განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002072941
საქმე №1ბ/5---18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები: ვ--------–--–------–-–---–-------------------------------------------------------------–---ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ-----–------–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------–ი, უკრაინის მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: უ-------------–-----------------------
ადვოკატი: ლ--–-------–--–---–ი.
თარჯიმნები: მ----------------------------------------------------–---–------------------------------–-----------–----.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მჯავრდებულ მ-----–------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–-------–--–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მ-----–------–---ის მიმათ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო. მას საფუძვლად დაედო მხოლოდ ვარაუდი და ამასთან სასამართლო დაეყრდნო საეჭვო მტკიცებულებებს. აპელანტი თვლის, რომ მ-----–------–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, აპელანტმა განამარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ძირითადად არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადასტურებენ ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების სისწორეს, ხოლო თარჯიმანს არ დაუნახავს მ-----–------–---ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი. დაცვის მხარეს საყურადღებოდ მიაჩნია ის ფაქტიც, რომ მ-----–------–---ისგან ამოღებული აბების რაოდენობა და ექსპერტზის დასკვნაში მითითებული ოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა მ-----–------–---მა და მისმა ადვოკატმა ლ--–-------–--–---–მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ბრალდების მხარემ კი მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
მ-----–------–---მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ-----–------–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ოვალური ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,B8“ ამონატვიფრებით) 320 ცალი ტაბლეტი (ზედაპირზე უმნიშვნელო დაზიანებებით), 13 ცალი ტაბლეტი ჩამონატეხებით და თეთრი ფერის, ერთ მხარეს ოვალური ფორმის (ნატეხებს ერთ ზედაპირზე შესაბამისად - ლოგო ,,B“ და ,,8“ ამონატვიფრებით) 133 ცალი ტაბლეტის ნატეხი მცირე ზომის ნატეხთან ერთად, საერთო წონით - 157,39 გრამი, რომლებიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 3,1478 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 ივლისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა ქ. ბათუმში, ბ--------–--------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მსჯავრდებულმა მ-----–------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული აბები მას არ ეკუთვნის, ჩხრეკისას მისთვის საცვალი არ შეუმოწმებიათ. ამასთან, ჩხრეკას რუსული ენის თარჯიმანი არ ესწრებოდა. თარჯიმანი მისი დაკავებიდან 2-3 საათში მივიდა, ხოლო უკრაინული ენის თარჯიმანი, კი - სულ ბოლოს. პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები მისთვის გასაგებ უკრაინულ ენაზე არ წაუკითხავთ და ხელიც გამომძიებლების მითითებით მოაწერა. ამასთან, არ ახსოვს თუ რა მინაწერი გააკეთა ოქმებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე ე-----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის დეტექტივ გამომძიებელი. 2017 წლის 24 ივლისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მოქალაქე ივ---------–----ი იყო ბათუმში, ,,ბ--------–--------–ის“ ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, მასთან ერთად კი უნდა ყოფილიყო პიროვნება, როგორც მოგვიანებით გაირკვა მ-----–------–---ი. მან მიღებული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას და დაკითხა.
პატაკით ირკვევა, რომ 2017 წლის 24 ივლისს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ნარკოტიკების შემცველი მედიკამენტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ე-----------------მა მიიღო ინფორმაცია, რომ ი---------–----ი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და იმყოფება ქ. ბათუმში, ,,ბ--------–--------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაძლებელია ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდეს პირადად ან სხეულში.
მოწმე რ----------–------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2017 წლის 24 ივლისს, სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქალაქე ივ---------–----ი იმყოფებოდა ქ.ბათუმში და ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. ინფორმაციის თანახმად, მას და მის თანმხლებ პირს როგორც პირადად, ასევე სხეულში უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, კერძოდ, ,,ბ--------–--------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდნენ საგამოძიებო ჯგუფები. ერთ ჯგუფში იყვნენ - რ----------–------, თ------------------–---–ი და კ--------------ა, ხოლო მეორე ჯგუფში - კ------------–----–---–ი, ზ----------------–---------------ი. ივ---------–----ს წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, თუმცა მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა თანმხლებ პირს - მ--–---ს. პირადი ჩხრეკისას, მან მ-----–------–---ის საზარდულის მიდამოში შენიშნა რაღაც ნივთი, რომელიც მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით წარუდგინა. აღნიშნული აღმოჩნდა საცვლის შიგნიდან, საზარდულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს წებოვანი ლენტით მიკრული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 4-4 ცალი ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის აბები წარწერით ,,B-8“. მ-----–------–---ისგან სულ ამოღებული იქნა 360 ცალი აბი და 79 ცალი აბის ნატეხი, რაც დაილუქა. საგამოძიებო მოქმედებების სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს დაკავებულმა პირებმა და თარჯიმანმა.
მოწმე თ------------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. მან მონაწილეობა მიიღო მ-----–------–---ის პირად ჩხრეკაში, კერძოდ შეადგინა ოქმი, ხოლო რ----------–------მ და კ-------------------მ უშუალოდ გაჩხრიკეს დაკავებული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 360 მთლიანი აბი სუბოტექსი და 79 აბის ნატეხი, რაც მ-----–------–---ს მწებავი ლენტით მიმაგრებული ჰქონდა საზარდულზე. მას შემდეგ რაც შეამჩნიეს აღნიშნული თავად მოიხსნა და მიაწოდა გამომძიებლებს. მ-----–------–---მა დაკავებისას განაცხადა, რომ აბები იყო სუბოტექსი და უნდოდა პირადი მოხმარებისთვის.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეტექტივ-გამომძიებელმა კ-------------------მ.
მოწმე ი-----–---------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2017 წლის 24 ივლისს, მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქალაქე ი---------–----ი ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მან გამოკითხა ინფორმაციის მიმღები - პატაკის ავტორი ე-----------------ი. ჯგუფი, რომელიც მივლინებით იმყოფებოდა ქ. ბათუმში, გავიდა ,,ბ--------–--------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ი---------–----ი და მ-----–------–---ი წამოიყვანეს თბილისში. ი-----–---------–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნდა 360 მთლიანი აბი და 79 აბის ნატეხი.
მოწმე ნ-----–----------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ არის თარჯიმანი და მონაწილეობა მიიღო მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკაში, რა დროსაც ამ უკანასკნელს აუხსნა, რომ მას ესმოდა უკრაინული ენა, თავის მხრივ ბრალდებულს ესმოდა რუსული ენა და შესაბამისად იგებდა ნათარგმნს, ხოლო პასუხებს როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ენაზე სცემდა. მ-----–------–---მა ოქმზე მინაწერი რუსულ ენაზე უშეცდომოდ შეასრულა. როდესაც გამომძიებლებმა დაკავების ოქმის შედგენა დაიწყეს მ-----–------–---მა განაცხადა, რომ ნათარგმნი არ ესმოდა და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რომელიც მოგვიანებით მივიდა და ოქმები ხელმეორედ გადაუთარგმნა. მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა მწებავი ლენტით მიკრული პაკეტი, რაზეც დაკავებულმა განმარტა, რომ უნდოდა პირადი მოხმარებისათვის.
მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იქნა 2017 წლის 24 ივლისს, ქ. ბათუმში, ,,ბ--------–--------–ი“-ც მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა საზარდულის ორივე მხარეს მწებავი ლენტით მიმაგრებული პოლიეთილენის ორი გამჭვირვალე პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა აბები წარწერით ,,B8“, კერძოდ: 360 ცალი მთლიანი აბი და 79 ცალი აბის ნატეხი. ოქმზე გაკეთებულია შენიშვნა - ,,ოქმს გავეცანი გადამითარგმნა თარჯიმანმა ჩემთვის გასაგებ რუსულ ენაზე, ჩხრეკის ოქმი ქართულიდან უკრაინულ ენაზე ვუთარგმნე თარჯიმანმა დ--–- მ----–---იამ“, ასევე - ,,ოქმის შინაარსზე პრეტენზია არ გამაჩნია, თარჯიმანი დ------–-----“.
მ-----–------–---ის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ იგი დაკავებული იქნა 2017 წლის 24 ივლისს, ქ. ბათუმში, ,,ბ--------–--------–ი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ოქმზე მ-----–------–---ის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, ,,ოქმი დაკავების შესახებ გავეცანი თარჯიმნის მეშვეობით. ჩემთვის ყველაფერი გასაგები არ არის გთხოვთ მომიწვიოთ უკრაინული ენის თარჯიმანი“. ოქმზე ასევე გაკეთებულია მინაწერი ,,დაკავების ოქმს გავეცანი ჩემთვის გასაგებ უკრაინულ ენაზე, გადმომეცა დაკავების ოქმის ასლი. ოქმის შინაარსზე პრეტენზია არ გამაჩნია. თარჯიმანი დ------–-----“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 25 ივლისის №----------------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ოვალური ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო ,,B“ ამონატვიფრებით) 320 ცალი ტაბლეტი (ზედაპირზე უმნიშვნელო დაზიანებებით), 13 ცალი ტაბლეტი ჩამონატეხებით და თეთრი ფერის, ერთ მხარეს ოვალური ფორმის (ნატეხებს ერთ ზედაპირზე შესაბამისად - ლოგო ,,B“ და ,,8“ ამონატვიფრებით) 133 ცალი ტაბლეტის ნატეხი მცირე ზომის ნატეხთან ერთად, საერთო წონით -157,39 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 3,1478 გრამის ოდენობით.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს მთავარმა ექსპერტებმა ნ-----–-------მ და ს--------–---------. მოწმე ნ-----–-------მ დამატებით განმარტა, რომ აბები არის რბილი და ადვილად მტვრევადი და შესაძლებელია ერთმანეთთან კონტაქტითაც კი დაზიანდეს, მითუფრო იმ პირობებში როცა ისინი ამოღებულია კონვალუტიდან.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ-----–------–---ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება მ-----–------–---ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ. მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი საშუალებით შეძენას, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს მ-----–------–---ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის. ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ თითქოსდა მის პირად ჩხრეკას არ ესწრებოდა თარჯიმანი და იგი მოგვიანებით მივიდა, შემდეგ გარემოებათა გამო: იმ პირის (ბრალდებულის) ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან მისი როგორც საქმეში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს დარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში კი, მსჯავრდებულის ჩვენება წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით და 2017 წლის 24 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა აბები წარწერით ,,B8“ და აბის ნატეხები. ამასთან, პირადი ჩხრეკის ოქმზე მ-----–------–---ის მიერ გაკეთებული შენიშვნით დასტურდება, რომ იგი გაეცნო ოქმის შინაარსს, რაც მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე უთარგმნა თარჯიმანმა. აქვე მ-----–------–---ი აკეთებს მინაწერს, რომ მას ოქმის შინაარსზე პრეტენზია არ გააჩნია. სასამართლო ყურადღებას ამახვილაბს იმ გარემოებაზე, რომ მ-----–------–---მა პირადი ჩხრეკის ოქმზე შენიშვნები რუსულ ენაზე გააკეთა მისი ხელით, სადაც ოქმის შინაარსთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, ასევე არ გამოუთქვამს პრეტენზია თარგმანთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მ-----–------–---მა მხოლოდ მის მიმართ დაკავების ოქმის შედგენისას განაცხადა, რომ საჭიროებდა უკრაინული ენის თარჯიმანს, რომლის მომსახურებითაც უზრუნველყოფილი იქნა. ზემოაღნიშნული გარემოებები გამორიცხავს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ პირად ჩხრეკას თარჯიმანი არ ესწრებოდა.
პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდება ემყარება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების ნაწილში არის წინააღმეგობრივი. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებში არ იკვეთება ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც საფუძვლად დაედებოდა მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ პირისაგან განსხვავებით, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და რომელიც არ აგებს პასუხს ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ნეიტრალური და საქმის შედეგით არა დაინტერესებული მოწმის ჩვენება, როგორც წესი გამოირჩევა მაღალი ინფორმაციულობით და ამ ტიპის მოწმე ჩვენებას იძლევა არა უფლების, არამედ თავისი მორალური და იურიდიული ვალდებულებების გამო, რომლის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა და თარჯიმნის ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული აბების რაოდენობა და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს, აღნიშნულზე პალატა განმარტავს, რომ ექპრეტ ნ-----–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ აბები არის რბილი, ადვილად მტვრევადი და შეიძლება ერთმანეთთან კონტაქტითაც კი დაზიანდეს, მით უფრო იმ პირობებში, როცა ისინი არ არიან მოთავსებულნი კონვალუტაში. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აბებზე, რაზეც პირადი ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია, როგორც ,,მთლიანი აბი“, ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, როგორც ,,ზედაპირზე უმნიშვნელო დაზიანებებით“, რაც გამოწვეულია საექპერტო კვლევის სიზუსტით. აღსანიშნავია, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული აბები დაილუქა და ამ სახით იქნა წარდგენილი საექსპერტო კვლევისთვის, რაც დასტურდება ლუქზე გაკეთებული ხელმოწერებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მ-----–------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ-----–------–---მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის უკანონო შეძენა და შენახვა და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----–------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი, შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ი---------–----ის ნერწყვის ნიმუში და მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული წებოვანი ლენტები განადგურდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–-------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი მ-----–------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ-----–------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–-------–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ-----–------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ-----–------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 ივლისიდან.
მ-----–------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მ-----–------–---ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
მ-----–------–---ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე ი---------–----ის ნერწყვის ნიმუში და მ-----–------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული წებოვანი ლენტები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე