განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
340100116001283141
ინსტანცია
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100116001283141

საქმე №1ბ/649-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო-------------–---–ის,ადვოკატის: გ------------–---–ის,გამართლებულის: გ--------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების #0-----------) გ--------------–---–ის, დაბადებულის 1986 წლის 25 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #1----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ლ-----------------------------–-----------–ი, ფაქტობრივად მცხოვრების: ლ----------------------------–-–-----------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 14 იანვარს, შუადღის საათებში, ქ---–--------–-------------- ქუჩაზე, გ--------------–---–მა ხელის მრავალჯერადი დარტყმით ცემა ი----------ე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით:

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გ--------------–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, გ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემობას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გ--------------–---–ის მიმართ განაჩენის დადგენისას არ უნდა გამოეყენებინა 2016 წლის 10 აგვისტოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა. ვინაიდან ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ივნისს, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის დროს, გ--------------–---–ი იყო შეურაცხადი. მაგრამ საგულისხმოა ის გარემოება, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა გ--------------–---–ის მიმართ დაინიშნა 2016 წლის 1 ივნისს, შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოში დაწყებულ სისხლის სამართლის (#0-----------) საქმეზე. შესაბამისად, ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს 2016 წლის 1 ივნისს გ--------------–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობას (შეურაცხადობა) 2016 წლის 14 იანვარს ჩადენილ ქმედებასთან. საპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასკვნის გაზიარება და გამოყენება 2016 წლის 14 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით, არის არასწორი და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გ--------------–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით, განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანამიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება....

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნასა და ძირითად არგუმენტებზე.

 

სააპელაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი----------ის ჩვენებით, მოწმეების - დ----------–---–ის, ა-–------------–---–ის და გ--------–---–ის ჩვენებებით - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებულია, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაცვის მხარე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ--------------–---–მა 2016 წლის 14 იანვარს, ხელის მრავალჯერადი დარტყმით ცემა ი----------ე, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ანუ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება.

 

რაც შეეხება უშუალოდ სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო პალატა იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ 2016 წლის 1 ივნისს, გ--------------–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობას (შეურაცხადობა) კავშირი არა აქვს გ--------------–---–ის მიერ 2016 წლის 14 იანვარს ჩადენილ ქმედებასთან. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ვალდებულია, საქმეში არსებულ, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს პირის მიერ ჩადენილი ქმედება არის თუ არა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული. ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებაა პირის შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო. საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, - იმისათვის, რათა პირს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ბრალად არ შეერაცხოს, უნდა დადგინდეს, რომ უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს, - პირი იყო შეუარცხადი. მეორე სავალდებულო პირობაა, რომ ქმედების ჩადენის მომენტში პირის შეურაცხადობა დადასტურებული უნდა იყოს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით. პალატა ხასზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოთმითითებული კანონის ორივე მოთხოვნა არის იმპერატიული ხასიათის, რომელთა არარსებობის პირობებშიც სასამართლოს არ აქვს უფლება ქმედების ჩადენის მომენტისთვის პირი მიიჩნიოს შეურაცხადად და ამ საფუძვლით მის მიმართ დაადგინოს გამამართლებელი განაჩენი.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს, დანაშაულის ჩადენისას გ--------------–---–ის შერაცხადობაში ეჭვი შეაქვს ძირითადად დაცვის მხარის მიერ წარდგენილი სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ხსენებული ექსპერტიზა გ--------------–---–ის მიმართ დაინიშნა 2016 წლის 1 ივნისს, შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოში დაწყებულ სისხლის სამართლის (#0-----------) საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ 2016 წლის 1 ივნისს, ქმედების ჩადენის დროს, გ--------------–---–ი იყო შეურაცხადი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გ--------------–---–მა ი----------ის ცემა ჩაიდინა 2016 წლის 14 იანვარს, ხოლო მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა 2016 წლის 1 ივნისს, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გ--------------–---–ს 2016 წლის იანვრამდე ანუ დანაშაულის ჩადენამდე პერიოდში ან უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, ჰქონდა რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემა, რასაც შეიძლებოდა გაეჩინა ეჭვი დანაშაულის ჩადენის დროს (2016 წლის 14 იანვარს) მის შერაცხადობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში აღნიშნავს, რომ 2016 წლის 14 იანვარს ჩადენილი ქმედების დროს გ--------------–---–ი იყო თუ არა ფსიქიკურად ჯანმრთელი ან იყო თუ არა ის დაავადებული, ცნობილი არ არის. უფრო მეტიც, სასამართლო განაჩენის შემდეგ პუნქტში აღნიშნავს: ვარაუდს, რომ გ--------------–---–ი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს (იგულისხმება 14 იანვარი) ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ამყარებს ზემოთმითითებული ექსპერტიზის დასკვნა და ბრალდებულის ქცევა სასამართლო პროცესზე. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ, მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტას, მაგრამ აღნიშნული არ ეხება პირის შერაცხადობის საკითხს. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვის ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ გადაწყვეტის საკითხი და ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საკითხი. უდავოა, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, რადგან მტკიცებულებათა შეფასებით უნდა გადაწყდეს, პირმა ჩაიდინა თუ არა ბრალად შერაცხული ქმედება, მაგრამ კონკრეტული პირი ქმედების განხორციელების დროს იყო თუ არა ფსიქიკურად ჯანმრთელი (შერაცხადი/შეურაცხადი), უნდა დადგინდეს არა მტკიცებულებათა შეფასებით, არამედ სპეციალური ცოდნის მქონე პირთა მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით. ამასთანავე, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად უნდა იქნას დადგენილი, რომ უშუალოდ ქმედების განხორცილების დროს პირი იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, შერაცხადი ან პირიქით, - შეურაცხადი.

 

ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული ურთიერთშეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია გ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, მასვე ჩადენილი ქმედება უნდა შეერაცხოს ბრალად, რადგან მისი ქმედება იყო ბრალეული და მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსკ–ის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. გ--------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ--------------–---–ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გამამართლებელი განაჩენი გ--------------–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის გამამართლებელი განაჩენი გ--------------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი;

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე