განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3301-0117001814295
საქმე №-ბ/629-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ლე------------ის
ადვოკატების - ილ-----------–---–ის, პა-----------–---–ის
გამართლებულ - ბა-------------------ის
თარჯიმნების - ას--------–--------ის, ზა--------------ას
მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თო-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბა-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 1---------, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, ნ----------–----------------, მცხოვრების მისამართზე: თ--–---, ს------–-----------–-, მ--- ქუჩა №-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით ბა-------------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბა-------------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, მათ შორის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1- იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, თბილისში, აეროპორტის დასახლება №-- კორპუსის სადარბაზოში, ბა-------------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რკინის აქანდაზი ჩაარტყა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ფა----------------ას, რომელმაც აღნიშნულის გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბა-------------------მა ასევე ორჯერ დაარტყა ფეხი ზურგის არეში შვილს, ელ–--------------ს და დააგორა კიბეზე, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2017 წლის 1- იანვარს, ქ. თბილისში, ა----------------------–--- №-- კორპუსის სადარბაზოში, ბა-------------------ის მიერ ფა----------------ასათვის რკინის აქანდაზის ჩარტყმის, ხოლო, არასრულწლოვანი შვილის ელ–--------------ის კიბეზე დაგორებისა და ზურგის არეში ფეხის ორჯერ დარტყმის ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თო-------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბა-------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბა-------------------ის ბრალეულობის დასტურად, პროცესის მსვლელობის განმავლობაში ბრალდების მხარემ დაკითხა მოწმეები, რომელთაც სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებებში დამაჯერებლად აღწერეს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებამ წარადგინა წერილობითი მტკიცებულებები. ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისას მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების: ბა-------------------ის, რუ----------------–---–ის, ექსპერტ ქე--------------–---–ის, გი----------------ის, ექსპერტ გი-----------–-–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. ბრალდების მხარემ გამოძიება აწარმოა ყოველმხრივ, სრულიად და ობიექტურად. საქმის სასამართლოში განხილვისას მიმოიხილეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რომელიც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას. აპელანტი აღნიშნავს, რომ ბა-------------------მა გადალახა უპირველესად ზნეობრივი, ადამიანური, შემდეგ კი კანონის ფარგლები და საკუთარ ცოლსა და შვილზე იძალადა. ბრალდების მხარეს სჯერა სასამართლოს გონიერების და იმედოვნებს, რომ გამოიტანს ერთადერთ სწორ, სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბა-------------------ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბა-------------------მა მისი ოჯახის წევრების: მეუღლის - ფა----------------ას და შვილის - ელ–--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ:
ბრალდების მხარემ თავისის პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულების: ფა----------------ას და ელ–--------------ის და მოწმეების: ბა-------------------ის, რუ----------------–---–ის, მე-----–------ას, ლე-----------–---–ის, ივ------------–---–ის, ზუ-----------–---–ის, გი----------------ისა და გი-----------–-–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
დაზარალებულებმა: ფა----------------ამ და ელ–--------------მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს მეუღლის და მამის - ბა-------------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ბა-------------------მა კი გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები: მე-----–------ა, ლე-----------–---–ი, ივ------------–---–ი, ზუ-----------–---–ი, გი----------------ე და გი-----------–-–---–ი, არიან პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები, მათ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მიცემული ჩვენებები ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
ასევე ირიბია მოწმე რუ----------------–---–ის ჩვენება ბა-------------------ის მიერ ფა----------------ასა და ელ–--------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან მიმართებით, ვინაიდან მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ფა----------------ას და ელ–--------------ის მონათხრობს ეფუძნება, ამ უკანასკნელებმა კი უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. რუ----------------–---–ის ჩვენებით კი დასტურდება, რომ მას კარზე დაუკაკუნეს და დახმარება სთხოვეს, დარეკა საპატრულო პოლიციაში შემდეგ კი ქვევით ჩავიდა, სადაც რამდენიმე უცხო ადამიანი დახვდა. დაზარალებულმა, რომელსაც თავზე პირსახოცი ედო, უთხრა, რომ ქმარმა თავში რაღაც საგანი ჩაარტყა. მოწმემ აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია დაზუსტებით იმის თქმა ბა-------------------ი იქ იყო თუ არა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №-/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 თებერვლის N--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ფა----------------ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას თხემის მიდამოში აღენიშნებოდა ჭრილობა; დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის /საგნების მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 თებერვლის N--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ელ–--------------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა დუნდულოს მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება - ნაჭდევის სახით; დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის/საგნების მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა ქე--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2017 წლის 20 თებერვალს გაცემული N--------- და 2017 წლის 18 თებერვალს გაცემული N--------- ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს, თუმცა არ შეიცავენ ინფორმაციას 2017 წლის 1- იანვარს ბა-------------------ის მიერ ფა----------------ას და ელ–--------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
2017 წლის 11 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად დასტურდება, რომ ფა----------------ას მითითებით, მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა მოვერხლისფრო აქანდაზის პირი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით და პირსახოცი.
აპელანტი მიუთითებს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს.
აპელანტის მოსაზრებას პალატა იზიარებს, მაგრამ თვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბა-------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თო-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ბა-------------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ბა-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს - 4 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) ბა-------------------ის, გ---–--------------------- და ფა----------------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - თ--–---, ს------–-----------–-, საკადასტრო კოდი: 5-.1-.4-.2---
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ბა-------------------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მეტალის ,,აქანდაზი’’ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე