განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
330210016001401421
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001401421

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

საქმე N2ბ/1777-18 27 სექტემბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

 

საჩივრის ავტორი - ნ-----–--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ო---------–-–--ე

 

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესკუთრედ აღრიცხვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ-----–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ნ-----–--------–---–ის სარჩელი ო---------–-–--ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ო---------–-–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ-----–--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ო---------–-–--ის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ--------------------------–---------------------------------------- და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ო---------–-–--ეს.

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ-----–--------–---–მა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ-----–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა 2018 წლის 25 ივნისს, 14:00 საათზე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 25 ივნისს, 14:00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი - ნ-----–--------–---–ი, რომელსაც ეცნობა სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 19, ტ.2). აღნიშნულ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ ო---------–-–--ემ იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ნ-----–--------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი წინაპირობები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

 

3. საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ნაჩქარევად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ იგი არის სოციალურად დაუცველი ხანდაზმული პირი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება, ამიტომ სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განეხილა სააპელაციო საჩივარი.

 

4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

4.1. პალატა არ იზიარებს საჩივრის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს 14:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ და სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით აპელანტი გაფრთხილებული იყო სათანადო წესით, რაც საქმეში წარმოდგენილი ფოსტის უკუგზავნილით დასტურდება (იხ. ს.ფ 19, ტომი 2).

 

2018 წლის 25 ივნისს სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

 

სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია აპელანტის ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განხილვაზე მითითებით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 3761 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება. თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით დავის საგანია 2011 წლის 1 ივლისს ნ-----–--------–---–სა და ო---------–-–--ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის (მდებარე - ქ.-------------------------–------------------------------------) ნ-----–--------–---–ის საკუთრებაში აღრიცხვა. ნ-----–--------–---–ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას. ამდენად, აღნიშნული საქმე არ მიეკუთვნება ზემოთ მოხმობილი კანონით გათვალისწინებულ ზეპირი განხილვის გარეშე განსახილველ საქმეთა კატეგორიას. აპელანტის მოთხოვნა - ზეპირი მოსმენის გარშე განხილვასთან დაკავშირებით, საჭიროებდა მეორე მხარის - ო---------–-–--ის - თანხმობას, რასაც ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა სააპელაციო შესაგებელში. აქედან გამომდინარე, პალატა არ იყო უფლებამოსილი, სააპელაციო საჩივარი განეხილა მხარეთა დასწრებისა და ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ საჩივრის ავტორის მიერ 2018 წლის 25 ივნისს დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, კერძოდ, არ დასტურდება ის გარემოება, რომ აპლანტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილება.

 

მაშასადამე, არ დასტურდება მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია, საჩივარი კი - დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა იძულებას, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ასეთ შემთხვევაში სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, სასამართლო არ შედის საქმის არსებითად განხილვაში, არამედ, კანონის ძალით სარჩელში/შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარის გამოუცხადებლობის გამო.

 

5. შემაჯამებელი დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ-----–--------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე