განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100117001995335
საქმე №1ბ/1290-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულის ბ----–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ------–-----------–--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: თ---–----------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--------------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (26.07.2016წ მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
ბ----–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (26.07.2016წ მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბ----–--------ს მსჯავრი დაედო მასში რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბ----–--------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 26 ივლისს, ქ-------–---------------------------ში მდებარე ტელეკომპანია „T---------–-“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ----–--------მა რამდენიმე დარტყმით სცემა და ფიზიკური ტკივილი მიაყენა ზ---------------ს.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ----–--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც------------–---–მა. ადვოკატმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ----–--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ რეალურად გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გამოძიებისას ბრალდების მხარემ უარი თქვა ყველა თვითმხილველ მოწმეთა დაკითხვაზე, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით დაკითხულიყო ყველა ის პირი ვინც დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა ბრალდების მხარეს. აღნიშნულ მოწმეთა დაკითხვით დადასტურდებოდა, რომ ბ----–--------ი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და რომ თავდასხმა თავდაპირველად სწორედ დაზარალებულის მხრიდან მოდიოდა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ ბ----–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ბ----–--------ის მიერ საქართველოს 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნასა და ძირითად არგუმენტებზე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ბ----–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ----–--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების და გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ბ----–--------ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ხსენებული მოთხოვნიდან გამომდინარე ნათელია, რომ დაცვის მხარე რეალურად ადასტურებს ბ----–--------ის მიერ ზ---------------სათვის მიყენებულ დაზიანებებს და სადავოდ ხდის მხოლოდ ბ----–--------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ზ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ივლისს, ტელეკომპანია „T---------–-“-ს თოქ-შოუში მონაწილეობდა დაძაბულ დისკუსიაში ს----------------ესთან ერთად. ეთერის დასრულების შემდეგ, ეზოში ჩასულს შეხვდა ნაცნობი და ისაუბრეს დაახლოებით ხუთი წუთი. ამ დროს მასთან მივიდა ს----------------ე და დაუწყო საქმის გარჩევა, პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით. ს--------ს შემოუერთდა შვიდი-ათი ადამიანი, მათ შორის ბ----–--------იც. დაზარალებულის განმარტებით მასსა და ს--------ს შორის საუბარი იყო დაძაბული, რა დროსაც თანხმლები პირები შესციცინებდნენ ს----------------ეს და ელოდნენ მის მინიშნებას, თუ რა დავალებას მისცემდა მათ. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის ნათელი გახდა, რომ მის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა და ვინაიდან მარტო იყო, მოერიდა სიტუაციის დაძაბვას და წავიდა მანქანისაკენ. თუმცა შეკრებილები მას უკან გაჰყვნენ, თავს დაესხნენ და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ჩხუბში განსაკუთრებით აქტიურობდა ბ----–--------ი და მამამისი, ბ---მ მოქაჩა და ძირს დააგდო, აგრეთვე ხელით არაერთჯერადი დარტყმა განახორციელა, ცემა, რა დროსაც დაუზიანდა მუხლი, იდაყვი და თავი, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბ----–--------მა მის მიმართ ძალადობის განხორციელებისას დაუხია პერანგი, რაც მან (დაზარალებულმა) გამოძიებას წარუდგინდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მომხდარი კონფლიქტი გადაიღეს ტელეკომპანიის თანამშრომლებმა და დღემდე ატვირთულია YOUTUBE-ზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიდეოჩანაწერის ნახვა, რომელშიც ასახულია მის (დაზარალებულის) მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორმა თ---------–--------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 26 ივლისს, „T---------–-“-ს ეთერში გადაცემის გასვლის შემდეგ, ტელეკომპანიის ეზოში დაფიქსირდა ა--------ესა და ზ----------ს შორის ჩხუბის ფაქტი. ვინაიდან მომხდარ ფაქტში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, აღნიშნულის თაობაზე პატაკით ხელმძღვანელობას მიმართა. მისი (მოწმის) ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება და დაზარალებულად ზ--------------- იქნა ცნობილი. მოწმემ აღნიშნა, რომ, ჩხუბში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს მათი ვინაობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი დ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა ბ----–--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მანვე განმარტა, რომ დაათვალიერა ტელეკომპანია „T---------–-“-ს სამეთვალყურეო კამერებისა და მოწმე მ------------–--ის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერები ყველა მოწმის, მათ შორის ბ----–--------ის თანდასწრებით, რა დროსაც დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზ---------------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ტელეკომპანიის ეზოში ს----------------ესა და მის თანმხლებ პირებთან. ზ---------------ის ჩარევით კონფლიქტში მონაწილე პირებმა დატოვეს ეზო და გარეთ გავიდნენ, სადაც კვლავ გაგრძელდა კამათი. კამათის დროს, ზ---------------ს მარჯვენა ლოყაში მარცხენა ხელი წაკრა მ-----–--------–-–---–მა, მათ შორის ჩადგა მ--–-----------ე და გაიყვანა ზ--------------- მგალობლიშვილის ქუჩის აღმართისაკენ. ამ პერიოდში ზ---------------სა და ს----------------ეს შორის მიმდინარეობს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოულოდნელად მ-----–--------–-–---–მა ფეხი მოუქნია ზ---------------ს დასარტყმელად, მაგრამ ვერ მოახვედრა. აღნიშნულის შემდეგ, ბ----–--------ი მუშტებს უქნევს ზ---------------ს სახის მიმართულებით, ხელებს ავლებს მხრებში, მოიქნევს და ასფალტზე ანარცხებს, რის შედეგადაც ზ--------------- აკეთებს რამდენიმე ბრუნს, შემდეგ დგება და ეცლება კონფლიქტურ სიტუაციას, მ--–-----------ე მას მიყვება, მ--------–-–---–ი და ბ-–--------ი კი ბრუნდებიან დაბლა. მოწმის ჩვენებით, დაზარალებულმა წარმოადგინა ჩხუბის დროს დაზიანებული პერანგი. გამომძიებლის განმარტებით, ყველა მოწმეს დაუნიშნეს სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა ზ---------------ს გარდა არცერთს (მათ შორის არც ბ----–--------ს) არ აღმოაჩნდა დაზიანების კვალი. მოწმის განმარტებით, ბ----–--------ს (რომელსაც ეცვა თეთრი მაისური, წარწერით 14) კონფლიქტში მონაწილე პირთა გაშველება არ უცდია (გაშველებას ცდილობდნენ თავდაპირველად ზ---------------ე და შემდეგ მ--–-----------ე) და მამამისის მიერ დაზარალებულის მიმართულებით ფეხის მოქნევის დროსაც არ ჩარეულა.
მოწმის სახით დაკითხული ზ---------------ის ჩვენებით, დგინდება, რომ მუშაობს ტელეკომპანია „T---------–-“-ს უსაფრთხოების სამსახურში. 2016 წლის 26 ივლისს, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ ზ--------------- და ს----------------ე. გადაცემის დასრულების შემდეგ, ხსენებული პირები ჩავიდნენ ტელეკომპანიის ეზოში და ხმამაღალი საუბარი დაიწყეს, რის გამოც მივიდა მათთან თხოვნით, რომ დაეტოვებინათ ტელევიზიის ტერიტორია. მოწმის განმარტებით, ს--------მ და ზ-----მა განაგრძეს ჩვეულებრივი საუბარი, შემდეგ კი ისევ დაიძაბა სიტუაცია და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, კიდევ ერთხელ მივიდა მათთან და ჩაერია. ზ-----ისა და ს--------ს გარდა, სხვა პირებიც იყვნენ, მოულოდნელად ვიღაცამ ხელი კრა ზ---------------ს, ეს უკანასკნელი გაიყვანეს და ცოტათი მოშორდნენ ტერიტორიას, თავად კი მათ არ გაჰყოლია. მოწმის ჩვენებით, შემდეგ ნახა ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იყო ძიძგილაობა და შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ზ--------------- მისთვის უცნობმა პირმა წააქცია.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 27 ივლისს, გამომძიებელ კ---------–--ის მიერ, მოწმე პ----------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ამ უკანასკნელის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი DVD დისკი, სადაც ასახულია 2016 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „T---------–----“ მომხდარი ინციდენტი.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 27 ივლისს, გამომძიებელ კ---------–--ის მიერ, მოწმე ზ---------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა ამ უკანასკნელის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი DVD დისკი, სადაც ასახულია 2016 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „T---------–----“ მომხდარი ინციდენტი, დაფიქსირებული გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 26 ივლისს, დათვალიერდა მოწმე ზ---------------ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი პერანგი, რომელსაც წინა მარჯვენა გვერდი აქვს დაზიანებული, კერძოდ, მოხეული აქვს მთელ სიგრძეზე პერანგის ნაწილი. დათვალიერების შემდეგ პერანგი ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის №7------- დასკვნის თანახმად, ზ---------------ს პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანება ქსოვილის განცალკევების სახით წარმოქმნილია გახევით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–------–------ემ.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით, ზ---------------ს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები ნაჭდევების სახით მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ზ---------------ს 2016 წლის 26 ივლისს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პაციენტი უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და თავბრუსხვევას, დიაგნოზი: თავის დაუზუსტებელი ტრავმა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე ბ----–--------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფაქტს. ობიექტურად უნდა არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სამ ნიშანს: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. სასამართლო საქმეში არსებული ზემოთხსენებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები სახეზე არ ყოფილა. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზ--------------- კონფლიქტის მიმდინარეობისას იმყოფებოდა მარტო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს იყო რამდენიმე პირი მათ შორის ბ----–--------ი, რომელიც როგორც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება არის წარმატებული სპორტსმენი (იხ. ტ1. ს/ფ. 158-159). გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოებაც, რომ ზ---------------ს მოწინააღმდეგე მხარის არცერთი წარმომადგენლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითაც. გარდა ამისა, დაცვის მხარე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ვერ მიუთითებს კონკრეტულად რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ბ----–--------ის ქმედება იყო მართლზომიერი და მიმართული თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ზ---------------ს მიერ მიცმეულ ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს დაზარალებულის ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა, რადგან გამოძიების მიმდინარეობისას, - გამოკითხვის დროს დაზარალებულმა მასზე თავდასხმაში სხვა პირი ამხილა. სააპელაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანხმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. გარდა ამისა, დაზარალებულ ზ---------------ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას.
გარდა აღნიშნულისა სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ რეალურად რაც მოხდა შემთხვევის ადგილზე. სააპელაციო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკაშირებით სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (26.07.2016 წ მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის ბ----–--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ბ----–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (26.07.2016წ მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - ზ---------------ს ტანსაცმელი (ინახება საგამოძიებო ორგანოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
სისხლის სამართლის საქმეზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი - ტელეკომპანია „T---------–-“-ს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი და პ----------------ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი ორ კომპიუტერულ დისკზე (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) დაუბრუნდეს ბრალდების მხარეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი