განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2018
საქმის ნომერი
330210016001480762
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001480762

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/671-18 24 სექტემბერი, 2018 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე

 

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ---------–------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა----------------ა“

წარმომადგენელი - ე-–-----------ე

 

მესამე პირი - შპს „დ-----“

 

დავის საგანი - საგარანტიო თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „ა----------------ას“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2013 წლის 20 თებერვლის NF------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის - 7011.03 ლარის გადახდის დაკისრება.

 

1.2 . სს „ა----------------ას“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2013 წლის 20 თებერვლის NF------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის - 11 167.12 ლარის გადახის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 885-ე-889-ე მუხლების საფუძველზე.

 

4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

5.1. აპელანტის განმარტებით, სახელწიფო შესყიდვის შესახებ N1------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 16 აპრილს N07-------- წერილით შპს „დ-----“-ს ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის, გლდანულას გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 10 მაისამდე (9 მაისის ჩათვლით). ხელშეკრულების შესაბამისად, ვადის დარღვევა საპატიო იქნებოდა, თუ სამუშაოები შესრულდებოდა 10 მაისიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ანუ 2013 წლის 08 ივნისის ჩათვლით (და არა 9 ივნისის ჩათვლით, როგორც ამას სასამართლო უთითებს). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა ვადის დარღვევით 2013 წლის 11 ივნისს (ვადაგადაცილება 3 დღე), შესაბამისად, 2013 წლის 10 მაისიდან 31-ე კალენდარულ დღეს - 9 ივნისს ამოქმედდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი.

 

5.2. სასამართლოს მითითება, რომ ვადის გადაცილება 2 დღით არ წარმოადგენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც შეიძლება საგარანტიო თანხის გამოთხოვის საფუძველი გახდეს, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საბანკო გარანტიის არსს და მიზანს. ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს სწორედ ამ კუთხით უნდა შეემოწმებინა სარჩელის საფუძვლოანობა, კერძოდ, უნდა დაედგინა, შეესაბამებოდა თუ არა მოთხოვნა გარანტიის პირობებს და იყო თუ არა იგი წარდგენილი ვადის დამთავრებამდე.

 

5.3. საბანკო გარანტიის შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს სახელშეკრულებო თავისუფლებაში და განსაზღვროს 2 დღით ვადაგადაცილება არსებითი დარღვევაა თუ არაარსებითი. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისობას საგარანტიო პირობებთან. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა, რა შემთხვევაში ჩამოერთმეოდა მიმწოდებელს საბანკო გარანტია, კერძოდ, თუკი ადგილი ექნებოდა კონკრეტულ ობიექტზე გაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილებას. აღნიშნული ვადის თუნდაც ერთი დღით დარღვევა საბანკო გარანტიის ჩამორთმევის წინაპირობაა.

 

5.4. რაც შეეხება, N1------------ ხელშეკრულებას, აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არასწორად დაეყრდნო ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 14 ივნისის N0------------- წერილს და არასწორად განმარტა, რომ 2013 წლის 16 აპრილის წერილით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 2013 წლის 24 ივნისამდე, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 2013 წლის 2 ივლისს, რის გამოც ხელშეკრულების 12.3 პუნქტით დადგენილ 30 დღიანი ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 2013 წლის 16 აპრილის და 2013 წლის 14 ივნისის წერილობითი დავალებები წარმოადგენს ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ დავალებას და 14 ივნისის წერილით ვერ განხორციელდებოდა 16 აპრილის წერილობითი დავალებით განსაზღვრული ვადის ცვლილება.

 

5.5. აპელანტი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 16 აპრილის წერილით სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 30 აპრილამდე, შესაბამისად, 2013 წლის 14 ივნისს (ვადის გასვლიდან 46 დღის შემდეგ) ვეღარ მოხდებოდა მისი გაზრდა. ამასთან, ახალი წერილობითი დავალების გაცემამდე (2013 წლის 14 ივნისამდე) უკვე ამოქმედებული იყო ხელშეკრულების 12.3 პუნქტი (2013 წლის 30 მაისისთვის). ამდენად, სახეზე იყო ხელშეკრულებით დადგენილი 30 დღიანი ვადის გადაცილება და შესაბამისად არსებობდა, საბანკო გარანტიის ჩამორთმევის წინაპირობა.

 

5.6. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2 063.96 ლარისა და 1 166.52 ლარის ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ძირითადი მოთხოვნა წარდგენილია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში (2014 წლის 31 იანვარს), ხოლო მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

8. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

9 ქ. თბილისის მერიასა და შპს „დ-----“-ს შორის 2013 წლის 25 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------------ ხელშეკრულება თანხაზე - 479 997.98 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გლდანის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა მიმართეს გარანტირების მექანიზმს, საბანკო გარანტიას, რომელიც გაიცა სს „ს-------------------------------“ მიერ 14400 ლარის ოდენობით, 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

 

10. ქ. თბილისის მერიასა და შპს „დ------“-ს შორის 2013 წლის 25 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------------ ხელშეკრულება თანხაზე - 416 999.90 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, სამგორის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა მიმართეს გარანტირების მექანიზმს, საბანკო გარანტიას, რომელიც გაიცა სს „ს-------------------------------“ მიერ 12510 ლარის ოდენობით, 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

 

11. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1------------ და N1------------ ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებების 4.1. პუნქტის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტების მისამართი, დეფექტური აქტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის (წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის სახით) მიერ ეტაპობრივად ეცნობება მიმწოდებელს. მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

12. ხელშეკრულებების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ იქნა შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარების წესი, რომლის თანახმად: შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ და წარუდგინოს ანგარიშები (შესრულებული ვალდებულების შესახებ); მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შემსყიდველის მიერ დაქირავებული საექსპერტო ჯგუფი განახორციელებს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმებას და შემოწმების შედეგებს აცნობებს შემსყიდველს, რის შემდეგაც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი (შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 მუხლში მითითებული პირები).

 

13. ხელშეკრულებების მე-12 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ თუ რა ჩაითვლებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობად:

 

13.1. ხელშეკრულებების 12.3. პუნქტის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით.

 

13.2. ამავე ხელშეკრულებების 12.4. პუნქტის თანახმად, კი თუ მიმწოდებლის მიერ გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეული არის შემსყიდველის მიერ დაქირავებული საექსპერტო ჯგუფის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმებისათვის აუცილებელი დროის გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული წინამდებარე ხელშეკრულების 12.2. და 12.3. პუნქტებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

 

14. საბანკო გარანტიის თანახმად, გარანტმა იკისრა ვალდებულება, რომ საგარანტიო თანხას, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე გადაიხდიდა.

 

15. ქ. თბილისის მერიამ 2014 წლის 31 იანვარს წერილობით მიმართა მოპასუხე სს „ა----------------ას“, შპს „დ-----“'-სთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის, ვადაგადაცილების გამო, საგარანტიო თანხების ნაწილის - 11 167.12 ლარის ნაცვლად - 9103.15 ლარის და 7011.03 ლარის ნაცვლად 5844.50 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე.

 

16. 2014 წლის 25 ივლისს ქ. თბილისის მერიამ კვლავ მიმართა წერილობით მოპასუხე სს „ა----------------ას“, შპს „დ-----“'-სთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის (ვადაგადაცილების გამო), საგარანტიო თანხები სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა. კერძოდ, 2013 წლის 25 თებერვლის N1------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულების გარანტიის სახით, მოითხოვა 7011.03 ლარი, ხოლო 2013 წლის 25 თებერვლის N1------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11 167.12 ლარი

 

17. დადგენილია, რომ შპს „დ-----“-ს მხრიდან N1------------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გლდანის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესახებ, უნდა შესრულებულიყო - 2013 წლის 10 მაისამდე, ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად ვადის დარღვევად არ ჩაითვლებოდა, თუ ხელშეკრულება შესრულდებოდა 10 მაისიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ანუ 2013 წლის 9 ივნისის ჩათვლით, დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდა - 2013 წლის 11 ივნისს (2013 წლის 16 აპრილის N07-------- წერილი .ს.ფ.164, მიღება-ჩაბარების აქტი, .ს.ფ. 165-166).

 

18. რაც შეეხება, N1------------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში ისანი-სამგორის რაიონში, დავითაიას, ჯავახეთის, საცხენისის და ვარკეთილში გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოებს, დადგენილია, რომ 2013 წლის 16 აპრილს N07-18/2997 წერილით შპს „დ-----“-ს სამუშაოების შესასრულებლად განესაზღვრა ვადა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის ჯავახეთის ქუჩის სამუშაოების შესასრულებლად - 2013 წლს 30 აპრილამდე. ხოლო საქმეზე წარმოდგენილი 2013 წლის 14 ივნისის N0------------- წერილით, კი აღნიშნული ვადა გაგრძელდა - 2013 წლის 24 ივნისამდე, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი შედგა - 2013 წლის 2 ივლისს.

 

19. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ვადის 2 დღით გადაცილება არ მიიჩნია ისეთ არსებით გარემოებად, რაც შეიძლებოდა საგარანტიო თანხის გამოთხოვის საფუძველი გამხდარიყო. მოპასუხე მხარე (გარანტი) კი შესაგებელს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც მოაპსუხის მოსაზრებით, საგარანტიო თანხის ანზღაურებაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველია.

 

20. სააპელაციო პალატა მოწინააღმდეგე მხარის შედავების საპირისპიროდ მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის არსი, იურიდიული ბუნება და, სახელშეკრულებო სამართალში, მისი როლი (იხ., №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი): „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.

 

21. ამდენად, საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი“ (იხ. სუსგ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-562-871-09).

 

22. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება. სამოქალაქო კოდექსის 885.I მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. მოთხოვნაში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-894-834-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი) გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანსკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.

 

23. სსკ-ის 887.I მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

24. განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ბენეფიციარმა გარანტიის მოქმედების ვადაში წარუდგინა გარანტს წერილობითი მოთხოვნა და პრინციპალის მიერ ნაკისრი ხელშეკრულებების დარღვევის გამო, მოითხოვა საგარანტიო თანხების ანაზღაურება, რითაც შეასრულა გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულება. სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილია, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია. მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას.

 

25. პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარდგენის რაიმე სპეციალურ პირობებზე, როგორიც არის,- პრინციპალის მიერ დარღვეული ვალდებულების კონკრეტული აღწერა ან/და ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, მხარეები არ შეთანხმებულან. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს მოპასუხის შედავებას, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ბენეფიციარს გარანტისთვის ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება არ გააჩნდა.

 

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

27. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი). დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან.

 

28. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საბანკო გარანტია რაიმე დამატებით პირობას არ ითვალისწინებდა და მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე. რაც შეეხება, ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გარანტი არათუ მოცემულ შემთხვევაში, არამედ მაშინაც კი არის ვალდებული შეასრულოს ბენეფიციარის მოთხოვნა, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-894-834-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი).

 

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საბანკო გარანტიაში არსებული მითითება იმის თაობაზე, რომ „მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე გარანტი იღებს ვალდებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა აუნაზღაუროს ბენეფიციარს“, გულისხმობს გარანტისთვის ინფორმაციის მიწოდებას, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის და საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის თაობაზე. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა მოპასუხის მტკიცება, რომ გარანტიის პირობას წარმოადგენდა ბენეფიციარის ვალდებულება, უტყუარად დაემტკიცებინა გარანტისთვის პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას კონკრეტული საბანკო გარანტია არ მოიცავდა. ((საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სწორედ, ამ სამართლებრივი საფუძვლით არ გაიზიარა ბანკის საკასაციო პრეტენზია გარანტიის დაკმაყოფილების წანამძღვრებად ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და დარღვევის ხასიათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ას-894-834-2017 03 ნოემბერი, 2017 წელი; „საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.“ იხ. სუსგ. #ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი). პრინციპალის სამართლებრივი დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალს რეგრესის წესით მოუწევს თანხის ანაზღაურება გარანტისთვის და ამავდროულად ექნება პრეტენზია ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან, შესრულების ხარისხთან, ვადასთან და. ა.შ, მას შეეძლება ედავოს ბენეფიციარს და აღნიშნული დავის ფარგლებში, ხელშეკრულების მხარეთა მონაწილეობით შეიძლება დადგინდეს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ესა თუ ის გარემოება.

 

30. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 9103.15 ლარის და 5844.50 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა გარანტს წარუდგინა საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ა----------------ას“ მიერ 9103.15 ლარის და 5844.50 ლარის ოდენობით საბანკო გარანტიის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

37. რაც შეეხება, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის მოთხოვნას დარჩენილ ნაწილში, პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად, საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, გარანტიის თანხის მოთხოვნის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის პირველი ივლისის №ას-1353-1277-2012 გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის №ას-781-996-08 გადაწყვეტილება).

 

38. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სს „ა----------------ას“ წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს „დ-----“-ს მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო საბანკო გარანტიით განსაზღვრული საგარანტიო თანხების ნაწილის - 11 167.12 ლარის ნაცვლად - 9103.15 ლარის და 7011.03 ლარის ნაცვლად 5844.50 ლარის ანაზღაურების თაობაზე. 2014 წლის 25 ივლისს ქ. თბილისის მერიამ კვლავ მიმართა წერილობით მოპასუხე სს „ა----------------ას“ და ამჯერად 2013 წლის 25 თებერვლის N1------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულების გარანტიის სახით, 7011.03 ლარის, ხოლო 2013 წლის 25 თებერვლის N1------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 11 167.12 ლარის ანაზრაურება მოითხოვა.

 

40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია გარანტის მიერ საბანკო გარანტიის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

41. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 28 თებერვლის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 01 თებერვლამდე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 063.96 ლარის (11 167.12 ლარ - 9103.15 = 2063.96) და 1 166.52 ლარის (7011.03 - 5844.50 =1 166.52) ლარის ანაზღაურების მოთხოვნით სს „ა----------------ას“ მიმართა 2014 წლის 25 ივლისს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნა აღნიშნული თანხების ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი იქნა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში, აპელანტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ სს „ა----------------ას“ მიმართ 2014 წლის 25 ივლისს გაგზავნილი წერილი წარმოადგენდა 2014 წლის 31 იანვარს გაგზავნილი მოთხოვნის დაზუსტებას და არა ახალ მოთხოვნას, თუმცა აპლანტმა აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებაში სასამართლოს კვალიფიციური დასაბუთება ვერ წარუდგინა, რაც აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

42. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

 

საპროცესო ხარჯები

 

44.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

44.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

44.3. განსახილველ შემთხვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სს „ა----------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის პროპორციულად - 1046.32 (448.42+597.90) ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. სს „ა----------------ას“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 5844.50 ლარის გადახდა.

 

5. სს „ა----------------ას“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 9103.15 ლარის გადახდა.

 

6. სს „ა----------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1046.32 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე