განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020211417700038345
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 498
11 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტი: შპს „მ------------–-“
წარმომადგენელი: დანიელ ხინიკაძე
მოწინააღმდეგე მხარე: ბ-–---------ე, ი--------–------ე
წარმომადგენელი: გ-------–----ე
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება;
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შპს ”ბ------–-ა” (ყოფილი ლომბარდი შპს ,,ა-----”) ბ-–---------ეს, 2009 წლის 25 დეკემბერს, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, 6 თვით ასესხა 30 260 ლარის ექვივალენტი 18070 აშშ დოლარი. მხარეებმა ყოველთვიური სარგებელი 4%-ით განსაზღვრეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე და 625-ე მუხლები).
2. სესხის, 14 570 აშშ დოლარის, დაბრუნებას უზრუნველყოფდა ი--------–------ის კუთვნილი ქ. თბილისში, მ--------------ი, კ-----------, კ--------–---------ე, მდებარე უძრავ ნივთზე (ბინა#--, ფართით 53.14 კვ.მ, ს/კ 0----------------------) დადგენილი იპოთეკა (სსკ-ის 289-ე და 311-ე მუხლის პირველი ნაწილები).
3. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ვალდებულების შესრულების დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებას, პირგასამტეხლოს (4%) (სსკ-ის 417- ე, 418-ე მუხლები).
4. 2010 წლის 24 ივნისის წერილობითი შეთანხმებით, მხარეებმა 2009 წლის 24 და 25 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებში შეიტანეს ცვლილება, რომლითაც შეცვალეს სესხის დაფარვისა და იპოთეკის მოქმედების ვადა. სესხის დაბრუნების ვადა 2012 წლის 24 ივნისამდე გაგრძელდა. მსესხებელმა შეთანხმებულ ვადაში სესხისა და სარგებლის ნაწილი არ დააბრუნა.
5. 2013 წლის 4 თებერვალს კრედიტორსა და ბ-–---------ეს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც ამ უკანასკნელის დავალიანება შემდეგნაირად განისაზღვრა: დასაბრუნებელი სესხის ოდენობა-17 258 აშშ დოლარი, სარგებელი - 11 214.46 აშშ დოლარი. შემდგომი პერიოდისათვის სარგებლის ოდენობა 2%-მდე შემცირდა. ბ-–---------ემ იკისრა ვალდებულება, 2014 წლის 4 აგვისტომდე დაეფარა დავალიანება.
6. 2013 წლის 25 ნოემბერს, გამსესხებელმა სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ. მან ბ-–---------ისათვის 43 384.83 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი ნაწილი - 17 258 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 648.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 9 478.67 აშშ დოლარი) დაკისრება და დავალიანების დაფარვის მიზნით, ი--------–------ის კუთვნილი იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია (სსკ-ის 623-ე, 625-ე, 417-418-ე და 301.1-ე მუხლები) მოითხოვა.
7. მოსარჩელის განმარტებით: 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მსესხებელმა, 2010 წლის განმავლობაში რვაჯერ მიმართა კრედიტორს და დამატებით ისესხა
შემდეგი ოდენობის თანხები: 05/07/2010 წელს - 3500 აშშ დოლარი, 17/07/2010 წელს - 1300 აშშ დოლარი, 21/07/2010 წელს - 2058 აშშ დოლარი, 04/08/2010 წელს - 3800 აშშ დოლარი, 10/08/2010 წელს - 700 აშშ დოლარი, 07/09/2010 წელს - 3000 აშშ დოლარი, 22/10/2010 წელს - 2700 აშშ დოლარი და 04/11/2010 წელს - 2000 აშშ დოლარი. პირველმა მოპასუხემ სულ 38 128 აშშ დოლარი ისესხა, საიდანაც კრედიტორს დაუბრუნა 20 870 აშშ დოლარი; შესაბამისად, მას სარჩელის აღძვრის დროისათვის გადასახდელი ჰქონდა 17 258 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი ნაწილი), 16 648.16 აშშ დოლარი (სარგებელი - პროცენტი) და 9 478.67 აშშ დოლარი (ვადაგადაცილების პირგასამტეხლო);
8. დავალიანების დაბრუნებას უზრუნველყოფდა ი--------–------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 2012 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით კრედიტორის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკა (ბინა#--, ფართით 53.14 კვ.მ, ს/კ0----------------------).
9. 2013 წლის 4 თებერვლის წერილობითი შეთანხმების დადების დროისათვის, ბ-–---------ის დავალიანება 17 258 აშშ დოლარს, ხოლო დარიცხული სარგებელი 11214,46 აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე შეთანხმებით, ყოველთვიური სარგებელი - 2%-ით, პირგასამტეხლო, ასევე, თვეში საპროცენტო სარგებლის 4%-ით, ხოლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,1 %-ით იყო განსაზღვრული.
10. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. თავის მხრივ შეგებებული სარჩელი აღძრეს და მოითხოვეს 2012 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმების ბათილად ცნობა.
11. შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით: 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმება, რომლითაც პირველმა მოპასუხემ აღიარა დავალიანების, 17 258 აშშ დოლარის არსებობა, რეალურ ვითარებას არ ასახავდა, ვინაიდან, სხვადასხვა დროს კრედიტორისაგან მოსარჩელემ მხოლოდ 25 828 აშშ დოლარი მიიღო, აქედან 18 070 აშშ დოლარი - 2009 წლის 25 დეკემბერს, ხოლო 7 758 აშშ დოლარი - 2010 წელს, დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
12. წინამდებარე განჩინების პ.7-ში აღნიშნული რვა ხელშეკრულებიდან, მან მხოლოდ ოთხჯერ მიიღო შესრულება; დანარჩენ ოთხ შემთხვევაში, ნასესხები თანხა საკუთრებაში არ გადასცემია, შესრულების დოკუმენტზე (სალაროს ორდერები) არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და თანხები სინამდვილეში მესამე პირს გადაეცა. ბ-–---------ის მითითებით, 2013
წლის 4 თებერვლისათვის, ზემოაღნიშნული თანხა - 25 828 აშშ დოლარი, მას სრულად ჰქონდა გადახდილი.
13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბ-–---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 527.92 აშშ დოლარის (ძირი და პროცენტი) და 100 აშშ დოლარის (პირგასამტეხლო) გადახდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და 2012 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმება ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 623-ე, 624- ე, 625-ე, 361-ე, 427-ე, 50-ე, 54-ე მუხლები და განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, 2010 წელს დადებული რვა ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის სალარო გასავლის ოთხ ორდერზე (თარიღები: 05/07/2010წ, 07/09/2010წ, 04/08/2010 და 04/11/2010 წწ.) არსებული ხელმოწერები ბ-–---------ს არ ეკუთვნის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 2009 წლის 24 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, თ-------------–--ემ (მინდობილი პირი - ა---------–----–--ე), მოსარჩელე ორგანიზაციიდან გატანილი სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა საკუთარი ქონება.
14. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე არსებულ რუსულენოვან ხელმოწერასა და ბ-–---------ის სახელით გაცემულ სალარო გასავლის ორდერებზე არსებულ ხელმოწერებს შორის საეჭვო მსგავსება იყო (იხ.ტ.1.ს.ფ.21; 26; 28;). კიდევ ერთი გარემოება, რაც, სასამართლოს აზრით, ბუნდოვანს ხდიდა მოპასუხის მიერ იმავე თარიღებში თანხის გატანას, ის იყო, რომ ბ-–---------ესთან 2009 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, 24 დეკემბრის გირავნობის საგნების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, უზრუნველყოფილია ი--------–------ისა და თ-------------–--ის უძრავ ქონებებზე დადგენილი იპოთეკებით, საქმეში წარმოდგენილი 24/12/2009 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით კი, რეალურად უზრუნველყოფილი იქნა ა---------–----–--ის, და არა ბ-–---------ის მიერ სესხის დაბრუნება.
15. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-–---------ეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა: ა) 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით - 22 406 აშშ დოლარი ( 18 070 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 4336.8 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი); ბ) 17/07/2010 წლის ხელშეკრულებით - 1612 აშშ დოლარი, (1300 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 312 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი);
გ) 21/07/2010 წლის ხელშეკრულებით - 3791.92 აშშ დოლარი, (3058 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 733.92 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი); დ)10/08/2010 წლის ხელშეკრულებით - 868 აშშ დოლარი, (700 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 168 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი); -ე) 22/10/2010 წლის ხელშეკრულებით - 3348 აშშ დოლარი, (2700 აშშ დოლარი - ძირი თანხა და 648 აშშ დოლარი - 6 თვის პროცენტი). საბოლოოდ, ბ-–---------ე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა 32 025.92 აშშ დოლარი, საიდანაც მას საქმის განხილვის დროისათვის გადახდილი ჰქონდა 30 498 აშშ დოლარი, შესაბამისად, 2010 წლის 22 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან დავალიანება 1 527.92 აშშ დოლარი იყო.
16. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან ითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
17. სასამართლომ სათანადო არგუმენტაციის გარეშე დაასკვნა, რომ სესხის რვა ხელშეკრულებიდან, ოთხზე არსებული რუსულენოვანი ხელმოწერა არ ეკუთვნის ბ-–---------ეს, მაშინ, როდესაც თავად მოპასუხემ არ წარუდგინა ექსპერტს გამოსაკვლევად საჭირო
თავისუფალი ხელმოწერის საკმარისი ნიმუშები, რათა მას გამოერიცხა ან დაედასტურებინა მისი ხელწერის ნამდვილობა. ასეთ ვითარებაში სასამართლო თავისი შეხედულებით, და არა სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, ცალსახად აცხადებს, რომ მოპასუხეს არ მოუწერია ხელი სესხის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტებზე (გასავლის ორდერებზე);
ბ-–---------ის მიერ თანხის მიღებას სასამართლო საეჭვოდ ხდის იმ გარემოებაზე მითითებითაც, რომ გასავლის ორდერებზე არსებული ხელმოწერები მოპასუხის მიერ საჯარო რეესტრიდან ამოღებული 2009 წლის 24 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებაზე არსებული იმ ხელმოწერის მსგავსია, რომლითაც ა---------–----–--ემ (რწმუნებულმა პირმა) იპოთეკით დატვირთა თ-------------–--ის (მარწმუნებლის) კუთვნილი უძრავი ქონება და გაიტანა სესხი. არც ამ ხელშეკრულებას და არც მის უზრუნველყოფას განსახილველ დავასთან შემხებლობა არა აქვს;
18. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2009 წლის 24 დეკემბრის გირავნობის საგნების შეფასებისა და მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც სესხი უზრუნველყოფილია მეორე მოპასუხისა და თ-------------–--ის ქონებით, იპოთეკის ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, არამედ მოსარჩელის კუთვნილი ლომბარდის ძვირფასეულობის შეფასებისა და გირავნობის აქტის ფორმაა, რომელშიც შეცდომით აღნიშნულია სხვა ხელშეკრულების (თ. კ-----–--ის) მონაცემები, ანუ ადგილი აქვს შეცდომას, რომლის მიზეზია კომპიუტერის პროგრამული ხარვეზი;
19. 2013 წლის 4 თებერვალს, მხარეთა შეთანხებით, სარგებელი თვეში 4%- იდან 2%-მდე შემცირდა, პირგასამტეხლოს ოდენობა მთლიანი (დაგროვილი) საპროცენტო სარგებლის 4%-ის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო სარჩელის შეტანის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ით. სახეზეა შეცვლილი სახელშეკრულებო პირობები, რაზეც მოპასუხეებს თავის დროზე რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამთ;
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბ-–---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 17 258 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებელის სახით - 11 214.46 აშშ დოლარის გადახდა; 2013 წლის 4 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე - ყოველთვიურად, პროცენტის სახით 17 258 აშშ დოლარის 1%-ის გადახდა. შეგებებული სარჩელი 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმებისა და 2014 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 14 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება გამოიტანა და ბ-–---------ისატვის დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ი--------–------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია დაადგინა.
21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და 2016 წლის 14 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
22. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნები.
23. მოპასუხეებმა ბ-–---------ემ და ი--------–------ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა ითხოვეს.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ის“, ბ-–---------ისა და ი--------–------ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილება და 2016 წლის 14 იანვრის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;
25. საკასაციო სასამართლოს მითითებით: სააპელაციო სასამართლომ საქმე საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევებით განიხილა, რომლებმაც მიღებული გადაწყვეტილებების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლობა განაპირობეს. სახელდობრ:
26. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს 43 384.83 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი ნაწილი - 17 258 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 648.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 9 478.67 აშშ დოლარი) ბ------------ეზე დაკისრება და დავალიანების დაფარვის მიზნით ი--------–------ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია წარმოადგენდა. ამ მოთხოვნების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე, 625-ე, 417-418-ე და 301.1-ე მუხლები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი. სააპელაციო სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა 2013 წლის 4 თებერვლის მხარეთა შეთანხმება და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის სასესხო დავალიანების მოცულობა. ეს უკანასკნელი სადავოდ ხდიდა 2010 წლის 5 ივლისის, 4 აგვისტოს, 7 სექტემბრისა და 4 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების, შესაბამისად, 3500, 3800, 3000 და 2000 (სულ 12 300) აშშ დოლარის, მიღებას. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტი, 2010 წლის 4 აგვისტოს გასავლის ორდერი, ბ-–---------ის მიერ არაა ხელმოწერილი, ანუ მას არ მიუღია 3 800 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ბ------------ის მიერ არც სესხის სახით 3800, 3000 და 2000 აშშ დოლარის მიღებაა უტყუარად დადასტურებული, რადგანაც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა, ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის მიერ რუსულ ენაზე შესადარებელი ნიმუშის წარუდგენლობაზე და იმაზე, რომ მას არ მოუთხოვია დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება. საკასაციო პალატის მითითებით სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორჯერ ჩატარდა ხელწერის ექსპერტიზა (2014 წლის 29 მაისს და 15 დეკემბერი), რომელთა საფუძველი იყო ბ-–---------ის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული განჩინებები. ამ უკანასკნელმა, რუსულ ენაზე წარადგინა ექსპერიმენტული ხელმოწერის ნიმუშები, მაგრამ დასკვნის გაცემა შეუძლებელი გახდა ნიმუშების სიმცირისა და შეუსაბამობის გამო. პალატამ არ გაითვალისწინა აღნიშნული და სადავო თანხების მიუღებლობის მტკიცების ტვირთი მთლიანად გადააკისრა მოპასუხე ბ--–---------ეს, მაშინ, როდესაც სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება და დადებულად არ ჩაითვლება გასესხებული თანხის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მითითებით: ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ეკისრება გამსესხებელს და არა მსეხებელს.
27. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა დადგინდეს: მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო თუ არა 2010 წლის 5 ივლისის, 4 აგვისტოს, 7 სექტემბრისა და 4 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებები, რას შეადგენდა კრედიტორის მიერ პირველი მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის მოცულობა, აქედან გამომდინარე, რას შეადგენდა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, როდის წარმოეშვა კრედიტორს მოთხოვნის უფლება და რას შეადგენდა მსესხებლის დავალიანება, ი--------–------ის უძრავ ქონებაზე კრედიტორის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკა რა მოცულობით უზრუნველყოფდა მის მოთხოვნას და სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით უნდა გამოიტანოს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება:
28. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და საკასაციო სასამართლოს მითითებების უპირატესი გათვალისწინებით თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება შპს „მ------------–-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „მ------------–-ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დაეკისროს ბ-–---------ეს შპს „მ------------–-ს“ სასარგებლოდ დამატებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხაზე, 7945 აშშ დოლარისა და 54 ცენტის გადახდა; უნდა დაეკისროს ბ-–---------ეს შპს „მ------------–-ს“ სასარგებლოდ 2013 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 957 აშშ დოლარისა და 34 ცენტის გადახდა (10%). ასევე პირგასამტეხლოს სახით 9573.46 აშშ დოლარის 0.01% ყოველდღიურად 0.9 აშშ დოლარის ოდენობით - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს იძულებითი აღსრულება იპოთეკით დატვირთული ი--------–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, მ--------------ი, კ--------–---- კ-----------, ბ------, ფართი 53.14კვ.მ. - რეალიზაციის გზით. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორები ითხოვდნენ 2012 წლის 30 ნოემბრის N9-- იპოთეკის ხელშეკრულების და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმების ბათილად ცნობას) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი;
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
29. უდავოდაა დადგენილი, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს, ბ-–---------ესა და შპს ”ბ------–ს” შორის გაფორმდა კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულებები №2---- - 30 260 ლარზე, რომელიც იმ დროისათვის 18 070 აშშ დოლარს შეადგენდა. სესხი იყო 6 თვიანი, 4%-ის დარიცხვით, გათვალისწინებული იყო ასევე პირგასამტეხლო 4%.
30. დადგენილია, რომ 2009 წლის 24 დეკემბერს, მხარეთა შორის, უფრო სწორედ შპს ”ბ------–ის” წინამორბედ შპს ”ა-----სა” და ფიზიკურ პირს ი--------–------ეს შორის, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №62, რომლითაც ი--------–------ის ქონებით უზრუნველყოფილ იქნა ბ-–---------ის ვალი 14 570 აშშ დოლარის ოდენობით.
31. უდავოდაა დადგენილი, რომ ზემოაღნიშნული თანხის შპს ”ბ------–იდან” გატანის შემდგომ, მხარეთა (ბ-–---------ესა და შპს ბ------–ს”) შორის ისევ შედგა ხელშეკრულებები (სულ 8 ხელშეკრულება) უკვე ნასესხებ თანხებზე, თანხის დამატების შესახებ. თითოეულ ამ ხელშეკრულებას თან ახლავს სალაროს გასავლის ორდერი, რომელთა თანახმადაც (იხ.ს.ფ.21-28) 2010 წლის 5 ივლისს ბ-–---------ემ, შპს ”ა-----ს” (იგივე ბ------–ს) ლომბარდიდან მიიღო 6370 ლარი; 2010 წლის 17 ივლისს - 2366 ლარი; 2010 წლის 21 ივლისს 5565.56 ლარი; 2010 წლის 10 აგვისტოს 1274 ლარი; 2010 წლის 4 აგვისტოს 6916 ლარი; 2010 წლის 7 სექტემბერს 5490 ლარი; 2010 წელს 7 სექტემბერს 4806 ლარი; 2010 წელს 7 სექტემბერს 3530 ლარი;
32. მხარეები არ დაობენ იმაზე, რომ ზემოაღნიშნული თანხები გატანის დროისათვის შესაბამისად შეადგენდნენ 3500 აშშ დოლარს; 1300 აშშ დოლარს; 3058 აშშ დოლარს; 3800 აშშ დოლარს; 700 აშშ დოლარს; 3000 აშშ დოლარს; 2700 აშშ დოლარს და 2000 აშშ დოლარს (იხ. სარჩელი).
34. დადგენილია, რომ წარმოდგენილი შესაგებლით, ბ-–---------ემ სადავოდ გახადა მისი ხელმოწერები 4 გასავლის ორდერზე. სახელდობრ: 2010 წლის 5 ივლისის, 2010 წლის 4 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრის და 2010 წლის 4 ნოემბრის ორდერებზე, თანხით: - 3500 აშშ დოლარი; 3800 აშშ დოლარი; 3000 აშშ დოლარი და 2000 აშშ დოლარი. (იხ ბ.გ-----ის შესაგებელი ს.ფ. 56).
36. დადგენილია, რომ შესაგებლით ბ-–---------ემ დაადასტურა დამატებით 7758 აშშ დოლარის, ხოლო უარყო 12300 აშშ დოლარის შპს ”ბ------–იდან” გატანის ფაქტი (იხ. ს.ფ. 57 შესაგებელი). სულ მოპასუხემ შპს ბ------–იდან 25 275 აშშ დოლარის მიღების ფაქტი დაადასტურა (ს.ფ. 58). მათ შორის 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 18 070 აშშ დოლარისა და შემდგომ დამატებით 7758 აშშ დოლარისა.
37. საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 მაისის დასკვნა (ს.ფ.251). დასკვნის თანახმად, ხელმოწერა, განხორციელებული სალაროს გასავლის ორდერზე 2010 წლის 04.08. გრაფაში ”კლიენტის ხელმოწერა”, შესრულებულია არა ბ-–---------ის, არამედ სხვა პირის მიერ. ხოლო დასკვნის გაკეთება საკითხზე, რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერები განხორციელებული სალაროს გასავლის ორდერებზე: 05.07.10; 07.09.10; და 04.11.10 თარიღებით (ს.ფ. 197, 199; 200) შესრულებულია თუ არა გ-----ის მიერ, შეუძლებელია წარმოდგენილ ნიმუშებთან შეუსაბამობის გამო, რადგან გამოსაკვლევი ხელმოწერები შესრულებულია რუსულ ენაზე, ხოლო შესადარებელი ნიმუშები წარმოდგენილია ქართულ ენაზე (?!))
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განსახილველ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხები: „1) რა თანხები აქვს გატანილი ბ-–---------ეს შპს ”მ------------–-დან” 2009 წლის 25 დეკემბრის კრედიტისა და გირავნობის №2---- ხელშეკრულების, ასევე ტ.1. ს.ფ. 21-28-ზე წარმოდგენილი თანხის დამატების შესახებ ხელშეკრულებებისა და ამის შესაბამისად 2010 წლის 5 ივლისის, 2010 წლის 7 სექტემბრის, 2010 წლის 4 ნოემბრისა და 2010 წლის 4 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერების მიხედვით ჯამში და ცალ - ცალკე. 2) რა თანხები აქვს გადახდილი ბ-–---------ეს შპს ”მ---- ბ------–ში” პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან და სალაროს გასავლის ორდერებიდან გამომდინარე ჯამში და ცალ ცალკე, მათ შორის რამდენია ძირი, პროცენტი და პირგასამტეხლო. 3) რამდენია ბ.გ-----ის დავალიანება შპს ”მ------------–-ს” წინაშე (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) იმის გათვალისწინებით, თუ მივიჩნევთ, რომ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებები დადებული იყო 6 თვის ვადით. 4) რამდენია ბ.გ-----ის დავალიანება შპს ”მ------------–-ს” წინაშე (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) თუ მივიჩნევთ, რომ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებები (რომელთა დადების თარიღი ცნობილია) შეწყდა 2013 წლის 13 ნოემბერს?
5) რამდენია ბ.გ-----ის დავალიანება შპს ”მ------------–-ს” წინაშე (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) 2010 წლის 5 ივლისის, 7 სექტემბრის, 4 ნოემბრისა და 4 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერების გათვალისწინებით და მათ გარეშე (ერთიანად და ცალ ცალკე). თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 6 თვე; 6) რამდენია ბ.გ-----ის დავალიანება შპს ”მ------------–-ს” წინაშე (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) 2010 წლის 5 ივლისის, 7 სექტემბრის, 4 ნოემბრისა და 4 აგვისტოს სალაროს გასავლის ორდერების გათვალისწინებით და მათ გარეშე (ერთიანად და ცალ ცალკე) თუ მივიჩნევთ, რომ ხელშეკრულებები და თანხის დამატების შესახებ შეთანხმებები შეწყდა 2013 წლის 13 ნოემბერს.“
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს N002528118 დასკვნის თანახმად:პირველ შეკითხვაზე პასუხი შემდეგი შინაარსისაა: ბ-–---------ეს შპს „ბ------–ის (ყოფილი შპს „ა-----) სალაროდან, 2009 წლის 25 დეკემბრიდან 2011 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში გატანილად გაფორმებული აქვს 66 584,81 ლარი, აქედან მხოლოდ 2010 წლის 5 ივლისის, 2010 წლის 4 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრისა და2010 წლის 4 ნოემბრის სალაროს გასავლის ორდერების მიხედვით ჯამში გატანილად გაფორმებული აქვს 22 306 ლარი. მეორე კითხვაზე დასკვნა გვპასუხობს: - ბ-–---------ეს შპს „ბ------–ის“ სალაროში 2010 წლის 27 იანვრიდან 2011 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ჯამში გადახდილად გაფორმებული აქვს სულ 51 397.03 ლარი, აქედან: პროცენტი - 13 886,53 ლარი, ხოლო ძირი - 37 510 ლარი.
დასვნის ავტორმა აღნიშნა, რომ მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კითხვებზე პასუხის გასაცემად, საქმეში წარმოდგენილი არ არის სრულყოფილად საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალები, რის გამოც ამ ეტაპზე მსჯელობა ექსპერტიზით შეუძლებელია.“
ბ-–---------ის შუამდგომლობით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორჯერ ჩატარდა ხელწერის ექსპერტიზები 2014 წლის 29 მაისს და 15 დეკემბერს.
დადგენილია, რომ ექსპერტიზას ბ-–---------ის მიერ წარედგინა რუსულ ენაზე შესრულებული ექსპერიმენტული ხელწერის ნიმუშები, თუმცა დასკვნის გაცემა ნიმუშების სიმცირისა და შეუსაბამობის გამო - შეუძლებელი გახდა.
აღნიშნულით პალატა მიიჩნევს, რომ ბ-–---------ის, როგორც მოპასუხის მიერ განხორციელდა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მოსარჩელეზე. (სამართლებრივი შეფასება იხ. სამოტივაციო ნაწილში).
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ ბ-–---------ემ სს „მ------------–-დან“ სულ 25 275 აშშ დოლარი გაიტანა; მათ შორის 2009 წლის 25 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე - 18 070 აშშ დოლარი; 2010 წლის 17 ივლისს - 1300 აშშ დოლარი; 2010 წლის 21 ივლისს - 3058 აშშ დოლარი; 2010 წლის 10 აგვისტოს - 700 აშშ დოლარი; 2010 წლის 22 ოქტომბერს - 2700 აშშ დოლარი, ჯამში 25 828 აშშ დოლარი;
დადგენილია, რომ 2010 წლის 24 ივნისს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება (იხ.ს.ფ.29. ტ.1), მათ შორის არსებულ კრედიტის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ცვლილებების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის და ვადის გაგრძელების თაობაზე 24 თვით. (ანუ სესხის ვადა ამ შეთანხმებით 2012 წლის 24 ივნისამდე განისაზღვრა). ე.ი. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება, ანუ 6 თვიანი საკრედიტო ვადის 24 თვემდე გაზრდა შეეხო მხოლოდ 2009 წლის 25 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებულ თანხებს და არა შემდგომ, დამატებით აღებულ თანხებს.
მართალია აღნიშნული შეთანხმება გარკვეული ბუნდოვანების შმცველია, თუმცა მას განსაზღვრულობას სძენს თანდართული დოკუმენტი, ე.წ. სესხის დაფარვის გრაფიკი, რომელშიაც გაწერილია ამ დროისათვის ბ-–---------ის მიერ არსებული დავალიანების (როგორც სესხის, ისე პროცენტის სახით გადასახდელი თანხის) გადახდის გრაფიკი2010 წლის 24 ივლისიდან 2012 წლის 24 ივნისამდე პერიოდში. აღნიშნული გრაფიკის თანახმად 2010 წლის 24 ივლისისათვის ბ-–---------ის მიერ გადასახდელი ძირი თანხა2009 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 6635.06აშშ დოლარს +10 622.94 აშშ დოლარი = სულ 17 258 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი 2959.83 აშშ დოლარს + 6947.71 აშშ დოლარი, ე.ი. ჯამში 9907.54 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება (მისი დანართითურთ ბ-–---------ეს სადავოდ არ გაუხდია).
დადგენილია, რომ ბ-–---------ის მიერ თანხის დამატების შესახებ ხელშეკრულებით (რომელიც მის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი) და შესაბამისად გასავლის ორდერებით მან ძირითად ვალს 4 - გზის დაამატა ახალი სესხი. 2010 წლის 17 ივლისს - 1300 აშშ დოლარი; 2010 წლის 21 ივლისს 3058 აშშ დოლარი; 2010 წლის 10 აგვისტოს 700 აშს დოლარი, 2010 წლის 22 ოქტომბერს - 2700 აშშ დოლარი (იხ. იხ. საქმეში დედანი დოკუმენტები).
ზემოაღნიშნული თანხის დამატების შესახებ ხელშეკრულებებზე მითითებულია, რომ ძირითად ხელშეკრულებაში მოხდეს ცვლილება და გაცემულ თანხას დაემატოს შესაბამისი თანხები (1300, 3058, 700 და 2700), ხოლო ხელშეკრულების სხვა მუხლები დარჩეს უცვლელი. ანუ დამატებით აღებულ თანხებზე სესხის ვადა არ გაზრდილა, ახალი გრაფიკი არ შედგენილა და იგი კვლავ 6 თვიანი დარჩა; იგივე დარჩა %-იც (4%).
შესაბამისად ამისა, შემდგომში აღებულ ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი პროცენტი ცალ ცალკე 6 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს: 1300*4%*6+3058*4%*6+700*4%*6+2700*4%*6=1861.92 აშშ დოლარს.
ე.ი. სულ გ-----ის ვალი იყო 25 828აშშ დოლარს +9907.54 აშშ დოლარი +1861,92 აშშ დოლარი = 37 597.46 აშშ დოლარი.
საქმეში (ტ.4, ს.ფ.12-ზე) წარმოდგენილია ამონაწერი, ბ-–---------ის სასესხო ანგარიშებიდან და შპს „მ---- ბ------–ში“ ბ-–---------ის მიერ შეტანილი თანხების შემოსავლის ორდერების დედნები (17 ცალად);
აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ექსპერტიზის ჩატარებისათვის დამატებითი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შპს „მ---- ბ------–-ა“ წარმოუდგინა.
თუმცა ამონაწერი ბ-–---------ის სასესხო ანგარიშიდან საქმეში პირველი ინსტანციაში იყო წარდგენილი (იხ.ს.ფ. 89, ტ.1).
აღნიშნული დოკუმენტიდან დგინდება, რომ 2013 წლის13 ნოემბრის მდგომარეობით, ბ-–---------ეს მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 20 870 აშშ დოლარი, როგორც ძირი, 9628 აშშ დოლარი, როგორც პროცენტი, ხოლო გატანილი აქვს 2009 წლის 25 დეკემბრიდან 38 128 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ 38 128 აშშ დოლარში (რაც, როგორც ბ-–---------ის მიერ გატანილი თანხის ოდენობა) შედის 18 070 აშშ დოლარი, რომელიც ბ-–---------ემ 2009 წლის 25 დეკემბრის ხელშეკრულებით მიიღო შპს „მ------------–-დან“ და ასევე შემდგომ თანხის დამატების ხელშეკრულებებით (სულ 8 ცალი) 2010 წლის 05.07-დან, ვიდრე 2010 წლის 04.11-მდე გაცემული თანხები.
იმის გათალსიწინებით, რომ პალატა არ მიიჩნევს დადასტურებულად 2010 წლის 5 ივლისს, 2010 წლის 4 აგვისტოს, 2010 წლის 7 სექტემბრის და 2010წლის 04 ნოემბერს ბ-–---------ის მიერ შპს „მ------------–-დან თანხის გატანის ფაქტს დადასტურებულად (ჯამში 12300აშშ დოლარის ოდენობით, რომლის დაუდასტურებლობის მიზეზებზეც გადაწყვეტილებაში ზემოთ იყო საუბარი), პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ ბ-–---------ემ მოსარჩელე ორგანიზაციისაგან სესხის სახით გაიტანა არა 38 128 აშშ დოლარი, არამედ 38 128 აშშ დოლარს მინუს 12300 აშშ დოლარი, ე.ი. 25828 აშშ დოლარი; ხოლო გადახდილი აქვს ასევე 2013 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით გრაფიკი და გადახდების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც ასევე მოსარჩელემ წარმოადგინა ძირის სახით 20 870 აშშ დოლარი, პროცენტის სახით 9628 აშშ დოლარი, პალატა მიიჩნევს, რომ 9628 აშშ დოლარს, როგორც პროცენტის სახით გადახდილ დავალიანებას უნდა დააკლდეს გრაფიკის შედგენის დროისათვის (ს.ფ.30. ტ.1), ე.ი. 2010 წლის 24 ივნისამდე გადახდილი პროცენტები. ე.ი. 9228 აშშ დოლარს უნდა დააკლდეს 2010 წლის 27 იანვარს გადახდილი 723 აშშ დოლარი; 27 თებერვალს გადახდილი 723 აშშ დოლარი, 8 აპრილს გადახდილი 600 აშშ დოლარი, 4 მაისს გადახდილი 520 აშშ დოლარი, 8 ივნისს გადახდილი 720 აშშ დოლარი, სულ 3286 აშშ დოლარი; ამის შესაბამისად, პროცენტის სახით გადახდილ თანხას 9628.00აშშ დოლარს უნდა დააკლდეს 3286 აშშ დოლარი = 6342 აშშ დოლარს. ამის შესაბამისად, გ-----ის დავალიანებას 37 597.46 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 27 212 აშშ დოლარი (გ-----ის მიერ გადახდილი თანხები, რაც იანგარიშება შემდეგნაირად: მან გადაიხადა 20 870 $ ძირი თანხა და %-ის სახით 2010 წლის 2 ივლისიდან (ე.ი. შეთანხმების გრაფიკიდან) 1157; 47; 158; 58; 152; 183; 1700; 300; 300; 789; 400; 1100 - სულ 27 212 $).
გ-----ის ვალს 37 597,46 $ გამოკლებული 27 212$ (გ-----ის მიერ გადახდილი თანხა) =10385.46$, საიდანაც ძირითადი დავალიანება იქნება 25 828$-20870=4958$; ხოლო პროცენტი 10 385,46 – 4958 =5427,46$.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სწორედ წარდგენილ მტკიცებულებებს ემყარება. შპს „მ------------–-“ ბ-–---------ისაგან 43 384.89 აშშ დოლარს ითხოვს მათ შორის ძირს (38128 -20870 =17 258 აშშ დოლარს (მოთხოვნილ 38 128 აშშ დოლარში შედის 12.300 აშშ დოლარი.)
რადგან დადგენილად მივიჩნევთ, რომ 12300 აშშ დოლარი ბ-–---------ს ბ------–ისაგან არ გაუტანია, მისი დავალიანება შეადგენს 17 258 – 12 300 = 4958 აშშ დოლარს, რაც შეეხება პროცენტს, პროცენტის სახით მოსარჩელე ბ-–---------ისაგან 26 276.16 აშშ დოლარს ითხოვს, აღიარებს, რომ გადახდილი აქვს გ-----ის 9628 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელია პროცენტის სახით 16 648.16 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „საფინანსო კომპანია ბ------–ის“ სასარგებლოდ ბ-–---------ეს დაეკისრა 1527.92 აშშ დოლარი (რაც ბ-–---------ს არ გაუსაჩივრებია) შესაბამისად 10 385.4 დოლარს უნდა დააკლდეს მითითებული თანხა 1527.92 აშშ დოლარი =8857,54 აშშ დოლარს. ე.ი. ბ-–---------ეს დამატებით გადასახდელად უნდა დაეკისროს 8857.54 აშშ დოლარი.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი უნდა შემცირდეს. შესაბამისად გ-----ეს უნდა დაეკისროს ძირი თანხის 4958 აშშ დოლარის 0.01% (ნაცვლად 0.1 პროცენტისა); ე.ი. 0.49 აშშ დოლარი 2013 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ხოლო ზიანი ასევე ძირითადი თანხის 4958 $-ის წლიური 10%, ე.ი. წლიური 495,8 აშშ დოლარი 2013 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პროცენტიდან პროცენტის გადახდა, მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება. ე.ი. მოსარჩელემ ზიანი მხოლოდ ძირითადი თანხის დაუბრუნებლობით განიცადა. თავად მოსარჩელეც მოპასუხისათვის პროცენტებისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას მხოლოდ ძირითადი თანხიდან ითხოვდა და არა პროცენტებიდან.
რაც შეეხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, პალატა თვლის, რომ სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
შეგებებული სარჩელის ავტორთა მოთხოვნაა 2012 წლის 30 ნოემბრის N9-- იპოთეკის ხელშეკრულების და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმებათა ბათილად ცნობა.
გამომდინარე იქედან, რომ დაუდასტურებელია 05/07.2010; 04/08/2010; 07/09/2010 და 04/11/2010 წლების ხელშეკრულებებითა და სესხის გაცემის ორდერებით გათვალისწინებული თანხების ბ-–---------ის მიერ სესხის სახით გატანა სს მ------------–-დან, ასევე დადგენილია, რომ მას არ გადაცემია 2012 წლის 30 ნოემბრის N9-- ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, შესაბამისად როგორც N9-- ხელშეკრულება, ასევე 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმება არ ასახავს მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის რეალურ სურათს, რის გამოც ისინი როგორც კანონდარღვევით მიღებული დოკუმენტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ასე მაგალითად, სადაოდ გამხდარ N9-- ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გასაცემი სესხის უზრუნველსაყოფად ხდება იპოთეკის გამოყენება (გასაცემი და არა გაცემული), მაგრამ რა სესხი, რა თანხა იქნა გაცემული ამ ხელშეკლრულების დადების შემდეგ, ანუ 2012 წლის 30 ნოემბრის შემდეგ - სრულიად დაუდასტურებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად: ”უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული(დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
გამომდინარე აღნიშნულიდან, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რის გამოც მისი ოდენობა 0.1%-იდან უნდა შემცირდეს 0.01%-მდე.
ამასთან აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ის ზიანი რაც მოსარჩელემ თანხის დროულად გადაუხდელობით განიცადა.
კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, ზიანის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. ამიტომ, მისი ოდენობის განსაზღვრისას, ისევე, როგორც ზოგადად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ზუსტი მონაცემები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ კრედიტორის მიერ გარკვეული შემოსავლის მიღებას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია სესხის ხელშეკრულებების დადებისა და მისით აღებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რასაც უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.
უდავოა ისიც, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისათვის აუცილებელია იმის დადგენა, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გადასახდელი ფულადი თანხის სხვაგვარად გამოყენების შესაძლებლობას ართმევს მხარეს, შესაბამისად მიუღებული შემოსავალი წარმოადგენს გადასახდელი თანხის სხვაგვარად გამოყენების შედეგად მისაღებ სარგებელს.
ზიანის მიყენების ფაქტისა და ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ფულად ვალდებულებას ეხება. ამგვარი დამოკიდებულება ფულის განსაკუთრებული თვისებებითაა განპირობებული. სახელდობრ: სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ფულს ყველა შემთხვევაში ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს, იგი ყოველთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მას შეუძლია თავის მესაკუთრეს გარკვეული ოდენობის შემოსავალი შესძინოს პროცენტის სახით. ამგვარ ფულადი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება ფულის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში პალატა ყოველწლიური 10%-ით განსაზღვრავს ძირითადი თანხის 4958$-ისა, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2013 წლის ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საპროცესო ხარჯები:
დადგენილია, რომ სს „ბ------–-ა“პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელთან დაკავშირებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 2394 ლარის ოდენობით; სააპელაციო წარმოებისთვის კი 3841,65 ლარი;
დადგენიილა, რომ საკასაციო წარმოებისათვის ბ-–---------ის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე სს „ბ------–ი“ ითხოვდა გ-----ისათვის 43.384,83 აშშ დოლარის დაკისრებას, ასევე ყოველთვიურად 17 258$-ის 2%-ს ე.ი. 345.16 აშშ დოლარს გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ყოველდღიურად 17258$-ის 0.1%-ს; ე.ი. 17.25 $ - გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ე.ი. სულ მისი სასარჩელო მოთხოვნის ფასი იყო 43 384,83 +(345.16*36) +17.25%*365*3 =74 699.34 $.
აქედან ბ------–-ა მოიგო 10 385.46 აშშ დოლარს +0.49 * 365 *3 +495.8 *3 = 12 509.41 $ ე.ი. მის მიერ მოთხოვნილი თანხის დაახლოებით 16.74%%; გ-----ემ კი მოიგო 83.39% სადავო თანხისა; ამის შესაბამისად უნდა განაწილდეს სახელმწიფო ბაჟები.
დაეკისროს ბ-–---------ეს შპს „მ------------–-ს“ სასარგებლოდ 1035.73 ლარი;
დაეკისროს შპს „მ---- ბ------–ს“ ბ-–---------ის სასარგებლოდ 5003.40 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. შპს „მ------------–-ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება შპს „მ------------–-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „მ------------–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; დაეკისროს ბ-–---------ეს შპს „მ------------–-ს“ სასარგებლოდ დამატებით 7945 აშშ დოლარისა და 54 ცენტის გადახდა;
4. დაეკისროს ბ-–---------ეს შპს „მ------------–-ს“ სასარგებლოდ 2013 წლის 13 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 957 აშშ დოლარისა და 34 ცენტის გადახდა (10%). ასევე პირგასამტეხლოს სახით 9573.46 აშშ დოლარის 0.01% ყოველდღიურად 0.9 აშშ დოლარის ოდენობით - გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდეს იძულებითი აღსრულება იპოთეკით დატვირთული ი--------–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისი, მ--------------ი, კ--------–---- კ-----------, ბ------, ფართი 53.14კვ.მ. - რეალიზაციის გზით.
6. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (რომლითაც შეგებებული სარჩელის ავტორები ითხოვდნენ 2012 წლის 30 ნოემბრის N9-- იპოთეკის ხელშეკრულების და 2013 წლის 4 თებერვლის შეთანხმების ბათილად ცნობას) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
7. ასევე დარჩეს უცვლელი გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, 2414 ლარის შპს ბ------–ისათვის“ დაკისრების ნაწილში ი--------–------ისა და ბ-–---------ის სასარგებლოდ;
8. დაეკისროს ბ-–---------ეს შპს „მ------------–-ს“ სასარგებლოდ 2474.75 ლარი;
9. დაეკისროს შპს „მ---- ბ------–ს“ ბ-–---------ის სასარგებლოდ 3525.25 ლარის გადახდა;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
12. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-9-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე