განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001986728
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3050-18 27 სექტემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი – გ----------------–---–ი
წარმომადგენელი – ტ----------------ვა
მოწინააღმდეგე მხარე – მა-------------------ა
წარმომადგენელი – დ--–-------------ე
დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე გ----------------–---–ისთვის მოსარჩელე მა-------------------ას სასარგებლოდ
8 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. მა-------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ----------------–---–ს მოსარჩელე მა-------------------ას სასარგებლოდ დაეკისრა 8 000 აშშ დოლარის გადახდა;
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 327-ე, 976-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე გ----------------–---–მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად, რომ 2015 წლის 20 ივლისს მა-------------------ასა და გ----------------–---–ს შორის საცხოვრებელი სახლის შეძენის თაობაზე შეთანხმება შედგა. რეალურად, მხარეებს შორის არსებული შეთანხმებით (2015 წლის მაისის ხელწერილით) გ----------------–---–ს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მა-------------------ასთვის უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი 7.60 - 6.80-ზე; გადაეხურა თუნუქის თეთრი სახურავით, ჩაესვა თეთრი ფერის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები, გაელესა გაჯით და დაესხა ბეტონის მოჭიმული იატაკი, ხოლო მა-------------------ას გ----------------–---–ისთვის უნდა გადაეხადა 15 000 აშშ დოლარი.
6. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მა-------------------ამ დაარღვია შეთანხმების პირობები და ნასყიდობის საგნის საფასურიდან - 15 000 აშშ დოლარიდან გადაიხადა მხოლოდ 8 000 აშშ დოლარი, რამაც გ----------------–---–ი მატერიალურად დააზარალა. კერძოდ, მან რამდენიმეჯერ აიღო სესხი, იპოთეკით დატვირთა ბინა, რაც შემდგომში იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაციის საფუძველი გახდა.
7. სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, რამაც, საბოლოოდ, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
10. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
11. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. 2015 წლის 20 ივლისს, მ---------------------ას და გ-----------------–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად გ----------------–---–ს უნდა გაერემონტებინა საცხოვრებელი სახლი და შემდგომ საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელისთვის. თავის მხრივ, მა-------------------ას, ნასყიდობის საგნის საფასურის სახით, გ----------------–---–ისთვის უნდა გადაეხადა 15 000 აშშ დოლარი. მა-------------------ამ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, გ----------------–---–ს წინასწარ გადაუხადა 8 000 აშშ დოლარი.
9.2. სარჩელის თანახმად, მხარეთა მიერ შეთანხმების გაფორმებიდან მეორე დღეს - 2015 წლის 21 ივლისს, მოპასუხემ სადავო ბინა საკუთრებასი გადაუფორმა მეუღლეს - ნ------------ეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით (იხ. ს.ფ.18). აღნიშნული გარემოება მოპასუხის შესაგებლით შედავებული არ არის.
9.3. მოპასუხემ შეთანხმებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელესთან არ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით, რის გამოც მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით წინასწარ გადახდილი თანხის 8000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას მოითხოვს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სააპელაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
11. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია არაკვალიფიციური შესაგებელი - იგი არ შეიცავს მითითებებს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემობების საპირისპირო გარემოებებზე და არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასეთი შესაგებელი განიხლება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ ჰარალდ რიჰტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“).
12. ამდენად, უდავო გარემოებაა, რომ 2015 წლის 20 ივლისს გაფორმებული დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამყიდველის მიერ გარკვეული სამუშაოების განხორციელების შემდეგ უძრავ ქონებაზე დაიდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება. უდავოა ასევე, გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წინაწარ იქნა გადახდილი ნასყიდობის ფასის ნაწილი - 8 000 აშშ დოლარი, ხოლო ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი - 7 000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო მოგვიანებით. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად, მა-------------------ას არ წარმოშობია ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება.
13. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება წარმოადგენს.
13.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
13.2. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
13.3. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
13.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ გ----------------–---–ს (ვითომ კრედიტორს) შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვს მიღებული მა-------------------ას კუთვნილი 8000 აშშ დოლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა და მიღებული თანხა დაბრუნებას ექვემდებარება. ამ ნორმის მიზნებისთვის, მოცემული დავის ფარგლებში უნდა დავასკვნათ, რომ მხარეებმა თავიდან განიზრახეს ვალდებულებითი ურთიერთობის დამყარება და მოსარჩელემ შესაბამისი მოქმედებაც შეასრულა - თანხა გადაიხადა, თუმცა მეორე მხარის მოქმედების შედეგად არ მოხდა სასურველი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის დადგომა. მაშასადამე, უნდა მოხდეს გადაცემული თნხის უკუქცევა მოსარჩელის სასარგებლოდ.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
15. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე