განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002422818
№2ბ/5453-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მადივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - პ----- გ------–---–ი
წარმომადგენელი - ნ---- ნ----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს------- ს---–------ი
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ს------- ს---–------ის სარჩელი პ----- გ------–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. პ----- გ------–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 26 მარტს დაბადებული ა-----– გ------–---–ისა და 2014 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ------ გ------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული შვილის სასარგებლოდ 350-350 (სამას ორმოცდაათ-სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ს------- ს---–------ი და პ----- გ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2008 წლის 3 დეკემბრიდან - 2018 წლის 13 მარტამდე (იხ. ტ.1, ს/ფ 17, 20);
2.2. ს------- ს---–------სა და პ----- გ------–---–ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - 2010 წლის 26 მარტს დაბადებული ა-----– გ------–---–ი და 2014 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ------ გ------–---–ი (იხ. ტ.1, ს/ფ 18-19);
2.3. ს------- ს---–------ი და პ----- გ------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილები, ა-----– გ------–---–ი და მ------ გ------–---–ი ცხოვრობენ დედასთან ერთად, ს------- ს---–------ის მამის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. თბილისი, ნ-----–--------------–---, მ----–--------, ბ------.
2.4. ს------- ს---–------ი არ არის დასაქმებული. მას მატერიალურად ეხმარება დედა.
2.5. პ----- გ------–---–ის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი შვილების, ა-----– და მ------ გ------–---–ებისა, სხვა პირი არ იმყოფება.
2.6. პ----- გ------–---–ი ყოველთვიურად იხდის ა-----– გ------–---–ის ცეკვის წრისა და ინგლისურ ენაში მომზადების საფასურს, საერთო ჯამში - 78 ლარის ოდენობით.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. პ----- გ------–---–ი მუშაობს სს ,,კ-------------ში“. 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, მოპასუხის ხელფასის, ბონუსისა და სხვა სახის შემოსავალმა ყოველთვიურად, საშუალოდ შეადგინა - 2490 ლარი (იხ. ტ.1, ს/ფ 71);
2.8. პ----- გ------–---–ს სს ,,ს----------–--------ისგან“ აღებული აქვს ოთხი სამომხმარებლო ტიპის სესხი, საერთო ჯამში - 20 800 ლარის ოდენობით (იხ. ტ.1, ს/ფ 56-63);
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2014 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ------ გ------–---–ი და 2010 წლის 26 მარტს დაბადებული ა-----– გ------–---–ი, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.
დავის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, მუხლებით და განმარტა, რომ კანონი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სასამართლომ ასევე მიუთითა, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციაზე, კერძოდ:
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელი იყო მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებდნენ.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი იყო, რომ მოპასუხე პ----- გ------–---–ი დასაქმებული იყო სს ,,კ-------------ში“. მისმა შემოსავალმა 2017 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის აპრილის თვის ჩათლით ხელფასის, ბონუსის და სხვა სახით ყოველთვიურად საშუალოდ შეადგინა - 2490 ლარი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობდნენ მოსარჩელესთან ერთად, ს------- ს---–------ის მამის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ერთ ოთახში. მოსარჩელე დედის დახმარებით უზრუნველყოფდა მათ აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ იყო საკმარისი ს------- ს---–------ის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელე უმუშევარი იყო, არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და ყოველთვიურად მიღებული მატერიალური სახსრები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვები საჭიროებდნენ მშობლების დახმარებას, ვინაიდან იყვნენ არასრულწლოვნები, მათი აღზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის და ყოველდღიური, განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ იყო საკმარისი. მშობლებს უპირველესად უნდა გაეთვალისწინებინათ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებული იყო ჩაერთო შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები. მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოებაც, რომ პ----- გ------–---–ის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, სხვა პირები არ იმყოფებოდნენ.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია პ----- გ------–---–ს ჰქონდა საკრედიტო ვალდებულებები სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ, რომლის შენატანსაც ყოველთვიურად იხდიდა, მაგრამ საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებდა მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავდა გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ ფინანსური ვალდებულება გარკვეულ ვადასთან იყო დაკავშირებული, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდებოდა მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნებოდა თვეში 350-350 (სამას ორმოცდაათ-სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ყოველთვიურად თითეული შვილის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ალიმენტი 350-350 (სამას ორმოცდაათ-სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება 150-150 ლარამდე;
3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ის გარემოება, რომ პ----- გ------–---–ს სს ,,ს----------–--------ისგან“ აღებული აქვს ოთხი სამომხმარებლო ტიპის სესხი, საერთო ჯამში - 20 800 ლარის ოდენობით, არ გაითვალისწინა, რომ სესხი წარმოადგენდა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში აღებულ ვალს, რომელთაგან, პირველად აღებული სესხი უშუალოდ მოხმარდა მოსარჩელე მხარეს, ხოლო, დანარჩენი სამი სესხი, გაიხარჯა მოსარჩელე მხარის განკარგულებით;
3.3. აპელანტის მითითებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1160 ლარს. რაც შეეხება ბონუსს, აპელანტმა განმარტა, რომ ბონუსი არის ის შემოსავალი, რომელიც დამოკიდებულია კლიენტის მოზიდვაზე, სესხის გაცემაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. ამდებად, შესაძლებელია ბონუსი იყო მხოლოდ მცირე ოდენობის, ან საერთოდ არ იყოს;
3.4. აპელანტის განმარტებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისიწნებელია ასევე ის გარემოება, რომ პ----- გ------–---–ი იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში ნ----- თ---–----–---–თან, მისი მეუღლე არის ორსულად. ამასთან, ა-----– გ------–---–ი (პ----- გ------–---–ის მამა), არის საპენსიო ასაკს მიღწეველი, უმუშევარი, რომელიც დაავადებულია სიმსივნით. შესაბამისად, ა-----– გ------–---–ი არის შრომისუუნარო და დამოკიდებულია პ----- გ------–---–ის შემოსავალზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 2008 წლის 3 დეკემბრიდან - 2018 წლის 13 მარტამდე, ს------- ს---–------ი და პ----- გ------–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე;
4.2. ს------- ს---–------ი არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვების აღზრდით. ხოლო, პ----- გ------–---–ი მუშაობს სს ,,კ-------------ში“. 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, პ----- გ------–---–ის ხელფასის, ბონუსისა და სხვა სახის შემოსავალმა ყოველთვიურად, საშუალოდ შეადგინა 2490 ლარი;
4.3. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პ----- გ------–---–ის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1160 ლარს, რაც შეეხება ბონუსს, ვინაიდან მისი ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და არ არის სტაბილური, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ბონუსი არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ინფორმაციით (ტომი 1; ს/ფ 71), დასტურდება, რომ პ----- გ------–---–ის შემოსავალი 2017 წლის იანვრის თვიდან - 2018 წლის აპრილის თვის ჩათლით ხელფასის, ბონუსის და სხვა სახით ყოველთვიურად საშუალოდ შეადგენს 2490 ლარს. წარმოდგენილი მტკიცებულება ასახავს ინფორმაციას 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში პ----- გ------–---–ის შემოსავლის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება (რომ ბონუსის ოდენობა სხვა პერიოდში ბევრად ნაკლები იყო, ან ბონუსი საერთოდ არ ყოფილა), აპელანტის (მოპასუხის) მიერ წარმოდგენილი არ არის. სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი კი კონკრეტულ მოცემულობაში, საქართველოს სსკ-ის 4.1., 102-103.1. მუხლები თანახმად, აპელანტს (მოპასუხე მხარეს) ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაძლია.
4.4. პ----- გ------–---–ს სს ,,ს----------–--------ისგან“ აღებული აქვს ოთხი სამომხმარებლო ტიპის სესხი, საერთო ჯამში - 20 800 ლარის ოდენობით;
4.5. პ----- გ------–---–ი ყოველთვიურად იხდის ა-----– გ------–---–ის ცეკვის წრისა და ინგლისურ ენაში მომზადების საფასურს, საერთო ჯამში - 78 ლარის ოდენობით;
4.6. 2018 წლის 23 ივლისს, მოპასუხე პ----- გ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ნ----- თ---–----–---–თან, რომელიც შპს ,,გ-----ის’’ მიერ 10.08.18 წელს გაცემული ულტრაბგერითი კვლევით, არის 6 კვირის ორსული;
4.7. აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად, 1961 წლის 23 მარტს დაბადებულ ა-----– გ------–---–ს აღენიშნება: 1. ყბაყურა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, 2. არტერიული ჰიპერტენზია, 3. გულის იშემიური დაავადება, 4. სტენოკარდის, ართროზი;
4.8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პ----- გ------–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - 2010 წლის 26 მარტს დაბადებული ა-----– გ------–---–ისა და 2014 წლის 17 სექტემბერს დაბადებული მ------ გ------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული შვილის სასარგებლოდ 350-350 (სამას ორმოცდაათ-სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს 200-200 ლარის ოდენობით, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, და მოითხოვს ორივე ბავშვზე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას 150-150 ლარის, ჯამში, 300.00 ლარის ოდენობით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ერთის მხრივ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან - ს------- ს---–------თან, რომელიც ამჟამად არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვების აღზრდით. ამასთან, ს------- ს---–------თან ერთად, არასრულწლოვნები ცხოვრობენ ს------- ს---–------ის მამის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ნ-----–--------------–---, მ----–--------, ბ------; ხოლო, მეორეს მხრივ, ყურადრებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პ----- გ------–---–ი მუშაობს სს ,,კ-------------ში“. 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, მოპასუხის ხელფასის, ბონუსისა და სხვა სახის შემოსავალმა ყოველთვიურად, საშუალოდ შეადგინა - 2490 ლარი. პ----- გ------–---–ი ყოველთვიურად იხდის ა-----– გ------–---–ის ცეკვის წრისა და ინგლისურ ენაში მომზადების საფასურს, საერთო ჯამში - 78 ლარის ოდენობით, და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე მათი საჭიროებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე უნდა განისაზღვროს 350.00 ლარით, ჯამში ორ არასრულწლოვანზე - 700.00 ლარის ოდენობით.
პალატა განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს.
4.9. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტს გააჩნია საკრედიტო ვალდებულებები, რომელთა გადახდევინება ხორციელდება მისი ხელფასიდან, პალატა ამ გარემოებებს ვერ მიიჩნევს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. პალატა განმარტავს, რომ ბავშვების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა წარმოადგენს მშობლის ძირითად ვალდებულებას, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა. აღნიშნულთან მიმართებაში პალატა განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის არსებობა ალიმენტის ოდენობის დადგენისათვის განმსაზღვრელი გარემოება ვერ გახდება, რადგან კრედიტის არსებობა არის ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ქმედება, ხოლო არარსუწლოვან შვილს, მხოლოდ მშობლისგან შეუძლია რჩენისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრების მიღება. ამასთან, სასამართლო ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტი აღებულია მას შემდეგ, რაც მეუღლეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობდნენ (სადავო არ არის ის გარემოება, რომ ს------- ს---–------ი და პ----- გ------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2018 წლის 13 მარტამდე, ხოლო, სესხები აღებულია 2018 წლის მარტის შემდეგ). ამასთან, სსსკ-ის 4.1., 102-103.1. მუხლების თანახმად, ის გარემოება, რომ პირველი სესხი მოხმარდა მოსარჩელე მხარეს, ხოლო, დანარჩენი 3 სესხი გაიხარჯა ოჯახური საჭიროებისათვის, მოპასუხე მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული.
4.10. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კუთხით, საამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს აპელანტის მითითებას ნ----- თ---–----–---–თან რეგისტრაციის ფაქტზე და იმ გარემოებაზე, რომ მისი მეუღლე (ნ----- თ---–----–---–ი) არის ორსულად. პალატა განმარტავს, რომ ამ ფაქტობრივი მოცემულობით არ დასტურდება პ----- გ------–---–ის კმაყოფაზე სხვა სარჩენი პირის არსებობა. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე (1. მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. 2. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა) მუხლზე, რომლის დანაწესი, ალიმენტის გადახდაზე ვალდებულ პირს უფლებას ანიჭებს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ამდენად, მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, მოპასუხეს არ ერთმევა შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს სარჩელით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელირებას იგარემოებაზე, რომ პ----- გ------–---–ი არის მისი მამის - ა-----– გ------–---–ის (რომელიც არის შრომისუუნარო, და ამავდროულად სიმსივნით დაავადებული) მარჩენალი, და მისი შემოსავლიდან გაედინება მამის რჩენისათვის/მოვლისათვის აუცილებელი ხარჯები, რაც ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ა-----– გ------–---–ი იყო შრომისუუნარო. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ა-----– გ------–---–ი დაავადებულია სიმსივნით, ამ მოტივით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე/შემცირებაზე, მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, მითიმეტეს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ მისთვის სარჩელის აღძვრამდე იყო ცნობილი იმის თაობაზე, რომ მამამისს აღენიშნებოდა სიმსივნე. კერძოდ, პალატა მიუთითებს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა-ზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ ა-----– გ------–---–ს 2017 წელს ჩატარებული აქვს მარცხენა ყბაყურა ჯირკვლის ამოკვეთა, სიმსივნის გამო. სარჩელი კი აღძრულია 2018 წლის 30 აპრილს. ამდენად, მოპასუხე ამ კუთხით არ შედავებია სარჩელში მითითებულ გარემოებებს მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- გ------–---–ის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი შვილების, ა-----– და მ------ გ------–---–ებისა, სხვა პირი არ იმყოფება.
4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე, მათი საჭიროებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციასა“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებზე მითითებით, მართებულად მიიჩნია, რომ ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვან ბავშვებზე უნდა განსაზღვრულიყო 350-350 ლარით.
4.12. სააპელაციო შესაგებლით, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) ს------- ს---–------ის წარმომადგენელმა მ------------–---–მა, იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე. წარმომადგენელმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი დღემდე თავს არიდებს საალიმენტო ვალდებულების შესრულებას, მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებიან გაუსაძლის პირობებში, რითაც იზღუდება მათი ინტერესები.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი ალიმენტის დაკისრების ნაწილში, უნდა გადაეცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობლივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებულია და ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არსებობს ამის კანონიერი საფუძველი.
ამასთან, მოსარჩელეებს განემარტოთ რომ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მათ უნდა დააბრუნონ ყოველივე რაც მიიღეს გაუქმებული გადაწყვეტილებით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (150.00 ლარი) სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ----- გ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;
3. დაკმაყოფილდეს ს------- ს---–------ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში;
4. ნაწილობრივ დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში (1.1. პუნქტი);
5. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
8. განჩინება გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით, დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 12 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში განჩინებაზე, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
მოსამართლე: გელა ქირია