განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №120310018002455413
საქმე N3ბ/2605-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
6 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე შოთა გეწაძე
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ------ ლ-----ე;
წარმომადგენელი - ი----- ხ-------–---–ი;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.1) - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - დ----- ს--------ე;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.1) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ც---- მ-----–---–ი;
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება;
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. დადებულად იქნეს აღიარებული 2001 წლის 09 ივნისს ერთის მხრივ საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N-- ბრძანებულობით დანიშნული ახალციხის მ----------–------ ფაბრიკის ლიკვიდატორს და მეორე მხრივ თ------ ლ-----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. (დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა; იხ. სხდომის ოქმი 6.12.2018; 13:27:26)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თ------ი ლ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა 2001 წლის 09 ივნისს საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N-- ბრძანებულობით დანიშნული ახალციხის მ----------–----ის ფაბრიკის ლიკვიდატორს გ------ დ---------ა და მეორე მხრივ თ------ ლ-----ეს შორის დადებული მიღება - ჩაბარების აქტი ნასყიდობის ხელშეკრულებად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ, 2000 წლის 30 მაისს გამოცემულ იქნა დადგენილება N3/44, რომლის საფუძველზეც ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრირებული საწარმოები, მათ შორის ახალციხის მ----------–------ ფაბრიკა (ს.ფ.13).
4.2. სახელმწიფო ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 20 ივნისის N-- ბრძანების საფუძველზე სალიკვიდაციო საწარმოების მიხედვით დაინიშნენ ლიკვიდატრები, ხოლო ახალციხის მ----------–------ ფაბრიკის ლიკვიდატორად დაინიშნა გ------ დ-------ე (სფ.14).
4.3. საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N-- ბრძანებულებით დანიშნული ახალციხის მ----------–------ ფაბრიკის ლიკვიდატორს, გ------ დ---------ა და თ------ ლ-----ეს შორის 2001 წლის 09 ივნისს შედგა მიღება - ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N-- ბრძანებულებით დანიშნული ახალციხის მ----------–------ ფაბრიკის ლიკვიდატორმა, გ------ დ-------ემ მყიდველს თ------ ლ-----ეს საკუთრებაში გადაცა ახალციხის მ----------–------ ფაბრიკის ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვ. მ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვ. მ ფართით. ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხურის ღირებულებაა 120.00 ლარი, ხოლო ვეტსანიტარული გამტარი შენობის 700 ლარი. მიღება - ჩაბარების აქტი დამოწმდა ნოტარიუსის მიერ. (ს.ფ.15).
4.4. მოწმე გ------ დ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან როგორც ლიკვიდატორმა ნამდვილად გაყიდა უძრავი ქონება და თ------ ლ-----ემ შეიძინა ახალციხის მ----------–------ ფაბრიკის ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვ.მ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვ.მ. ფართით, რომელშიც თ------ ლ-----ის მიერ გადახდილი იქნა თანხა.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ, 2000 წლის 30 მაისს გამოცემული N3/44 დადგენილების საფუძველზე ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრირებული საწარმოები, მათ შორის ახალციხის მ----------–------ ფაბრიკა, ხოლო 2000 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა N 60 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ახალციხის მ----------–------ ფაბრიკის ლიკვიდატორად დაინიშნა გ------ი დ-------ე, რომელსაც უფლება ჰქონდა მოეხდინა საწარმოს ლიკვიდაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარდგენილი მიღება- ჩაბარების აქტის სახით, რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ ფორმაზე, იგი აკმაყოფილებს როგორც მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ასევე 2001 წელს მოქმედი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე მუხლის და 328-ე მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღება - ჩაბარების აქტის სახით სახეზე ნოტარიულად გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც გამოხატულია მხარეთა ნება, ამასთან, საქმეში არსებული ქვითრით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ------ ლ-----ის მიერ თანხა სრულადაა გადახდილი, რის გამოც განმარტა, რომ აღიარებული უნდა იქნას 2001 წლის 09 ივნისს საქართველოს ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს 2000 წლის 02 ივნისის N-- ბრძანებულობით დანიშნული ახალციხის მ----------–----ის ფაბრიკის ლიკვიდატორს გ------ დ--------- და მეორე მხრივ თ------ ლ-----ეს შორის დადებული მიღება - ჩაბარების აქტი ნასყიდობის ხელშეკრულებად, რომლის საფუძველზე ახალციხის მ----------–----ის ფაბრიკის ტრანსპორტის გასატარებელი ჯიხური ერთ სართულზე, სამეურნეო ფართი 30 კვმ. და ვეტსანიტარული გამტარი შენობა 216 კვმ. ფართით, 820 ლარად შეიძინა თ------ ლ-----ემ, რადგან სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
რაც შეეხება მესაკუთრედ ცნობას, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული არის თანმდევი შედეგი და უკავშირდება ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა მაგრამ არასწორად განმარტა იგი. წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე (2001 წელს მოქმედი რედაქცია) და განმარტავს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეეძლო როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. ზუსტად უნდა აღნიშნულიყო უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი.
აპელანტის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალე იყო გადაეცა მყიდველისათვის საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიეწოდებინა საქონელი. მისივე განმარტებით, როგორც დღევანდელი, ისე იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობას უკავშირებდა რთული წერილობითი ფორმით შედგენილი ხელშეკრულების არსებობას და აღნიშნული დოკუმენტის რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში ნამდვილი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი ძირითადი მტკიცებულება - ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის სამართალურთიერთობის არსებობა, არ არსებობს.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესი ცხადყოფს, რომ 2000-2001 წლებში მოქმედი კანონი უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობას უკავშირებდა არა ყოველგვარ საბუთს, არამედ სათანადო წესით გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციას მარეგისტირებელ ორგანოში. ცალსახად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არსებობს, მიიჩნევს, რომ გ------ დ---------ა და თ------ ლ-----ეს შორის 2001 წლის 09 ივნისს გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტი წარმოადგენდა ხელშეკრულებაზე დართულ დოკუმენტს და არა უშუალოდ ხელშეკრულებას.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ სახელმწიფო ბაჟის მხარისათვის არასწორად დაკისრებას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 25 ოქტომბრის N1-3/750 ბრძანებით დამტკიცებული,,სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი) შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე", რომლის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს (საზოგადოების) ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი. ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ 2000 წლის 30 მაისს გამოცემული N3/44 დადგენილების საფუძველზეც ლიკვიდაციას დაექვემდებარა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით (საწსდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი) შექმნილი არარეგისტრირებული საწარმოები, მათ შორის ახალციხის მ----------–------ ფაბრიკა, ხოლო 2000 წლის 20 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ახალციხის რაიონული სამმართველოს მიერ გამოიცა N-- ბრძანება, რომლის საფუძველზეც ახალციხის მ----------–------ ფაბრიკის ლიკვიდატორად დაინიშნა გ------ი დ-------ე, რომელსაც უფლება ჰქონდა მოეხდინა საწარმოს ლიკვიდაცია.
პალატა ყურადრებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო 328-ე მუხლში ცალსახად მითითებულია, რომ თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ მითითებულ იმ მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ნამდვილი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი ძირითადი მტკიცებულება -ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდებოდა მხარეთა შორის სამართალურთიერთობის არსებობას, არ არსებობს.
8.2. პალატა დამატებით განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რაც გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ. მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს. სამართლებრივი შედეგი შეიძლება ნიშნავდეს როგორც ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას მხარეებს შორის, ისე არსებული უფლება - მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას. ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის მეშვეობით.
სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით. იმისათვის, რომ ხელშეკრულების ესა თუ ის პირობა შეთანხმებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ მასზე შედგეს კონსესუსი, თუმცა თავად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საკმარისია, თუ მხარეები მის არსებით პირობებზე შეთანხმდებიან.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მიღება - ჩაბარების აქტის სახით სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულ ფორმაზე, იგი აკმაყოფილებს როგორც მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ასევე 2001 წელს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე მუხლის და 328-ე მუხლის მოთხოვნებს; ამდენად, მიღება - ჩაბარების აქტის სახით სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც გამოხატულია მხარეთა ნება, ამასთან, მიღება ჩაბარების აქტში ცალსახად მითითებულია ღირებულება და საქმეში წარმოდგენილი სალაროს შესავლის ქვითრით დადგენილია თ------ ლ-----ის მიერ ზემოაღნიშნული თანხის სრულად გადახდის ფაქტი, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა აღიარებული ახალციხის მ----------–----ის ფაბრიკის ლიკვიდატორს გ------ დ---------ა და მეორე მხრივ თ------ ლ-----ეს შორის დადებული მიღება - ჩაბარების აქტი ნასყიდობის ხელშეკრულებად.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლზე და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მათ მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ სისწორეს და შესაბამისად, მათი მოთხოვნის კანონიერებას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
8.3. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი 300 (სამასი) ლარის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის საკითხზე მსჯელობისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილში გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარს. განსახილველ შემთხვევაში სწორედ აღნიშნულს აქვს ადგილი.
მოცემულ ვითარებაში საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 16 აპრილის N-- საგადახდო დავალებით დგინდება, რომ თ------ ლ-----ის სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 300 ლარი. (სს "-----------–----------, საგადასახდო დავალება №1-- ბანკის კოდი B-------, სახაზინო კოდი 3--------; მიმღების ბანკი ,,სახელმწიფო ხაზინა’’, ბანკის კოდი T-------, გადამხდელი გ---–- ლ-----ე) (ს.ფ 25).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარიდან 100 (ასი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თ------ ლ-----ის სასარგებლოდ, ხოლო 200 (ორასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე თ------ ლ-----ეს, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-25-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელე თ------ ლ-----ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 300 ლარის გადახდილად ჩათვლის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მოსარჩელე თ------ ლ-----ის მიერ, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 300 (სამასი) ლარიდან 100 (ასი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თ------ ლ-----ის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი 200 (ორასი) ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
4. დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
5. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -