განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
საქმე №020310018002744759 (3/ბ-545-2018წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ა---–----–--ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე -N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია (მოპასუხე)
მესამე პირები - №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №8, №12, №18, №45, №47, №50, №56, №68, №70, №75, №76, №79, №81, №83, №84, №88, №92, №96 საუბნო საარჩევნო კომისიები; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები: სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების გახორციელების დავალდებულება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ა---–----–--ის სარჩელის დაკმაყოფილება.
საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში:
№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ა---–----–--ემ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღეს (2018 წლის 28 ნოემბერი) გამოვლენილი დარღვევის გამო, 2018 წლის 30 ნოემბერს, N108 და N109 საჩივრები შეიტანა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საჩივრები შეეხებოდა N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის თვრამეტ უბანზე (უბნები: - №8, №12, №18, №45, №47, №50, №56, №68, №70, №75, №76, №79, №81, №83, №84, №88, №92, №96) ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურას (ბიულეტენების ნამდვილობის საკითხის დადგენას). კერძოდ, №54, №68, №75, №79, №88, №92, №96 საარჩევნო უბნებზე მომჩივანი ითხოვდა კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას და ბათილი ბიულეტენების გადათვლას, ხოლო №8, №12, №18, №47, №50, №56, №70, №76, №81, №83, №84 საარჩევნო უბნებზე - შედეგების გადასინჯვას, ბათილი ბიულეტენების გადათვლას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, _ შესაბამისი უბნების შედეგების ბათილობას (იხ. ს.ფ. 13-14).
N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის“ 2018 წლის 01 დეკემბრის №54/2018 განკარგულებით N108 და N109 საჩივრები დარჩა განუხილველი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტზე, 72-ე, 77-ე, 78-ე მუხლებზე მითითებით, იმ დასაბუთებით, რომ საჩივარი არ იყო წარდგენილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და რომ დარღვეული იყო საჩივრების წარდგენის წესი და ვადა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 03 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ა---–----–--ემ სარჩელი შეიტანა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა:
- №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 დეკემბრის №54/2018 განკარგულების ბათილად ცნობა;
- №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის N108 და N109 საჩივრების განხილვის დავალდებულება;
- №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დავალდებულება, გადათვალოს №8, №12, №18, №45, №47, №50, №56, №68, №70, №75, №76, №79, №81, №83, №84, №88, №92 და №96 საარჩევნო უბნებზე ბათილი ბიულეტენები და გადასინჯოს შედეგები.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ „კომისიის“ 2018 წლის 01 დეკემბრის №54/2018 განკარგულება საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 72-ე და 73-ე მუხლებზე მითითებით იყო უკანონო, რომ „საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, რადგანაც საჩივარი შეტანილია ზუგდიდის ?67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ა---–----–--ის მიერ იგი დატოვეს განუხილველად, ყოველივე ეს არასწორია და უკანონოა, ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლსა და ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ამ ტიპის საქმეებზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ა---–----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა 2018 წლის 28 ნოემბერს ზუგდიდის N67 საარჩევნო ოლქის №8, №12, №18, №45, №47, №50, №56, №68, №70, №75, №76, №79, №81, №83, №84, №88, №92 და №96 საარჩევნო უბნებზე, რის შედეგადაც 2018 წლის 28 ნოემბერს და 29 ნოემბერს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგა შემაჯამებელი ოქმები.
2018 წლის 30 ნოემბერს №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას №108 და №109 საჩივრებით მიმართა ამავე საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა - ა---–----–--ემ, რომელმაც საჩივრებით მოითხოვა №8, №12, №18, №45, №47, №50, №56, №68, №70, №75, №76, №79, №81, №83, №84, №88, №92 და №96 საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვა და იმავე უბნებზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა იმ მოტივით, რომ საარჩევნო პროცესი უბნებზე წარიმართა კანონის დარღვევით.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონით დადგენილი წესით შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და 2018 წლის 01 დეკემბერს მიიღო №54/2018 განკარგულება საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივრები მასთან წარდგენილი იქნა მათი შეტანის ვადისა და წესის დარღვევით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება და საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ვინაიდან, სადავო განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე საარჩევნო კოდექსთან და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განისაზღვრება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის პირობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებულ ,,არსებით დარღვევად” მიიჩნევა ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით; გ) კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობა სადავო აქტის ბათილად ცნობასთან მიმართებით სწორედ ზემოთ მითითებული პირობების არსებობის, თუ არარსებობის დადგენით უნდა განისაზღვროს.
სასამართლოს აღნიშვნით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
ამდენად ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ საქმის განხილვის შედეგად გამოკვეთილ არსებით საკითხებზე და მისცა მათ სამართლებრივი შეფასება.
სადავო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად უდევს მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, რომ მისი საჩივრები უკანონოდ დარჩა განუხილველი.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს საყოველთაობის, თავისუფლების, პირდაპირობის, თანასწორობისა და ფარულობის საარჩევნო პრინციპებს, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომელთა თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება; საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით.
ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მისწრაფებაა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილედ სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტო - სასამართლო გვევლინება, მით უფრო, იმ პირობებში, როცა სადავო სამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციები მოითხოვს განმარტებას და რომლითაც მას უხდება ამ ურთიერთობების აყვანა თანამედროვე დონეზე და როცა მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. ამ მიმართულებით, სადავო საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მოხმობა, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპების ნორმატიულ შინაარსს. უპირველეს ყოვლისა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ კომისია ემსახურება სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობით წარმოშობილი პრობლემების განხილვას, მათ გამყარებასა და განვითარებას. კომისია პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ საქმიანობას, რომელიც შეეხება კონსტიტუციურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრინციპებსა და ტექნიკას, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობასა და მათ გაძლიერებას, ძირითად ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის (კანონის) უზენაესობის პრინციპების დაცვა კომისიის მიერ ხორციელდება ოთხი მიმართულებით: 1. კონსტიტუციური სამართლის სფეროს ხელშეწყობა; 2. არჩევნები და რეფერენდუმები, 3. საკონსტიტუციო სასამართლოებთან თანამშრომლობა; 4. კვლევებისა და სემინარების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ კომისის არაერთი რეკომენდაციაა გაზიარებული საქართველოს მიერ.
რაიონული სასამართლოს აღნიშვნით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის სახით სახელმძღვანელო მითითებები არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის 51-ე სხდომაზე (ვენეცია, 5-6 ივლისი, 2002), რომლის პირველი პუნქტი მთლიანად იზიარებს საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულ პრინციპებს და განმარტავს, რომ ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ძირითადი პრინციპები ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ხუთი ფუძემდებლური პრინციპია: საყოველთაო , თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრა. აღნიშნული კოდექსის 3.3. პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ საჩივრებს უნდა განიხილავდეს საარჩევნო კომისია ან სასამართლო; გასაჩივრების პროცედურა და შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება და მოვალეობები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კანონმდებლობით. უნდა არსებობდეს კანონით მკაცრად განსაზღვრული, რეგულირებული პროცედურა, რათა თავიდან იქნას აცილებული პოზიტიურ თუ ნეგატიურ კომპეტენციების გადანაწილებასთან დაკავშირებული ყველანაირი კონფლიქტი; საჩივრის შეტანისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადები უნდა იყოს მოკლე.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ რეკომენდაციებს სრულად მიესადაგება საქართველოს საარჩევნო კოდექსი, კერძოდ, „საარჩვნო კოდექსის“ 72-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის მიხედვით, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი; საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მითითებული ნორმები განსაზღვრავენ საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევის გასაჩივრების წესსა და ვადას საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის წარდგენის ფორმით. მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ მას სადავო უბნებზე არ მიეცა საჩივრის დაწერის შესაძლებლობა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო ჟურნალებში და ჩანაწერთა წიგნებში ბათილი ბიულეტინების გადათვლასთან (კენჭისყრის შედეგების გადასინჯვასთან) დაკავშირებით მოსარჩელის მხრიდან საჩივარი არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში ერთი წევრი მისი პარტიის წარმომადგენელია. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისე შედგა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შემაჯამებელი ოქმები, რომ ამავე კომისიის არცერთ წევრს კენჭისყრის შედეგების შესახებ განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია.
რაიონულმა სასამართლო განმარტა, რომ მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-101 მუხლის მიხედვით, განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უბნებზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგა 2018 წლის 28 ნოემბერს და 29 ნოემბერს, ხოლო კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით მოსარჩელემ საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა 2018 წლის 30 ნოემბერს ანუ შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდგომ, რითაც დარღვეული იქნა საარჩევნო კომისიაში საჩივრების წარდგენის ვადა. ეს გარემოება შესაბამისად იქნა შეფასებული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, რამაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებზე მითითებით მართებულად განაპირობა საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე სადავო განკარგულების მიღება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ა---–----–--ემ), რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სადაო აქტის გამოცემით დაარღვია საჩივრის განხილვის/არ განხილვის კუთხით საარჩევნო კოდექსის მთელი რიგი მოთხოვნები. რაიონულ სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნები როცა ამტკიცებს, რომ თითქოს უბანზე მომხდარი დარღვევის შესახებ საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა დაწერილიყო, არადა კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ მხარეს უფლება აქვს და არა ვალდებულება, რომ დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1 მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ზოგადად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ და თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს მიღებული განკარგულების კანონიერების დამტკიცება მოსარჩელესა და სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ტვირთის აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს გადაწყვეტილების კანონიერება.
რაიონული სასამართლოს მოსამართლე არ დაინტერესებულა, რატომ არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს კომისიის ვალდებულებას განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე.
აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაიწერა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც არსებობს ქვეყანაში. შესაბამისად კანონმდებელმა გაითვალისწინა ისიც, რომ ხშირ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე ადგილი აქვს განცხადება/საჩივრის ჩაბარებისა და რეგისტრაციაში გატარების ხელის შეშლას (აღნიშნულის გამო ადმინიატრაციული პასუხიმსგებლობაც არის დაწესებული საარჩევნო კოდექსის 90-ე მუხლით _ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით). აღნიშნული ნორმით ფაქტიურად კანონმდებელი ადასტურებს მსგავსი დარღვევების არსებობის შესაძლებლობას.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემისას მნიშვლენოვანია საქმის ყველა გარემოების გამორკვევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და დაუსაბუთებელი დასკვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა გამოცხადებულ მხარეებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც, მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
პირველ რიგში სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ აპელანტი (მოსარჩელე) საოლქო საარჩევნო კომისიაში N108 და N109 საჩივრების წარდგენაზე უფლებამოსილ პირად არის განხილული და ამ მიმართებით გადაწყვეტილების წინააღმდეგ შედავება არ არის წარმოდგენილი. სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანს სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში 2018 წლის 01 დეკემბრის №54/2018 განკარგულების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს, საჩივრების წარდგენის ვადის დარღვევის გამო მათი განუხილველად დატოვების კუთხით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით საარჩევნო პროცესის ცალკეულ სტადიაზე საარჩევნო პროცესის სუბიექტების მხრიდან ქმედების განხორციელების, ასევე სადავოობის შემთხვევაში მათთან დაკავშირებული საჩივრის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების მომენტი/პერიოდი მკაცრად არის განსაზღვრული, რაც ქმნის იმის საშუალებას, რომ ქმედების განხორციელება თუ საჩივრის გადაჭრა მოხდეს მთლიანი პროცესის გაჭიანურების გარეშე. ამაზე მეტყველებს საქართველო ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ არაერთი ნორმა, რომლებიც კონკრეტული ქმედების დაუყოვნებლივ განხორციელებასა და საჩივრის შემთხვევაში, მასზე დაუყოვნებელი რეაგირების ვალდებულებას ადგენს (მაგ:31. 12 მუხ. 63.13 მუხ. 69.6 მუხ. 72.3 მუხ. 73.3 მუხ. 77. 191 და სხვა).
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას მოცემულ საქმეზე მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარე იყო ვალდებული დაემტკიცებინა სადავო საკითხი. სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საარჩევნო სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმ სამართლებრივი რეგულირების პირობებში, რაც დადგენილია ამჟამინდელი კანონმდებლობით, მოქმედებს ადმინისტრაციული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების ნამდვილობის პრეზუმფცია, - რაზეც პასუხისმგებელია საარჩევნო ადმინისტრაცია, შესაბამისად, როდესაც სადავო ხდება ადმინისტრაციის ქმედება (მისი უკანონობის ან უზუსტობის გამო) ან/და მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, _ მომჩივანია ვალდებული დაასაბუთოს, რომ ქმედებას ჰქონდა ადგილი და ეს ქმედება იყო უკანონო ან წესის დარღვევით განხორციელებული (საარჩევნო კოდექსით დადგენილი მექანიზმები იძლევა შესაძლებლობას, რომ სუბიექტებმა შეძლონ სათანადო მტკიცებულებებით კონკრეტული ფაქტის დადასტურება დავის წარმოშობის შემთხვევაში, - ასეთია მაგალითად - ფოტოვიდეო გადაღება, ჩანაწერთა წიგნის წარმოება, განსხვავებული აზრის უფლება და ა.შ.). დასაბუთების საშუალებები ასეთ შემთხვევაში წარმოადგენენ ისეთ ელემენტებს, რაც მხარის მტკიცებას მატებს დამაჯერებლობას და მათი ერთობლიობა შექმნის რწმენას დარღვევის არსებობის შესახებ. ასეთი დასკვნა არ მოდის წინააღმდეგობაში ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედ ინკვიზიციურობის პრინციპთან და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის დანაწესთან, რამდენადაც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მსგავსად სამოქალაქო პროცესისა, მოქმედებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი (ასკ-ის მე-3 -მე-4, მე-17 და მე-19 მუხ). მეტიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი დავის განხილვის შემჭიდროვებული ვადების პირობებში, მომჩივანმა წარმატებით უნდა გაართვას თავი მტკიცების ტვირთს მინიმუმ იმ დონეზე, რომ საეჭვო გახდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედება, რათა სასამართლომ გამოიყენოს ასკ-ის 19.1 მუხლით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები) მინიჭებული უფლებამოსილება.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას მასზედ, რომ 30.11.2018წ. N108 და N109 საჩივრები N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევით.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის 101 პუნქტის მიხედვით, განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი. ამდენად, N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 დეკემბრის №54/2018 განკარგულება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ არის კანონიერი და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რაც გამორიცხავს მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების („კომისიისათვის“ N108 და N109 საჩივრების ხელახლა განხილვის დავალდებულების, №8, №12, №18, №45, №47, №50, №56, №68, №70, №75, №76, №79, №81, №83, №84, №88, №92 და №96 საარჩევნო უბნებზე ბათილი ბიულეტენების გადათვლისა და ამ უბნებზე კენჭისყრის შედეგების გადაისინჯვის დავალებულების ნაწილში) დაკმაყოფლების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საარჩევნო სამართალურთიერთობაში საჩივარი მიზნად ისახავს დარღვევის გამოსწორებას და მასზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, რათა მოხდეს დარღვევის იმგვარად გამოსწორება, რომ სრულიად აღდგეს საარჩევნო უფლების გამოყენების შესაძლებლობა. საარჩევნო ადმინისტრაციას ევალება საარჩევნო პროცედურის მართვა, ორგანიზება, ადმინისტრირება და ზედამხედველობა. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა მასვე ანიჭებს მანდატს, - განიხილოს და დაამუშაოს საჩივარი, რათა აღმოფხვრას წამოჭრილი პრობლემა და დაუბრკოლებლად განხორციელდეს სუბიექტის კანონით მინიჭებული უფლება. იმავდროულად საქართველოს საარჩევნო კოდექსი კონკრეტულად ადგენს საჩივრის შედგენის, მისი შეტანისა და განხილვის წესსა და პირობებს.
კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივრის შედგენის წესი და ვადა დადგენილია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით (73.2 მუხ).
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით, განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება: ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო; ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი; დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი; ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო; ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია. 72-ე მუხლის მე-3 პუნქტით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/ საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, აღნიშნული დარღვევა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 72-ე მუხლის მე-4 პუნქტით, თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, ჩანაწერთა წიგნში კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და მიეთითება ზუსტი დრო.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მათი მხრიდან დაცული იქნა საქართველოს საარჩევნო კოდექსის ზემოთ მოყვანილი 72-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნები. მხარეს არ წარმოუდგენია საჩივრის 2018 წლის 28 ნოემბერს (საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე შედგენის და მისი კომისიის უფლებამოსილი პირისისთვის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საჩივარი არ შეტანილა არც ამ პროცედურის გამართვიდან გონივრულად (უახლოეს) დროში - მეორე დღეს (2018 წლის 29 ნოემბერს).
N108 და N109 საჩივრების ავტორს მიაჩნია, რომ საჩივრებში მითითებულ უბნებზე ბათილად ცნობილი ბიულეტენების შესახებ მონაცემები არასწორია.
სააპელაციო პალატის აზრით მიზანშეწონილია განიმარტოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის ბათილად (არანამდვილად) მიჩნევა საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებაა, რაც ხორციელდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით ხმის დათვლისას, ხმის დათვლის პროცედურა კი რეგლამენტირებულია „საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლით. 69-ე მუხლის პიველი პუნქტით, საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით: ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად; ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დამკვირვებლებისაგან გამოვლენილი მეთვალყურეების მთვლელებთან განლაგების წესს (დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული).
აპელანტი (მოსარჩელე) მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა სადავო უბნებზე ხმის დათვლისას მეთვალყურეების შერჩევისა და მათი განლაგებისას დაშვებულ ხარვეზებს (ასეთი შესაძლოა ყოფილიყო ხმის დათვლის პროცესში დაშვებული შეცდომების გამო დამკვირვებელთა/მეთვალყურეთა მიერ გამოთქმული პრეტენზიები/ საჩივრები).
მნიშვნელოვანია, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესიც, რომლის თანახმად, ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“; ეს ბიულეტენები იკვრება პაკეტად, რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.
აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მათ წარმომადგენელს რაიმე შენიშვნა, განსხვავებული აზრი, ან სხვა ფორმით პრეტენზია სადავო უბნებზე ხმების დათვლის პროცედურის დროს დაშვებულ ხარვეზზე არ დაუფიქსირებიათ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა განმარტებებით გამოირიცხა სიტყვიერი შეტყობინებაც კი საარჩევნო კომისიისა, რომ ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა ხარვეზით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით დაუდასტურებელია გარემოება სადავო უბნებზე ბიულეტენების ნამდვილობის დადგენის ხარვეზით წარმართვისა და აპელანტის შეზღუდვის შესახებ, - მოეხდინა რეაგირება კანონით დადგენილი წესით. საგულისხმოა აპელანტის განმარტება, რომ დარღვევების შესახებ მათაც კი არ შეუტყვიათ (არ ეცნობათ) უშუალოდ ხმის დათვლის პროცესში ან მისი დასრულებისთანავე, არამედ ეცნობათ მხოლოდ შედეგების შეჯამების მეორე დღეს. საქმის ამგვარი ვითარება არ აჩენს რაიმე ეჭვს, რომ აპელანტს შეეზღუდა პრეტენზიის გამოთქმისა და საჩივრის შეტანის შესაძლებლობა კომისიის მხრიდან ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად სრულყოფილად არის დასაბუთებული. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საფუძვლიან პრეტენზიას, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს.
6. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-78-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში - ა---–----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. დაეკისროს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 200122900, სახაზინო კოდი 300183150;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი