განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001612583
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
საქმე №2ბ/5182-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა, ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი, მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - შპს „ჯ------------ი“
წარმომადგენლები - მ---------------, ა-----------;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ---–------- ჯ-----ი“
წარმომადგენლები - გ----------------, რ--------------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი
1. 2015 წლის 22 დეკემბერს შპს ს------–------–---ა და შპს ჯ------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება #კ---- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს ს------–------–---ს საჭიროებისთვის სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა. სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% და შეუსრულებელი ვალდებულების 0,1% მოცულობით. 2015 წლის 28 დეკემბრის #- დამატებითი შეთანხმების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წელს გასაცემი ავანსის მოცულობა განისაზღვროს 2 100 000 ლარით. 2016 წლის 04 თებერვალს შედგენილი #- დამატებითი შეთანხმების შესაბამისად 2016 წელს გასაცემი ავანსის მოცულობა განისაზღვრა 3 700 000 ლარით.
2. შპს თ---–------- ჯ-----ის მიერ შპს ჯ------------ის მიმართ 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #კ---- ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 30 დეკემბერს გადახდილია 2 100 000 ლარი. 2016 წლის 12 თებერვალს გადახდილია 3 700 000 ლარი. შპს თ---–------- ჯ-----მა თავდაპირველ მოსარჩელეს 2016 წლის 29 ივნისს მიაწოდა 147 500 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი (ნასყიდობის საფასურში გასაქვითი) ავტომობილები, ხოლო 2016 წლის 17 აგვისტოს მიაწოდა 109 400 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომობილები.
3. შპს „ჯ------------ი“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიმართ და ითხოვა: 1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრო 60191,37 ევროს გადახდა, გადახდის დღისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად, 2. შპს „თ---–------- ჯ-----ს“ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 60191,37 ევროს 0,1% მოცულობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 20 აგვისტოდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე; 3. შპს „თ---–------- ჯ-----ს“ დაეკისროს ხელშეკრულების შესრულების #P--------- საბანკო გარანტიის მომსახურების ანაზღაურება 236,15 ევროს ექვივალენტი ლარი; #A---------- საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების თანხა 10452,50 ლარი; 29.12.2015 წლის #A---------- წლის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების 4 357.50 ლარი 4. მოსარჩელე დამატებით მოითხოვს შპს თ---–------- ჯ-----ს დაეკისროს შპს „ჯ------------ის“ მიერ სს „ს----------–----------ან“ 2016 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული #G-------------------- ხელშეკრულებით ბანკისთვის გადახდილი საპროცენტო სარგებელი, წლიური 7,1%, მოპასუხის მიერ გადაუხდელ 60191,37 ევროზე რაც სარჩელის წარმოდგენის მომენტისთვის შეადგენს 700,39 ევროს.
3.1. მოსარჩელის პოზიცია
2015 წლის 13 ნოემბერს შპს „ს------–------–--მა“ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სპეციალური დანიშნულების 24 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრული იყო 5 800 000 ლარი, დღგ-ს ჩათვლით, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციის 5.4. პუნქტით დაშვებული იყო შესაძლებლობა, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრა მომხდარიყო უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო) ელექტრონული ვაჭრობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლართან მიმართებით. ვინაიდან, 2015 წლის ბოლოს ლარის კურსი არასტაბილური იყო და ეროვნული ვალუტა მკვეთრ გაუფასურებას განიცდიდა, შპს „ჯ------------მა“ სავალუტო რისკების გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილეობის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ სატენდერო დოკუმენტაცია სახელშეკრულებო ღირებულების უცხოურ ვალუტაში დაფიქსირების შესაძლებლობას იძლეოდა. შპს „ჯ------------მა“ თავის სატენდერო წინადადებაში დააფიქსირა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების ევროში განსაზღვრასთან დაკავშირებით. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართა 2015 წლის 4 დეკემბერს. შპს „ჯ------------მა“ გაიმარჯვა ელექტრონულ ტენდერში შეთავაზებული თანხით - 2 5328 ევრო.
2015 წლის 22 დეკემბერს შპს ს------–------–---ა და შპს ჯ------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება #კ---- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. სახელშეკრულებო ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო წინადადებისა და საქ. ეროვნული ბანკის მიერ ელექტრონული ვაჭრობის გამოცხადების დღეს ლარის მიმართ დაფიქსირებული ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად განისაზღვრა 2 276 137.08 ევროს ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. შპს ჯ------------მა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შპს ს------–------–---სათვის 24 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო შპს ს------–------–--მა იკისრა ვალდებულება გადაეხდა მიმწოდებლისათვის საქონლის შეთანხმებული ფასი - 2 276 137.08 ევროს ექვივალენტი ლარში, ანგარიშსწორების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსით ლართან მიმართებით. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორება განხორციელდა ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე 2015 წელს გაიცემოდა ავანსი 500 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ეტაპზე 2016 წლის განმავლობაში - პროპორციულად, ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს, რომ სახელშეკრულებო ღირებულების ნაწილი ანაზღაურდებოდა ავტომანქანების ჩანაცვლებით, რომელთა ღირებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, შეადგენდა 256 900 ლარს.
შპს „ჯ------------მა“ წარუდგინა შპს „ს------–------–---“ სს „ს----------–---------ს“ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია წინასწარ მოთხოვნილი გარანტიის ნახევარზე - სახელშეკრულებო ღირებულების 2.5%-ის (56 904 ევრო) ოდენობის თანხაზე. მხარეთა შორის გაფორმდა ორი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ჯერ 1 600 000 ლარით გაიზარდა ავანსად გასაცემი თანხის ოდენობა და შეადგინა 2 100 000 ლარი, შემდგომ კი 3 700 000 ლარით გაიზარდა და შეადგინა - 5 800 000 ლარი. შპს „ჯ------------მა“ მიწოდებული თანხა დააკონვერტა ევროში, რადგან მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ევროში უნდა განეხორციელებინა. შპს „ჯ------------მა“ წარუდგინა შპს „ს------–------–---“ სს „ს----------–---------ს“ მიერ გაცემული საავანსო ანგარიშსწორების ორი საბანკო გარანტია. 2015 წლის 29 დეკემბერს საავანგო ანგარიშსწორების 1-ლი საბანკო გარანტია გაიცა 1 050 000 ლარზე, ხოლო 2016 წლის 10 თებერვალს მეორე საბანკო გარანტია - 1 850 000 ლარზე. 2016 წლის მაისისათვის შპს „ჯ------------ს“ შპს „ს------–------–---სათვის“ ეტაპობრივად მიწოდებული ჰქონდა 18 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. შპს „ჯ------------მა“ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2016 წლის 9 აგვისტოს დაასრულა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება.
თავდაპირველად შპს „ს------–------–---ს“, ხოლო შემდგომ მისი სამართალმემკვიდრე შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ მოსარჩელესთან ანგარიშწორება განხორციელდა შემდეგნაირად: 2015 წლის 30 დეკემბერს გადაიხადა 2 100 000 ლარი, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 795 635.37 ევროს, 2016 წლის 12 თებერვალს გადაიხადა 3 700 000 ლარი, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 1 322 420.39 ევროს, 2016 წლის 29 ივნისს მიაწოდა მოსარჩელეს 147 500 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომანქანები, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 56 107.12 ევროს. 2016 წლის 17 აგვისტოს მიაწოდა მოსარჩელეს 109 400 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომანქანები, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 41 782.84 ევროს. ჯამში, შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ, ორ ტრანშად ჩარიცხული თანხისა და ჩანაცვლების წესით გადაცემული ავტომანქანების ჯამური თანხა, ანგარიშწორების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით შეადგენს 2 215 945.71 ევროს.
მოპასუხეს განემარტა, რომ საბანკო გარანტიების უსაფუძვლო დაკავებითა და დავალიანების გადაუხდელობით შპს „ჯ------------ს“ საკმაოდ დიდი მატერიალური ზიანი ადგებოდა, რადგან 2016 წლის 10 აგვისტოდან ყოველდღიურად დამატებით იხდიდა საბანკო გარანტიების მომსახურების საკომისიოს. ამასთან, მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ათვისებული საბანკო ლიმიტი 2 900 000 ლარისა და 56 904 ევროს ოდენობით, ხელშემშლელი გარემოება შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის მომავალი პროექტების დაფინანსებისთვის. 2016 წლის 21 სექტემბერს შპს „ჯ------------ს“ მშენებლობის დასაფინანსებლად დაუმტკიცდა საბანკო კრედიტი 850 000 აშშ დოლარზე წლიური 7,1 %-ად, საიდანაც მოსარჩელის მიერ მიღებული პირველი ტრანში შეადგენდა 270 000 აშშ დოლარს. დღემდე არც სრული ანგარიშსწორება განხორციელებულა და არც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის და არც საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიები არ არის დაბრუნებული.
4. მოპასუხის პოზიცია
შპს „თ---–------- ჯ-----ი“ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხის გადახდის ვალდებულება მყიდველის მიერ სრულად შესრულებულია და უფრო მეტიც არის გადახდილი, შესაბამისად შპს „ჯ------------ს“ მათ მიმართა აქვთ ვალდებულება თანხის დაბრუნების.
5. შპს „თ---–------- ჯ-----მა“ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით. მოსარჩელე მოითხოვს შპს „ჯ------------ს“ შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიმართ დაეკისროს 234934 ლარი, ასევე 2016 წლის 16 აგვისტოდან ამავე თანხაზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,1% მოცულობით რაც სასარჩელო მოთხოვნის შეტანის დღისთვის შეადგენს 26782,48 ლარს.
5.1. მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
შპს „ს------–------–--მა“ ავანსის სახით 2015 წლის 28 დეკემბრის შეთანხმება #- და 2016 წლის 04 თებერვლის შეთანხმება #- საფუძველზე ჯამში შპს „ჯ------------ს“ ავანსად გადასცა 5 800 000 ლარი. შპს „ჯ------------ის“ მიერ შპს „ს------–------–---სათვის“ მიწოდებული 24 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულებამ ხელშეკრულების 3.2. პუნქტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ საავანსოდ გადაცემულ თანხებზე ბანკის კურსის ცვლილება არ აისახებოდა, შეადგინა 5 821 966 ლარი.
შპს „ჯ------------ის“ დავალიანება შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიმართ 2015 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #კ---- მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის შესაბამისად ავანსის სახით მიწოდებული თანხის (5800 000 ლარი) და მიწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამური ღირებულების (5821966 ლარი) სხვაობის (21966 ლარის) და ასევე ჩანაცვლებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულების გაქვითვის გათვალისწინებით შეადგენს 234934 ლარს. საბანკო გარანტიის ფარგლებში წერილობით მიმართეს სს „ს----------–--------ს“, როგორც გარანტს, რათა უზრუნველყო შპს „ჯ------------ის“ დავალიანების გადახდა, რაზედაც უარყოფითი პასუხი მიიღეს.
6. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
შპს „ჯ------------ი“ შეგებებულ სარჩელში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს არ ეთანხმება. მოპასუხემ სასამართლოს მომართა შესაგებლით და განმარტა, რომ შპს თ---–------- ჯ-----ს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში ანაზღაურება სრულად არ გადაუხდია, შესაბამისად შეგებებულ სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნა შპს ჯ------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ჯ------------ის სასარჩელო მოთხოვნები შპს თ---–------- ჯ-----ის მიმართ მოსარჩელის სასარგებლოდ 60191,37 ევროს ექვივალენტის გადახდის, 60191,37 ევროს 0,1% პირგასამტეხლოს დაკისრების, საბანკო გარანტიის მომსახურების ანაზღაურების სახით 236,15 ევროს ექვივალენტი ლარის დაკისრების, საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების თანხის 10452,50 ლარის დაკისრების და მოპასუხის მიერ გადაუხდელ 60191,37 ევროზე წლიური 7,1% დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს თ---–------- ჯ-----ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ჯ------------ს დაეკისრა 234 934 ლარი. შპს თ---–------- ჯ-----ის სასარჩელო მოთხოვნა შპს ჯ------------ის მიმართ 2016 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით 234934 ლარის 0,1% დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. (იხ. გადაწყვეტილებ. ტომი 1. ს.ფ.318-327)
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე შპს „ჯ------------ი“ -მა და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნია იმის დადგენა, მხარეთა მიერ ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში უნდა მომხდარიყო, თუ მოპასუხე შპს "თ---–------- ჯ-----ს" ნასყიდობის ფასი უცხოურ ვალუტაში უნდა აენაზღაურებინა. გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ აღნიშნული სადავო ფაქტობრივ გარემოებად ორი მიზეზის გამო: 1) "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ანგარიშსწორების ვალუტა კანონით არის დადგენილი და არ წარმოადგენს დისპოზიციურ ნორმას, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს; 2) ის, რომ ანგარიშსწორება ლარში უნდა მომხდარიყო და არა რომელიმე უცხოურ ვალუტაში, არცერთ მხარეს არ გაუხდია სადავოდ. მხარეთა უთანხოება არსებობს არა იმ საკითხზე, რომელ ვალუტაში უნდა მომხდარიყო ანგარიშსწორება, არამედ რომელი დღის სავალუტო კურსით. სასამართლო სწორად უთითებს გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტის მე-3 პარაგრაფში, რომ ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსით, ხელშეკრულების 3.2 მუხლის საფუძველზე.
8.2. აპელანტის მოსაზრებით არ არსებობდა მიწოდებული ავტომობილების ფასის დადგენის საჭიროება, რადგან ხელშეკრულების საერთო ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით არის განსაზღვრული და შეადგენს 2 276 137.08 ევროს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მისაწოდებელი ავტომანქანების ერთეულის ღირებულებები მოცემულია ხელშეკრულების დანართ #--ში (ფასების ცხრილი), რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. შპს "ჯ------------"-მა სრულად მიაწოდა შპს "თ---–------- ჯ-----ს" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხისა და ტექნიკური მახასიათებლებლის მქონე, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო 24 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება. მხარეთა მიერ არ მომხდარა თავდაპირველად შეთანხმებული რომელიმე ერთეული ავტომანქანის ცვლილება, არცერთ მათგანს არ ჰქონია ნაკლი, რომელიც მათ ღირებულებას შეამცირებდა. მხარეთა შორის 22.12.2015 წელს გაფორმებული #კ---- ხელშეკრულება არის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ელექტრონულ ტენდერში (შ-----------) შპს "ჯ------------"-ის გამარჯვების შედეგად. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით, პრეტენდენტების მიერ დაფიქსირებული ფასი არის უპირველესი კრიტერიუმი, რითაც ხდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასს არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ზოგადად სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესი, ფორმა და შეზღუდვები აქვს, განსაკუთრებით, თუ ეს ფასის ცვლილებას ეხება და სრულიად დაუშვებელია და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს, მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტებებით თითოეული მიწოდებისას განსაზღვრეს ნასყიდობის ფასი. ამასთან, თითოეულ მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულია საქონლის ღირებულება, როგორც გადაცემის დღეს მოქმედი კურსით ლარში, ასევე ევროში და ამასთან, ხელშეკრულებაში საქონლის ფასი მხოლოდ ევროშია მოცემული. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტებში საქონლის მიწოდების დღეს მოქმედი კურსით ლარში დაფიქსირების საჭიროებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა ხდება მხოლოდ ლარში. შესაბამისად, იმისათვის, რომ ბუღალტერიას განესაზღვრა გამოსაწერ ანგარიშფაქტურებში ლარში დასაფიქსირებელი თანხის ოდენობა, მოსარჩელეს უწევდა გადაცემული საქონლის ფასის როგორც ევროში, ასევე მიწოდების დღის კურსით ლარში მითითება. ანგარიშფაქტურებში მიწოდებისას დაფიქსირებული თანხებიც კი საბოლოოდ კორექტრებას ექვემდებარება გადახდის დღეს მოქმედი კურსის მიხედვით - ბაას 21-ის მე-16 და 23-ე მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, ავანსები, რომელიც შეფასებულია უცხოური ვალუტით პირვანდელი ღირებულების მეთოდით, უნდა გადაანგარიშდეს ოპერაციის შესრულების თარიღისთვის არსებული სავალუტო კურსით. სწორედ ამ პრინციპით მოხდა შპს "ჯ------------"-ისა და შპს "თ---–------- ჯ-----ი"-ს ფინანსური დეპარტამენტების მიერ ფინანსური შედარება და მოსარჩელის მიერ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის აღრიცხვა, რაც შეადგენს 6 214 868.80 ლარს და არა 5 821 966 ლარს, როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არის მითითებული. ამ თანხაზე დაკორექტირდა მოსარჩელის მიერ ანგარიშფაქტურებიც და განხორციელდა ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ს ოდენობის განსაზღვრა.
8.3. აპელანტის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენლებიც ადასტურებდნენ, რომ ხელშეკრულების ღირებულება 2 276 137 ევრო იყო და უნდა მომხდარიყო 2 276 137 ევროს ექვივალენტი ლარში გადახდა. როგორც ზემოთაც აღნიშნა, მხარეები მხოლოდ იმაზე ვერ თანხმდებოდნენ, რომელი დღის სავალუტო კურსით უნდა მომხდარიყო ევროს შესაბამისი ექვივალენტის ლარში გადახდა. შესაბამისად, გაუგებარია, რას დაეყრდნო და რატომ მიივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, რომ მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტებით თითოეული მიწოდებისას ინდივიდუალურად განსაზღვრეს საქონლის ფასები. სასამართლომ შპს "ჯ------------"-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ მიიღო მხედველობაში, რითაც დასტურდებოდა, რომ მხარეები პერიოდულად ახდენდნენ ფინანსურ შედარებას, მოპასუხე თავად ადასტურებდა გადახდილი თანხების ანგარიშსწორების დღეს მოქმედი ევრო-ლარის ეროვნული ბანკის სავალუტო კურისით დაანგარიშების სისწორესა და ორივე მხარის ჩართულობით ხდებოდა თანხების გაანგარიშება. ტენდერი გამოცხადებული იყო ლარში, თუმცა ლარის დევალვაციის გამო, დაშვებული იყო უცხოურ ვალუტაში სახელშეკრულებო ღირებულების დაფიქსირების შესაძლებლობა. სწორედ ეს ოფცია იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც შპს „ჯ------------“-მა გადაწყვიტა მიეღო ტენდერში მონაწილეობა და ასეთი მაღალი ღირებულების მქონე და გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის რისკი გაეწია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის მიუხედავად. მხარეებს რომ ჰქონოდათ ხელშეკრულების ღირებულების რომელიმე ნაწილის ლარში დაფიქსირების სურვილი, აბსოლუტურად აზრს მოკლებული იქნებოდა შპს „ჯ------------“-ის მხრიდან საკუთარი ფინანსური რისკების დასაზღვევად ხელშეკრულების უცხოურ ვალუტაში გაფორმების მოთხოვნა.
8.4. სასამართლოს მსჯელობა, თითქოს "თავდაპირველ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პროდუქციის ღირებულება არ გულისხმობს, რომ შემდგომი ურთიერთობისას შპს ჯ------------მა მოპასუხეს სწორედ 2 276 137.08 ევროს ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები მიაწოდა". აღნიშნული მსჯელობა სასამართლოს განვითარებული აქვს მას შემდეგ, რაც არასწორად აქვს შეკრებილი გადაწყვეტილებაში მის მიერვე მოხმობილ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ტექნიკის ფასები და უწერია, რომ "მიღება-ჩაბარების აქტებით მიწოდებული ნივთების ღირებულება უცხოურ ვალუტაში მთლიანობაში ფიქსირდება როგორც 2 205 007.96 ევრო". ეს მაშინ, როდესაც თავად სასამართლომ დაუშვა არითმეტიკული შეცდომა მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული თანხების შეკრებისას და ნაცვლად 2 276 137.08 ევროსი მიიღო 2 205 007.96 ევრო. სასამართლომ თავის მიერ არასწორად დაჯამებულ რიცხვებზე დააფუძნა არგუმენტაცია და ეჭქვეშ დააყენა შპს "ჯ------------"-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება მაშინ, როდესაც ეს მიღება-ჩაბარების აქტებითაც დასტურდება და არც და ვერც ხდება სადავო თავად შპს "თ---–------- ჯ-----ი"-ის მიერ. ვინაიდან, სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში დადასტურებული აქვს რომ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებული გადახდის დღეს მოქმედი კურსით ეროვნულ ვალუტაში ამით, მას გაზიარებული აქვს მოსარჩელის პოზიცია და ფაქტობრივად, ადასტურებს შპს "ჯ------------"-ის სასარჩელო მოთხოვნების მართებულობას. შესაბამისად, თავისთავად არამართებული გამოდის სასამართლოს მსჯელობა შპს "ჯ------------"-ის მიერ "ზედმეტად მიღებულ" თანხებზე. არათუ არ ჰქონია შპს "ჯ------------"-ის უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი და მას შპს "თ---–------- ჯ-----ისათვის" არ აქვს თანხა დასაბრუნებელი, არამედ პირიქით, მოსარჩელეს (აპელანტს) არ მიუღია სახელშეკრულებო ღირებულების ნაწილი 60 191.37 ევრო, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს. გარდა იმისა, რომ შპს "ჯ------------"-ს მოთხოვნილი ჰქონდა მოპასუხისათვის საბანკო მომსახურების საკომისიოს დაკისრება სამი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ერთ-ერთი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან წარმოშობილ მოთხოვნაზე და მეორე საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის საფუძვლადაც, არასწორად, სხვა ხელშეკრულებაზე მიუთითა. სასამართლომ, სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს "ნასყიდობის ფასის გარდა დამატებით ყოველგვარი საფუძვლის გარეშე" ზედმეტად ჰქონდა მიღებული მოპასუხისაგან 234 934 ლარი. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული სიკეთე უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად ექვემდებარება დაბრუნებას, ეს კი კანონისმიერ და არა სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენს. საბანკო გარანტიები, გაცემული იყო პრინციპალის (შპს "ჯ------------"-ის) მიერ მხოლოდ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევისათვის. ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი და გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება 24 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება იყო მოპასუხისათვის, რაც ჯეროვნად შესრულდა. ის, რომ საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები შპს "ჯ------------"-ის მიერ სრულადაა შესრულებული და გარანტისაგან თანხის მოთხოვნა (თუნდაც მართლაც ჰქონოდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდებას ადგილი) არ ხვდებოდა გარანტიით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლებში, დასტურდება გარანტის - სს "ს----------–---------"-ს წერილებით, რომლებითაც მან ორჯერ უთხრა უარი შპს "თ---–------- ჯ-----ს" საგარანტიო თანხის გაცემემაზე. შესაბამისად, შპს "ჯ------------ი" უსაფუძვლოდაც რომ გამდიდრებულიყო მოპასუხისგან მიღებული თანხებით, შპს "თ---–------- ჯ-----ს" მაინც უნდა დაებრუნებინა საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა არანაირი საფუძველი სასამართლოს მიერ შპს "ჯ------------"-ისათვის საბანკო გარანტიების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
II ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს "ჯ------------ის" სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შპს „ჯ------------ის“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს „თ---–------- ჯ-----ი“ -ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
10. მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომლის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს: სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი / ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი/; სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები, /პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას/ და სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი /მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება/.
11. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე; 105-ე მუხლების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. 2015 წლის 13 ნოემბერს შპს „ს------–------–--მა“ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სპეციალური დანიშნულების 24 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრული იყო 5 800 000 ლარი, დღგ-ს ჩათვლით, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციის 5.4. პუნქტით დაშვებული იყო შესაძლებლობა, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრა მომხდარიყო უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო) ელექტრონული ვაჭრობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლართან მიმართებით. სატენდერო დოკუმენტაცია სახელშეკრულებო ღირებულების უცხოურ ვალუტაში დაფიქსირების შესაძლებლობას იძლეოდა. შპს „ჯ------------მა“ თავის სატენდერო წინადადებაში დააფიქსირა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების ევროში განსაზღვრასთან დაკავშირებით. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართა 2015 წლის 4 დეკემბერს, სადაც შპს „ჯ------------მა“ გაიმარჯვა ელექტრონულ ტენდერში შეთავაზებული თანხით - 5 765 000 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. (ტ. 1, ს.ფ. 4, ს.ფ.30)
11.2. 2015 წლის 22 დეკემბერს შპს „ს------–------–---ა“ და შპს „ჯ------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება #კ---- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. სახელშეკრულებო ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო წინადადებისა და საქ. ეროვნული ბანკის მიერ ელექტრონული ვაჭრობის გამოცხადების დღეს ლარის მიმართ დაფიქსირებული ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად განისაზღვრა 2 276 137.08 ევროს ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით.
ამდენდ, შპს „ჯ------------მა“ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შპს „ს------–------–---სათვის“ 24 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო შპს ს------–------–--მა იკისრა ვალდებულება გადაეხდა მიმწოდებლისათვის საქონლის შეთანხმებული ფასი - 2 276 137.08 ევროს ექვივალენტი ლარში, ანგარიშსწორების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსით ლართან მიმართებით. (ტომი 1, ს.ფ.68-73)
11.3. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორება განხორციელდა ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე 2015 წელს გაიცემოდა ავანსი 500 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ეტაპზე 2016 წლის განმავლობაში - პროპორციულად, ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად მიწოდებული საქონლის პროპორციული ღირებულების შესაბამისად (გარდა ხელშეკრულების 3.1. მუხლით გათვალისწინებული საავანსო ანგარიშსწორებისა), ეროვნულ ვალუტაში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად და ავტომანქანების ჩანაცვლებით, რომელთა ღირებულება შეადგენდა 256 900 ლარს.(ტ.1, ს.ფ. 68, ს.ფ. 84)
11.4. 21.12. 2015 წლის საბანკო გარანტია #P--------- და საბანკო გარანტიის 21.12. 2015 წლის ხელშეკრულება #P----------ის თანახმად დგინდება, რომ შპს „ჯ-------------მა“ შპს „ს------–------–---“ წარუდგინა სს „ს----------–---------ს“ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია წინასწარ მოთხოვნილი გარანტიის ნახევარზე - სახელშეკრულებო ღირებულების 2.5%-ის (56 904 ევრო) ოდენობის თანხაზე. (ტ. 1, ს.ფ. 101-103)
11.5. მხარეთა შორის გაფორმდა ორი დამატებითი შეთანხმება, 2015 წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 4 თებერვალს, რომელთა საფუძველზეც ჯერ 1 600 000 ლარით გაიზარდა ავანსად გასაცემი თანხის ოდენობა და შეადგინა 2 100 000 ლარი, შემდგომ კი 3 700 000 ლარით გაიზარდა და შეადგინა - 5 800 000 ლარი. შპს „ჯ------------მა“ მიწოდებული თანხა დააკონვერტა ევროში. (ს.ფ. 88-95,110, 263)
11.6. შპს „ჯ------------მა“ წარუდგინა შპს „ს------–------–---“ სს „ს----------–---------ს“ მიერ გაცემული საავანსო ანგარიშსწორების ორი საბანკო გარანტია. 2015 წლის 29 დეკემბერს საავანსო ანგარიშსწორების 1-ლი საბანკო გარანტია გაიცა 1 050 000 ლარზე, ხოლო 2016 წლის 10 თებერვალს მეორე საბანკო გარანტია - 1 850 000 ლარზე. (ტ.1, ს.ფ. 104-109)
11.7. 2016 წლის მაისისათვის შპს „ჯ------------ს“ შპს „ს------–------–---სათვის“ ეტაპობრივად მიწოდებული ჰქონდა 18 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. შპს „ჯ------------მა“ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2016 წლის 9 აგვისტოს დაასრულა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება. (ტ.1, ს.ფ. 113-125)
11.8. 2016 წლის 17 მაისის შეთანხმებით შემსყიდველის მხრიდან განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან 2016 წლის 16 მაისს, შპს „ს------–------–---“ შეერწყა შპს „თ---–------- ჯ-----ს“. 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შემსყიდველ მხარედ განისაზღვრა შპს „თ---–------- ჯ-----ი“ ნაცვლად შპს „ს------–------–---სა“. (ტ.1. ს.ფ. 96)
11.9. შპს „ს------–------–---ს“, ხოლო შემდგომ მისი სამართალმემკვიდრე შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ მოსარჩელესთან ანგარიშწორება განხორციელდა შემდეგნაირად: 2015 წლის 30 დეკემბერს გადაიხადა 2 100 000 ლარი, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 795 635.37 ევროს, 2016 წლის 12 თებერვალს გადაიხადა 3 700 000 ლარი, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 1 322 420.39 ევროს,11.10. მოპასუხემ ორჯერ მიაწოდა მოსარჩელეს ჩასანაცვლებელი (გასაქვითი) ავტომანქანები, პირველად, 2016 წლის 29 ივნისს მიაწოდა 147 500 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომანქანები, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 56 107.12 ევროს. მეორედ, 2016 წლის 17 აგვისტოს მიაწოდა 109 400 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომანქანები, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 41 782.84 ევროს. ((ს.ფ. 110; 124; ს,ფ, 84)
11.11. ჯამში შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიერ, ორ ტრანშად ჩარიცხული თანხისა და ჩანაცვლების წესით გადაცემული ავტომანქანების ჯამური თანხა, ევროში ანგარიშწორების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით შეადგენს 2 215 945.71 ევროს. ს.ფ. (66-67, 110, 124) ამდენად, სახელშეკრულებო ღირებულების 2 276 137.08 ევროდან მოპასუხის დავალიანება შეადგენს 60 191.37 ევროს.
12. პალატა მიიჩნევს, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა ---- 2 276 137.08 ევროს ოდენობით, ანგარიშსწორების წესი კი ანგარიშსწორებისას მიწოდებული საქონლის ღირებულების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსით ლართან მიმართებით. ამ დასკვნას კიდევ უფრო განამტკიცებს საქმეზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 110;124;84) რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას რომ, ვალდებულებათა გაქვითვისათვის მიწოდებული ავტომანქანების ღირებულების დაანგარიშება ხდებოდა ევროში, შესაბამისი კურსით ლარში. ყოველი ანგარიშსწორებისას ავტომანქანების ღირებულების ევროში გამოსახვა ემსახურებოდა სწორედ იმ მიზანს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, რომელიც დაკონვერტირებული იყო ევროში, გამოკლებოდა მიწოდებული საქონლის ღირებულება ასევე ევროში, შესაბამისი კურსით. გარდა ამის პალატა ყურადრებას ამახვილებს შემდეეგ გარემოებაზე: ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე, რომელსაც მისივე მოსაზრებით სრულად აქვს ვალდებულება შესრულებული, კვლავ აწვდის მოსარჩელეს გასაქვით ავტომანქანებს, იგი უნდა შეფასდეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებად, რომ, მოვალე ამას აკეთებდა სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით რადგან მიაჩნდა რომ ნასყიდობის თანხა ჯერ კიდევ არ იყო სრულად გადახდილი. ამგვარი დასკვნებისათვის პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლს, რომლის თანახმადაც ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათ- ვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
ამდენად პალატა ასკვნის რომ, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გამყიდველის მიერ სრულად იქნა შესრულებული, თუმცა მყიდველის მხრიდან არ იქნა გადახდილი ნასყიდობის საფასური სრულად, რის გამოც პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 191.37 ევროს გადახდა, ანგარიშსწორების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარში.
13. 2015 წლის 22 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #კ---- 6.6. პუნქტის თანახმად: „თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დაეკისროს პირგასამტეხლო, მიმწოდებლისთვის ჩასარიცხი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თანხის ჩარიცხვის დღემდე, ხოლო 3.1. პუნქტის თანახმად ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
როგორც საქმის მასალებით დგინდება მოსარჩელემ 2016 წლის 09 აგვისტოს დაასრულა მოპასუხისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება და მოპასუხეს 2016 წლის 19 აგვისტოს ამოეწურა არსებული დავალიანების 60 191.37 ევროს გადახდის ვადა.
ამასთან საქმის მასალებით დადასურებულია, რომ შპს „ჯ------------მა“ ორი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდების ვადის გადაცილებისათვის, სრულად გადაიხადა პირგასამტეხლო - შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ჯამში - 16 130.36 ევრო. (ტ.1. ს.ფ. 112)
სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). (სუსგ ას-1262-2018)
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 60 191.37 ევროს 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 20 აგვისტოდან, (ვალდებულების დარღვევიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადახდის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარში.
14. შპს „ჯ------------ის“-ს მოთხოვნაა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს შპს „ჯ------------ის“ მიერ გადახდილი საბანკო გარანტიების მომსახურების საკომისიოები, კერძოდ: 21.12.2015 წლის #P---------- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მომსახურების 236.15 ევროს ექვივალენტი ლარში, (ანგარიშსწორების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით), 29.12.2015 წლის #A---------- წლის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების 4 357.50 ლარი და 10.02.2016 წლის #A---------- საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების საკომისიო - 10 452.50 ლარი.
პალატა განმარტავს რომ მოსარჩელის ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი /მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება/ და ამვე კოდექსის 408-ე-412-ე მუხლები.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულებისა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მოხდა საბანკო გარანტიების დაკავება. (ტომი 1. ს.ფ. 127-129)
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-167-163-2016, სადაც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება იქნეს მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევს მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინადხედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია. ერთგავროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების ფუნქციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან სწორედ ის გამომდინარეობს, რომ ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. აღნიშნული მუხლი კიდევ ერთხელ ასახელებს ვალდებულების დარღვევას, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ზიანის ანაზღაურების წინაპირობად. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა) და ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატის განმარტების საგანია გახდა სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმით დადგენილ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას. აღნიშნული უფლება არ არის ალტერნატიული, არამედ შესაძლებელია სხვა მეორადი მოთხოვნის უფლებებთან პარალელურად იქნეს ამოქმედებული. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული სახეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ანუ პასუხისმგებლობა გამოიხატება დამრღვევი მხარის ვალდებულებაში, მიყენებული ზიანი ნატურით ან ფულადი სახით. ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გამოიხატება სამართალდამრღვევისათვის განსაზღვრული უარყოფითი შედეგების დადგომით: ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალეზე დაკისრებით. სკ-ის 394-ე I მუხლი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: 1) მართლწინააღმდეგობა 2) ბრალი 3) მიზეზობრივი კავშირი 4) ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სკ-ის 408-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში,დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულების მიუხედავად მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მოხდა საბანკო გარანტიების დაკავება, შესაბამისად ზიანი მოსალოდნელი, სავარაუდო უნდა ყოფილიყო მოპასუხისათვის, ამასთან, იგი ხელშეკრულების დამრღვევი მხარის, მოპასუხე შპს „თ---–------- ჯ-----ის“ უმოქმედობის პირდაპირი შედეგია.
შესაბამისად აპელანტის მოთხოვნა შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ საბანკო გარანტიების მომსახურების საკომისიოების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს: 21.12.2015 წლის #P---------- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მომსახურების 236.15 ევროს ექვივალენტი ლარში, (ანგარიშსწორების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით), 29.12.2015 წლის #A---------- წლის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების 4 357.50 ლარი და 10.02.2016 წლის #A---------- საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების საკომისიო - 10 452.50 ლარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
15. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს სს „ს----------–----------ან“ 21.09.2016 წელს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის #G--------------------- ხელშეკრულებით ბანკისათვის გადასახდელი საპროცენტო სარგებელის წლიური 7.1%-ის ოდენობით პალატას მიაჩნია რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი)(სუსგ .საქმე №ას-70-66-2017)
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები, თანახმად ამავე კოდექსის 102-ე მუხლისა, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძვლად აპელანტი უთითებს იმ საფუძველს, რომ 2016 წელს დაიწყო ახალი ოფისებისა და სერვისცენტრის მშენებლობა, კომპანიის საკუთარი და ბანკისაგან მოზიდული კაპიტალით, მისაღებ შემოსავლებში გათვალისწინებული ჰქონდათ მოპასუხისაგან ასანაზღაურებელი თანხა 60 191.37 ევროს ოდენობით. დავალიანების გადაუხდელობის გამო შპს „ჯ------------“ იძულებული გახდა ბანკისაგან პირველ ტრანშად 270 000 აშშ დოლარის ოდენობით აეღო საბანკო კრედიტი, ხოლო ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში შპს „ჯ------------“ 60 191.37 ევროთი ნაკლები მოცულობის საბანკო კრედიტის აღება მოუწევდა. პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც იგი ვერ განიხილება მოვალისათვის მოსალოდნელ სავარაუდო და განჭვრეტად იმგვარ გარემოებად, რომელიც პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
16. მოცემულ დავაზე იგივე სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე წარდგენილია მყიდველის შეგეებებული სარჩელი. წარმოდგენილ მოთხოვნებზე თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მოთხოვნას შეგებებული სარჩელით წარმოადგენს მოსარჩელე შპს „ჯ------------ს“ შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიმართ დაეკისროს 234934 ლარი, ასევე 2016 წლის 16 აგვისტოდან ამავე თანხაზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0,1% მოცულობით რაც სასარჩელო მოთხოვნის შეტანის დღისთვის შეადგენს 26782,48 ლარს. შპს „თ---–------- ჯ-----ის“ განმარტებით, შპს „ჯ------------ის“ დავალიანება შპს „თ---–------- ჯ-----ის“ მიმართ 2015 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #კ---- მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის შესაბამისად ავანსის სახით მიწოდებული თანხის (5800 000 ლარი) და მიწოდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამური ღირებულების (5821966 ლარი) სხვაობის (21966 ლარის) და ასევე ჩანაცვლებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულების გაქვითვის გათვალისწინებით შეადგენს 234934 ლარს. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებული იქნა მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 60 191.37 ევროს ოდენობით.
ამდენად, შეგებებული სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული თანხის უკან დაბრუნება, რადგან, როგორც შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, მას ვალდებულების გარეშე აქვს გადახდილი თანხა და ეს თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, აღნიშნულს პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგანაც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებით გამოირიცხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, შესაბამისად, მყიდველის მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული კონდიქციური ვალდებულების წინაპირობების არსებობა (სკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი). პალატმ მიიჩნია რომ მოვალის მიერ მოპასუხისათვის ჩასანაცვლებელი (ღირებულებაში გასაქვითი) ავტომობილების გადაცემა, რომელთა ფასის ანაზღაურებასაც ითხოვს შეგებებული სარჩელის ავტორი არ წარმოადგენს ვალდებულების გარეშე გადახდილს.
ამდენად, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებამ სრულად გამორიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, რის გამოც პალატა თვლის, რომ შპს „თ---–------- ჯ-----ს“ -ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შეფასების შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც შპს „ჯ------------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება: შპს „ჯ------------ის“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს „თ---–------- ჯ-----ს“ -ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩლი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული ნორმის თანახმად შპს „თ---–------- ჯ-----ს“ უნდა დაეკისროს შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 4 554.85 ლარის ანაზღაურება, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში - 6 376.79 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ჯ------------ის“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3.1. შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 60 191.37 ევროს გადახდა, ანგარიშსწორების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარში.
3.2. შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 60 191.37 ევროს 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 20 აგვისტოდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადახდის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარში.
3.3. შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს შპს „ჯ------------ის“ მიერ გადახდილი საბანკო გარანტიების მომსახურების საკომისიოები, კერძოდ: 21.12.2015 წლის #P---------- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მომსახურების 236.15 ევროს ექვივალენტი ლარში, (ანგარიშსწორების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით), 29.12.2015 წლის #A---------- წლის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების 4 357.50 ლარი და 10.02.2016 წლის #A---------- საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების საკომისიო - 10 452.50 ლარი.
3.4. მოსარჩელის მოთხოვნა, შპს „თ---–------- ჯ-----ს“ შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სს „ს----------–----------ან“ 21.09.2016 წელს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის #G--------------------- ხელშეკრულებით ბანკისათვის გადასახდელი საპროცენტო სარგებელი წლიური 7.1%-ის ოდენობით მოპასუხის დავალიანების - 60 191.37 ევროს ოდენობით თანხაზე (დღეში 0.02%), 2016 წლის 21 სექტემბრიდან 60 191.37 ევროს სრულად გადახდამდე, არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „თ---–------- ჯ-----ს“ -ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. შპს „თ---–------- ჯ-----ს“ დაეკისროს შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 4 554.85 ლარის ანაზღაურება.
6. შპს „თ---–------- ჯ-----ს“ დაეკისროს შპს „ჯ------------ის“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 6 376.79 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /
მოსამართლეები: /ბესარიონ ტაბაღუა/
/ქეთევან დუგლაძე/