განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
330210015970369
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015970369

საქმე №2ბ/2390-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

თეა სოხაშვილი-ნიკოლაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ქ------- მ-----–-–---–ი

 

ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - გ-- ტ-------–--ე

წარმომადგენლები - ი---- შ--–--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები - მ------ ა-----–---–ი, ნ-----–- ჩ-----–---–ი, გ-- ტ-------–--ე, ხ---- ხ-------ე

წამომადგენლები - მ----- ნ-------ე, ლ------ კ-----–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

І აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად

 

ІІ აპელანტის (შეგებებულ სააპელაციო საჩივარში) მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ-----–- ჩ-----–---–ს, ხ---- ხ-------ეს და გ-- ტ-------–--ეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, სოლიდარულად დაეკისრათ 525 000 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით ნ-----–- ჩ-----–---–ი, მ------ ა-----–---–ი, გ-- ტ-------–--ე და ხ---- ხ-------ე ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით გათვალისწინებული ქმედებაში.

 

2.2. აღნიშნული განაჩენი 2011 წლის 27 დეკემბერს უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განაჩენით.

 

2.3. ნ-----–- ჩ-----–---–ის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 5 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩები დარჩა უცვლელი.

 

2.4. მ------ ა-----–---–ის, ნ-----–- ჩ-----–---–ის, გ-- ტ-------–--ის და ხ---- ხ-------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით მიენებული ზიანის მოცულობა შეადგენს 700 000 ლარს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.5. სასამართლომ გაიზიარა მ------ ა-----–---–ის არგუმენტს მის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ანაზღაურების მოთხვოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზრაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ისევე, როგორც ზოგადი პრინციპის ანახმად, ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი გულისხმობს ვადას, რომლის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებში ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაკავშირებულია დაზარალებული პირის დამოკიდებულებასთან ზიანის არსებობის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის მიმართ. ამ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების მეორე წინაპირობაზე (ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ცოდნა) და მიიჩნევს, რომ მისი მნიშვნელობა, საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უნდა განისაზღვროს როგორც ზოგადი წესის მიხედვით, ისე იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რასაც ამკვიდრებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი.

 

2010 წლის 15 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა ახლებურად მოაწესრიგა განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზრაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ - სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული - სამართალდარღევვის აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ამ შინაარსის დელიქტური ვალდებულებების გამარტივებული ფორმით განხილვა განპირობებულია განაჩენის მნიშვნელობით, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების და მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრის კონტექსტში, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს სისიხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მქედება. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლოს განაჩენი, რის საფუძველზე პირი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითე მოიცავს დელიქტურის ვალდებულების ორი კომპონენტის არსებობას (მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი). შესაბამისად, მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებებით ადასტუროს ზიანის მიმყენებლის მხრიდან ამ გარემოებების არსებობა. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი სავალდებულო ფორმით მოითხოვს განაჩენის არსებობას მოთხოვნის რეალიზაციის შემთხვევაში. ლოგიკურია, რომ ამგვარი ნორმატიული მოთხოვნა გავლენას ახდენს ხანდაზმულობის ვადების მიმდინარეობაზეც და განაჩენით ან ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის აქტის პირობებში ზიანის მოთხოვნისას ხანდაზმულობის ვადები უნდა აითვალოს სასამართლოს განაჩენის ან ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან. სხვა შემთხვევაში, თუ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ზიანის მიმეყენებლის თაობზე დაზარალებულის ინფორმირება წარმოდგენს ხანდაზმულობის ვადის დენის საკმარის წინაპირობას, გამოირიცხება დაზარალებულის დელიქტური უფლების დაცვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის ფარგლებში, რადგან აღნიშნული ნორმა სავალდებულო წესით მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობას. ერთ შემთხვევაში, დაზარალებულის ინფორმირება წარმოშობს ხანდაზმულობის ვადის ათვლას, ხოლო ამავდროულად სასამართლოს განაჩენის არარსებობა ზღუდავს მის შესაძლებლობას დაიცვას უფლება დელიქტურ - სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. ამგვარი გაგებით, სისხლის-სამართლებრივი წარმოების ხანგძლივობა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ამცირებს დაზარალებულის იურიდიული მოქმედების სივრცეს ხანდაზმულობის ფარგლებით, რადგან სისხლის-სამართლებრივი პროცედურების ხანგრძლივობამ შესაძლებელია საერთოდ გამორიცხოს ან საგრძნობლად შეამციროს დაზარალებულის სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა.

 

მეორე მნიშვნელოვანი სპეციფიკა, რომელიც მოცემული დავის ფარგლებში, გავლენას ახდენს მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე, ამ ურთიერთობაში მოვალეთა სიმრავლე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამოდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. როგორც ზემოთ იქნა აღნშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული განაჩენით განსაზღვრულია მ------ ა-----–---–ის, ნ-----–- ჩ-----–---–ის, გ-- ტ-------–--ის და ხ---- ხ-------ის ქმედების მართლსაწინაარმდეგო ბრალეული ხასიათი, რომელიც ერთობლივად არის მიმართული საკუთრების უფლების ხელყოფისაკენ. სამოქალაქო კოდექსი სოლიდარული ვალდებულების ნორმატიული რეგულირების ფარგლებში განსაზღვრავს საერთო და ინდივიდუალური მოქმედების ფაქტობრივ შემადგენლობას. ხანდაზმულობას, როგორც სამართლებრივ კომპენენტს ინდივიდუალური მოქმედების მნიშვნელობა გააჩნია, რადგან სამოქალაქო კოდექსის 476-ე მუხლი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ ხანდაზმულობის ვადის შეჩერება ან შეწყვეტას არა აქვს ძალა სხვა მოვალეთა მიმართ. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნუალი, დანაშაულით მიყენებულ დელიქტურ ურთიერთობებში ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლასთან არის დაკავშირებული. განსახილველი დავის ფარგლებში, მოპასუხეთა მხრიდან სისხლის სამართლის პროცედურული საშუალებების სხვადასხვაგვარად გამოყენებამ განსხვავებული მდგომარეობა შექმნა ხანდაზმულობის კუთხით. მ------ ა-----–---–ის, გ-- ტ-------–--ე და ხ---- ხ-------ის მიმართ სისხლის-სამართლებრივი წარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციაში 2011 წლის 22 ივლისს. რაც შეეხება ნ-----–- ჩ-----–---–ს მან ისარგებლა საკასაციო საჩივრის უფლებით, რომელზეც წარმოება დასრულდა 2013 წლის 5 მარტს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი). ამიტომ, მის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 6 მარტიდან. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია საკასაციო საჩივრის შინაარსი და საკასაციო სასამართლოს მხრიდან საქმის გადასინჯვის ფარგლები. იმ შემთხვევაში, თუ ნ-----–- ჩ-----–---–ის საჩივრის დაკმაყოფილება, ავტომატურად გამოიწვევდა განაჩენის გაუქმებას დანარჩენი ბრალდებულების მიმართაც, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უნდა მოექცეს ერთიან სივრცეში, რადგან ეჭვქვეშ აყენებდა განანაჩენს დანარჩენი მოპასუხეების მიმართაც, მიუხედავად მისი კანონიერი ძალისა. თუმცა, საქმის მასალებით საკასაციო საჩივრის ამგვარი მიმართულება არ იკვეთება, რადგან ნ-----–- ჩ-----–---–ი მოითხოვდა მის ცნობას უდანაშაულოდ და მისი დაკმაყოფილება არ გამოიწვევდა გამართლებას დანარჩენი ბრალდებულების მიმართ. ამავდროულად, იგი არ გამოიწვევდა ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასაც, მათ შორის ჯგუფური დანაშაულის ნაწილში. ხანდაზმულობის შესაგებელი წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მ------ ა-----–---–ს, შესაბამისად, ამ საკითხის, როგორც ინდივიდუალურად მოქმედი ფაქტობრივი გარემოების, შეფასდება მხოლოდ მის ნაწილში და გავლენას ვერ იქონიებს სხვა სოლიდარული მოვალეების მიმართ. როგორც აღინიშნა, მ------ ა-----–---–მა არ ისარგებლა საკასაციო საჩივრის უფლებით და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 აგვისტოს (ერთთვიანი გასაჩივრების ვადის გასვლიდან). 2011 წლის 23 აგვისტოდან არსებობდა ყველა წინაპირობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიემართა სასამართლოსათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2014 წლის 26 დეკემბერს, ანუ კანონით დადგენილი 3 წლიანი ვადის დარღვევით.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირის, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მ------ ა-----–---–ის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შინაარსით. ამავე კოდექსის 128- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. იმის გათვალისწინებით, რომ მ------ ა-----–---–ს წარმოდგენილი აქვს ხანდაზმულობის შესაგებელი, მის მიმართ დელიქტური მოთხოვნა ვერ იქნება რეალიზებული.

 

მოსარჩელის უფლების დაცვას დელიქტურ-სამართლებრივ ჭრილში გარკვეულ თავისებურებას სძენს ვალდებულების სოლიდარული ბუნება და ის სპეციფიკურობა, რომელიც ახასიათებს მოვალეთა სიმრავლეს. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამოდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება, ისე რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული მოვალეობა), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. მოვალეთა სიმრავლე სამართლებრივ ურთიერთობაში, წარმოადგენს კრედიტორისათვის ხელსაყრელს შემთხვევას, როდესაც მას შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნებისმიერი მოვალის მიმართ მოთხოვნის რეალიზაციით. ერთი შეხედვით, ერთობლივი პასუხისმგებლობის ფარგლებში მოთხოვნის მოცულობითი ნაწილი არ არის დამოკიდებული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან კრედიტორს შეუძლია მთელი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ თანამოვალეს. ზემოთ მოყვანილი ნორმის შინაარსი განსაზღვრავს კრედიტორის უფლებას სრულ შესრულებაზე. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ცალსახა მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის სოლიდარული ვალდებულების ჭრილში არსებული ფაქტობრივი შემადგენლობის საერთო და ინდივიდუალური მოქმედების კლასიფიკაციის პრინციპთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხანდაზმულობა წარმოადგენს ინდივიდუალურად მოქმედი ფაქტობრივი გარემოების ნაწილს, მაშინ აზრს მოკლებული იქნებოდა ხანდაზმულობის შესაგებლის წარდგენა, რადგან კრედიტორ რჩება შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნებისმიერი მოვალისაგან, რომლის მიმართ არ არსებობს ხანდაზმულობის მბოჭავი კომპონენტი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სალიდარული ვალდებულება ვითარდება რეგრესული ვალდებულების პარალელურად, რომელიც დამოუკიდებელ სამართლებრივ კატეგორიას წარმოადგენს და მისი განვითარება დამოკიდებულია ერთ- ერთი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. ამდენად, თუ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე, რომლის მიმართ არსებული მოთხოვნა არ არის ხანდაზმული შეასრულებს ვალდებულებას მას წარმოეშობა რეგრესული ვალდებულება სხვა სოლიდარული მოვალეების მიმართ, მათ შორის იმ მოვალის მიმართ რომელიც სარგებლობს ხანდაზმულობით შესაგებლის უფლებით. რეგრესული მოთხოვნის მიმართ დაცვის აღნიშნული საშუალება ვერ იქნება ეფექტური.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ------ ა-----–---–ის, ნ-----–- ჩ-----–---–ის, გ-- ტ-------–--ის და ხ---- ხ-------ის სოლიდარული ვალდებულების არსებობა დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობაში. ამასთან, მ------ ა-----–---–მა ისარგებლა ხანდაზმულობის შესაგებლით. ნ-----–- ჩ-----–---–ის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების განსხვავებული მდგომარეობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მან ისარგებლა საკასაციო საჩივრის უფლებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის რეალიზაცია მის მიმართ სრული მოცულობით (კანონმდებელი არ ზღუდავს კრედიტორის ამ უფლებას), წარმოშობს ნ-----–- ჩ-----–---–ის უფლებას რეგრესულ მოთხოვნაზე სხვა მოვალეების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, აზრს კარგავს მ------ ა-----–---–ის შესაგებელი ხანდაზმულობაზე მითითებით. სხვა შემთხვევაში, თუ ხანდაზმულობის გათვალისწინებით იმთავითვე გამოვრიცხავთ ნ-----–- ჩ-----–---–ის უფლებას რეგრესულ მოთხოვნაზე, მაშინ მხოლოდ იგი დარჩება პასუხისმგებელი ზიანის სრულ მოცულობაზე, მხოლოდ იმიტომ რომ გამოიყენა საკასაციო საჩივრის უფლება. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, მხარეთა შორის გამოყენებული ყველა სამართლებრივი ინსტიტუტი უნდა შეფასდეს კეთილსინდისიერების პრინციპის ჭრილში, რადგან ამ პრინციპით უზრუნველყოფილია არა მხოლოდ იმ პირის ინტერესები, რომელიც კეთილსინდისიერად იძენს გარკვეულ სიკეთეს, არამედ მისი მოქმედება ვრცელდება სამართლებრივი ურთიერთობების ყველა შემთხვევაზე. შესაბამისად, ამგვარ პირობებში, კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებისას, უნდა განისაზღვროს ურთიერთობათა ის წრეც, რომლის არსებობის შემთხვევაშიც კანონის განმარტება და შევსება უპირობოდ კეთილსინდისიერების კუთხით უნდა მოხდეს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ურთიერთობა, სწორედ ამ ჭრილში უნდა იქნეს განხილული, რადგან განსახილველი საკითხი წარმოქმნილია სამოქალაქო ურთიერთობის ორი კეთილსინდისიერი სუბიექტის ინტერესთა კონფლიქტის საფუძველზე. ერთ შემთხვევაში, კრედიტორი, რომელიც სარგებლობს უფლებით სრულად დაიკმაყოფილოს ინტერესი ნებისმიერი სოლიდარული მოვალის მიმართ მოთხოვნის რეალიზაციით და მეორე შემთხვევაში, სოლიდარული მოვალეები, საიდანაც ერთ-ერთმა ისარგებლა ხანდაზმულობაზე მითითების უფლებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა უნდა შეფასდეს გონივრულობისა და სამართლიანობის გათვალისწინებით, კერძოდ, ვის მიერ იქნა დარღვეული წინდახედულობის ნორმები, რამაც გამოიწვია ამგვარი უთანაბრო სამართლებრივი ვითარება. როგორც აღინიშნა, მ------ ა-----–---–ის ნაწილში ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო მის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან. რაც შეეხება ნ-----–- ჩ-----–---–ს მის მიმართ განაჩენი კანონიერ ძალაში შესულია 2013 წლის 5 მარტს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბერს. მოსარჩელეს გააჩნდა სრული შესაძლებლობა გამოეყენებინა სარჩელის უფლება იმ შინაარსით, რომ გონივრულად განესაზღვრა ხანდაზმულობის ვადები ყველა მოვალის მიმართ. ამის ნაცვლად, მოსარჩელემ ყოველგვარი საფუძვლიანი მოტივების გარეშე გააჭიანურა სარჩელის წარდგენა სასამართლოში, რითიც შეუქმნა სხვა მოვალეებს შესაძლებლობა ესარგებლათ ხანდაზმულობით შესაგებლით და ამით არათანაბარი პირობებში ჩააყენა ნ-----–- ჩ-----–---–ი. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარმა მდგომარეობამ გავლენა უნდა მოახდინოს ზიანის მოცულობაზე იმ წილის გამოკლებით ვის მიმართ მოთხოვნა ვერ იქნება განხორციელებული. ამით, ასევე დაცულის იქნება მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა რეგრესული მოთხოვნისას. ამიტომ, მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ზიანის ოდენობას უნდა გამოაკლდეს ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილი 175 000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ ზიანის მოცულობა განისაზღვროს 525 000 ლარის ფარგლებში.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

І აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დადგენილი გარემოებაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განაჩენით (საქმე #1/3663-10) ნ-----–- ჩ-----–---–ი, მ------ ა-----–---–ი, ხ---- ხ-------ე და გ-- ტ-------–--ე დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით. მოპასუხეებმა თაღლითური გზით დაისაკუთრეს ქ. თბილისში, წ-------------------- ტერიტორიაზე არსებული 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

 

აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განაჩენი (საქმე #1/3663-10) მოპასუხეთა მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განაჩენით (საქმე #1/ბ-252-11) ძალაში იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი (საქმე #1/3663-10). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, სახელმწიფო ბრალმდებელს და მ------ ა-----–---–ს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განაჩენით (საქმე #1/ბ-812-11), სახელმწიფო ბრალმდებელს და გ-- ტ-------–--ეს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განაჩენით (საქმე #332აპ-13), ნ-----–- ჩ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულად იქნა ცნობილი (დაზარალებულად ცნობის შესახებ 2010 წლის 2 ივლისის დადგენილება).

 

აპელანტი მიუთითებს 2014 წლის 24 დეკემბრის #-0----- აუდიტორულ დასკვნაზე რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 700 000 ლარს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, და მოპასუხეებს: ნ-----–- ჩ-----–---–ს, ხ---- ხ-------ეს და გ-- ტ-------–--ეს დაეკისრა 525 000 ლარის ანაზღაურება, ხოლო მ------ ა-----–---–ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2014 წლის 26 დეკემბერს, ხოლო მ------ ა-----–---–ის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება დასრულდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით (საქმე #1/ბ-252-11). შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ მ------ ა-----–---–ის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგანაც გასული იყო მოთხოვნის 3 წლიანი ვადა.

 

3.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, "დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ". ზემოხსენებული ნორმის ანალიზი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დელიქტურ ურთიერთობებთან მიმართებით კანონმდებელმა ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაუკავშირა ინფორმირების საკითხს, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის .მუნიციპალიტეტის მერიისათვის, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირების შესახებ, ცნობილი გახდა 2014 წლის 17 დეკემბერს, რაც დასტურდება დოკუმენტების (განაჩენების) ადმინისტრაციულ ორგანოში შემოსვლის აღმნიშვნელი კანცელარიის ბეჭედით.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ხანდაზმულობის ვადა უნდა აეთვალა არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის საფუძველზე, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც დელიქტურ ურთიერთობებთან მიმართებაში სპეციალური ნორმაა და ხანდაზმულობის ვადის ათვლას უკავშირებს დაზარალებულის ინფორმირების საკითხს.

 

3.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე, არასწორად შეაფასა სოლიდარული მოვალის ინსტიტუტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, "თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს". ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, "კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება".

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე #2/22926-14) მიხედვით, უგულებელყოფილია სოლიდარული მოვალის ინსტიტუტი, რადგანაც სოლიდარული მოვალის არსებობისას დაუშვებელია თანხების პროპორციულად გაყოფა. იმ შემთხვევაში, თუ მ------ ა-----–---–ის მიმართ სარჩელი, მართლაც ხანდაზმული იქნებოდა, მაშინ სარჩელით მოთხოვნილი თანხა უნდა გადანაწილებულიყო დანარჩენ სამ მოპასუხეზე და არამც და არამც, არ უნდა მომხდარიყო თანხის პროპორციულად შემცირება.

 

3.4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე #2/22926-14) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი.

 

ІІ აპელანტის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.5. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მასრ არ მიეცა საშუალება შესაგებელი წაარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოშ წარდგენილ სარჩელზე, ასევე არ მიეცა საშუალება დასწრებოდა საქმის განხილვას და წაერთვა უფლეა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა დავის საგანთან მიმართებაში.

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309(17)ნ მუხლი და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა მ------ ა-----–---–ის შემთხვევაში დაიწყო მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გამოტანის დღიდან - 2011 წლის 22 ივლისიდან, რამდენადაც მას განაჩნი სადავოდ არ გაუხდია. აპელანტს მიაჩნია, რომ მოღთხოვნის ხანდაზმულობის ათვლის წერტილად მიჩნეული თარიღი მოკლებული საფუძველს, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი და მათ შორის 2011 წლის 22 ივლისის განაჩენი ძალაში შედის გამოცხადბისთანავე და ა-----–---–ის მიერ ამ განაჩენის გასაჩივრება -არ გასაჩივრებით არ უნდა შებოჭილიყო სასამართლო. 2010 წლის 2 ივლისს, მაშინ როცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტეის მერია ცნობილ იქნა დაზარალებულად, მისთვის ცნობილი გახდა ზიანის მიყენების ფაქტი და სავარაუდო ზიანის მიმყენებელი. სასამართლოს ვადის ათვლა უნდა დაეწყო 2010 წლის 2 ივლისს სამოქალაქო კოდექსის 008-ე მუხლის შესაბამისად.

 

3.5.1. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქმის წარმოებისას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის ნაწილისა და მე-5 მუხლის სრულ იგნორირებას, რადგან სასამართლოსთვის ცნობილი გახდა მოპასუხე - გ-- ტ-------–--ის სხვა საცხოვრებელი ადგილი და ამის შემდგომ ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილი და სასამართლო უწყება გაეგზავნა მისთვის ცნობილ მოპასუხის სხვა მისამართზე, კორესპონდენცია გააგზავნა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამარათზე.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის სამართლებრივად სწორად განმარტების შემთვევაში, სარჩელის მოთხოვნა გ-- ტ-------–--ის მიმართ ხანდაზმულია.

 

3.5.2. შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე გ-- ტ-----–------- მიმართებაში, თუმცა სასამართლო ვერ იმსჯელებდა ამ საკითხზე, რამდენადაც გისა ტ-------–--ეს შესაგებელი არ წარუდგენია საქმეზე და არ გამოუთქვამს საკუთარი მოსაზრება, იმის გამო, რომ ინფორმირებული არ იყო მიმდენარე სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ.

 

4. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.6. პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

4.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის (დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება) სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 998.1-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები) მუხლები წარმოადგენს.

 

4.4. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა დანაშაულებრივი ქმედებით, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, მდ. ბ--------------- უბანში, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის თაღლითურად მისაკუთრებით, მას მიაყენეს 700 000 ლარის ზიანი.

 

ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 2011 წლის 31 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი (ტ. І, ს.ფ. 38-50) და აუდიტორული დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ 2014 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთების და მასზე განთვსებული შენობა-ნაგებობების 1 კვ.მ. ფართის ნორმატიული ღირებულება შეადგენდა 140 ლარს (ტ. І, ს.ფ. 51-54).

 

4.5. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ასევე წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამასთან, ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედებისა (უმოქმედობისა). ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა სსსკ-ის XXXIV3 თავით გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგების პროცდურული მნიშვნელობა და აღნიშნა: „ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სსკ-ის, 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (იხ. №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მტკიცებულებების შემოწმებას დასაშვებობის, შემხებლობის და უტყუარობის კუთხით, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში. მტკიცებულებათა დასაშვებობა შესაძლებელია დადგენილი იყოს როგორც მატერიალური კანონით, ასევე საპროცესო კანონით. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი) მოწესრიგებულია როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ.), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები.

 

4.6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობილია ნ-----–- ჩ-----–---–ი, მ------ ა-----–---–ი, გ-- ტ-------–--ე და ხ---- ხ-------ე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეების: ნ-----–- ჩ-----–---–ის, ხ---- ხ-------ისა და გ-- ტ-------–--ის მხრიდან კონკრეტული დანაშაულის ჩადენა სათანადო მტკიცებულებით დასტურდება, შესაბამისად, მათ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

4.7. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ხანდაზმულია მ------ ა-----–---–ის ნაწილში. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ სარჩელი გ-- ტ-------–--ის ნაწილში ხანდაზმულია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის საკითხი მატერიალურსამართლებრივ კატეგორიას წარმოადგენს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადების გამოთვლაც მატერიალური სამართლით - საქართველოს სამოქალაქო კოდესით წესრიგდება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას პალატა იხელმძღვანელებს საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 1008-ე მუხლით, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისთვის სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ ხსენებული სამართლებრივი ნორმის დანაწესით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა დაკავშირებულია დაზარალებულის მიერ ზიანის, ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შეტყობასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ------ ა-----–---–ის, გ-- ტ-------–--ისა და ხ---- ხ-------ის მიმართ სისხლის-სამართლებრივი წარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციაში 2011 წლის 22 ივლისს. რაც შეეხება ნ-----–- ჩ-----–---–ს მან ისარგებლა საკასაციო საჩივრის უფლებით, რომელზეც წარმოება დასრულდა 2013 წლის 5 მარტი. ამიტომ, მის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 6 მარტიდან. მ------ ა-----–---–მა არ ისარგებლა საკასაციო საჩივრის უფლებით და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 აგვისტოს (ერთთვიანი გასაჩივრების ვადის გასვლიდან). 2011 წლის 23 აგვისტოდან არსებობდა ყველა წინაპირობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიემართა სასამართლოსათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, მოსარჩელისათვის ზიანისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ 2011 წლის აგვისტოს თვეში უკვე ცნობილი იყო.

 

საქმეში წარმოდგენილია ასევე, აუდიტორული დასკვნა ქონების ღირებულების შესახებ, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთების ნორმატიული ღირებულებაა განსაზღვრული.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების და სასამართლო განილვის მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულის მხრიდან სამოქალაქო სარჩელი აღძრულია 2014 წლის 26 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს შეეძლო სამოქალაქო სარჩელის აღძვრით დაეკმაყოფილებინა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სადავო ეპიზოდთან დაკავშირებითაც, რაც მან არ განახორციელა.

 

პალატის მოსაზრებით, მოთხოვნის უფლების წარმოშობის სამართლებრივი წინაპირობები მოცემულ შემთხვევაშიც იგივეა, გამომდინარეობს იმავე საქმიდან, სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენებიდან, მათ შორის მოცემულ ეპიზოდში ბრალდებული პირის, მ------ ა-----–---–ის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნიდან. აღნიშნული კი, დამატებით, იმაზე მიანიშნებს, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ზიანისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ და მას გააჩნდა შესაძლებლობა მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის საქმეზე წარედგინა სამოქალაქო სარჩელი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ვადის ათვლა დაიწყება ზიანის შეტყობის და ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ფაქტობრივი იდენტიფიკაციის მომენტიდან, თუ საკმარისად განსაზღვრადია ზიანის მიმყენებელი პირის ვინაობა. ზიანის მიყენების ფაქტის (ანუ უფლების დარღვევის ფაქტის) და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობის შეტყობა ვადის ათვლის დაწყების კუმულატიურ წინაპირობებად უნდა იქნეს განხილული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2014 წლის 26 დეკემბერს, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი ხანდაზმულია მ------ ა-----–---–ის ნაწილში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და გ-- ტ-------–--ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 თებერვლუს გადაწყვეტილებადარჩეს უცვლელად.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში გ-- ტ-------–--ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გ-- ტ-------–--ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. სასამართლო ხარჯები დაეკისროს გ-- ტ-------–--ეს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ოდენობით;

 

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის განჩინების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი