განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310015781053 (3/ბ-295-18 წელი)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – ინდ. მეწარმე ,,გ------ ნ---–--ე”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილბა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. საქმის გარემოებებსა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2015 წლის 26 იანვარს გ------ ნ---–--ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ავტომანქანების, სამშენებლო ტექნიკა-აღჭურვილობის იმპორტი და გაქირავება. ძირითადად იმპორტს აწარმოებდა ესპანეთის სამეფოდან. საგადასახადო შემოწმების პროცესში, აუდიტორების მოსაზრებით, გამოვლინდა ცალკეული დოკუმენტაცია, რომელიც არ ადასტურებდა შეძენილ და საქართველოში იმპოტირებულ საქონელზე გაწეულ ხარჯს, რის გამოც არ მოხდა ამ ხარჯის გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან. შემმოწმებელთა მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე (01.01.2009 წლამდე მოქმედი რედაქცია) მუხლის მოთხოვნები - ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან. ფინანსთა სისტემაში დავის მიმდინარეობის პროცესში მეწარმის მიერ არაერთხელ იქნა წარდგენილი საქონლის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც დარიცხვაში მხოლოდ მცირედი ცვლილების შეტანის საფუძველი გახდა. მეწარმემ აუდიტორს წარუდგინა ყველა პრობლემური დეკლარაციის ირგვლივ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აუდიტორთა მიერ არ მოხდა მეწარმის მიერ გაწეული ხარჯების საგადასახადო კოდექსის 117-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დასაბეგრი შემოსავლებიდან გამოქვითვა.
მოსარჩელის განმარტებით, საკითხის დეტალური შესწავლის პროცესში გამოირკვა, რომ გადამხდელმა 2011 წლის ბოლოს განახორციელა 2009-2010 წლებში შეძენილი 253 007 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის კაპიტალიზაცია, ის აიტანა 1 620 საბუღალტრო ანგარიშიდან 2 190 საბუღალტრო ანგარიშზე და დაარიცხა მას ცვეთა საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. მართალია, მეწარმის მოქმედება არ პასუხობს ბაასის მოთხოვნებს, მაგრამ კანონთან შეუსაბამოა ასევე აუდიტორების მოქმედება. მეწარმის მიერ მიწვეულმა აუდიტორმა საკითხის დამატებითი შესწავლის დროს აღადგინა 253 007 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები 1620 საბუღალტრო ანგარიშზე და ეტაპობრივად განხორციელდა მათი რეალიზაციის შემდგომი ჩამოწერები. აღნიშნულით აღდგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სტატუსი, ამასთან დაზუსტდა მეწარმის ქონება და ერთობლივი შემოსავლიდან ამორტიზაციის სახით გამოიქვითა მხოლოდ იმ ძირითად საშუალებებზე დარიცხული ცვეთა, რომელიც სამეურნეო წლის შიგნით იქნა შეძენილი და კაპიტალიზირებული.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1--------–ის №2---- ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 1-----------ის №6---- ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 1-----------ის №8---- საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1-----------ს დასკვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1----------ს №3---- ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-----------ს №0---- საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 1-----------ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2015 წლის 30 დეკემბერს გ------ ნ---–--ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 2-----------ის №3---- ბრძანებისა და №0----- საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 2-----------ს დასკვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2--------ის დასკვნისა და №0---- საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2--------–ის №1---- ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2--------ის №1--- ბრძანებისა და №0---- საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 1-----------ის №6---- ბრძანებისა და №8---- საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1-----------ს დასკვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-----------ს №3---- ბრძანებისა და №0---- საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2-------------ის დასკვნისა და 2014 წლის 2------------ის№4---- ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 3--------ის დასკვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2-------ის №2---- ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 4----------ის გადაწყვეტილებისა (საჩივარი 1---------წ.) და 2015 წლის 4----------ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული გ------ ნ---–--ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ------ ნ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2012 წლის 2-----------ის შუალედური აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2012 წლის 2------------ს გამოსცა ბრძანება №3----, რომლითაც მეწარმეს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 15 051 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 11 641 ლარი და ჯარიმა - 3410 ლარი.
შემოსავლები სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3---- ბრძანების საფუძველზე 2012 წლის 2------------ს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №12 და ი/მ „გ------ ნ---–--ეს“ დაერიცხა გადასახადი, სულ - 30 315.75 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 11641 ლარი, ჯარიმა - 3410 ლარი, საურავი - 5264.75 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 5------ის №2---- ბრძანებით, გ------ ნ---–--ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 2-----------ის №3---- ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული №0----- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, - გადასახადის გადამხდელს დაევალა წარედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების (საქონლის შეძენისა და მივლინების ხარჯის) დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგების მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
2014 წლის 5------ის №2---- ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 2-----------ს შედგა დასკვნა, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები ვერ აკმაყოფილებდნენ საგადასახადო კოდექსის ნორმების მოთხოვნებს და საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით დარიცხული დამატებითი საგადასახადო ვალდებულება დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 5---------ის №4---- ბრძანებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა 2014 წლის 2-----------ს დასკვნის ბათილად ცნობას, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ინვოისების ნოტარიალურად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამავე ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 5---------ის №4---- ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 2---------ს გამოიცა დასკვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 2---------ს გამოსცა ბრძანება №1---, რომლითაც ი/მ „გ------ ნ---–--ეს“ შეუმცირდა გადასახადი 11046 ლარით, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 8837 ლარი, ჯარიმა - 2209 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2--------ის №1--- ბრძანების საფუძველზე გამოიცა №0---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი, სულ 11 046 ლარით.
შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2--------–ის №1---- ბრძანებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა 2015 წლის 2--------ის №1--- ბრძანების საფუძველზე გამოცემული №0---- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო იმავე პირის მიმართ, იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 4----------ის გადაწყვეტილებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2--------–ის №1---- ბრძანების, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2--------ის №1--- ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული №0---- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა.
2013 წლის 9-----------ს შედგა ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2013 წლის 11 დეკემბერს გამოსცა №6---- ბრძანება, რომლის თანახმად, მეწარმეს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 247667 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 165 467 ლარი, ჯარიმა - 82 200 ლარი.
2013 წლის 1-----------ის №6---- ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 1------------ს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №8----, რომლის შესაბამისად ი/მ „გ------ ნ---–--ეს“ დაერიცხა გადასახადი, სულ - 420 188,8 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 165461 ლარი, ჯარიმა - 82 200 ლარი, საურავი - 172 527,8 ლარი.
2014 წლის 1---------ს ი/მ „გ------ ნ---–--ემ“ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2013 წლის 1-----------ის №8---- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორმა სადავო გახადა ა) 2007-2011 წლის ერთობლივი შემოსავლიდან იმპორტირებული საქონლის ხარჯის შემცირება, ასევე მოითხოვა მივლინების ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა; ბ) მეწარმეს ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯები ზოგიერთ შემთხვევაში ერთიანად აქვს გამოქვითული, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ამორტიზაციის დარიცხვის გზით. შემოწმებით დაკორექტირდა ამორტიზაციის ხარჯები და რეალიზაციის შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი თანხები, რასაც არ ეთანხმება; გ) არ დაეთანხმა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1--------–ის №2---- ბრძანებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მეორე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მესამე, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1--------–ის №2---- ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 1-----------ს გამოიცა დასკვნა, რომლითაც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საქონლის შეძენისა და მივლინების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება, სულ 22855 ლარის ოდენობით, ხოლო საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით მეორე და მესამე სადავო საკითხებში განხილული საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშების შედეგად დარჩა უცვლელი.
2014 წლის 1-----------ს დასკვნის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2014 წლის 1-----------ს გამოსცა ბრძანება №3----, რომლითაც ი/მ „გ------ ნ---–--ეს“ შეუმცირდა გადასახადი, სულ 22 855 ლარის ოდენობით, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 15 237 ლარი, ჯარიმა - 7 618 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-----------ს №3---- ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 1-----------ს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №0----, რომლითაც ი/მ „გ------ ნ---–--ეს“ შეუმცირდა გადასახადი სულ 22855 ლარის ოდენობით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 15237 ლარი, ჯარიმა 7618 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2------------ის №4---- ბრძანებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა მეწარმის მიერ დამატებით წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩართოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც მეწარმე არ ეთანხმებოდა ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯების გამოქვითვას ერთობლივი შემოსავლიდან და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2------------ის №4---- ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად, შესწავლილ იქნა მეწარმის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები და დარიცხული საგადასახადო თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები გათვალისწინებული იყო მიმდინარე შემოწმებისას და შესაბამისად გამოქვითული იყო შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 1-----------ის გადაწყვეტილებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა: შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2------------ის №4---- ბრძანების, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1--------–ის №2---- ბრძანების, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 1-----------ის №6---- ბრძანების, 2013 წლის 1-----------ის №8---- საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 1-----------ს №3---- ბრძანებისა და №0---- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯებში გაუთვალისწინებლობა და ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეული ხარჯებისა და ერთობლივ შემოსავალში შესატანი თანხების კორექტირება), ხოლო ნაწილობრივ დარჩა განუხილველი (დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება) ვინაიდან მეწარმემ უარი განაცხადა დავის გაგრძელებაზე.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2----------ის №4---- ბრძანებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 2-------------ის დასკვნის ბათილად ცნობას, დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე მითითებით (გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2----------ის №4---- ბრძანების ბათილად ცნობას, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: „გ------ ნ---–--ეს“ მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი განეხილა მეწარმის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება. 2015 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ი/მ „გ------ ნ---–--ის“ მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სისწორის შესწავლა და დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის თაობაზეც 2015 წლის 3--------ს შედგა დასკვნა და შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2-------ის №2---- ბრძანებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა 2015 წლის 3--------ის დასკვნის ბათილად ცნობას არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 4----------ის გადაწყვეტილებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი საქართველოს სკ-ის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე მითითებით დარჩა განუხილველი.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახდო კოდექსის (2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) 177-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა: ა) ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა, როდესაც არ არსებობს ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები; ბ) იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის 178-ე მუხლისა და ამ თავის სხვა დებულებათა თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.
სასამართლოს განმარტებით, ხარჯების გამოსაქვითად აღიარების თვალსაზრისით აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ ხარჯი დაკავშირებული იყოს შემოსავლის მიღებასთან. ამასთან სავალდებულოა, რომ ხარჯი დასტურდებოდეს დოკუმენტალურად. ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსით, კერძოდ, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქმის განხილვის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არაერთხელ იქნა განხილული ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი - შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 5------ის №2---- ბრძანებით, გ. ნ-ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 2-----------ის №3---- ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული №0----- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გადასახადის გადამხდელს დაევალა წარედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების (საქონლის შეძენისა და მივლინების ხარჯის) დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგების მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა წარდგენილი სადავო დეკლარაციებთან მიმართებაში ხარჯის გაწევის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ როგორც საგადასახადო ორგანოში, ასევე სასამართლოში იმპორტირებულ საქონელზე წარმოდგენილი აქვს მხოლოდ სასაქონლო დეკლარაციები და ვერ წარმოადგინა შეძენის დამადასტურებელი ინვოისები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რეალურად გაწეული ხარჯების დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2011 წლამდე მოქმედი რედაქცია) 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად კი, შესყიდული (ლიზინგის შემთხვევაში – გამოსყიდული) ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა ლიზინგით გაცემულისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების შესყიდვის (წარმოების) ღირებულება იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში; მათი მიწოდებისას მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომში შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულება ეხება მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ შესყიდულ ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებულ, ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს. ამ მუხლის მე-13 ნაწილის ამოქმედებამდე შესყიდული ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი–მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულების გამოყენებისას გადასახადის გადამხდელს უფლება არა აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა 5 წლის განმავლობაში შეცვალოს. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან მეწარმეს გამოქვითვის ორივე მეთოდი ჰქონდა გამოყენებული, შემმოწმებლების მიერ დეკლარირებული საამორტიზაციო ანარიცხების სახით გამოქვითული ხარჯების დაკორექტირება - სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები ჩართული იყო შესაბამის ჯგუფებში და დაერიცხა ამორტიზაცია ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ნორმის შესაბამისად, სრულ შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „გ------ ნ---–--ემ“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდ.მეწარმე ,,გ------ი ნ---–--ის” წარმომადგენელმა ჯ------- ქ--------–-–---–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, მეწარმეს ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეული ხარჯები ზოგ შემთხვევაში გამოქვითული აქვს სრულად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ამორტიზაციის დარიცხვის გზით. სსკ-ის ნორმების თანახმად დაუშვებელია გამოქვითვის ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენება. შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საამორტიზაციო ანარიცხების სახით გამოქვითული ხარჯები, კერძოდ სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები ჩართულ იქნა შესაბამის ჯგუფებში და დაერიცხა ამორტიზაცია ჯგუფის ღირებულებით ბალანსის ნორმის შესაბამისად. მეწარმეს 2010 წელს შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები (სამშენებლო ტექნიკა და აღჭურვილობა) 2011 წლის საანგარიშო პერიოდში აღიარებული აქვს ძირითად საშუალებად, ამასთან აღნიშნული მასალების შეძენის ხარჯები გამოქვითულია 2010 წლის ერთობლივი შემოსავლიდან. სსკ-ის ნორმებიდან გამომდინარე დაუშვებელია ერთი და იგივე ხარჯის ორჯერ გამოქვითვა. შემოწმებით, გადამხდელის მიერ გამოქვითული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ღირებულებები, რომელთა ძირითად საშუალებად აღიარება მოხდა 2011 წლის საანგარიშო პერიოდში შეტანილ იქნა შესაბამისი წლის ერთობლივ შემოსავალში. აპელანტის მოსაზრებით სსკ-ის 111 მუხლის (ძვ. რედაქციით სკ-ის 183 მუხლი) ნორმების თანახმად დაუშვებელია გამოქვითვის აღნიშნული ორი მეთოდი.
აპელანტის განმარტებით, გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ესპანეთიდან იმპორტირებული საქონლის (მეორადი ა/მანქანების სათადარიგო ნაწილები და სხვადასხვა მეორადი სამშენებლო მოწყობილობები) ღირებულება გამოქვითული აქვს სასაქონლო დეკლარაციაში დაფიქსირებული შეფასებული ღირებულებით. გადამხდელმა იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად ვერ წარმოადგინა შეძენის დადასტურებული ინვოისები, რომლითაც შემოწმებისას შესაძლებელი იქნებოდა რეალურად გაწეული ხარჯების დადგენა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში საბაჟო მიზნებისათვის გაზრდილია საქონლის ღირებულება კორექტირების კოეფიციენტით, ხოლო მეწარმის მიერ საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯები გაზრდილი ღირებულებით ასახულია გამოქვითვებში. შემოწმებით დაკორექტირდა შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულებები და შესაბამისად დაკორექტირდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები წლების მიხედვით.
მედიაციის საბჭოს სხდომაზე გადამხდელმა განმარტა, რომ მან საჩივართან ერთად, დამატებით წარმოადგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ითხოვა მათ საფუძველზე ხარჯების კორექტირება. ინდ.მეწარმე ,,გ------ ნ---–--ის’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სხვადასხვა სახის ავტომანქანების, საამშენებლო ტექნიკის და აღჭურვილობის იმპორტი და გაქირავება. ინდ.მეწარმე ,,გ------ ნ---–--ე’’ ძირითადში იმპორტს აწარმოებდა ესპანეთის სამეფოდან, საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტორების განმარტებით გამოვლინდა ცალკეული დოკუმენტაცია, რომელსაც არ ახლდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სსკ 177 მუხლის (ძვ.რედაქია) მათ მიერ ამოღებული იქნა ხარჯებიდან, ისე, რომ მხედველობაში არც იქნა მიღებული სსკ 177 მუხლის 01.01.2009 წლამდე მოქმედი ნორმა - ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომლებიც დაკავშირებულია მის მიღებასთან. დავების მსვლელობის პროცესში აპელანტი მხარის მიერ არაერთხელ წარდგენილი იქნა შეძენის დოკუმენტაცია, რაც მცირედი ცვლილების შეტანის გარდა (15 237 ლარი ძირითადი გადასახადი) არ იქნა გათვალისწინებული. უფრო მეტიც აუდიტორს მათ მიერ მოწოდებული ყველა პრობლემური დეკლარაციის ირგვლივ დამატებით წარედგინა შესაბამისი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც თავის მხრივ მოიცავს ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა დოკუმენტაციას და ცალკეულ შემთხვევებში ესპანეთის ტერიტორიიდან საქონლის გამოსვლის საბაჟო დეკლარაციების ასლებს და სხვას. მიუხედავად აუდიტორების მტკიცებისა, რომ გათვალისწინებული იქნა ყველა შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, აპელანტ მხარეს რჩება გონივრული, დასაბუთებული ეჭვი, რომ ინდ.მეწარმე ,,გ------ ნ---–--ის” მიერ წარმოდგენილი მასალებით განსაზღვრული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ნაწილიც კი არ ასახულა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1-----2014 წლის №3---- ბრძანებით შემცირებულ თანხებში და დამატებით შემდგომ წარმოდგენილი მასალების განხილვის (შესწავლის) დროს.
აპელანტის განმარტებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მეწარმე იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების და საამშენებლო ტექნიკის შეძენის ღირებულებას აფიქსირებს ექსპერტის მიერ შეფასებული ღირებულებით, ამასთან გადამხდელის მიერ შემოწმებისას ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ძირითადი საშუალებების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (ინვოისი, ხელშეკრულება და სხვა) შემოწმებით დაკორექტირდა აღნიშნული ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შემთხვევაში ერთობლივ შემოსავლებში შესატანი ძირითადი თანხები. მეწარმეს ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეული ხარჯები ზოგ შემთხვევაში გამოქვითული აქვს სრულად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ამორტიზაციის დარიცხვის გზით. სსკ-ს ნორმების თანახმად დაუშვებელია გამოქვითვის აღნიშნული ორივე მეთოდის ერთობლივად გამოყენება, შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საამორტიზაციო ანარიცხების სახით გამოქვითული ხარჯები, კერძოდ სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები ჩართული იქნა შესაბამის ჯგუფებში და დაერიცხა ამორტიზაცია ჯგუფის ღირებულებით ბალანს.
აპელანტის განმარტებით, სსკ მე-8 მუხლის 31 პუნქტით - ძირითადი საშუალებაა მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს ადმინისტრაციის მიერ 2011 წელს განხორციელდა ეკონომიკურ საქმიანობაში მრავალჯერადი გამოყენების საქონლის კაპიტალიზაცია, რამაც შემდგომ შემოწმების პროცესში 2011 წელს გამოიწვია ერთობლივი შემოსავლების 253 007 ლარით გაზრდა იმ მიზეზით, თითქოს საწარმო ერთობლივი შემოსავლებიდან ორჯერ, ერთხელ როგორც სმფ-ა და მეორეთ ეტაპობრივად ამორტიზაციის გზით გამოქვითავდა ცალკეული დასახელების სმფ–ის შეძენაზე გაწეულ ხარჯებს. საწარმოს მონაცემებით 2010 წლის საქონლის ბრუნვა 1610 საბუღალტრო ანგარიშის მიხედვით წლის დასაწყისში საქონლის ნაშთი განისაზღვრებოდა 306 650 ლარით, 2010 წელს შეძენილი იქნა 663 966 ლარის საქონელი, რეალიზებული იქნა 664 850 ლარის საქონელი, ნაშთმა 01.01.2011 წლისათვის შეადგინა 305 798 ლარი, აღნიშნული საქონლიდან 2011 წლის დეკემბერში ძირითად საშუალებებში ატანილი იქნა 2010 წელს შეძენილი 253 007 ლარი. ფაქტიურად 2010 წლის საშემოსავლოს დეკლარაციით წლიური გადასახადის გაანგარიშებაში 253 007 ლარი ღებულობს მონაწილეობას ჯერ შეძენებში 786 082 ლარში ასახვით და შემდგომ 01.01.2011 წლისთვის სმფ-ის ნაშთში 305 896 ლარში ფიქსირებით. ამდენად იმის მტკიცებულება, რომ საწარმო ახორციელებს ორმაგ გამოქვითვას არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც იმით დგინდება, რომ 2010 წლის ბოლოსთვის დაფიქსირებულ 305 896 ლარის სმფ-ის ნაშთში შედის ძირითად საშუალებებში 2011 წელს ატანილი 253 007 ლარის სმფ-ა. 2011 წელს განხორციელდა 620 564 ლარის ღირებულების სმფ-ის კაპიტალიზაცია, რომელთაგან 253 007 ლარის საქონელი მოდის 2010 წლის ბოლოსათვის დაფიქსირებული სმფ-ინ ნაშთებიდან და რომლის სამართლებრივი საფუძვლები ეჭვისქვეშ არ დაუყენებია აუდიტორს, რაც დგინდება იმ ფაქტით, რომ შემოწმების შედეგებით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში სრულად აქვს აღიარებული საწარმოს მიერ 2011 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში აღიარებული 134 002 ლარის ამორტიზაციის მაჩვენებელი. ამდენად აუდიტორის შემდგომ კი შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს მტკიცებულებები ერთიდაიგივე თანხის ორჯერ, ერთხელ სმფ-ის, შემდგომ კი ეტაპობრივად ამორტიზაციის დარიცხვის გზით არ შეესაბამება სინამდვილეს.
გადამხდელის მიერ თანხის 253 007 ლარის 2010 წლის ბოლოს სმფ ნაშთში ფიქსირებით მან უკვე მონაწილეობა მიიღო 2010 წლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი სიდიდის გაანგარიშებაში, ამავე მუხლით 253 007 ლარით, თუ ის გაყიდული არ იქნებოდა 2011 წლის შედეგებში არ მიიღებდა მონაწილეობას. გადამხდელმა 2011 წელს მოახდინა 253 007 ლარის ღირებულების საქონლის კაპიტალიზაცია, ანუ გადაიტანა ძირითად საშუალებებში, როგორც ერთხელ უკვე დაბეგვრის რეჟიმში მომხდარმა ქონებამ, შესაბამისად მისი მეორედ დაბეგვრა ეწინააღმდეგება სსკ მოთხოვნების საფუძვლებს. გადამხდელს ეს ქონება რომ გაეყიდა, გადასახადის დამოანგარიშების დროს ხომ გამოაკლდებოდა შეძენაზე გაწეული ხარჯები.
ამდენად, აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი, საერთოდ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებები, რომლებიც არეგულირებენ საგადასახადო შემოწმების ჩატარების წესებს, ამდენად უნდა გაუქმდეს საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს ინდ.მეწარმე ,,გ------ ნ---–--ის’’ სარჩელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, - გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტისა) და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ „გ------ ნ---–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 1-----------ის გადაწყვეტილება - შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 1-----------ის №6---- ბრძანებისა და 2013 წლის 1-----------ის №8---- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივრის უარყოფის შესახებ; ამასთან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 1-----------ის №6---- ბრძანება და 2013 წლის 1-----------ის №8---- საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების (დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ჩათვლის საკითხის) გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2------------ის №4---- ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილების აღსრულებისა და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2-------ის №2---- ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 3--------ისა და 2014 წლის 2-------------ის დასკვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.03.2018წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე;
- მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და სადავო საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმის პროცესუალური წინაპირობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს არ დაურღვევიათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიიღეს მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საკითხის ხელახლა განხილვის დავალდებულების საფუძველი;
- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში, უკვე განხილულთან ერთად, სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები;
- სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა, რამდენადაც გასაჩივრებული აქტების მიღებისას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ზოგადად მიუთითა გამოსაკვლევ საკითხებზე და არ დაუსაბუთებია, რატომ იყო შეზღუდული თავად გამოეკვლია ისინი. მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხლვის საბჭოს მიერ რამდენჯერმე იქნა განხილული საჩივარი;
- სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს მოსარჩელე - გ------ ნ---–--ის მიერ სადავო დეკლარაციებთან მიმართებაში სრულად იყო თუ არა წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. თავად დაავალოს მოსარჩელეს იმპორტირებულ საქონელთან ერთად შეძენის დამადასტურებელი ინვოისების წარმოდგენა, რომლითაც დადგინდება რეალურად გაწეული ხარჯები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2011 წლამდე მოქმედი რედაქცია) 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად კი შესყიდული (ლიზინგის შემთხვევაში – გამოსყიდული) ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა ლიზინგით გაცემულისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების შესყიდვის (წარმოების) ღირებულება იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში; მათი მიწოდებისას მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომში შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად კი ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულება ეხება მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ შესყიდულ ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებულ, ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს. ამ მუხლის მე-13 ნაწილის ამოქმედებამდე შესყიდული ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი–მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულების გამოყენებისას გადასახადის გადამხდელს უფლება არა აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა 5 წლის განმავლობაში შეცვალოს. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთ ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვიანიდან, ი/მ „გ------ ნ---–--ეს“ გამოქვითვის ორივე მეთოდი ჰქონდა გამოყენებული, სააპელაციო სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და ინდ მეწარმის მოთხოვნის ფარგლებში შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერება, ხოლო თუ დავის გადაწყვეტისას საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით, თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას და რატომ თქვა უარი საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული სარჩელით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე.
საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ მათ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო ხარჯის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება და ადმინისტრაციული ორგანომ არ გაითვალისწინა ისინი, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
მხარეთა შორის სადავოა შემდეგი დეკლარაციები: №-----------------------------------------------------------------------, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ლ---–-------ემ და ქ-------------–-–---–მა (შემოწმების ჩამტარებელი პირები) განმარტეს, რომ №------------------- დეკლარაციები შემოწმების დროს არ იყო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი. №--------------------------------------------------------------------- დეკლარაციებს არ ახლდა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, №---- და №---- დეკლარაციების ავთენტურობა ვერ იქნა დადასტურებული სათანადო წესით, №---- დეკლარაციას ახლდა მხოლოდ შესყიდვის ,,ჩეკი’’ რაც არ არის შესაბამისი მტკიცებულება, დეკლარაციაზე კი შემმოწმებელთან წარდგენილი არ იყო შესაბამისი ინვოისი.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის ქონას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. სალარო აპარატის ქვითრები, სალაროს შემოსავალ-გასავლის ორდერები, ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაქონლო დეკლარაციები, კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებები, საწარმოს დირექტორის ბრძანებები, როგორც წესი, არ აკმაყოფილებენ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის განხილვის მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილია №---- (ტ. 4. ს.ფ. 13-14), №6------------- (ტ. 4. ს.ფ. 101-111), №6------------- (ტ.4. ს.ფ. 145-149), №---- (ტ.4. ს.ფ. 204-206), №---- (ტ.4. ს.ფ. 208-209), №----- (ტ.4. ს.ფ. 131-133) და №--- (ტ.4. ს.ფ. 34-37) საბაჟო დეკლარაციები, რომლებიც ადასტურებენ საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაკვეთას, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტებით არ დასტურდება საქონელზე ხარჯების რაოდენობა. რაც შეეხება №---- დეკლარაციას (ტ.4. ს.ფ. 258-260) ახლავს მხოლოდ სალარო აპარატის ქვითარი, რომელიც ასევე არ ადასტურებს საქონელზე გაწეულ ხარჯს. ასევე არ ადასტურებს სათანადო წესით ხარჯის გაწევას №---- (ტ.4. ს.ფ. 138-139) და №---- (ტ.4. ს.ფ. 52-54) დეკლარაციებზე თანდართული დოკუმენტები, ხოლო რაც შეეხება №---- (ტ.4. ს.ფ. 24- 25), №5972 (ტ.4. ს.ფ. 31-34) და №----- (ტ.4. ს.ფ. 50-51) დეკლარაციებს, როგორც შემმოწმებლებმა განმარტეს აღნიშნული დეკლარაციები შემოწმების დროს წარდგენილი არ ყოფილა. გარდა ზემოაღნიშნული დეკლარაციებისა მოსარჩელემ ასევე სადაო გახადა 1----------------------- და 2006 წლის დეკლარაციების გაუთვალისწინებლობა შემმოწმებლების მიერ, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
აპელანტი (მოსარჩელე) თავისი მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მას გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა და ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოქვითა დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯი. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელი იშველიებს შპს ,,ბ-----------ის’’ 2015 წლის 15 სექტემბრის დასკვნას. მითითებული დასკვნით ირკვევა, რომ იგი მომზადებულია თავად ი/მ „გ------ ნ---–--ის“ მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ბაზაზე. აღნიშნული დასკვნით არ დასტურდება, რომ ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმებისას მეწარმის მიერ შემმოწმებლისათვის წარდგენილი იქნა ყველა დოკუმენტი, ანუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მას გააჩნია - №-----------------------------------------------------------------------, №6-------------, №----, №----, №---- - დეკლარაციებში მითითებული საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, - ზემოაღნიშნული დასკვნით არ დასტურდება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არაერთხელ იქნა განხილული ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი - შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 5------ის №2---- ბრძანებით, გ------ ნ---–--ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 2-----------ის №3---- ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული №0----- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გადასახადის გადამხდელს დაევალა წარედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების (საქონლის შეძენისა და მივლინების ხარჯის) დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შედეგების მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 1--------–ის №2---- ბრძანებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2------------ის №4---- ბრძანებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მეწარმის მიერ დამატებით წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩართოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2------------ის №4---- ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად შესწავლილი იქნა მეწარმის მიერ წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები და დარიცხული საგადასახადო თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები გათვალისწინებული იყო მიმდინარე შემოწმებისას და შესაბამისად გამოქვითული იყო შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილებით ი/მ „გ------ ნ---–--ის“ საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2----------ის №4---- ბრძანების ბათილად ცნობას დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ი/მ „გ------ ნ---–--ეს“ მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადაო საკითხის განხილვა მეწარმის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება.
2015 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ი/მ ,,გ------ ნ---–--ის’’ მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სისწორის შესწავლა და დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის თაობაზეც 2015 წლის 3--------ს შედგა დასკვნა და შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები დამატებით რომ საგადასახადო ორგანოში არ იყო წარდგენილი აღნიშნულს ადასტურებს თავად მეწარმის წარმომადგენლის 2015 წლის 27 მარტის განცხადება (ტ.2. ს.ფ. 167), სადაც აღნიშნულია, რომ 2015 წლის 27 მარტს ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში მეწარმის წარმომადგენელმა და შემოწმების ჯგუფმა შეისწავლა საკითხები ი/მ „გ------ ნ---–--ის“ 2014 წლის 26 დეკემბრის საჩივარზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. შედარებული იქნა შემოწმების პერიოდში წარდგენილი და შემდგომ გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ხარჯის დოკუმენტები და მათი ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საკითხი. ი/მ „გ------ ნ---–--ის“ მიერ აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების ჯგუფისათვის დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი არ ყოფილა.
აპელანტის (მოსარჩელის) განმარტებით, მას არ გააჩნია საქონლის შეძენის დამადასტურებელი ინვოისები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა რეალურად გაწეული ხარჯების დადგენა. როგორც საგადასახადო ორგანოში ასევე სასამართლოში, იმპორტირებულ საქონელზე წარმოდგენილი აქვს მხოლოდ სასაქონლო დეკლარაციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2011 წლამდე მოქმედი რედაქცია) 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად კი შესყიდული (ლიზინგის შემთხვევაში – გამოსყიდული) ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა ლიზინგით გაცემულისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების შესყიდვის (წარმოების) ღირებულება იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში; მათი მიწოდებისას მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომში შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად კი ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულება ეხება მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ შესყიდულ ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებულ, ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს. ამ მუხლის მე-13 ნაწილის ამოქმედებამდე შესყიდული ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი–მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლის მე-13 ნაწილის დებულების გამოყენებისას გადასახადის გადამხდელს უფლება არა აქვს, არჩეული გამოქვითვის ნორმა 5 წლის განმავლობაში შეცვალოს. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან მეწარმეს გამოქვითვის ორივე მეთოდი ჰქონდა გამოყენებული, შემმოწმებლების მიერ დეკლარირებული საამორტიზაციო ანარიცხების სახით გამოქვითული ხარჯების დაკორექტირება - სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებები ჩართული იყო შესაბამის ჯგუფებში და დაერიცხა ამორტიზაცია ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის ნორმის შესაბამისად, სრულ შესაბამისობაშია საკანონმდებლო მოთხოვნებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან დაცულია.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც გ------ ნ---–--ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ გ------ ნ---–--ეს არ დაუბრუნდება მის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 39.3 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ინდ. მეწარმე ,,გ------ ნ---–--ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი