განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002158640
საქმე №1ბ/1114-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
16 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ნინო სოლომნიშვილი, ლამარა წერეთელი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ-----------------–---–ი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: კ----------–---–ი, (პირადი N6----------) დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, პ---------------------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ადვოკატები: ბ--------------–---–ი, ზ---------–--
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ----------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ზ---------–--მ და ბ--------------–---–მა და ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნა.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
კ----------–---–მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3,8581 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოპრფინის“ შემცველი 487 აბი და 5 აბის ნატეხი, საიდანაც ნაწილს - 1 აბს და 2 ცალ აბის ნატეხს უკანონოდ ინახავდა პირადად, ხოლო დანარჩენ ნაწილს - 486 აბს და 3 ცალ აბის ნატეხს უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისში, პ--------------------------------ში.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებიდან ნაწილი - 0,0141 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი ამოღებულ იქნა 2017 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ჭ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ----------–---–ის პირადი ჩხრეკისას, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 3,844 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 486 აბი და 3 ცალი აბის ნატეხი ამოღებულ იქნა იმავე დღეს, თბილისში, პ-----------------------------ა-ში მდებარე, კ----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილის - ა--------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით ორი საათისთვის, მობილურ ტელეფონზე, პირადი კონტაქტის მეშვეობით, მიიღო ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი კ----------–---–ი ეწეოდა ნარკოტიკების შეძენასა და შენახვას, მოძრაობდა ავტომანქანით და იმყოფებოდა თბილისში, ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზის მეშვეობით მოახდინა მისი იდენტიფიცირება და ინფორმაციის თაობაზე მოახსენა უფროს ლ-–--------ეს, რის შემდეგაც გამოიკითხა გამომძიებლის მიერ. როგორც ახსოვს, კ----------–---–ის ფაქტობრივი და იურიდიული საცხოვრებელი მისამართი ემთხვეოდა ერთმანეთს. ასევე, ავტომანქანა, რომლითაც ის იმყოფებოდა, რეგისტრირებული იყო მისი რძლის სახელზე.
მოწმის, გამომძიებელ დ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ კ----------–---–ს შესაძლოა, როგორც პირადად, ისე - ავტომანქანასა და ბინაში, ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები, დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოიკითხა ინფორმაციის მიმღები პირი და ოპერატიული ჯგუფი გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე. შემდეგში თანამშრომლებმა წარუდგინეს კ----------–---–ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები, რაზეც დანიშნა ექსპერტიზა და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, რამდენადაც კ----------–---–ს თავისი ხელით ეწერა ოქმში, რომ ნარკოტიკებს სახლში ინახავდა, არ ჩათვალა საჭიროდ დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დანიშვნა.
გამომძიებლების - ბ------------ის, ი-----–---------–---–ისა და რ--------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს, დღის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, კ----------–---–ი იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, იმყოფებოდა თბილისში, ჭ----------------------ის მიმდებარედ და შესაძლოა პირადად, ავტომანქანაში და საცხოვრებელ სახლში ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერებები, დაიწყო გამოძიება, დაიკითხა პატაკის მიმღები პირი ა--------–-–---–ი, მოახდინეს პიროვნების იდენტიფიცირება, ნახეს მისი ფოტოსურათები და დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ გავიდნენ მითითებულ ტერიტორიაზე. პარკირების ზოლთან შენიშნეს კ----------–---–ის „მერსედესის“ მარკის, ML-ის მოდელის, მოშავო ფერის ავტომანქანა. გაჩერებიდან 1-2 წუთში კ----------–---–ი, რომელიც მარტო იყო, მიუახლოვდა ავტომანქანას, რა დროსაც ი-----–---------–---–მა წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. პირადი ჩხრეკისას ბ------------მა კ----------–---–ს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო ორ ცალად დაფასოებული ნივთიერება, მათგან ერთ ქაღალდში იდო 1 ცალი აბი, ხოლო მეორეში - 2 ცალი აბის ნატეხი. ამოღებული ნივთიერებები დალუქეს ადგილზევე, მოაწერეს ხელი და დააკავეს. შემდეგ დაიწყეს ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა, თუმცა კ----------–---–მა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და ჩხრეკის ოქმში საკუთარი ხელით შეიტანა შენიშვნა, რომ სახლში, საძინებელში, ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს. სამსახურებრივი ავტომანქანით მასთან ერთად გაემართნენ მის ბინაში. ამასთან, რათა კ----------–---–ის ავტომანქანა უმეთვალყურეოდ არ დაეტოვებინათ, ი-----–---------–---–მა, მისივე ნებართვით, წაიყვანა ავტომანქანა. სახლში დახვდათ კ----------–---–ის დედა და ნათესავი ქალი. შევიდნენ საძინებელ ოთახში, სადაც კ----მ თვითონ მიუთითა სამგზავრო ჩანთაზე, რომელშიც ინახავდა ნარკოტიკებს. ჩანთიდან ამოიღეს ცალ-ცალკე, პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული, დაახლოებით 20-20 ცალად დაფასოებული, 486 ცალი აბი და აბის ნატეხები, რაც დალუქეს ქაღალდის კონვერტში და კ----------–---–ი გადაიყვანეს ჯერ დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო შემდეგ - ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე. ბინის ჩხრეკა სრულდებოდა უკვე, როდესაც სახლში მივიდა კ----------–---–ის მეუღლე, რომელსაც, ისევე, როგორც ოჯახის სხვა წევრებს, პრეტენზია არ გამოუთქვამს.
2017 წლის 4 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ კ----------–---–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 2 ცალი, მოთეთრო ფერის, მცირე ზომის ქაღალდის ნაჭერი, რომელთაგან ერთში მოთავსებული იყო 1 ცალი მოთეთრო ფერის და ოვალური ფორმის აბი, წარწერით B8, ხოლო მეორე ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული იყო 2 ცალი მოთეთრო ფერის აბის ნატეხი.
იმავე დღეს ჩატარებული, კ----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი მერსედესის მარკის, სახელმწიფო ნომრით N------, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. ამასთან, ოქმში თავად კ----------–---–ის მიერ დაფიქსირებულია შემდეგი შინაარსის განცხადება: მსურს ვითანამშრომლო გამოძიებასთან და მოგახსენოთ, რომ თბილისში, პ------------------------, ჩემს საცხოვრებელ მისამართზე, ჩემს საძინებელ ოთახში, შენახული მაქვს გარკვეული ოდენობა ნარკოტიკული საშუალება, ბუპრენორფინის აბები, რომელსაც წარმოგიდგენთ.
თბილისში, პ-------------------------------ში ჩატარებული, 2017 წლის 4 ოქტომბრის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ კ----------–---–მა მისი საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში არსებული ჩემოდნიდან წარადგინა 20 შეკვრად დაფასოებული აბები, კერძოდ, 15 ცალ პოლიეთილენის მცირე ზომის ტომარაში მოთავსებულია, თითოეულ მათგანში, 20 ცალი აბი, წარწერით B8; 1 ცალ პოლიეთილენის მცირე ზომის ტომარაში მოთავსებულია 19 ცალი აბი, წარწერით B8, და 1 ცალი აბის ნატეხი; 3 ცალ პოლიეთილენის შეკვრაში, თითოეულ მათგანში, მოთავსებულია 42 ცალი აბი, წარწერით B8, და 1 ცალ პოლიეთილენის შეკვრაში მოთავსებულია 41 ცალი აბი, წარწერით B8, და 2 ცალი აბის ნატეხი. ამოღებული აბების ოდენობა შეადგენს 486 ცალ მთლიან აბს და 3 ცალ ნატეხს.
მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ნივთიერ მტკიცებულებებს - კ----------–---–ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 5 ოქტომბრის N1------------/ქრ დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ კ----------–---–ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ აბებსა და აბის ნატეხებს აღენიშნება ქარხნული დამზადების ნიშნები და საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ საერთო წონა შეადგენს 3,8581 გრამს, მათგან პირადი ჩხრეკისას ამოღებულ აბებსა და აბის ნატეხებში - 0,0141 გრამს, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულში - 3,844 გრამს.
მოწმე ლ--–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბილისში, პეკინის ქუჩაზე, შვილთან და მის ოჯახთან ერთად. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მათთან დროებით საცხოვრებლად გადავიდა მისი მეორე შვილი კ----------–---–ი, მეუღლესთან - ო-–-----------თან ერთად. შემთხვევის დღეს, კ----, მეუღლესთან ერთად, გავიდა სახლიდან. ცოტა ხანში, ზარის ხმაზე, მასთან სტუმრად მყოფმა ქალბატონმა გააღო კარი და სახლში შევიდა კ----, სამ მამაკაცთან ერთად, რა დროსაც კ----მ თქვა: ესენი ჩემთან არიანო. კ---- შეუძღვა მათ საძინებელ ოთახში, იყო სიმშვიდე და სიწყნარე. დაახლოებით 20 წუთში კ----ს თანმხლებ პირებს შესთავაზა ყავა-ჩაი, რაზეც უარი განუცხადეს. 10-15 წუთში კი, დაუძახეს და კ----მ უთხრა მას, რომ დააკავეს, არ ენერვიულა და ყველაფერი გაირკვეოდა. კ----მ მოიკითხა მეუღლე. უთხრეს, რომ ძირს იყო. სთხოვა მათ, ამოეშვათ. ავიდა რძალი, რომელიც სულ ცახცახებდა და თქვა, ავტომანქანაში ვიჯექი და მაშინებდნენო. არ უთქვამს, ფიზიკური ძალა იხმარეს, თუ ისე დააშინეს. ჩხრეკის ჩატარებაზე რძალს არაფერი უთქვამს. პარკი საიდან აიღეს, არ დაუნახვას. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ერთმა იკითხა: გადმოვყარო აქო? მეორემ უპასუხა: შუშის მაგიდაზე არ გამოჩნდება და წავიღოთ ჩვენთანო. პარკი იდო კომპიუტერის მაგიდაზე კუთხეში, მიბრუნდა და აიღო. მეორე ან მესამე დღეს სახლში მიაკითხა გამომძიებელმა და შეადგინა ოქმი.
ადვოკატის მიერ მოწმე ლ--–-------–---–ის გამოკითხვის ოქმის ჩვენების ნაწილით, რომელიც ბრალდების მხარის მიერ, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული, დადგენილია, რომ ოქმში დაფიქსირებულია შემდეგი სიტყვები: „ამ პერიოდში პოლიციის თანამშრომლები გადი-გამოდიოდნენ ამ ოთახში. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კ----ს საძინებლიდან გამოიტანა პატარა პარკი და იკითხა, სად გადმოვყაროო. მან, იქვე, კომპიუტერის მაგიდაზე გადმოყარა თეთრი აბები‘‘. აღნიშნული მოწმემ არ დაადასტურა და განმარტა, რომ სიტყვიერად უთხრეს, რაც ამოიღეს და ნახეს, მაგრამ თვითონ თავისი თვალით არ უნახავს.
კ----------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში და განმარტა, რომ ცხოვრობდა უკრაინაში მეუღლესთან - ო-–---თან ერთად. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრობდნენ ქირით, თუმცა დაკავებამდე 2-3 დღით ადრე გადავიდა ძმასთან, სადაც, ასევე, მისი რძალი და დედა ცხოვრობენ. იგი არის ნარკოტიკების დიდი ხნის მომხმარებელი. თბილისში მოიხმარდა სუბოტექსს, სუბოქსინს. როცა ყიდულობდა, ინახავდა ჯიბეში. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად, გაჩერებული იყვნენ, როცა მიირბინეს პოლიციელებმა, მისი მეუღლე ჩასვეს სხვა ავტომანქანაში და წაიყვანეს, ხოლო თვითონ თავისსავე ავტომანქანაში ჩასვეს ისე, რომ არაფერი აუხსნიათ. ჰკითხეს: „კაიფში ხარო?“ როცა დაუდასტურა, ჰკითხეს, სად ჰქონდა. ამოიღო და აჩვენა. თვითონვე შესთავაზა თანამშრომლობა. იცოდა, რომ სახლში, მის ოთახში, იდო მწვანე ჩანთა, ქალის ტანსაცმლით, რომელშიც 2-3 პაკეტში ცალობით იყო ჩაყრილი ნარკოტიკი, ფერით საფრანგეთის ან თურქეთის წარმოებისას ჰგავდა. არ იცოდა, ვისი იყო, თუმცა არც ოჯახის წევრებისთვის უკითხავს, რადგან ეს მას არ ეხებოდა, 2-3 დღეში მაინც მიდიოდა. თვითონ წაიყვანა სახლში და აჩვენა, სადაც იყო ნარკოტიკი. არ ეუბნებოდნენ, რაზე აწერინებდნენ ხელს. მეუღლე არ ანახეს, სანამ ძალით არ მოაწერინეს ხელი ყველაფერზე. მერე დაურეკეს ვიღაცეებს, ამოიყვანეთო და აიყვანეს მისი მეუღლე. ამ ამბის შემდეგ მეუღლეს მუცელი მოეშალა. რაც შეეხება ძმის ნარკოტიკებთან კავშირს, ამის შესახებ არაფერი იცის, მასთან ერთად ნარკოტიკი არასდროს მოუხმარია.
მოწმის თ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მაზლი - კ----------–---–ი ცხოვრობდა უკრაინაში. როდესაც თბილისში ჩამოდიოდა, ხან მათთან ცხოვრობდა, ხან - ქირით. ასე იყო ამჯერადაც, დაკავებამდე 3-4 დღით ადრე ის, მეუღლესთან - ო-–-----------თან ერთად, გადავიდა მათთან, დროებით საცხოვრებლად. ცხოვრობდნენ ოთახში, რომელშიც სტუმრები რჩებოდნენ ხოლმე, თუმცა მათ ჩამოსვლამდე რომ ვინმე სტუმარი ჰყოლოდათ, არ ახსენდება, ყოველ შემთხვევაში სექტემბრის თვეში. დაახლოებით დღის 5 საათი იქნებოდა, კარზე კაკუნის შემდეგ დედამთილმა გააღო კარი და სახლში შევიდა კ----, თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებსაც არ იცნობდნენ, არც უნიფორმა ეცვათ. ისინი პირდაპირ იმ ოთახში შევიდნენ, სადაც კ---- და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ. მისი შეკითხვის შემდეგ წარუდგინეს თავი და უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. ბინაში ჩხრეკა არ ჩატარებულა, არც ოთახი ჩანდა გაჩხრეკილი, როცა შევიდა. რამდენიმე ხანში მივიდნენ კრიმინალისტები და პოლიციელები, ფოტოს გადასაღებად შევიდნენ, როგორც ახსოვს. შემდეგ მივიდა ო-–--, რომელიც ერთიანად კანკალებდა და სთხოვა, დამამშვიდებელი მიეცა. ო-–-- აღელვებული იყო, ხმამაღლა ლაპარაკობდა და ერთმა ჭაღარათმიანმა თანამშრომელმა თქვა, გააჩუმე, თორემ გავაჩერებო. სხვა მხრივ, თავაზიანად და ზრდილობიანად იქცეოდნენ. ამ შემთხვევის შემდეგ ო-–-- თურქეთში გაემგზავრა. მოწმის ჩვენების თანახმად, ჩანთა, საიდანაც ნარკოტიკი ამოიღეს, მანამდე იყო თუ არა იმ ოთახში, სადაც კ---- და ო-–-- ცხოვრობდნენ, ვერ დაადასტურებს, თუმცა ისინი რამდენიმე ჩემოდნით მოგზაურობდნენ და ეს ჩანთები მათთვის უცხო არ იყო.
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ სასამართლო განხილვისას საჯაროდ იქნა წაკითხული დაცვის მოწმე ო-–-----------ის 2017 წლის 6 ნოემბერს სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვით, უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა მეუღლესთან - კ----------–---–თან ერთად, 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში. ცხოვრობდნენ მეუღლის ძმასთან და დედასთან. 4 ოქტომბერს, ჭავჭავაძის გამზირზე, იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად, ავტოსადგომზე, დარაჯისთვის უნდა გადაეხადათ ფული და წასულიყვნენ, რა დროსაც მათთან მიირბინა 3-4-მა პიროვნებამ, სტაცეს ხელი მეუღლეს და ჩატენეს ავტომანქანაში, თვითონ კი სხვა მანქანაში ჩასვეს. ეუბნებოდნენ, რომ კ----ს უნახეს ნარკოტიკები. გაუკვირდა, საიდან უნდა სცოდნოდათ, მას რა ჰქონდა, რადგან ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. ამაზე უპასუხეს, რომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა და თუ ისე არ მოიქცეოდა კ----, როგორც ეტყოდნენ, მასაც ციხეში ჩასვამდნენ და მოუწევდა ბავშვის ციხეში გაზრდა. ასევე, უთხრეს, რომ მათი მეჯვარე იძლეოდა კ----ს საწინააღმდეგო ჩვენებას. ა/მანქანაში ჰყავდათ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ჩამორთმეული ჰქონდა მობილური ტელეფონი, სთხოვდა, რომ ორსულობის გამო ძალიან ცუდად იყო და გაეშვათ. შემდეგ ვიღაცამ დაურეკა მასთან ერთად მყოფს, უთხრა, მიეყვანა სახლამდე და გაეშვა. სახლში დახვდნენ ოჯახის წევრები, ნათესავები და დაახლოებით ხუთი კაცი, მაგიდაზე რაღაც აბები ეყარა და ფოტოებს უღებდნენ. განერვიულებული ეუბნებოდა, საიდან მოიტანეთ ეს ტაბლეტებიო, რის გამოც ერთმა პოლიციელმა კ----ს დაუყვირა, მოაკეტინეო და კ----მ სთხოვა, გაჩუმებულიყო. მეუღლე წაიყვანეს, თვითონ კი, აქ ყოფნის შიშის გამო, ხუთი დღით თურქეთში გაემგზავრა. ამ ამბის გამო დაკარგა ბავშვი და ეხლა, რომ შეიტყო, კ----ს არ უშვებენ, შვილიც აღარ ჰყავს, დასაკარგი არაფერი აქვს. თან მამამ, რომელიც პოლიციის მუშაკია, ასე ურჩია, გადაწყვიტა ჩვენება მისცეს სასამართლოს და გაემგზავროს უკრაინაში. არანაირი დაპირისპირება მის მეუღლეს რომელიმე სახელმწიფო მოხელესთან ან პოლიციის თანამშრომლებთან არ ჰქონია, ასევე, ნეგატიური დამოკიდებულება აქვს კ----ს ნარკოტიკების მიმართ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ პატაკის ავტორ ა--------–-–---–ის დაკითხვამდე ჩატარდა კ----------–---–ის პირადი ჩხრეკა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმის - საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე რ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაიწყო გამოძიება, დაიკითხა ინფორმაციის მიმღები პირი - ა--------–-–---–ი, მოახდინეს პირის იდენტიფიცირება და ხელმძღვანელის მითითებით გავიდნენ ტერიტორიაზე. მანვე განაცხადა, რომ პირის იდენტიფიცირებას სჭირდება ძალიან მცირე დრო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მიმღები პირი გამოკითხულია 14:15 საათიდან 14:25 საათამდე პერიოდში, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საგამოძიებო უწყებაში, ხოლო კ----------–---–ის პირადი ჩხრეკა ჩატარებულია 14:45-15:05 საათის ინტერვალში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. შესაბამისად, 20 წუთი სრულიად საკმარისი და გონივრული დროა შუადღის საათებში ავტომანქანით დიღმის მასივიდან ჭავჭავაძის გამზირზე გასასვლელად, სადაც ჩატარდა კ----------–---–ის პირადი ჩხრეკა. მოწმე ბ------------ის განმარტებით, ადგილზე მისასვლელად მათ დაახლოებით 15 წუთი დასჭირდათ. მათ მისვლისთანავე დაინახეს კ----------–---–ის ავტომანქანა, რა დროსაც ეს უკანასკნელი მიუახლოვდა ავტომანქანას და, იმავდროულად, პოლიციის თანამშრომლებიც წარუდგნენ მას, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა შემოწმებულია სასამართლოს მიერ და მისი დასაშვებობა და საქმესთან რელევანტურობა დამტკიცებულია წინასასამართლო სხდომაზე. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა როგორც კ----------–---–ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის, ასევე, მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის კანონიერებას.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვეთილა ისეთი გარემოება, რაც პოლიციელთა მხრიდან მიკერძოებაზე და არასანდოობაზე მიანიშნებდა. ვინაიდან, მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, იგი იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში და შესაბამისად, არ ჰქონია რაიმე სახის ურთიერთობა პოლიციის თანამშრომლებთან.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ წარმოადგენდა კ----------–---–ის კუთვნილებას და მისთვის უცნობია, თუ ვის ეკუთვნოდა ის, ხოლო მსჯავრდებულს ხელი ოქმებზე იძულებით მოაწერინეს, ვინაიდან მსჯავრდებულს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე საკუთარი ხელით აქვს მიწერილი: მსურს ვითანამშრომლო გამოძიებასთან და მოგახსენოთ, რომ თბილისი, პ-----------------------, ჩემ საცხოვრებელ მისამართზე, ჩემ საძინებელ ოთახში, შენახული მაქვს გარკვეული ოდენობა ნარკოტიკული საშუალება, ბუპრენორფინის აბები, რომელსაც წარმოგიდგენთ. სწორედ მსჯავრდებულის მითითებით იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რაც ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა. ამასთან, პირადი ჩხრეკისას ამოღებული და საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენდა ერთ სახეობას.
კ----------–---–თან ერთად ბინაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ კ----ს და მისი თანმხლები პირების ბინაში შესვლის შემდეგ სახლში იყო სიმშვიდე და სიწყნარე, კ----------–---–ის დედა შესული იყო იმ ოთახში, სადაც კ----------–---–ი, პოლიციელებთან ერთად, იმყოფებოდა და ჩაი და ყავაც კი შესთავაზა მათ, რაზეც მათგან თავაზიანი უარი მიიღო. აღნიშნულ პირთა მხრიდან არანაირ აგრესიას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოში დაკითხული არც ერთი მოწმის მხრიდან არ ყოფილა გაჟღერებული, რომ კ----------–---–ის, ან სახლში მყოფ სხვა პირთა მიმართ, პოლიციის თანამშრომლებმა გამოხატეს აგრესია და მათზე რაიმე ფორმით ახდენდნენ ზემოქმედებას. ამასთან, არანაირი განცხადება და საჩივარი სამართალდამცავ ორგანოებში მათი მხრიდან გაცხადებული არ ყოფილა.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კ----------–---–ი 3-4 დღის გადასული იყო საცხოვრებლად პ---------------------------ში, და საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ წარმოადგენდა კ----------–---–ის კუთვნილებას და მისთვის უცნობია, ვის ეკუთვნოდა სამგზავრო ჩანთაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, რადგან ამ ბინაში ხშირად რჩებოდნენ სტუმრებიც, ვინაიდან, მოწმე ო-–-----------ს საერთოდ არ აქვს მითითებული თავის ჩვენებაში, რომ ისინი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჯერ ქირით ცხოვრობდნენ და შემდეგ გადავიდნენ იმ ბინაში, სადაც აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალებები, რაზეც აპელირებენ მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები. ო-–-----------ის განცხადებით, საქართველოში ჩამოვიდნენ სექტემბრის შუა რიცხვებში და ცხოვრობდნენ მეუღლის ძმისა და დედის ბინაში. აღნიშნულ ბინაში დაახლოებით 3-4 დღით ადრე გადასვლაზე მსჯავრდებულმა და მისი ოჯახის წევრებმა მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას განაცხადეს. კ----------–---–ის რძალმა - თ-------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მათ ბინაში სექტემბრის თვეში არავის უცხოვრია. შესაბამისად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ბინაში ყოფილიყო სხვისი ჩანთა, მათ შორის კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებებით და არავინ დაინტერესებულიყო. ამასთან, საინტერესოა, ქალის ტანსაცმლით სავსე ჩანთაში, როგორ ნახა კ----------–---–მა ნარკოტიკული საშუალებები და კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებების სახლში არსებობის თაობაზე ოჯახის წევრებს არაფერი უთხრა.
დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა ჩატარებული გენეტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზები, რაც რასაკვირველია ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშულებები ეკუთვნის კ----------–---–ს. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---------------ის განმარტებით, ვინაიდან კ----------–---–მა თავისი ხელით აღნიშნა ოქმში, რომ ნარკოტიკებს სახლში ინახავდა, არ ჩათვალა საჭიროდ დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დანიშვნა. თუმცა, როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თავად ჩაეტარებინა აღნიშნული ექსპერტიზები და კანონის სრული დაცვით წარმოედგინა სასამართლოში.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავ ორგანოებს და სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ის უნდა გათავისუფლებულიყო აღნიშნული დანაშაულის ჩადენისაგან, ვინაიდან, ჩაბარება ნებაყოფლობით რომ ჩაითვალოს აღნიშნული უნდა მოხდეს გამოძიების დაწყებამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი კონკრეტულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია მაშინ ის ნებაყოფლობით ჩაბარებად არ შეიძლება ჩაითვალოს. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გახდა ცნობილი, რომ კ----------–---–ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და შესაძლოა ნარკოტიკული საშუალება მას ჰქონოდა პირადად, ავტომანქანაში ან სახლში, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც განაცხადა კ----------–---–მა ბინაში არსებული ნარკოტიკული საშუალების არსებობის შესახებ, რაც თავისთავად არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ----------–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გამოძიების ეტაპზე მისი თანამშრომლობის შედეგად ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
კ----------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კ----------–---–ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი კ----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო კ----------–---–ის პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ---------–--ს და ბ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
კ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 ოქტომბრიდან.
კ----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კ----------–---–ს 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10(ათი) წლის ვადით.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის უწყებებს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო კ----------–---–ის პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/