განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.09.2018
საქმის ნომერი
330210017001772694
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001772694

საქმე № 2ბ/58-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - შპს „ა-–----“

წარმომადგენელი - ლ--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.12.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

არ დაკმაყოფილდა შპს ”ა-–----ს” სარჩელი მოპასუხე ზ-----------------ს მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2015 წლის 28 დეკემბერს შპს ”ა-–----სა” და მსესხებელს ზ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება №1---------, რომლის თანახმად, სესხით სარგებლობის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის სრული მოცულობა 1680 აშშ დოლარი, გირავნობის ხარჯი 255 ლარი, სარგებელი სესხით სარგებლობისათვის ამ ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე ყოველთვიურად 5%, რაც შეადგენს 84 აშშ დოლარს. სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა სარგებლის გადახდის მიხედვით.

 

2.2. საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, სესხი უზრუნველყოფილია გირავნობით, ასევე მსესხებლის მთელი ქონებით.

 

2.3. მსესხებელმა ზ-----------------მ აითვისა შპს ”ა-–----ს” მიერ გაცემული სესხის თანხა 1680 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2.4. მოპასუხემ ხელშეკრულება დაარღვია 2016 წლის ივნისიდან და 2017 წლის 23 იანვრის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა: სესხის ძირი თანხა 1680 აშშ დოლარი, პროცენტი, 2016 წლის 28 ივნისიდან 2017 წლის 18 იანვრამდე პერიოდში 672 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2016 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 18 იანვრამდე 1930 აშშ დოლარი.

 

2.5. 2017 წლის 18 იანვარს გირავნობის საგანი გადაეცა შპს ”ა-–----ს”, რომელიც სარჩელის განხილვის დროისათვის რეალიზებული არ არის და შეფასებულია 1500 აშშ დოლარად.

 

2.6. შპს ”ა-–----ს” 2016 წლის 14 სექტემბერს გირავნობის მოწმობის საფასურის სახით გადახდილი აქვს 51 ლარი. ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასების მომსახურებისათვის შპს ”ა-–----ს” გადახდილი აქვს ჯამში 100 ლარი. ავტომანქანის ძებნის საფასურის სახით - 116.49 ლარი. ავტომანქანის ევაკუატორით გადაყვანის ხარჯის სახით - 45 ლარი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.13. პუნქტის მიხედვით, მსესხებელს, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაერიცხება პირგასამტეხლო საპროცენტო განაკვეთის 3% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2.8. საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება იქნება დარღვეული, ხოლო გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი გამსესხებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის ან/და მესამე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამავე მუხლის

5.4. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ნებისმიერი არსებითი დარღვევა იძლევა საფუძველს გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები მათი რეალიზაციის უფლებით.

 

2.9. 2015 წლის 28 დეკემბრის სალომბრადე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს ”ა-–----სა” და ზ-----------------ს შორის იმავე რიცხვში გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მსესხებელმა გირავნობის უფლებით დატვირთა კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება შემდეგი მახასიათებლებით: M--------------------, გამოშვების წელი 2000, ფერი-რუხი-ღია ¼, სარეგისტრაციო ნომერი S------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო №W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა №A--------. გირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კოდექსის 278-ე მუხლის მიხედვით, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თავად გირავნობის სამართლებრივი ბუნებიდან, სამოქალაქო კოდექსის 256-ე, 276-ე, 278-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოვალის მიერ გირავნობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველ რიგში გირავნობის საგნის რეალიზაციის ან დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ”ა-–----სა” და მოპასუხე ზ-----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს ”ა-–----მ” იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლის ზ---------------ისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა 1680 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოვალე ზ-----------------ს კრედიტორის შპს ”ა-–----ს” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობის უფლებით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სარჩელის განხილვის დროისათვის რეალიზებული არ არის. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა 1500 აშშ დოლარის ნაწილში, არ არის შეწყვეტილი. შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციამდე შეუძლებელია კრედიტორის წინაშე მოვალის დავალიანების მოცულობის დადგენა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება გირავნობის საგნიდან არ მოხდა, მხოლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებიდან ნაწილის შესრულების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ ავტომანქანა გაიყიდა 3800 ლარად, რაც შეადგენს 1468 აშშ დოლარს. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, ავტომანქანის გადმოცემის დროისათვის არსებულ თანხას 4282 აშშ დოლარს გამოაკლდა 1468 აშშ დოლარი და მოთხოვნა შეადგენს 2814 აშშ დოლარს და 312 ლარს (იძულებით ხარჯს).

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 256-ე, 276-ე, 278-ე მუხლების შინაარისიდან გამომდინარე, მოვალის მოვალის მიერ გირავნობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველ რიგში გირავნობის საგნის რეალიზაციის ან დაგირავებული ნივთი მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის გზით. რაც სხდომის გამართვის დროისათვის შემდგარი ეტაპი იყო. ავტომანქანა გადაცემული იყო მოსარჩელე მხარეზე, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ავტომანქანის რეალიზაცია არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოსარჩელე მხარეზე. ამასთან, აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს აქვს კანონიერი უფლება და შესაძლებლობა ავტომანქანა დაიტოვოს საკუთრებაში და ისარგებლოს მისით. ანუ ორგანიზაცის უფლებამოსილება გააჩნია, შეაფასოს ავტომანქანა და შეფასების თანხაში იგი დარჩეს მის საკუთრებაში, ხოლო მსესხებელს ჩამოაჭრას დავალიანებიდან შეფასების თანხა და არა რეალიზაციის. აპელანტის განმარტებით, გაუგებარია, რატომ ვერ შეძლო სასამართლომ ვალდებულების ოდენობის ზუსტი განსაზღვრა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 2015 წლის 28 დეკემბერს შპს ”ა-–----სა” და მსესხებელს ზ---------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება №1---------, რომლის თანახმად, სესხით სარგებლობის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის სრული მოცულობა 1680 აშშ დოლარი, გირავნობის ხარჯი 255 ლარი, სარგებელი სესხით სარგებლობისათვის ამ ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე ყოველთვიურად 5%, რაც შეადგენს 84 აშშ დოლარს. სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა სარგებლის გადახდის მიხედვით (ტ. 1, ს.ფ. 14-17).

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.13. პუნქტის მიხედვით, მსესხებელს, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაერიცხება პირგასამტეხლო საპროცენტო განაკვეთის 3% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება იქნება დარღვეული, ხოლო გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი გამსესხებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის ან/და მესამე პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამავე მუხლის 5.4. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ნებისმიერი არსებითი დარღვევა იძლევა საფუძველს გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივები მათი რეალიზაციის უფლებით.

4.2. №1--------- სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 28 დეკემბერს შპს ”ა-–----სა” და ზ---------------ეს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც გირავნობით დაიტვირთა ზ---------------ის კუთვნილი ავტომანქანა M---------------------, სარეგისტრაციო ნომერი S------ (ტ.1, ს.ფ. 18-21). გირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (ტ.1, ს.ფ. 23).

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება დაარღვია 2016 წლის ივნისიდან და 2017 წლის 23 იანვრის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა: სესხის ძირი თანხა 1680 აშშ დოლარი, პროცენტი, 2016 წლის 28 ივნისიდან 2017 წლის 18 იანვრამდე პერიოდში 672 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2016 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 18 იანვრამდე 1930 აშშ დოლარი.

 

4.4. 2017 წლის 18 იანვარს გირავნობის საგანი გადაეცა შპს ”ა-–----ს”, რომელიც შეფასებული იყო 1500 აშშ დოლარად (ტ.1, ს.ფ. 31,32).

 

4.5. შპს ”ა-–----ს” 2016 წლის 14 სექტემბერს გირავნობის მოწმობის საფასურის სახით გადახდილი აქვს 51 ლარი. ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასების მომსახურებისათვის შპს ”ა-–----ს” გადახდილი აქვს ჯამში 100 ლარი. ავტომანქანის ძებნის საფასურის სახით-116.49 ლარი. ავტომანქანის ევაკუატორით გადაყვანის ხარჯის სახით - 45 ლარი (ტ.1., ს.ფ. 27, 30, 34, 29, 32).

 

4.6. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისთვის 2782 აშშ დოლარის დაკისრებას. სარჩელის თანახმად, 2017 წლის 18 იანვრამდე, გირავნობის საგნის გადაცემამდე, დროისათვის მოპასუხეს ერიცხება დავალიანება სესხის ძირი 1680 აშშ დოლარი, სარგებელი 672 აშშ დოლარი და საურავი 1930 აშშ დოლარი, სულ დავალიანება შეადგენდა 4282 აშშ დოლარს. გირავნობის საგანი ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეფასებულია 1500 აშშ დოლარად. შესაბამისად, მოსარჩელის მითითებით, არსებულ დავალიანებას 4282 აშშ დოლარს გამოაკლდა 1500 აშშ დოლარი და საბოლოოდ დავალიანებამ შეადგინა 2782 აშშ დოლარი. სარჩელით ასევე მოთხოვნილია ავტომანქანის იძულებით გადაცემასთან დაკავშირებით ხარჯი 312 ლარის ოდენობით (იხ.: საღჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-13).

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

გირავნობის სამართლებრივი ბუნებიდან, სამოქალაქო კოდექსის 256-ე, 276-ე, 278-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოვალის მიერ გირავნობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველ რიგში გირავნობის საგნის რეალიზაციის ან დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის გზით.

 

აქვე პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით, სარჩელში მითითებული უნდა იქნეს მოსარჩელის მოთხოვნა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” და ”ვ” ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

მოსარჩელე ვალდებულია ცალსახად და არაორაზროვნად ჩამოაყალიბოს სარჩელის მოთხოვნა, რომელზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს. სარჩელში თითოეულ მოთხოვნასთან მიმართებით მითითებული უნდა იქნეს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ისინი ეფუძნება. ასევე, სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. პალატა განმარტავს, რომ მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს შეცვალოს მოთხოვნის ფარგლები, შეცვალოს სარჩელის საგანი და საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 2782 აშშ დოლარის დაკისრებას, რომელიც მისივე განმარტებით მოიცავს სესხის ძირ თანხას, სარგებელს და პირგასამტეხლოს, თუმცა მოთხოვნილი თანხიდან რა ოდენობა შეადგენს სესხის ძირ თანხას, სარგებელს ან/და პირგასამტეხლოს, სარჩელში აღნიშნული არ არის. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერების საკითხზე. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება გირავნობის საგნიდან არ იყო მომხდარი, მხოლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებიდან ნაწილის შესრულების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ. 1, ს.ფ. 133).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ა-–----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.12.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა