განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2504-17 05 ივნისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - ანა გოგიშვილი, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია
აპელანტები – ე-–----- ლ-----ე, გ----------–-–---–ი
წარმომადგენელი – დ----------–----ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა----------------–---–ი
წარმომადგენელი – გ----------------–---–ი
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ე-–----- ლ-----ისა და გ----------–-–---–ის სარჩელი ა----------------–---–ის მიმართ, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2005 წლის 05 იანვარს, ელმირ ლ-----ეს და ა----------------–---–ს შორის დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ა----------------–---–მა, ელმირ ლ-----ესგან შეიძინა 20 732 აქცია, 32 694.364 აშშ დოლარად (ერთი აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 1, 57 აშშ დოლარით).
2.2. 2005 წლის 05 იანვარს, გ----------–-–---–ს და ა----------------–---–ს შორის დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ა----------------–---–მა, გ----------–-–---–ისაგან შეიძინა 10 366 აქცია, 16 347.182 აშშ დოლარად (ერთი აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 1, 57 აშშ დოლარით).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 02 ივლისის N2/874-07 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ელმირ ლ-----ის, გ----------–-–---–ის და სხვათა სარჩელი, მოპასუხეების - ა----------------–---–ის და სს ,,ა---------ის“ მიმართ, აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აქციათა დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები და მათ შორის, ელმირ ლ-----ე და გ----------–-–---–ი, ვერ ადასტურებენ, რომ მხარეთა შორის აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ იმ პირობით, რომ ა----------------–---–ი მოსარჩელეებს საკუთრებაში გადასცემდა სს ,,გ---------------------------ის” ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებასა და საზოგადოების დებიტორთაგან ამოღებულ თანხებს. სასამართლომ მიუთითა, რომ არც ერთი სადავო გარიგების ტექსტი არ შეიცავს მსგავსი შინაარსის დებულებას. აღნიშნული არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე იქნა დადასტურებული.
მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით დადგენილი ფაქტების პრეიუდიცია ნიშნავს სწორედ იმას, რომ სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება სხვა რაიმე სახის მტკიცებულებებით პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 02 ივლისის N2/874-07 გადაწყვეტილება გამოტანილია წინამდებარე დავის მონაწილე მხარეებს შორის და იგი შესულია კანონიერ ძალაში; შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
ამასთან, სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ 2005 წლის 05 იანვარს, ელმირ ლ-----ეს და ა----------------–---–ს შორის, ასევე 2005 წლის 05 იანვარს, გ----------–-–---–ს და ა----------------–---–ს შორის, აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ იმ პირობით, რომ ა----------------–---–ს დამატებითი შეთანხმების საფუძველზე მათთვის უნდა გადაეცა საზოგადოების (სს ,,გ-----------------------------ს“ და ამჟამად სს ,,ა---------ის“) კუთვნილი ქონება - ს----–---------ს შენობა და მოვალეებისგან მიღებული დავალიანებული თანხები, სასამართლო დავების მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარეთა ახსნა-განმარტებით, ზემოაღნიშნულ დამატებით პირობაზე არათუ შეთანხმდნენ მხარეები, არამედ მათთვის აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა მესამე პირისაგან, ისინი შეთანხმებას პირადად არ ესწრებოდნენ და მათთვის არ იყო ცნობილი თუ ვის კუთვნილებას წარმოადგენდა ს----–---------ს შენობა. ამასთან, მოპასუხე უარყოფს მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების არსებობის ფაქტს, რაც წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების ტვირთის საგანს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მათ შორის ურთიერთობები სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, ხოლო მხარეთა შორის ზეპირ და წერილობით დათქმებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა წერილობით ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს, როგორც მხარეთა ნების წერილობით რეზოლუციას, მით უფრო მაშინ, როცა ზეპირის შეთანხმების პირობები სადავოა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში:
1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება;
2) დამდგარი ზიანი;
3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის;
4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სს კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. ზიანის
სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ვლდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (სუსგ 07.10.2015 წლის საქმე №ას-459-438-2015).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ა----------------–---–ს, მხარეთა შორის დადებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა საზოგადოების (სს ,,გ-----------------------------ს“, ამჟამად სს ,,ა---------ის“) კუთვნილი ქონება _ ს----–---------ს შენობა და საზოგადოების მოვალეებისგან მიღებული დავალიანებული თანხები (სასამართლო დავების მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში), რაც გამორიცხავს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შესაძლებლობას.
სასამართლოს შეფასებით, ზემოააღნიშნულის გათვალისწინებით, არ იკვეთება მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ზიანის არსებობის ფაქტს.
მოსარჩელეების მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითება, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედების - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯერვნად შესრულების შედეგად, მათ მიადგათ მატერიალური ზიანი, სასამართლომ არ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძვლად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი უსწორობები დაუშვა იმ თვალსაზრისით, რომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მათში ასახული გარემოებები, რითაც ნათლად და უტყუარად დასტურდებოდა სარჩელის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა; დასახელებული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-105-ე, 393-394-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ცალსახა და აბსოლუტური საფუძველია.
3.2. აპელანტები აღნიშნავენ, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა; მათივე განცხადებით, მოსარჩელეთა შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ პირობებში, როდესაც მხარის მიერ დასახელებული მტკიცებულებები ნათლად დაადასტურებდნენ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და საბოლოოდ _ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
აპელანტები უთითებენ, რომ, მართალია სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ საქმის ობიექტური განხილვა ვერ განხორციელდა მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის განჩინებით და სწორედ დავის არაობიექტური განხილვის შემდეგ გამოიტანა მოსამართლემ გადაწყვეტილება;
აპელანტების შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, იგი შეიცავს ფაქტობრივ უსწორობებს, გამოტანილია დავის მიკერძოებულად და არაობიექტურად განხილვის შედეგად, რადგან მოსამართლის მიერ გაზიარებული იქნა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წარადგინა მოპასუხე მხარემ.
3.3. აპელანტები მიუთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ის კანონი (სამართლის სპეციალური ნორმები), რომლის გამოყენებასაც მოსარჩელეები ითხოვდნენ;
სასამართლოს მიერ იგნორირებული იქნა მოსარჩელეთა პოზიცია და სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები; კერძოდ, 2005 წლის 05 იანვარს, ელმირ ლ-----ესა და ა----------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა----------------–---–მა ელმირ ლ-----ისგან შეიძინა 20 732 აქცია 32 694, 364 აშშ დოლარად (ერთი აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 1,57 აშშ დოლარით); ასევე 2005 წლის 05 იანვარს გ----------–-–---–სა და ა----------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა----------------–---–მა გ----------–-–---–ისაგან შეიძინა 10 366 აქცია 16 347,182 აშშ დოლარად (ერთი აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 1,57 აშშ დოლარით); მაშინ, როდესაც, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ერთი აქციის საშუალო საბაზრო ღირებულება იყო 15 აშშ დოლარი. სწორედ ექსპერტის დასკვნიდან გამომდინარეა გაანგარიშებული დასახელებული აქციების ღირებულების პროპორციული თანაფარდობა სააქციო საზოგადოების კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში, იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც გამომდინარეობს სააქციო საზოგადოების კუთვნილი მიწის ნაკვეთის ღირებულების თაობაზე ექსპერტის დასკვნის საშუალო ფასიდან (1 კვ.მ - 250 აშშ დოლარი). კერძოდ, მიწის ნაკვეთის (სულ 32 381 კვ.მ) მთლიანი ფართობისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების (სულ 3087.44კვ.მ) ფასია 32381+3087,44= 35468,44 x 250 = 8.867110 აშშ დოლარი (13 357 162 ლარი);
შესაბამისად, ელმირ ლ-----ის კუთვნილი აქციების 20732 საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს (ერთი აქცია საშუალოდ 15 აშშ დოლარს) 310 980 აშშ დოლარს; აქედან ელმირ ლ-----ის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 310980 – 32549.24 = 278430,76 აშშ დოლარს;
რაც შეეხება მოსარჩელე გ----------–-–---–ს, მან მოპასუხე ა----------------–---–ზე გაასხვისა თავისი კუთვნილი 10366 აქცია თითოეული ნომინალური ღირებულებით 1,57 აშშ დოლარად, სულ - 16 274,62 აშშ დოლარად, იგივე დასკვნების და იმავე გამოთვლების თანახმად, გ----------–-–---–ის კუთვნილი აქციების 10366 საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს (ერთი აქცია საშუალოდ 15 აშშ დოლარს) 155 490 აშშ დოლარს; აქედან გ----------–-–---–ის ასანაზღაურებელი თანხა 155.490-16274,62=139215.38 აშშ დოლარს შეადგენს.
აპელანტების განმარტებით, ამ ფასად ამ აქციების გაყიდვა განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ დაპირების, მორიგების თანახმად, მოსარჩელეებს უნდა მიეღოთ გაცილებით მეტი სარგებელი, რაც არ განხორციელდა მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელეების შეცდომაში შეყვანით და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო;
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტების განმარტებით, რამდენიმე ათეულმილიონიანი ღირებულების მქონე ქონება (აქციებში გამოხატული ქონებრივი უფლებები), მოპასუხესთან აღმოჩნდა ელმირ ლ-----ისა და გ----------–-–---–ის ინტერესებისა და უფლებების საზიანოდ; აპელანტების შეფასებით, მოწინააღმდეგე მხარემ არაკეთილსინდისიერად დაარღვია ნაკისრი პირობები და ვალდებულებები, ურომლისოდაც ეს გარიგებები არ დაიდებოდა და ამით მოსარჩელეებს მიაყენა განსაკუთრებით დიდი ზიანი.
აპელანტთა განმარტებით, აღწერილი მდგომარეობა სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა, იმგვარად, რომ ნაწილობრივ გამოიყენა კანონის ის მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა უგულვებელყო მოწინააღმდეგე მხარის ქმედებას და დამდგარ შედეგს (კონკრეტული ზიანს) შორის ლოგიკური კავშირი; პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულვებელყო და არასათანადოდ შეაფასა საქმის გარემოებები; არ გაითვალისწინა დამატებითი პირობები, რის გამოც მოსარჩელეები დათანხმდნენ დასახელებული ხელშეკრულებების დადებას.
აპელანტების განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ გაუთვალისწინებია, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო ურთიეთობების და ზიანის ანაზღაურების მავალებელი ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები; კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი; ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად კი, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან; ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება რომ უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აპელანტები ასევე მიუთითებენ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე; ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2005 წლის 05 იანვარს, ელმირ ლ-----ეს და ა----------------–---–ს შორის დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ა----------------–---–მა, ელმირ ლ-----ესგან შეიძინა 20 732 აქცია, 32694.364 აშშ დოლარად, (ერთი აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 1, 57 აშშ დოლარით).
- 2005 წლის 05 იანვარს, გ----------–-–---–ს და ა----------------–---–ს შორის დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ა----------------–---–მა, გ----------–-–---–ისაგან შეიძინა 10 366 აქცია, 16 347.182 აშშ დოლარად, (ერთი აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვრა 1, 57 აშშ დოლარით).
- თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის 02 ივლისის N2/874-07 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ელმირ ლ-----ის, გ----------–-–---–ის და სხვათა სარჩელი მოპასუხეების - ა----------------–---–ის და სს ,,ა---------ის“ მიმართ აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აქციათა დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
- ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები და, მათ შორის, ელმირ ლ-----ე და გ----------–-–---–ი, ვერ ადასტურებენ, რომ მხარეთა შორის აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ იმ პირობით, რომ ა----------------–---–ი მოსარჩელეებს საკუთრებაში გადასცემდა სს ,,გ---------------------------ის” ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებასა და საზოგადოების დებიტორთაგან ამოღებულ თანხებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი სადავო გარიგების ტექსტი არ შეიცავს მსგავსი შინაარსის დებულებას. აღნიშნული არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე იქნა დადასტურებული.
4.2. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხე ა----------------–---–ის მხრიდან 2005 წლის 05 იანვრის ხელშეკრულებების დარღვევისა და აპელანტებთან რაიმე დამატებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:
ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებენ ე.წ. პრეიუდიციურად დადგენილი ფაქტები; კერძოდ, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას, ანუ სავალდებულო ძალის მქონედ მიიჩნევა არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უკლებლივ ყველა გარემოება, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ემყარება. ამდენად, ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ათავისუფლებს მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ისეთი ფაქტების სარწმუნოდ დადასტურების ვალდებულებისაგან, რომელთა არსებობა სასამართლოს მიერ უკვე დადგინდა იმავე მხარეებს შორის მიმდინარე სხვა სამოქალაქო დავის ფარგლებში. კანონის ამგვარ დანაწესს განაპირობებს ის გარემოება, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე შეაფასა მხარეთა მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით წარდგენილი მტკიცებები, გამოიკვლია და დაადგინა ფაქტები იმავე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო საქმეზე, რომლის წარმოება დასრულდა. შესაბამისად, აღარ არსებობს იმის საჭიროება, რომ სასამართლომ ხელახლა დააკისროს მხარეებს იმავე გარემოებების მტკიცება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 02 ივლისის N2/874-07 გადაწყვეტილების თანახმად, ელმირ ლ-----ის, გ----------–-–---–ის და სხვათა სარჩელი მოპასუხეების - ა----------------–---–ის და სს ,,ა---------ის“ მიმართ, აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და აქციათა დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები და, მათ შორის, ელმირ ლ-----ე და გ----------–-–---–ი ვერ ადასტურებენ, რომ მხარეთა შორის აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ იმ პირობით, რომ ა----------------–---–ი მოსარჩელეებს საკუთრებაში გადასცემდა სს ,,გ---------------------------ის” ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებასა და საზოგადოების დებიტორთაგან ამოღებულ თანხებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი სადავო გარიგების ტექსტი არ შეიცავს მსგავსი შინაარსის დებულებას და აღნიშნული არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე იქნა დადასტურებული.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად მიიჩნია პრეიუდიციურად დადგენილად, რომ ა----------------–---–ს 2005 წლის 05 ივნისის ხელშეკრულებებით დამატებითი ვალდებულებები აპელანტთა წინაშე არ უკისრია, მით უფრო, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელეთა მხრიდან ვერც სარჩელისა და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში, სარწმუნო, უტყუარი წერილობითი მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი, მათი ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება კი მასზედ, რომ ა----------------–---–ი მათ დაპირდათ ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ კონკრეტული უძრავი ქონების გადაცემას, ვერ უწევს წინააღმდეგობას საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პრეიუდუციურად დადგენილ ფაქტებს. პალატა აქვე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მათ შორის ურთიერთობები სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა გადაწყდეს, ხოლო მხარეთა შორის ზეპირ და წერილობით დათქმებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა წერილობით ხელშეკრულებას უდნა მიენიჭოს, როგორც მხარეთა ნების წერილობით რეზოლუციას, მით უფრო მაშინ, როცა ზეპირი შეთანხმების პირობები სადავოა.
4.3. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა; ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა, ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა.
მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, განსახილველი საქმის მასალებით არ დგინდება ა----------------–---–ის მხრიდან 2005 წლის 05 ივნისის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი; არც წარმოდგენილი სარჩელი და არც სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს არგუმენტირებულ მტკიცებას მოპასუხის ქმედებით განცდილ ზიანთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი მოსარჩელეებმა ა----------------–---–ის მხრიდან 2005 წლის 05 ივნისის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ გარიგების ფასს და შესყიდული აქციების რეალურ საბაზრო ღირებულებას დაუკავშირეს, რომლის განსასაზღვრად წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა; აპელანტების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იგი უგულებელყოფილი იქნა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პრეზუმირებული ზიანის არსებობა/არარსებობის დადგენის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა და დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არ დარღვეულა 2005 წლის 05 ივნისის ხელშეკრულებების პირობები; ამასთან, არც ის გარემოება დასტურდება, რომ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები არ იყო მხარეთა რეალური ნების გამოვლენის შედეგი. შესაბამისად, პალატა შენიშნავს, რომ სახეზე არ არის ა----------------–---–ის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი და არც „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“, რაც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება.
4.4. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტები ასევე მოითხოვენ შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინების გაუქმებას მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.02.2017წ. სხდომის ოქმი 13:56:31სთ).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ცალკეულ პირთა ჩვენება, რომელიც მიცემულ იქნა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას სამართალდამცავი ორგანოებისადმი, ვერ იქნება განხილული მტკიცებულებად, თუკი იგი არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული საოქმო განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტები, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ს.ფ. 57, ს.ფ. 58).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–----- ლ-----ისა და გ----------–-–---–ის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 თებერვლს გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/
/ანა გოგიშვილი/