განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001323358
საქმე №1/ბ-633-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის, სოფო კაპანაძის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ი-----–------–----–---ს, დ-------------ის,მსჯავრდებულ: ჯ----–------------ის
ადვოკატ: პ--------------ის,მონაწილეობით,მსჯავრდებულის ჯ----–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----–--------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N6----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--------–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით ჯ----–------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ჯ----–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ჯ----–------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდება.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
სამეწარმეო საქმიანობის მიზნით 2012 წლის 14 მაისს რეგისტრირებულ იქნა „H-----------, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი არის ჯ----–------------ე. ჯ----–------------ეს, როგორც შპს „H------------ს დირექტორს ევალებოდა საზოგადოების საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად, მასვე ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
მიუხედავად აღნიშნულისა, ჯ----–------------ემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს, არ აწარმოებდა კომპანიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სრულყოფილ აღრიცხვას და არასწორი მონაცემებით წარადგენდა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციებს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა „H------------ს საქმიანობის შემსწავლელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2014 წლის 08 მაისს საგადასახადო შემოწმების აქტით გადამხდელს დაერიცხა სულ 383 772 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 255 782 ლარი, ჯარიმა 127 990 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2014 წლის 16 მაისის N6-332 საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს დაერიცხა სულ 433 889.72 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 255 782 ლარი, ჯარიმა 127 990 ლარი და საურავი 50117.72 ლარი.
ჯ----–------------ემ არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი ვადით და მის მიერ 45 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 255 782 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ----–------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ--------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენის შეცვლა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული არის მძიმედ დაავადებული, იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული. ამასთან ერთად, მსჯავრდებული მაქსიმალურად ყველა ზომას მიმართავს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. მის მიერ უკვე ანაზღაურებულია შპს ,,HD kompani“-ზე დარიცხული გადასახადის ძირითადი თანხიდან - 255782 ლარიდან - 91202,75 ლარი, რაც დასტურდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ,,HD kompani“-სთან შედგენილი შედარების აქტით. ჯ----–------------ის მიერ ხორციელდება აქტიური მოქმედებები დავალიანების დაჩენილი ნაწილის დასაფარად.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ჯ----–------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ჯ----–------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: 2014 წლის 08 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2014 წლის 16 მაისის N6-332 საგადასახადო მოთხოვნით, წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების ტეპარტამენტს, წერილით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოდან, წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, წერილით შემოსავლებვის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენის შეცვლის, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ჯ----–------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, არ არსებობს სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულის ჯ----–------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჯ----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ჯ----–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ჯ----–-------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას აღნიშნული გირაოს უზრუნველსაყოფად 2016 წლის 16 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ ჯ----–------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, 10 000 (ათი ათასი) ლარის პროპორციულ წილს, მდებარე ქ--------–-------------------–---ში, საკადასტრო კოდი 0------------
მსჯავრდებულ ჯ----–------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ, მსჯავრდებულ ჯ----–------------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი