განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115767639
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1507-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები - თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ი----- გ----–--- (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ-------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ი--------–------- (მოსარჩელე)
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 04.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი--------–-------მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ი----- გ----–--ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სასარჩელო მოთხოვნა:
ი----- გ----–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს:
- 35 907 აშშ დოლარი, საიდანაც 30 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 5907 აშშ დოლარი პროცენტი.
- მატერიალური ზიანის 35 907 აშშ დოლარის წლიური 5%-ის ანაზღაურება 2015 წლის 31 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. დაზუსტებული სარჩელი ტ.1, ს.ფ. 140-142).
3. სარჩელის საფუძვლები:
15.05.2014წ. მოპასუხემ მოსარჩელისაგან ხელწერილის საფუძველზე ისესხა 15 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, ყოველთვიურად 3% სარგებლის დარიცხვით. 20.05.2014წ. გაფორმებული ხელწერილის საფუძველზე მოპასუხემ ისესხა 7000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით, ხოლო 29.05.2014წ. 6000 აშშ დოლარი თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. 11.06.2014წ. შედგენილი ხელწერილის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელისაგან დამატებით ისესხა 2000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. ი----- გ----–--ის ვალი ი--------–-------ს წინაშე შეადგენს 35 907 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხა 30 000 აშშ დოლარი და პროცენტი 5907 აშშ დოლარი). მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და არ აბრუნებს სესხად აღებულ თანხას.
მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს ადგება მატერიალური ზიანი, კერძოდ, თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მას შეეძლო თანხის კომერციულ ბანკში ანაბარზე განთავსებით მიეღო დამატებითი შემოსავალი პროცენტის სახით, წლიური 5 %-ის ოდენობით.
4. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელისგან თანხის სესხად მიღების ფაქტს.
ამასთან, სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასესხო ვალდებულება შეწყდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, კერძოდ, 30 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შპს „ი--------მა“, რომლის დირექტორიცაა მოპასუხე ი----- გ----–---, მოსარჩელისაგან შეიძინა 30 000 აშშ დოლარის უძრავი ქონება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. ი--------–-------ს სარჩელი, ი----- გ----–--ის მიმართ, დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხე ი----- გ----–---ს, ი--------–-------ს სასარგებლოდ, დაეკისრა 35 907 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 30 000 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 5907 აშშ დოლარი.
3. მოპასუხე ი----- გ----–---ს, ი---- კ--–-------ს სასარგებლოდ, დაეკისრა 2015 წლის 31 მარტიდან 35 907 აშშ დოლარის წლიური 5%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე,5.1. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 27 სექტემბერს, 12 საათზე სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70- 78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ი----- გ-----–--ე სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილებული იქნა სასამართლოს უწყების მეშვეობით, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათით.
2017 წლის 27 სეტქემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ი----- გ----–--- არ გამოცხადებულა, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით, შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-627-ე, 400-ე 411-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.
საჩივრის საფუძვლები
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.10.2017წ. საჩივრით მიმართა მოპასუხემ, ამავე სასამართლოს 27.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ.349).
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2017წ. განჩინებით მოპასუხე ი----- გ-----–---ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყევტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 240-ე, 241-ე, 215-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 04.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი----- გ----–---მ და მოითხოვა მათი გაუქმება.
8.1. მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.
8.2. სასამართლოს საჩივარი არ უნდა განეხილა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება
9. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
10. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი--------–-------მ (შემდგომში „მოსარჩელე“ , „მოწინააღმდეგე მხარე“) ი----- გ----–--ის (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
11. 27.09.2017წ. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ მოპასუხე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხეს გაეგზავნა უწყება (ტ.1, ს.ფ.332) და ჩაბარდა პირადად (ტ.1, ს.ფ.335). უწყების ჩაბარების ფაქტი არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო.
12. 27.09.2018წ. დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.12.2017წ. განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 27.09.2018წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
14. აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს გარემოებას მასზედ, რომ კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები (ტ.2, ს.ფ.4-12).
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ამდენად, უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალავი წინაპირობა.
16. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით და არ იყო ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
16.1. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელეს 01.04.2015წ. გადაეცა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად, ხოლო 02.04.2015წ. ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და განემარტა 2 თვიან ვადაში ჩაბარების დასტურის სასამართლოში წარდგენის ვალდებულების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 26, 32).
16.2. 20.05.2015წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ მოპასუხე თავს არიდებდა გზავნილის ჩაბარებას და იშუამდგომლა მისთვის გზავნილის ჩაბარება სასამართლო კურიერის მეშვეობით (ტ.1, ს.ფ.92-96).
16.3. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კურიერმა მოპასუხეს სარჩელი ჩააბარა 27.05.2018წ. (ტ.1, ს.ფ. 105).
16.4. უშუალოდ 27.05.2018წ. ჩაბარების შემდგომ 03.06.2015წ. სასამართლოში წარდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ნათლად და არაორაზროვნად ჩანს, რომ მოპასუხე იცნობს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს (ტ.1, ს.ფ.106-118). შესაგებელი ხელმოწერილი აქვს მოპასუხის წარმომადგენელს ხ------- დ------ს, რომელზე გაცემული მინდობილობაც ერთვის შესაგებელს (ტ.1, ს.ფ.113,114).
მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელისგან თანხის სესხად მიღების ფაქტს. ამასთან, სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასესხო ვალდებულება შეწყდა ურთიერთმოთხიოვნათა გაქვითვით, კერძოდ, 30 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შპს „ი--------მა“, რომლის დირექტორიცაა მოპასუხე ი----- გ----–---, მოსარჩელისაგან შეიძინა 30 000 აშშ დოლარის უძრავი ქონება.
16.5. 04.08.2015წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელემ. მასვე გადაეცა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლი მოპასუხისათვის ჩასაბარებლად, ხოლო 08.08.2015წ. ეცნობა დაზუსტებული სარჩელი წარმოებაში მიღების და მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენის თაობაზე (ტ.1, ს.ფ.163).
16.6. 23.09.2015წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარადგინა მოპასუხისათვის დაზუსტებული გზავნილის ჩაბარების დასტური (ს.ფ.161,165). შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ გზავნილი ჩაბარდა ნ------- მ------–---–ს (ზედამხედველს) შემდეგ მისამართზე: თბილისი, ფ--–--–---–-ს ქ----- პ------–-----------–-- სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ იმავე მისამართზე მოპასუხეს პირადად აქვს ჩაბარებული გზავნილი, სადაც შეტყობინების ბარათზე ფოსტის თანამშრომლის მიერ კალმითაა მიწერილი „ი--------ი“ (ტ.1, ს.ფ.47). როგორც მოპასუხე მის მიერ წარდგენილ შესაგებელში უთითებს - იგი არის შპს „ი--------ის“ დირექტორი (ტ.1 , ს.ფ.108). ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ თბილისი, ფ--–--–---–-ს ქ----- პ------–-----------–-, არის მოპასუხის ფაქტობრივი სამუშაო ადგილის მისამართი, სადაც გზავნილი ჩაბარდა.
16.7. დაზუსტებული სარჩელის ჩაბარების ფაქტს ადასტურებს ასევე გარემოება მასზედ, რომ 16.09.2015წ. მისი ჩაბარების შემდგომ შესაგებელი წარდგენილია 10 დღიანი ვადის (ტ.1, ს.ფ.161) დაცვით (26.09.2015წ. იყო შაბათი, შესაგებელი წარდგენილია მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 28.09.2015წ.). მასში მოხსენიებულია თავდაპირველ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელიც (ტ.1, ს.ფ.166-173).
16.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა როგორც სარჩელი და თანდართული მასალა, ასევე დაზუსტებული სარჩელი და თანდართული მასალები.
ამდენად, მოპასუხეს ჩაბარებული ჰქონდა როგორც თავდაპირველი სარჩელი, ისე დაზუსტებული სარჩელი და გზავნილის ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ორივე მათგანზე წარდგენილი იყო შესაგებელი. შესაბამისად, მოპასუხე სრულად იყო ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.
17. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ რაიმე საპატიო მიზეზი, რაც 27.09.2018წ. სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე არც თავად მოპასუხე უთითებს.
18. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე წინაპირობა.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.
19. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 04.12.2017წ. განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება გარემოება მასზედ, რომ სასამართლომ საჩივარი განიხილა მოპასუხის წარმომადგენლის დასწრების გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
20. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
21. აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2018წ. განჩინებით გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1651.72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- გ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 04.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. ი----- გ----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1651.72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი