განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100118002392394
საქმე №1ბ/1319-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ მ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------–----------------–-------–---–-- მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–---------–-------------------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
მ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მარტის განჩინებით მ---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება;
მ---------–---–ის მსჯავრი დაედო მასში რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მ---------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში, თბილისში, გ---------–-------------------–- მცხოვრებმა მ---------–---–მა, თავისივე საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრს, დისშვილის - მ-----–---–------ მცირეწლოვან შვილს - შვიდი წლის ე----------------ს, რომელიც მ-----–---–-----მ აღსაზრდელად მიანდო მ---------–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც არასრულწლოვნის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ---------–---–მა. მსჯავრდებულმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, აგრეთვე ნივთმტკიცებად ცნობილი გლობუსის მესაკუთრისათვის დაბრუნება.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ე----------------მა მის მიერ მიცემულ ჩვენებაში განმარტა რომ იგი მ---------–---–ს არ უცემია და მას ტკივილი არ განუცდია. მოსამართლე განაჩენში არასწორად აღწერს ა-------------ას მიერ მიცემულ ჩვენებას, მას არ უთქვამს, რომ მე ბავშვზე სისტემატურად ვძალადობდი და არც ბავშვის ცემის ფაქტი დაუდასტურებია. არც ვიდეო ჩანაწერია უტყუარი მტკიცებულება, რომელსაც მოსამართლე დაეყრდნო, რადგან როდესაც გამომძიებლის მიერ აღნიშნული ჩანაწერი დათვალიერდა აღინიშნა, რომ ვიდეო ფირი ამოსაცნობად უვარგისია, რატომ არ დანიშნა ბრალდების მხარემ ექსპერტიზა აღნიშნულ ვიდეო ფირზე და რატომ არ გაარკვია ვარგისი იყო თუ არა აღნიშნული ფირი პიროვნების ამოსაცნობად. ასევე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ექსპერტ-ფსიქოლოგ ნ------–-------–-ს მიერ გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულ მ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება მ---------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საქმეში არსებული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ბავშვის უფლებათა ცენტრის 2018 წლის 16 თებერვლის მიმართვით, რომლის ადრესატია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დგინდება, რომ ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ცხელი ხაზის საშუალებით 2018 წლის 5 თებერვალს შეატყობინეს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თ---–--–---–-------------------ში, მეორე სართულზე მცხოვრებ არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობს ქალბატონი ბავშვის მეცადინეობის დროს, თუმცა უცნობია აღნიშნული ქალბატონი არის ბავშვის მშობელი თუ სხვა პირი. მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური ძალადობის ფაქტს აქვს სისტემატური ხასიათი. საქმისწარმოების ფარგლებში მოგვეწოდა ვიდეო კადრები, რომელშიც ასახულია ძალადობის ფაქტი“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხა ა-------------ა, რომელმაც განმარტა, რომ სწორედ მან დარეკა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე, შეატყობინა არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ და მიაწოდა ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები, რომელიც მოწმემ თავად გადაიღო. მოწმემ აღნიშნა, რომ 2017 წლის ზაფხულიდან, საქმროსთან ერთად ცხოვრობს თ---–--–------------–------------------ში. მათი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს ფანჯრიდან ჩანს გ---–-------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზო და შენობის ფანჯრები. გ---–-------------------ში მცხოვრები ბრალდებული სისტემატურად, მეცადინეობის დროს უყვიროდა ბავშვს. 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში მოწმე თავის საქმროსთან ერთად იმყოფებოდა სამზარეულოში, როდესაც შემოესმათ ხსენებული სახლიდან ქალის ყვირილის ხმა. ვინაიდან ეს არ იყო პირველი შემთხვევა და სხვა დროსაც ჰქონდა შემჩნეული, რომ აღნიშნული ქალი მეცადინეობის დროს ბავშვს უყვიროდა, გადაწყვიტა რეაგირებისათვის მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის და ამ მიზნით გადაეღო ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები. საკუთარი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს ფანჯრიდან, მობილური ტელეფონით გადაიღო ბრალდებულის ბინაში განვითარებული მოვლენები, რაც ჩანდა ფანჯრიდან. მოწმის განმარტებით, ვიდეო კადრების გადაღების პროცესში იგი ხედავდა და ესმოდა თუ როგორ უყვიროდა ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულს. უმეორებდა ერთსა და იმავე ტექსტს რუსულ ენაზე: „თქვი, რომ დებილი ხარ“. ვიდეო კადრების გადაღებისას მოწმემ აშკარად დაინახა, როგორ მოიქნია ბრალდებულმა ხელი რამდენჯერმე არასრულწლოვნის მისამართით, შემდგომ მოქაჩა თმა რამდენჯერმე. ბრალდებულის მიერ მოქნეული ხელი, რომ ნამდვილად ადამიანის სხეულს ხვდებოდა აშკარად ისმოდა. მოწმემ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გადაუგზავნა სახალხო დამცველის ოფისს.
გამოძიების ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებულის ე----------------ის დამატებით გამოკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგი თ------------–---–-- რომელიც დაიკითხა სასამართლო სხდომაზე. მოწმის სახით დაკითხულმა ფსიქოლოგმა თ------------–---–-- განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის პროცესში ჰქონდა უშუალო კონტაქტი ე----------------თან, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გამოკითხვის პროცესში დაადასტურა, რომ ბებიამ - მ---------–---–მა უყვირა და შემდეგ თმაზე მოქაჩა. ფსიქოლოგმა მისი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე, სასამართლოს დაუდასტურა, რომ ბავშვი გამოკითხვის დროს იყო აბსოლუტურად გულწრფელი.
მოწმის სახით დაიკითხული დაზარალებულ ე----------------ის ბაბუის მ-----------–---–------ განმარტებით, მისმა შვილმა, - მ-----–---–-----მ მცირეწლოვანი შვილი ე----------------ი აღსაზრდელად მიანდო დეიდას, - მ---------–---–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე ე----------------ი დაახლოებით შვიდი წელია ცხოვრობს მ---------–---–თან თ---–--–---–-------------------ში. მ---------–---–ი ზრუნავდა ე--------- აკრებზე და მის მეცადინეობასაც იგი მეთვალყურეობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ---------–---–მა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას უარყო მისი მხრიდან ძალადობის ჩადენა და განმარტა, რომ დისშვილმა მ-----–---–-----მ აღსაზრდელად მიანდო არასრულწლოვანი ე----------------ი. მ---------–---–ი და ე----------------ი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ თ---–--–----–-------------------ში. მ---------–---–ის განმარტებით, მან ძალიან განიცადა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ვიდეო კადრები და თავს კიცხავს კადრებში ასახული ემოციის გამო. 2018 წლის 5 თებერვალს, ისევე როგორც სხვა დროს, ამეცადინებდა ე----------------ს, ბავშვმა მეცადინეობის დროს საშინაო დავალებასთან დაკავშირებით ტყუილი უთხრა, რამაც იგი გააღიზიანა, ვერ მოთოკა ემოციები და ბავშვს დაუყვირა, ასევე მაგიდაზე მდგარ გლობუსს დაარტყა ხელი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოწმე ა-------------ას მიერ სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილი ვიდეო ჩანაწერი, რაც გადაეცათ სამართალდამცავებს. კერძოდ ჩანაწერში ასახულია, რომ საღამოს საათებში ხელოვნური განათების პირობებში ფანჯარასთან ზის ქალბატონი, რომელიც მაგიდის მეორე მხარეს მჯდომს მიმართავს ყვირილით. შემდგომ წამოდგება და მისი მიმართულებით იქნევს ხელს. აშკარად ისმის ადამიანის სხეულზე დარტყმის ხმა, რის შემდეგაც ბრალდებული რამდენჯერმე მოქაჩავს მის წინ მჯდომს. ასევე ისმის ბავშვის ხმა, რომელიც საუბრობს რუსულ ენაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #2-------------- წ, რომლის თანახმად, ე----------------ის ფსიქოლოგიური კვლევისას არ გამოვლინდა ის სიმპტომატიკა, რაც ზოგადად დამახასიათებელია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ გაგებული უნდა იქნას, როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა.
სააპელაციო პალატა მიზანშოწონიალდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. ამასთანავე, დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ე----------------მა უარი განაცხადა სასამართლოში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი უდავოდ დასტურდება თვითმხილველი მოწმის ა-------------ას, მოწმის სახით დაკითხული ფსიქოლოგის თ------------–---–-ს და ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრად სხვა პირებთან ერთად ითვლება მინდობით აღსაზრდელი. საქმის მასალებით დადასტურებულია და პირველი ინსტანციის სასამართლოში თავად მსჯავრდებულმა მ---------–---–მაც განმარტა, რომ მას დისშვილმა - მ-----–---–-----მ აღსაზრდელად მიანდო არასრულწლოვანი ე----------------ი. იგივე გარემოება დადასტურდა მოწმე მ-----------–---–------ ჩვენებითაც. რაც შეეხება მ---------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების მართლსაწინააღმდეგო შედეგს ძალადობის შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს,მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ფიზიკური ტკივილი უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. პალატა ვიდეოჩანაწერში ასახული და მოწმე ა-------------ას მიერ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედება ობიექტურად, უცილობლად გამოიწვევდა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვიდეო ფირი ამოსაცნობად უვარგისია, ასევე მსჯავრდებულის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ დანიშნა ბრალდების მხარემ ექსპერტიზა აღნიშნულ ვიდეო ფირზე და რატომ არ გაარკვია ვარგისი იყო თუ არა აღნიშნული ფირი პიროვნების ამოსაცნობად. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება, შესაბამისად, ვერავინ აუკრძალავს მხარეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ამა
თუ იმ მტკიცებულების მოპოვებას. იმ შემთხევაში თუ დაცვის მხარეს აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერთან დაკაშირებით სურდა რაიმე სახის ექსპერტიზის ჩატარება, მას შეეძლო თავად განეხორციელებინა აღნიშნული. ამასთანავე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ვიდეო ჩანაწერის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ვიდეო ჩანაწერი ავთენტიკურია, რადგან მისი ნამდვილობა დაადასტურა მოწმე ა-------------ამ, რომელმაც უშუალოდ გადაიღო შემთხვევა და შემთხვევის ამსახველი ჩანაწერი წარუდგინა შესაბამის ორგანოს, გარდა ამისა, ვიდეო ჩანაწერში ასახული მოვლენები იმდენად მკაფიოა, რომ ძალადობის და მოძალადის იდენტიფცირების პრობლემა არ დგას.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ ადასტურებს მ---------–---–ის ბრალეულობას. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში, თბილისში, გ---------–-------------------–- მცხოვრებმა მ---------–---–მა, თავისივე საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრს, დისშვილის - მ-----–---–------ მცირეწლოვან შვილს - შვიდი წლის ე----------------ს, რომელიც მ-----–---–-----მ აღსაზრდელად მიანდო მ---------–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც არასრულწლოვნის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა მ---------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს მ---------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მისი (მ---------–---–ის) საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული გლობუსის მესაკუთრისათვის დაბრუნების შესახებ. საააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის აღნიშნული მოთხოვნა სამართლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გლობუსი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
მ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მარტის განჩინებით მ---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
ნივთიერი მტკიცებულება:
2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
მ---------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული გლობუსი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი