განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001341221
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1994-18 11 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები – ქეთევან მესხიშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - და--------–-----ი
წარმომადგენელი - ნა-----------ა
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ--–---“
წარმომადგენელი - ზუ--------–--------ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. და--------–-----მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ--–---ს“ მიმართ სარჩელი აღძრა, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
2. მოპასუხე სს „თ--–----“ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით და--------–-----მა (წარმომადგენელი -ნა-----------ა) გაასაჩივრა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2017 წლის 10 ოქტომბერს დაინიშნა, რის შესახებაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ სატელეფონო შეტყობინების გზით, ეცნობათ (ტომი I, 453-454).
6. მოსარჩელე და--------–-----ი და მისი წარმომადგენელი ნა-----------ა სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოპასუხე მხარემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლა (ტომი I, 456-458).
7. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, შესაბამისად, 2017 წლის 10 ოქტომბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო (ტომი I, 459-462).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით 2017 წლის 08 ნოემბრის სასამართლოს და--------–-----ის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივად ავადმყოფობა დაასახელა, მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რამაც მისი შრომისუუნარობა გამოიწვია და შესაბამისად ვერც სასამართლო პროცესზე დასწრება მოახერხა (ტომი II, 5-12).
9. 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის განხილვის მიზნით სხდომა გაიმართა. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია, შესაბამისად, 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა (ტომი II, 40-47).
10. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელე და--------–-----ის (წარმომადგენელი ნა-----------ა) გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას (სამოქალაქო პროცესის 215-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს (წარმომადგენელს) უწყება სასამართლო სხდომის თაობაზე საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ავადმყოფობის გამო მის პროცესზე გამოუცხადებლობას საპატიოდ აქცევს, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო დაწესებულება სს „კ-----–----“ მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რომლითაც ნა-----------ას ავადმყოფობის გამო ოთხი დღის განმავლობაში ამბულატორიული მკურნალობა უნდა გაევლო. ასევე, წარმოდგენილია ამავე სამედიცინო დაწესებულების მიერ დამოწმებული ფორმა 100, რომლითაც დასტურდება, რომ ნა-----------ამ კლინიკას 2017 წლის 10 ოქტომბერს მიმართა, აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი და სიმშრალე, არტერიული წნევის ციფრების მატება. აღნიშნული პრობლემის გამო პაციენტი ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე 2017 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადებას. ამასთანავე, მას ექიმისგან მიეცა რეკომენდაცია 5 დღის განმავლობაში ამბულატორიული რეჟიმის საჭიროების შესახებ. საქმის მასალებში ასევე, არსებობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის თანმხლები ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს ნა-----------ამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა (ტომი II, 7-9).
აღნიშნული მტკიცებულებები საქალაქო სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია და განმარტა: „...ნა-----------ა საჩივარში აცხადებს, რომ მან ჯერ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და შემდეგ მიმართა კლინიკა კ-----–----. შპს „კ----------------სგან“ მიღებული წერილის თანახმად, ნა-----------ამ სამედიცინო ბრიგადა გამოიძახა 2017 წლის 10 ოქტომბერს 23 საათსა და 30 წუთზე. სასწრაფოს ბრიგადის გამოძახების დასრულების დროს მითითებულია 2017 წლის 11 ოქტომბერი, 00 საათი და 55 წუთი. გამოდის რომ კლინიკა „კ-----–----“ მიერ გაცემული ცნობასა და საავადმყოფო ფურცელში მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნა-----------ამ კლინიკას მიმართა 2017 წლის 10 ოქტომბერს არ შეესაბამება სიმართლეს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნა-----------ა ვერ შეძლებდა 2017 წლის 10 ოქტომბერს 15:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გამოცხადებას ან გამოუცხადებლობის მიზეზის სასამართლოსათვის შეტყობინებას...“ სააპელაციო პალატა აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმეზე დართული მტკიცებულებები კანონით დადგენილი წესით სადავოდ არაა გამხდარი, მათი სიყალბე დადასტურებული არ არის, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ რადგან მათი სისწორე სათანადო წესით შედავებული არ არის იგი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმომადგენლის მიერ საჩივარში განხორციელებული პროცედურების არათანმიმდევრული აღწერა მატერიალური სახით არსებულ მტკიცებულებებს ვერ გადაწონის. ცალსახაა, რომ საქმეში არსებობს, როგორც თავად ნა-----------ას მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, საქმეზე დართულია მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილები, რომლითაც სს „კ-----–----“ ზუ--------–--------ს შეატყობინა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შპს „კ----------------“ ნამდვილად იმყოფებოდა ნა-----------ას გასასინჯად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, პირიქით იგი თანმიმდევრულია და ავადმყოფის იმგვარ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადასტურებს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 215-ე მუხლების მიზნებისთვის სასამართლო პროცესზე საპატიო მიზეზით დაუსწრებლობას ადასტურებს.
11. აღნიშნულთან მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტურ სტანდარტზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია, სასწრაფო დახმარების მიერ გაცემული პაციენტის თანმხლები ბარათი, სს „კ-----–----“ მიერ გაცემული ფორმა 100 და საავადმყოფო ფურცელი, რომლებიც სასამართლო პროცესის დროს მოსარჩელის ავადმყოფობას ადასტურებს, ასევე, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც სასამართლო პროცესზე თავად მარწმუნებლის გამოცხადებას შეუძლებელს გახდიდა (ტომი II, 50-55). თუმცა, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც კი, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პროცესის გამართვის შესახებ წარმომადგენელს და არა მარწმუნებელს ეცნობა, შესაბამისად შესაძლებლობის შემთხვევაში მისი პროცესზე გამოუცხადებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მართლზომიერს ვერ გახდიდა. ამასთანავე, მოპასუხე მხარე წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა მისი სიყალბე კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად არ არსებობს კანონისმიერი წინაპირობები რაც სასამართლოს წარდგენილი მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. აღნიშნულის გარდა, ყურადსაღებია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ თავისი ახსნა-განმარტებით ან სხვა სახის მტკიცებულებათა წარდგენით აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების მცდარობის დადასტურება ვერ შეძლო. მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებისას პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის პროცესზე გამოუცხადებლობა ნამდვილად საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული და იგი პროცესის გაჭიანურებას არ ისახავდა მიზნად.
აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადავოა მოსარჩელის სოციალური უფლება, იგი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ დავობს, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მრავალი საპროცესო მოქმედება აქვს განხორციელებული, რაც, ობიექტურად, სასარჩელო მოთხოვნისადმი მისი ნამდვილი ინტერესის არსებობას ადასტურებს. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ბართაია საქართველოს წინააღმდეგ (N10978/06).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. და--------–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი
თამარ ზამბახიძე