განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
330310018002390018
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002390018

საქმე N3ბ/2941-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - რ----- ც----;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს რ----- ც----ს სასარგებლოდ 1992 წლის 1 ოქტომბერს 10 წლიანი ვადით გამოშვებული და რ----- ც----ს მიერ შეძენილი 140 000 მანეთის ობლიგაციების ღირებულების (2002 წლის 1 ოქტომბრისათვის მანეთის ლარის კურსთან მიმართებაში დაანგარიშებით) 9640 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის 17340 ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რ----- ც----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. რ-----ი ც----მ 1992 წელს შეიძინა სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები (140 ცალი), რომელთა მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 10 წლით- 1992 წლის 1 ოქტომბრიდან 2002 წლის 1 ოქტომბრამდე. ობლიგაციის მეორე გვერდზე მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობები. (ს.ფ 19-88)

 

4.2. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის პირობები მოსარჩელის მიმართ არ შესრულებულა. მას, როგორც ობლიგაციების მფლობელს, განსაზღვრული ჰქონდა შემოსავლის მიღების უფლება, კერძოდ, ობლიგაციის მეორე გვერდზე არსებული პირობების მიხედვით, სესხის ობლიგაციებზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. სესხის ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35 %, ხოლო დანარჩენი 65 % სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება ნომინალური ღირებულებით. (ს.ფ 19-88)

 

4.3. 2017 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ N0----------- წერილით, მოსარჩელეს აცნობა, რომ აღნიშნული დავალიანება აღიარებულია საშინაო ვალად. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით შექმნილია საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღიარებულ სავალო კატეგორიებს, შეიმუშავებს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. მოცემულ ეტაპზე სათანადო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რის გამოც ვერ ხდება შესაბამისი პირების მიმართ აღიარებული სავალო ვალდებულების შესრულება. ( ს.ფ 97)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ბ” პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალი არის საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა.

 

ამდენად, სახელმწიფო საშინაო ვალად იქნა აღიარებული ეროვნული ვალუტით გამოსახული დავალიანება, ანუ საშინაო ვალში იგულისხმება მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოსახული თანხა.

 

ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიღებამდე სახელმწიფო საშინაო ვალად, გარდა მე-11 მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებებისა, აღიარებულ იქნა შემდეგი სავალო ვალდებულებები: საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" და "ე" ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის N716 და N717 ბრძანებულებების შესაბამისად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლით განისაზღვრა ამ ვალდებულების დაფარვის წესი, რაც უნდა განხორციელებულიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის N716 და N717 ბრძანებულებების შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე. აღნიშნულ დადგენილებაში რამდენჯერმე იქნა ცვლილება შეტანილი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის №534 დადგენილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრამდე. კომისიას დაევალა საქართველოს კანონის საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და მთავრობისა და პარლამენტისათვის წარდგენა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სახის დავალიანების ანაზღაურების წესი განსაზღვრულ უნდა იქნას სამთავრობო კომისიის მიერ. დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობას, მოსარჩელის მიმართ საბჭოთა მანეთებით შეძენილი ობლიგაციების გამოშვებით საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებების წარმოქმნის მოწესრიგებისა და მათი დაფარვის წესს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციით დგინდება, სესხის ობლიგაციებზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. სესხის ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35 %, ხოლო დანარჩენი 65 % სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება ნომინალური ღირებულებით. ამდენად, ყველა ობლიგაცია მოგებას არ ითვალისწინებდა, რის გამოც, სასამართლო უსაფძვლოდ მიიჩნევს, წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილ იქნას ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და მიუღებელი შემოსავლი, მით უფრო, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოქმნილია საბჭოთა მანეთებით შეძენილი ობლიგაციების გამოშვებით და დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდა.

 

6. რ----- ც----ს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. რ----- ც----ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, 2004 წლის 15 ნოემბერს საქართველოს მთავრობის N108 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შესწავლელი სახელმწიფო კომისია. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე შემუშავდა ამ კომისიის დებულება, რომლის მეორე მუხლი ითვალისწინებდა სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემოშავებას და გადაწყვეტილებებს მისაღებად წარუდგენდა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს.

 

მიუხედავად ხანგრძლივი პერიოდის გასვლისა (13 წელი), კომისიას დღემდე არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება 1992 წელს 10 წლიანი ვადით გამოშვებული ობლიგაციების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს მთავრობის 08.12.2017 წელს N534 დადგენილებით ამ კომისიის საქმიანობა გაგრძელებულია 2019 წლის 01 იანვრამდე. სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ობლიგაციების გათამაშების ტირაჟთან დაკავშირებით (არც ერთი ტირაჟი არ ჩატარებულა თუმცა ობლიგაციის შეძენის პირობა იყო 10 წელიწადში 80 ტირაჟის ჩატარება) ასევე 10 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ ობლიგაციათა ნომინალური ღირებულების ანაზღაურებაზე.

 

აპელანტის განმარტებით, 2002 წლის ოქტომბრის თვეში უნდა მიეღო მის მიერ შესყიდული 140 000 მანეთის ობლიგაციის ნომინალური ღირებულება ლარის იმდრონდელი კურსის გათვალისწინებით 260980 ლარი (ერთი რუსული რუბლი უდრიდა 0,0686 თეთრს). აპელანტმა არაერთხელ მიმართა ფინანსთა სამინისტროს, თუმცა მუდმივად ღებულობდა წერილობთ პასუხს, რომ შექმნილია სახელმწიფო საშინაო ვალების პრობლემათა შემსწავლელი კომისია, რომლის გადაწყვეტილების გარეშეც აპელანტის კანონიერ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. ვალდებულება დროულად რომ შესრულებულიყო, აპელანტს შესაძლებლობა ექნებოდა თავისი კუთვნილი თანხა განეთავსებინა სს „ლ-------ი ბ---–ი“ და მიეღო სარგებელი წლიური 12%- ის ოდენობით, ე.ი ყოველწლიურად 1156 ლარი, რაც დავალიანების თანხის 960 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 96 ლარს, სულ 15 წელზე დაანგარიშებით შეადგენს 17340 ლარს, შესაბამისად აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს 9640 ლარის და მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის თანხის 17340 ლარის, სულ 26980 ლარის აპელანტის სასარგებლოდ გადახდა.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 1992 წელს შეძენილი ობლიგაციების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 10 წლის შემდგომ 2002 წელს, ასევე უსაფუძვლოა არგუმენტი, რომ ობლიგაციები შეძენილი იყო საბჭოთა მანეთის მოქმედების დროს და დღემდე მანეთის ლართან მიმართებაში ინდექსაცია არ დადგენილა, რაც მოპასუხეს ევალებოდა და არა მოსარჩელეს. მიყენებული ზიანი სახეზეა და სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ-----ი ც----მ 1992 წელს შეიძინა სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები (140 ცალი). აღნიშნული ობლიგაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები საშინაო ვალად იქნა აღიარებული „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოცემული კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა ვალდებულების დაფარვის წესი, დადგინდა, რომ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ პუნქტში მოცემული სავალო ვალდებულების დაფარვა უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997 წ N716 და N717 ბრძანებების შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე. აღნიშნულ დადგენილებაში რამდენჯერმე იქნა ცვლილება შეტანილი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 08 დეკემბრის №534 დადგენილებით შეტანილი ცვლილების თანახმად, კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრამდე. კომისიას დაევალა საქართველოს კანონის საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და მთავრობისა და პარლამენტისათვის წარდგენა.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია და აპელანტი თავადაც მიუთითებს, რომ 2017 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ N0----------- წერილით აცნობა, რომ აღნიშნული დავალიანება აღიარებულია საშინაო ვალად. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებით შექმნილია საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია, რომელიც იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღიარებულ სავალო კატეგორიებს, შეიმუშავებს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. მოცემულ ეტაპზე სათანადო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რის გამოც ვერ ხდება შესაბამისი პირების მიმართ აღიარებული სავალო ვალდებულების შესრულება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე N ბს- 728-720 (კ-16) და განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალად აღიარება საჭიროებს მის დროული და ეფექტური ანაზღაურების მექანიზმის შემუშავებას, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის შემუშავება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ მთელ რიგ პროცედურებს, დიდძალი თანხების მობილიზებას, რომლის არარაციონალურმა დახარჯვამ, ბალანსის დაუცველობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს ფუნქციონირებას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. დასაფარი სახელმწიფო დავალიანების მასშტაბების გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავალიანების დაფარვის მექანიზმის რაციონალობას, გონივრულობას, დავალიანების პროცესის ორგანიზებულად წარმართვას, დაფარვის მექანიზმის ყველა პრობლემური საკითხის გათვლას და ა.შ. სახელმწიფოს მიერ აღიარებული სავალო ვალდებულების დაფარვის მექანიზმის შესახებ ნორმატიული აქტით მოსაწესრიგებელი საკითხის არაორდინალობის, საბიუჯეტო თანხების უკმარისობის, მოსაწესრიგებელი საკითხის რაციონალური ეკონომიკური მიდგომის აუცილებლობის, ეკონომიკურ-ფინანსური შესაძლებლობების დადგენის, ბიუჯეტის დაბალანსების საჭიროების და რიგი სხვა საკითხების მხედველობაში მიღებით, დავალიანების დაფარვის წესის შემუშავება საჭიროებს დავალიანების დაფარვის წესთან დაკავშირებული პრობლემატიკის ზედმიწევნით შესწავლას, სათანადო რესურსების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებას. ასეთი წესის შემუშავება რთულ საფინანსო დაანგარიშებებთან არის დაკავშირებული, რომელზედაც მუშაობს კომისია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 07.02.12წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ო. ლანჩავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“).

 

პალატა მიუთითებს, აპელანტის (მოსარჩელის) სასარჩელო მოთხოვნა პირდაპირპროპორციულად უკავშირდება დავალიანების ანაზღაურების წესის განსაზღვრას სამთავრობო კომისიის მიერ, ამასთან აპელანტის მოთხოვნას არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მას მავალებელი სარჩელით სასამართლოსათვის არ მოუმართავს, არამედ მისი მოთხოვნაა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს რ----- ც----ს სასარგებლოდ 1992 წლის 1 ოქტომბერს 10 წლიანი ვადით გამოშვებული და რ----- ც----ს მიერ შეძენილი 140 000 მანეთის ობლიგაციების ღირებულების (2002 წლის 1 ოქტომბრისათვის მანეთის ლარის კურსთან მიმართებაში დაანგარიშებით) 9640 ლარის ანაზღაურება და მიყენებული ზიანის 17340 ლარის ანაზღაურება, სულ 26980 ლარის აპელანტის სასარგებლოდ გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განჩინებაზე საქმე #ბს-648-623(2კ-13), სადაც განმარტებულია, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე კოდექსის 411- ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიუთითებს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციით დგინდება, სესხის ობლიგაციებზე მთელი შემოსავალი გადაიხდევინება მოგების სახით. სესხის ათწლიანი ვადის განმავლობაში იგებს მთელი ობლიგაციების 35 %, ხოლო დანარჩენი 65 % სესხის ვადის გასვლის შემდეგ შეისყიდება ნომინალური ღირებულებით. ამდენად, ყველა ობლიგაცია მოგებას არ ითვალისწინებდა, რის გამოც, უსაფძვლოა წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილ იქნას ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი და მიუღებელი შემოსავლი, მით უფრო, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოქმნილია საბჭოთა მანეთებით შეძენილი ობლიგაციების გამოშვებით და დღეის მდგომარეობით არ მოქმედებს ინდექსაციის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დავალიანების გადახდა.

 

ამდენად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აპელანტი გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რ----- ც----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -