში. 31 მაისს გადადებულ სხდომაზე მოწმე, მეუღლის ავამდყოფობის გამო, რომელიც სიმსივნის დიაგნოზით სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, ვერ გამოცხადდა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოება და მოპასუხე მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, სრულად დაედასტურებინა ის ფაქტი, რომელსაც უთითებდა შესაგებელში. სასამართლომ ამ ქმედებით დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბ----ი ა---–---ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3. პუნქტში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4.-2.6. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხე გ------- მ----–---------- გააჩნია თუ არა, ხ---------–ის რაიონის სოფელ ხ-----ში მდებარე 3--------1-- ს/კოდის უძრავი ქონების (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა, თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, ბ---- ა---–---ის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება. 4.4. სადავო საკითხთან მიმართებაში პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. მოპასუხემ, სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის დასადასტურებლად მიუთითა უძრავი ქონების ნაწილზე მისი საკუთრების უფლების არსებობა და საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებაში დაზუსტებული ფართის არასწორი რეგისტრაცია. ისეთ ვითარებაში, როდესაც სკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, ხოლო აპელანტს (მოპასუხე) რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ხ---------–ის რაიონის სოფელ ხ-----ში მდებარე 3--------1-- ს/კოდის უძრავი ქონების (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) ნაწილზე საკუთრების უფლება გააჩნია სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, გამორიცხავს მისი მითითების გაზიარების შესაძლებლობას. 4.5. პალატას ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებაში დაზუსტებული ფართი არასწორად არის რეგისტრირებული, ვინაიდან, ასეთის თაობაზე შედავება სასარჩელო წესით არ განუხორციელებია, რაც სკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად, ადასტურებს რეესტრის ჩანაწერის სისწორეს. 4.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა დამატებით აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ მოპასუხე წარმოადგენდა სადავო ქონების ადრინდელ მესაკუთეს, ვერ აქცევს მას, სკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად და ვინაიდან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული აქვს, ამ ქონების დაკავების უფლება აღარ გააჩნია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, ბ---- ა---–---ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლის თანახმად, წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: დადგენილია, რომ მოცემულ დავაზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოწმის წარმოდგენის მიზნით სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 10 მაისს (ს.ფ.170-173). საქმეში წარმოდგენილი, მოსამართლის თანაშემწის მიერ, 2018 წლის 10 მაისს შედგენილი აქტით ირკვევა, რომ მოსამართლის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო, სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 31 მაისს 12.00 საათზე (ს.ფ.179). 4.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 31 მაისის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოწმის გამოცხადება და სხდომის გადადების თაობაზე იშუამდგომლა, რაც ადგილზე მიღებული საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა და გაგრძელდა მთავარი სხდომა. 4.9. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დაყოვნებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. 4.10. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ვინაიდან, მოპასუხეს, მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია და ასეთზე, არც სააპელაციო საჩივარში მიუთითებია და არც წარმოუდგენია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია, სწორად დადგინა, რომ სხდომის გადადება ხელყოფდა საპროცესო ეკონომიის პრინციპს და გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც გამორიცხავს 2018 წლის 31 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და ბ---- ა---–---ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, გ------- მ----–---------- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ასევე საოქმო განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ გ------- მ----–---------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ------- მ----–---------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის საოქმო განჩინება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე