განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1401-17, 330310016001281784
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები: ნათია ქუთათელაძე
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხა----------–---ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
ხა----------–---მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2016 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ასეთად მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №---- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების (საჩივარი №----------) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ხა----------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №---- ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება (საჩივარი №----------).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო ხა----------–---ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 28 აპრილს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი №0------/1, რომელშიც მიეთითა ხა----------–---ის კუთვნილი ქონება - სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (სახნავი), ბო-–-----------------------ო, ს/კ 8-----------. (ტ. I. ს.ფ. 123; 127-128).
2014 წლის 26 დეკემბერს ი/მ ხა----------–---მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანების გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საქმეზე არსებული მასალის, ადმინისტრირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათითა და კომპიუტერული ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ ი/მ ხა----------–---ს, 2014 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება ერიცხება 124 921,04 ლარის ოდენობით. პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ჩანაწერის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება ირიცხება საშემოსავლო და მიწის (სასოფლო) გადასახადებში. კომპიუტერულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, დავალიანება წარმოშობილია საშემოსავლო გადასახადში 2011 წელს შემოწმების შედეგად დარიცხული და მიწის გადასახადში გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული თანხების გადაუხდელობის გამო. (ტ. I. ს.ფ. 131-132).
ხა----------–---მა 2015 წლის 29 ივნისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ და 2015 წლის 25 თებერვლის №---- ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი №---------- არ დაკმაყოფილდა. (ტ. I. ს.ფ. 17-20).
2015 წლის 31 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ი/მ ხა----------–---ის მიმართ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა ითხოვა. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანებით გადასახადის გადამხდელის ქონებას დაედო ყადაღა. აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 131 798,42 ლარს, მათ შორის, ძირითადი - 61 213,35 ლარი, საურავი - 70 585,07 ლარი. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით (საქმე №3-------), სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ი/მ ხა----------–---ის მიმართ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა. (ტ. I. ს.ფ. 146-148; 161-164).
ი/მ ხა----------–---მა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანების გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით (საქმე №3---------) ი/მ ხა----------–---ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება და შუამდგომლობა ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნდა იმავე სასამართლოს. ბრძანების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში მოძიებული ვერ იქნა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა, რომელი სამართლებრივი საფუძვლით არის წარმოშობილი ის დავალიანება, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც მოთხოვნილია ი/მ ხა----------–---ის ქონების რეალიზაცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია, რომელ წლებშია დავალიანება წარმოშობილი, არის თუ არა გადასახადი მეწარმის მიერ დეკლარირებული, წარდგენილია თუ არა საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც მეწარმე ეთანხმება ან რომლის გასაჩივრების ვადა გასულია; სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტოოდენ ქონებაზე ყადაღის არსებობა სასამართლოს არ აძლევს ბრძანების გაცემის საფუძველს, სავალდებულოა, გამოკვლეულ იქნას, რა გახდა ქონების დაყადაღების სამართლებრივი საფუძველი და წარმოდგენილი საფუძველი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, იძლევა თუ არა დავალიანების აღიარებულად მიჩნევის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 03 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ი/მ ხა----------–---ს მიწის (სასოფლო) გადასახადის ბარათზე 2005 წლიდან 26.10.2011 წლამდე სულ დარიცხული აქვს 13 528,30 ლარი, გადახდილი აქვს 11 482,24 ლარი და 26.10.2011 წ. მდგომარეობით ერიცხება ნარჩენი სულ 2 543,05 ლარის ოდენობით (მ.შ. ძირითადი 2 046,06 ლარი, საურავი 496,99 ლარი). ბრძანების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ იქნა ქვითრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ი/მ ხა----------–---ს 2012, 2013 და 2014 წლებში გადახდილი აქვს მიწის გადასახადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დადგინდეს, რის საფუძველზეა დავალიანება წარმოშობილი და შესაძლებელია თუ არა მისი აღიარებულად მიჩნევა. სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა დავალიანების ოდენობა და ჩათვალა, რომ მაშინ, როდესაც ი/მ ხა-----------–---ის სახელზე რიცხული დავალიანება, 26.10.2011 წ. მდგომარეობით, შეადგენდა მხოლოდ 2 543,05 ლარს, მიწის გადასახადის გადაუხდელობის პირობებშიც კი, შეუძლებელია დარიცხული თანხის წარდგენილი პროგრესიულობით ზრდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია და გამოუკვლევია, რა იქცა ინდივიდუალურ მეწარმეზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლად. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების განმარტებით, დარიცხვა განხორციელდა შემოწმების აქტის საფუძველზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის არც შემოწმების აქტი, არც საგადასახადო მოთხოვნა და არც რაიმე სხვა სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დავალიანების შეფასების შესაძლებლობას. სასამართლოს შესაძლებლობა, გასცეს ბრძანება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, უკავშირდება მხოლოდ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ი/მ ხა----------–---ის მიერ სადავოდაა გამხდარი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანება ,,ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე” და იმავე სამსახურის 25.02.2015 წლის №---- ბრძანება. ასეთ პირობებში სააპელაციო სასამართლომ სავალდებულოდ მიიჩნია, წარდგენილი იქნას კონკრეტული დასაბუთება და მოტივაცია, რა იქცა მითითებული მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძვლად და რას დაეყრდნო სასამართლო ბრძანების გაცემისას. (ტ. I. ს.ფ. 168-173).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით (საქმე №--------) სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 24 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა დააზუსტა შუამდგომლობა საგადასახადო დავალიანების ნაწილში და მოითხოვა ი/მ ხა----------–---ს დაეკისროს აღიარებული საგადასახადო დავალიანება 5 572, 96 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2015 წლის 16 ნოემბრის დეკლარაციის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელმა კი წარმოადგინა ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ მას 2015 წლის 13 ნოემბერს გადახდილი აქვს მიწის გადასახადი 5 785,78 ლარის ოდენობით. (ტ. I. ს.ფ. 174-176).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანებით (საქმე №3--------) სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ქვითრების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს გადახდილია მიწის გადასახადი 5 785,78 ლარის ოდენობით, რაც, ასევე, აღიარებული და დადასტურებულია საჩივრის ავტორის მიერაც. შესაბამისად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან შუამდგომლობის განხილვის დროს გადასახადის გადამხდელს არ ერიცხებოდა მიწის გადასახადი და მის მიერ აღნიშნული გადასახადი წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად უკვე გადახდილი იყო, აღარ არსებობდა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოსაცემად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში. (ტ. I. ს.ფ. 11-15).
სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №----- ბრძანების საფუძველზე კონტროლის სამმართველოს საგადასახადო შემოწმების განყოფილების უფროსმა ოფიცერმა ჩაატარა ხა-----------–---ის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებამ, რომელიც დაიწყო 2010 წლის 27 დეკემბერს და დამთავრდა 2010 წლის 29 დეკემბერს, მოიცვა 2004 წლის პირველი იანვრიდან 2010 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების მიზანი იყო გადასახადის გადამხდელის მიერ 2004 წლის პირველი იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იჯარით გაცემული მიწებით მიღებული შემოსავლების ნაწილში საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისა და საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენა. შემოწმება ჩატარდა ხა----------–---ის ახსნა-განმარტებითი ბარათებისა და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით. შემოწმების შედეგებზე გამოიცა 2010 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა 31 831,6 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლით - სანქცია 18 094,9 ლარი. (ტ. I. ს.ფ. 212-216; 219).
2010 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 2011 წლის 10 იანვრის №-- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების სავარაუდო დარიცხვის/შემცირების შესახებ, რომლითაც ხა----------–---ს გადასახდელად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა - 31 832 ლარი, ჯარიმა - 18 095 ლარი, მიმდინარე გადასახდელები 31 831,70 ლარის ოდენობით. (ტ. I. ს.ფ. 227-229).
სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 2011 წლის 14 იანვრის №1 საგადასახადო მოთხოვნით ხა----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა სულ 85 030,3 ლარი. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა 38 525,54 ლარი, ჯარიმა 18 095 ლარი და საურავი 28 409 ლარი. საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველია 2011 წლის 10 იანვრის №-- ბრძანება. (ტ. I. ს.ფ. 210).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის №1---------- სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ი/მ ხა----------–---ისათვის 2011 წლის 14 იანვრის №1 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საარქივო სამმართველოში არ ინახება. (ტ. I. ს.ფ. 232).
სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილის 2011 წლის 22 თებერვლის №1-------- მიმართვით სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნები თანდართულ რეესტრებთან ერთად, რომლებიც გაგზავნილ იქნა ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ჩაბარდა ადრესატებს და დაბრუნებულ იქნა უკან. მათ შორისაა ხა----------–---ისათვის გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნა. (ტ. I. ს.ფ. 240; 283).
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ხა----------–---ის მიერ წარდგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2010 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ქონების გადასახადის ოდენობა 2 359 ლარს შეადგენს. ხა----------–---ის მიერ წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლების წლიური დეკლარაციების მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადი შეადგენს 5 780 ლარს. (ტ. I. ს.ფ. 65-85).
ხა----------–---ის მიერ გადახდილია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი 2010 წლის 17 მარტს - 508 ლარი, 28 სექტემბერს - 1 200 ლარი, 8 ნოემბერს - 945 ლარი, 15 ნოემბერს - 200 ლარი, 2011 წლის პირველ ნოემბერს - 5 620 ლარი, 21 ნოემბერს - 120 ლარი, 2012 წლის 15 ნოემბერს - 5 780 ლარი, 2013 წლის 12 ნოემბერს - 5 010 ლარი, 18 ნოემბერს - 770 ლარი, 2014 წლის 31 ოქტომბერს - 4 845 ლარი, 5 ნოემბერს - 900 ლარი, 14 ნოემბერს - 35 ლარი, 2015 წლის 13 ნოემბერს - 5 780 ლარი, 2016 წლის 15 ნოემბერს - 5 780 ლარი. (ტ. I. ს.ფ. 299-326).
ხა----------–---ის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული შემდეგი გადახდები: 2010 წლის 18 მარტს - 508 ლარი, 28 სექტემბერს - 731,3 ლარი, 8 ნოემბერს - 945 ლარი, 15 ნოემბერს - 200 ლარი, 2011 წლის პირველ ნოემბერს - 5 620 ლარი, 21 ნოემბერს - 120 ლარი, 2012 წლის 15 ნოემბერს - 2 588,78 ლარი, 2013 წლის 12 ნოემბერს - 5 010 ლარი, 19 ნოემბერს- 770 ლარი, 2014 წლის 31 ოქტომბერს - 4 845 ლარი, 6 ნოემბერს - 900 ლარი, 14 ნოემბერს - 35 ლარი, 2015 წლის 13 ნოემბერს - 5 780 ლარი. (ტ. I. ს.ფ. 64).
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №----- საგადასახადო მოთხოვნით ხა----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა მიწის გადასახადი (სასოფლო) 1 168,8 ლარის ოდენობით. (ტ. I. ს.ფ. 87).
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №----- საგადასახადო მოთხოვნით ხა----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა მიწის გადასახადი (სასოფლო) 702,9 ლარის ოდენობით. (ტ. I. ს.ფ. 88).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 03 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილების მიხედვით, ი/მ ხა----------–---ს მიწის (სასოფლო) გადასახადის ბარათზე 2005 წლიდან 26.10.2011 წლამდე სულ დარიცხული აქვს 13 528,30 ლარი, გადახდილი აქვს 11 482,24 ლარი და 26.10.2011 წ. მდგომარეობით ერიცხება ნარჩენი სულ 2 543,05 ლარის ოდენობით (მათ შორის, ძირითადი 2 046,06 ლარი, საურავი 496,99 ლარი). (ტ. I. ს.ფ. 153-158).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით, 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმავე წესის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგენს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვას, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. შესაბამისად, იგი გამოყენებულ უნდა იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესის, საფუძვლებისა და პირობების გათვალისწინებით. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა შესრულებულ იქნას ვალდებულება. სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ საგადასახადო დავალიანებასთან, რომლის შესრულებაც იწვევს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიებად ყადაღის გამოყენებისას საკმარისი არ არის მხოლოდ საგადასახადო დავალიანების არსებობა, არამედ აღნიშნული დავალიანება უნდა იყოს აღიარებული. ამდენად, ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემისას საგადასახადო ორგანო ვალდებულია მიუთითოს არა მხოლოდ დავალიანების არსებობაზე, არამედ დაასაბუთოს და დაადასტუროს, რომ სახეზეა აღიარებული გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, ხოლო იმისათვის, რომ საგადასახადო დავალიანება ჩაითვალოს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად, აუცილებელია, არსებობდეს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პირობათაგან ერთ-ერთი.
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხეები მიუთითებენ, რომ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საშემოსავლო და მიწაზე ქონების გადასახადების ნაწილში, კერძოდ, ქონების გადასახადში დავალიანების წარმოშობის საფუძველია ხა----------–---ის მიერ წარდგენილი დეკლარაციები, ხოლო საშემოსავლო გადასახადში ვალდებულება განსაზღვრულია საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების წესს, აწესრიგებს მისი გამოყენების საფუძვლებსა და ვადებს. ვინაიდან საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე, აღნიშნული დავალიანების აღიარებულად მიჩნევისათვის, გასული უნდა იყოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადები, რომელთა დენის დაწყება აქტის ოფიციალურ გაცნობასთან არის დაკავშირებული. ამასთან, სწორედ ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული, უზრუნველყოს ადრესატისთვის აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობა და მანვე უნდა უზრუნველყოს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებითაც დადასტურდება მხარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნა და ჩაბარება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა საგადასახადო მოთხოვნის ხა----------–---ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცაღა მათი ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხდა. ვინაიდან არ მომხდარა მითითებული აქტის მხარისთვის ჩაბარება, რასაც უკავშირდება აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება, რომლის უშედეგოდ გასვლაც იწვევს აქტის კანონიერ ძალაში შესვლასა და საგადასახადო დავალიანების აღიარებულად მიჩნევას, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული საგადასახადო დავალიანება ვერ მიიჩნევა აღიარებულად, რომლის ფარგლებშიც სსიპ შემოსავლების სამსახურს შეეძლო, გამოეცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.
ქონების გადასახადთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აუცილებელია, დადგინდეს საგადასახადო დავალიანების არსებობა, რამეთუ მისი დაფარვა, ასევე, წარმოადგენს ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმების საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანებებში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 03 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით დადასტურებულია, რომ ხა------------–---ის მიერ გადახდილ იქნა 2012, 2013, 2014 და 2015 წლების მიწის გადასახადები. რაც შეეხება 2011 წლის პერიოდს, საგადახადო ორგანოს გადაწყვეტილებაშივე მითითებულია, რომ 26.10.2011 წ. მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა ნარჩენი სულ 2 543,05 ლარის ოდენობით. შესაბამისად, არ დასტურდება დავალიანების არსებობის ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ არსებობს სხვაობა დეკლარირებულ და გადახდილ გადასახადებს შორის და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია როგორც დეკლარაციები, ისე გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც მოწმობს დავალიანების სრულად დაფარვის ფაქტს. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებულ დავალიანებას, ბარათზე ასახულ გადამხდელის გადახდებსა და წარმოდგენილ ქვითრებს შორის არსებობს სხვაობა, კერძოდ, გადამხდელის მიერ დადასტურებული ყველა გადახდა ასახული არ არის პირადი აღრიცხვის ბარათზე. სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებულ მდგომარეობას, იმ პირობებში, როდესაც მასში ყველა განხორციელებული გადახდა არ არის ასახული, ვერ მიიჩნევს საგადასახადო დავალიანების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მიწის გადასახადის ნაწილში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობა, რომელიც მოსარჩელეს არ დაუფარავს და რომლის არსებობის შემთხვევაშიც შეეძლო საგადასახადო ორგანოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი/მ ხა----------–---ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 16.06.2015 წლის N8------- სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ი/მ ხა----------–---ს, 2014 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 124 946,95 ლარის ოდენობით, მათ შორის, ძირითადი - 61 213,35 ლარი და საურავი - 63 733,56 ლარი. იმავე სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 24.11.2014 წლის N0------ ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საშემოსავლო გადასახადში - 2011 წელს შემოწმების შედეგად დარიცხული და მიწაზე ქონების გადასახადში (არასასოფლო) გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების არსებობა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 26 დეკემბერს შემოსავლების სამსახურს წარედგინა ი/მ ხა----------–---ის საჩივარი შემოსავლების სამსახურის N0------ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N---- ბრძანებით.
სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-6 ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2015 წლის 25 ივნისის N----------- სამსახურებრივ ბარათს დართული დოკუმენტაციიდან და იმავე სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 16.06.2015 წლის N8------- სამსახურებრივი ბართიდან ირკვევა, რომ ხა----------–---ის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ჩანაწერის თანახმად, საგადასახადო დავალიანება ირიცხება საშემოსავლო და მიწის (სასოფლო) გადასახადებში. როგორც აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათებშია მითითებული, კომპიუტერულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, დავალიანება წარმოშობილია საშემოსავლო გადასახადში 2011 წელს შემოწმების შედეგად დარიცხული და მიწის გადასახადში გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი/მ ხა----------–---ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ხა----------–---ის მიერ საგადასახადო ორგანოში მიწის გადასახადში არსებული დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო დეკლარაციების საფუძველზე. წარმოდგენილი ბარათებით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ კვლავ არის წარდგენილი დეკლარაცია, რომლითაც დარიცხული თანხები მის მიერ არ არის გადახდილი. შესაბამისად, აღიარებული დავალიანება კვლავაც არსებობს. მეწარმე იხდიდა დავალიანებას, თუმცა მის მიერ გადახდილი თანხები არ არის საკმარისი დეკლარირებული თანხების დასაფარად. ამასთან, თავად ხა----------–---ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების დაფარვის დადასტურება. გადამხდელის მიერ კი წარმოდგენილი არ არის გადახდა, რომელიც არ არის გატარებული ბარათში, ხოლო გატარებული გადახდები არასაკმარისია.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ყადაღის დადების საფუძველი არის აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, ხა----------–---ის მიმართ ყადაღის ბრძანების გამოცემა შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსთან.
სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლო, გადაწყვეტილების იმ ნაწილით, რომელიც შეეხება საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. აპელანტმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ ყადაღის ბრძანების და არა საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობისათვის გადამხდელს თავდაპირველად საგადასახადო ორგანოსათვის უნდა მიემართა.
სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო ხა----------–---ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 28 აპრილს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი №0------/1.(ტ. I. ს.ფ. 123; 127-128).
ი/მ ხა----------–---მა 2014 წლის 26 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საქმეზე არსებული მასალის, ადმინისტრირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათითა და კომპიუტერული ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ ი/მ ხა----------–---ს, 2014 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, ერიცხება საგადასახადო დავალიანება 124 921,04 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანება ირიცხება საშემოსავლო და მიწის (სასოფლო) გადასახადებში. დავალიანება წარმოშობილია საშემოსავლო გადასახადში 2011 წელს შემოწმების შედეგად დარიცხული და მიწის გადასახადში გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული თანხების გადაუხდელობის გამო. (ტ. I. ს.ფ. 131-132).
ხა----------–---მა 2015 წლის 29 ივნისს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ და 2015 წლის 25 თებერვლის №---- ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი №---------- არ დაკმაყოფილდა. (ტ. I. ს.ფ. 17-20).
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2015 წლის 31 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ი/მ ხა----------–---ის მიმართ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა ითხოვა. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №0------ ბრძანებით გადასახადის გადამხდელის ქონებას დაედო ყადაღა. აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 131 798,42 ლარს. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით (საქმე №3-------) სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ი/მ ხა----------–---ის მიმართ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა. (ტ. I. ს.ფ. 146-148; 161-164).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით (საქმე №3---------) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ხა----------–---ის საჩივარი, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება და შუამდგომლობა ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატის ბრძანებაში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში ვერ იქნა მოძიებული მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა, რომელი სამართლებრივი საფუძვლით არის წარმოშობილი ის დავალიანება, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც მოთხოვნილია ი/მ ხა----------–---ის ქონების რეალიზაცია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარტოოდენ ქონებაზე ყადაღის არსებობა სასამართლოს არ აძლევს ბრძანების გაცემის საფუძველს, სავალდებულოა, გამოკვლეულ იქნას, რა გახდა ქონების დაყადაღების სამართლებრივი საფუძველი და წარმოდგენილი საფუძველი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, იძლევა თუ არა დავალიანების აღიარებულად მიჩნევის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 03 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, ი/მ ხა----------–---ს მიწის (სასოფლო) გადასახადის ბარათზე 2005 წლიდან 26.10.2011 წლამდე სულ დარიცხული აქვს 13 528,30 ლარი, გადახდილი აქვს 11 482,24 ლარი და 26.10.2011 წ. მდგომარეობით ერიცხება ნარჩენი სულ 2 543,05 ლარის ოდენობით (მ.შ. ძირითადი 2 046,06 ლარი, საურავი 496,99 ლარი). აღნიშნული ბრძანების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ იქნა ქვითრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ი/მ ხა----------–---ს 2012, 2013 და 2014 წლებში გადახდილი აქვს მიწის გადასახადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დადგინდეს, რის საფუძველზეა დავალიანება წარმოშობილი და შესაძლებელია თუ არა მისი აღიარებულად მიჩნევა. სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა დავალიანების ოდენობა და ჩათვალა, რომ მაშინ, როდესაც ი/მ ხა-----------–---ის სახელზე რიცხული დავალიანება, 26.10.2011 წ. მდგომარეობით შეადგენდა მხოლოდ 2 543,05 ლარს, მიწის გადასახადის გადაუხდელობის პირობებშიც კი, შეუძლებელია დარიცხული თანხის წარდგენილი პროგრესიულობით ზრდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის არც შემოწმების აქტი, არც საგადასახადო მოთხოვნა და არც რაიმე სხვა სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დავალიანების შეფასების შესაძლებლობას. (ტ. I. ს.ფ. 168-173).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანებით (საქმე №--------) სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 24 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა დააზუსტა შუამდგომლობა საგადასახადო დავალიანების ნაწილში და მოითხოვა ი/მ ხა----------–---ს დაეკისროს აღიარებული საგადასახადო დავალიანება 5 572, 96 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2015 წლის 16 ნოემბრის დეკლარაციის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელმა ი/მ ხა----------–---მა კი წარადგინა ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ მას 2015 წლის 13 ნოემბერს გადახდილი აქვს მიწის გადასახადი 5 785,78 ლარის ოდენობით. (ტ. I. ს.ფ. 174-176).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის ბრძანებით (საქმე №3--------). სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარდგენილი ქვითრების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2015 წლის 13 ნოემბერს გადახდილია მიწის გადასახადი 5 785,78 ლარის ოდენობით, რაც, ასევე, აღიარებული და დადასტურებულია საჩივრის ავტორის მიერაც. შესაბამისად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან შუამდგომლობის განხილვის დროს გადასახადის გადამხდელს არ ერიცხებოდა მიწის გადასახადი და მის მიერ აღნიშნული გადასახადი წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად უკვე გადახდილი იყო, აღარ არსებობდა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოსაცემად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში. (ტ. I. ს.ფ. 11-15).
სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №----- ბრძანების საფუძველზე კონტროლის სამმართველოს საგადასახადო შემოწმების განყოფილების უფროსმა ოფიცერმა ჩაატარა ხა-----------–---ის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებამ მოიცვა 2004 წლის პირველი იანვრიდან 2010 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2010 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 2011 წლის 10 იანვრის №-- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების სავარაუდო დარიცხვის/შემცირების შესახებ და ხა----------–---ს გადასახდელად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა - 31 832 ლარი, ჯარიმა - 18 095 ლარი, მიმდინარე გადასახდელები 31 831,70 ლარის ოდენობით. (ტ. I. ს.ფ. 212-216; 219; 227-229).
სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 2011 წლის 14 იანვრის №1 საგადასახადო მოთხოვნით ხა----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა სულ 85 030,3 ლარი. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა 38 525,54 ლარი, ჯარიმა 18 095 ლარი და საურავი 28 409 ლარი. საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველია 2011 წლის 10 იანვრის №-- ბრძანება. (ტ. I. ს.ფ. 210).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის №1---------- სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ი/მ ხა----------–---ისათვის 2011 წლის 14 იანვრის №1 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საარქივო სამმართველოში არ ინახება. (ტ. I. ს.ფ. 232).
სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილის 2011 წლის 22 თებერვლის №1-------- მიმართვით სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნები თანდართულ რეესტრებთან ერთად, რომლებიც გაგზავნილ იქნა ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ჩაბარდა ადრესატებს და დაბრუნებულ იქნა უკან. მათ შორისაა ხა----------–---ისათვის გაგზავნილი საგადასახადო მოთხოვნა. (ტ. I. ს.ფ. 240; 283).
ხა----------–---ის მიერ წარდგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2010 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ქონების გადასახადის ოდენობა 2 359 ლარს შეადგენს. ხა----------–---ის მიერ წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2011, 2012, 2013, 2014 და 2015 წლების წლიური დეკლარაციების მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადი შეადგენს 5 780 ლარს. (ტ. I. ს.ფ. 65-85).
ხა----------–---ის მიერ გადახდილია სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი 2010 წლის 17 მარტს - 508 ლარი, 28 სექტემბერს - 1 200 ლარი, 8 ნოემბერს - 945 ლარი, 15 ნოემბერს - 200 ლარი, 2011 წლის პირველ ნოემბერს - 5 620 ლარი, 21 ნოემბერს - 120 ლარი, 2012 წლის 15 ნოემბერს - 5 780 ლარი, 2013 წლის 12 ნოემბერს - 5 010 ლარი, 18 ნოემბერს - 770 ლარი, 2014 წლის 31 ოქტომბერს - 4 845 ლარი, 5 ნოემბერს - 900 ლარი, 14 ნოემბერს - 35 ლარი, 2015 წლის 13 ნოემბერს - 5 780 ლარი, 2016 წლის 15 ნოემბერს - 5 780 ლარი. (ტ. I. ს.ფ. 299-326).
ხა----------–---ის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული შემდეგი გადახდები: 2010 წლის 18 მარტს - 508 ლარი, 28 სექტემბერს - 731,3 ლარი, 8 ნოემბერს - 945 ლარი, 15 ნოემბერს - 200 ლარი, 2011 წლის პირველ ნოემბერს - 5 620 ლარი, 21 ნოემბერს - 120 ლარი, 2012 წლის 15 ნოემბერს - 2 588,78 ლარი, 2013 წლის 12 ნოემბერს - 5 010 ლარი, 19 ნოემბერს- 770 ლარი, 2014 წლის 31 ოქტომბერს - 4 845 ლარი, 6 ნოემბერს - 900 ლარი, 14 ნოემბერს - 35 ლარი, 2015 წლის 13 ნოემბერს - 5 780 ლარი. (ტ. I. ს.ფ. 64).
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №----- საგადასახადო მოთხოვნით ხა----------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა მიწის გადასახადი (სასოფლო) 1 168,8 ლარის ოდენობით, ხოლო №----- საგადასახადო მოთხოვნით - 702,9 ლარის ოდენობით. (ტ. I. ს.ფ. 87-88).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 03 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილების მიხედვით, ი/მ ხა----------–---ს მიწის (სასოფლო) გადასახადის ბარათზე 2005 წლიდან 26.10.2011 წლამდე სულ დარიცხული აქვს 13 528,30 ლარი, გადახდილი აქვს 11 482,24 ლარი და 26.10.2011 წ. მდგომარეობით ერიცხება ნარჩენი სულ 2 543,05 ლარის ოდენობით (მათ შორის, ძირითადი 2 046,06 ლარი, საურავი 496,99 ლარი). (ტ. I. ს.ფ. 153-158).
თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმავე წესის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგენს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომელიც გამოიყენება აღიარებული საგადასახადო დავალიანების მიმართ. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატა იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებას, რომ ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემისას საგადასახადო ორგანო ვალდებულია, მიუთითოს არა მხოლოდ დავალიანების არსებობაზე, არამედ დაასაბუთოს და დაადასტუროს, რომ სახეზეა აღიარებული გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, ხოლო იმისათვის, რომ საგადასახადო დავალიანება ჩაითვალოს აღიარებულად, აუცილებელია, არსებობდეს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ პირობათაგან ერთ-ერთი.
კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოები მიუთითებენ, რომ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, ხოლო ქონების გადასახადში დავალიანების წარმოშობის საფუძველია ხა----------–---ის მიერ წარდგენილი დეკლარაციები.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე, აღნიშნული დავალიანების აღიარებულად მიჩნევისათვის, გასული უნდა იყოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ვადები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კანონმდებლობით და რომელთა დენის დაწყება აქტის ოფიციალურ გაცნობასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად; იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამდენად, უკავშირდება რა აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა აქტის ოფიციალურ გაცნობას, აქტის ადრესატისათვის ჩაბარება კი შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, ამასთან, მხოლოდ აქტის გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლა ან გასაჩივრების უფლების გამოყენების შედეგად აქტის უფლებამოსილი ორგანოების მიერ ძალაში დატოვება წარმოშობს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ადრესატისათვის აქტის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, დადგინდეს, იქნა თუ არა გამოყენებული გასაჩივრების უფლება და რა შედეგი მოჰყვა აღნიშნულს. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის საფუძვლად მითითებული საგადასახადო მოთხოვნის ხა----------–---ისათვის ჩაბარების შესახებ დოკუმენტი. ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული საგადასახადო დავალიანება სწორად ვერ მიიჩნია აღიარებულად, რომლის ფარგლებშიც სსიპ შემოსავლების სამსახურს შეეძლო, გამოეცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.
რაც შეეხება ქონების გადასახადის ნაწილში წარმოშობილ დავალიანებას, მართალია, საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება მიიჩნევა აღიარებულად, თუმცა უნდა დადგინდეს დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი, გადამხდელის მიერ დაუფარავი, გადასახდელი დავალიანების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ მსგავსი დავალიანების არსებობა უნდა დასტურდებოდეს ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის მომენტისათვის, რადგან საგადასახადო კოდექსის 238-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება მიზნად ისახავს კონკრეტული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დავალიანება აღიარებული არის თუ არა. ამრიგად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი ვერ გახდება სამომავლო ვალდებულება, არამედ იგი უშუალოდ და პირდაპირ უკავშირდება არსებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა აპელანტების მითითება ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდგომ წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებაზე.
გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სასამართლო ამოწმებს მისი გამოცემისას არსებულ ფაქტობრივ საფუძვლებთან მიმართებით და მოგვიანებით წარმოშობილი დავალიანება ვერ გახდება დავალიანების წარმოშობამდე და აღიარებულად მიჩნევამდე გატარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერად მიჩნევის წინაპირობა; აღნიშნული გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უკანონო და დაუსაბუთებელ შეზღუდვას გამოიწვევდა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ ბრძანებაში (საქმე №--------) მითითებულია, რომ 2015 წლის 24 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა დააზუსტა შუამდგომლობა საგადასახადო დავალიანების ნაწილში და მოითხოვა ი/მ ხა----------–---ს დაეკისროს აღიარებული საგადასახადო დავალიანება 5 572, 96 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2015 წლის 16 ნოემბრის დეკლარაციის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელმა კი წარმოადგინა ქვითრები, რომლითაც დასტურდება, რომ მას 2015 წლის 13 ნოემბერს გადახდილი აქვს მიწის გადასახადი 5 785,78 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს არა მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის ბრძანებებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 03 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებას, არამედ საქმეში წარმოდგენილ ხა----------–---ის წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებსა (2014 წლის მდგომარეობით) და მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებს; აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ყადაღის დადების ბრძანების გამოცემის მომენტისათვის არ დასტურდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის ფაქტი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თითქოს ბათილად სცნო საგადასახადო მოთხოვნა; სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს როგორც მთლიანი გადაწყვეტილებით, ისე სარეზოლუციო ნაწილით ცალსახად დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და ბათილად ცნო მხოლოდ გასაჩივრებული აქტები და საგადასახადო მოთხოვნის კანონიერებაზე არ უმსჯელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები, ასევე საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი.
2. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სააპელაციო საჩივარი.
3. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა).
თავმჯდომარე მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები ნათია ქუთათელაძე
გიორგი ტყავაძე