განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002302647
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3239-18 18 ოქტომბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - თ--–------------
წარმომადგენელი - მ--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა-–----------ი
წარმომადგენელი - ვ------ა ჩ-------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ა-–----------იმ მოპასუხე თ--–------------ს მიმართ სარჩელი აღძრა და სესხის - 17300 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით თ--–--- ა------მა გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 25 მარტს ა-–----------ისა და თ--–--- ა------ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, თ--–--- ა------ს 7500 ლარი და 4000 აშშ დოლარი გადაეცა. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ა-–----------ის წარმომადგენელი ა-------- გ-----ი წარმოადგენდა (ს.ფ. 27, 83-84).
6. თანხის გადაცემის დროისთვის 1 აშშ დოლარი 2,33 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 27).
7. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე თ--–--- ა------მა ა-–----------ისგან თანხა დროებით საკუთრებაში მიიღო, რაც აღნიშნული გარიგების სესხად კვალიფიკაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს. სესხის ხელშეკრულება რეალურ გარიგებათა რიგს განეკუთვნება, რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ, ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს, მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარე სადავოდ ხდის სესხის მსესხებლისთვის გადაცემის ფაქტს და განმარტავს, რომ გადაცემული თანხა მხარეთა შორის მანამდე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის გადასახდელად გაცემულ თანხას წარმოადგენდა.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სასესხო ურთიერთობის არსებობის დადასტურება, ხოლო აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა და სადავო თანხის აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემის დადასტურება წარმოადგენს. აღნიშნულ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
10. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება აპელანტთან სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტსა და მისთვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას - სესხის სახით თანხის მოპასუხისათვის გადაცემას. ვინაიდან დასახელებული გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე - საპირისპირო ვალდებულების სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება აღნიშნულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი. სარჩელის აღძვრისას ა-–----------მა 2016 წლის 25 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგინა, რომლის თანახმად, ამავე დღეს ა-------- გ-----მა (მოსარჩელის წარმომადგენელი) თ--–--- ა------ს 7500 ლარი და 4000 აშშ დოლარი გადასცა. ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილები, 2016 წლის 23 მარტს მოსარჩელე ა-------- გ-----ს სთხოვს სადავო თანხა მოპასუხეს გადასცეს და გააფორმოს მიღება ჩაბარების აქტი, რათა მომავალში, თანხის დაბრუნებისას, რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. ასევე, მოგვიანებით ა--------ი მოსარჩელეს ატყობინებს, რომ დაპირებისამებრ აპელანტს თანხა გადასცა. წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე ორივე მხარის ხელმოწერა ფიქსირდება, მისი ნამდვილობა კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად მას სასამართლოსთვის მტკიცებულებითი ძალა გააჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ასევე, ამავე კოდექსის 104-ე პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ზემოაღნიშნული ნორმების, განმარტების თანახმად, და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ა-------- გ-----ის წარმომადგენლობის ნამდვილობა სადავოდ არაა გამხდარი სასამართლო მიჩნევს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები სწორედ ა-–----------ს წარმოეშვა რაც მას სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას აძლევდა.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ მიღება-ჩაბარების აქტით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა მოხდა. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიანიშნებს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდაზე. აღნიშულის საწინააღმდეგო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი, რომლის თანახმად მოპასუხემ მ---–---- შ----ეს ავტომობილი „BMW 3--“ გადასცა, რადგან არც თავად ამ დოკუმენტიდან და არც საქმეზე დართული მინდობილობიდან არ იკვეთება მ---–---- შ----ისა და მოსარჩელე ა-–----------ის შორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა. ასევე ვერ იქნება გაზიარებული ფაქტი მასზედ, რომ სადავო თანხა გადახდილი იყო აპელანტის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი 2016 წლის 05 თებერვალს თ--–--- ა------სა და ა-–---------ეს (დადასტურებულია რომ ა-–----------ი და ა-–---------ე ერთიდაიგივე პირია, აღნიშნული დასტურდება ასევე საქმეზე დართული მინდობილობითაც), შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულთან მიმართებით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია რომ გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებას მერსედესის ფირმის მანქანა წარმოადგენდა, რაც განსხვავდება მოპასუხის მიერ პირველ ინსტანციის სასამართლოში მითითებულ ნასყიდობის საგნისგან. ასევე, მითითება მასზედ, რომ ნასყიდობის ფასსა და მიღებულ თანხებს შორის 1218 აშშ დოლარი ავტომანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ დამატებითი ხარჯების გადახდას ემსახურებოდა, ვერ იქნება გაზიარებული რადგან ეს გარემოება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, მხოლოდ აპელანტის მითითება კი, ამ გარემოებას ვერ დაადასტურებს, რადგან იგი საქმის შედეგით დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, როგორც ერთად-ერთი მტკიცებულება ობიექტურობისა და სანდოობის ტესტს ვერ ლახავს.
11. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელემ, რომელსაც სასესხო ურთიერთობის წარმოშობის დადასტურება ევალებოდა წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებმაც სასამართლოს შეუქმნეს დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ აპელანტისთვის თანხა სასესხო ურთიერთობის ფარგლებში გაიცა. ამის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის გადაცემის თაობაზე აპელირებდა სასამართლოსთვის სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია ვერ მოახდინა. ამასთანავე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში, ობიექტური შეფასების შედეგად, სასამართლო ვერ დარწმუნდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების მართებულობაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის გასამყარებლად წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის აპელანტისთვის რეალურად გადაცემა დასტურდება, მტკიცების ტვირთი ბრუნდება მოპასუხეზე, იგია ვალდებული ამტკიცოს, რომ აღნიშნული მტკიცებულებით თანხის რეალურად გადაცემა ვერ დასტურდება ან გადაცემული თანხა არა სასესხო არამედ, სხვა ვალდებულების შესასრულებლად გადაეცა. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით მ---–---- შ----ესა და მოსარჩელეს შორის აპელანტისგან ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის შესახებ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაფორმება და მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საგნის რეალურად მიღება არ დასტურდება, ასევე სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მერსედესის ფირმის ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულების განსახილველ დავასთან შემხებლობა და განკუთვნადობა ვერ დაადასტურა, სასამართლო აპელანტზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს დაძლეულად ვერ მიიჩნევს.
12. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადაცემის შემთხვევაში არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ თანხის მიმღებმა თანხა უნდა დააბრუნოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანხის მიმღები სარწმუნოდ ადასტურებს, რომ მას თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხა აპელანტს (მსესხებელს) გადასცა. აპელანტმა მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების შედეგად ვერ დაადასტურა, რომ მას აღნიშნული თანხა არ მიუღია ან სხვა ისეთი გარიგების საფუძველზე მიიღო, რომელიც გამორიცხავდა მისი მხრიდან აღნიშნული თანხის დაბრუნების საპასუხო ვალდებულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ აპელანტს მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 7500 ლარისა და 4000 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება გააჩნია.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარის მიერ გადახდილი ბაჟი 693,60 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ--–------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თამარ ალანია