განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002615795
საქმე #1ბ/1516-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ნ-----–-----–---ის, დაბადებულის 1952 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ქვრივის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ.-----------–---------–------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–-----–---მა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 ივლისს, ქ------------–--------------------------ში, შელაპარაკების საფუძველზე, ნ-----–-----–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ------------ეს, კერძოდ. ხელი კრა და მიაჯახა კედელზე, ასევე ე.წ. არმატურა მოარტყა ზურგის არეში, რის გამოც ლ------------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
ნ-----–-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
გაუქმდა ნ-----–-----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის, რომელიც აპელანტის აზრით, არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი, გაუქმებას და მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ლ------------ის, ს--------------------–---–ის, ი------------ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ნ-----–-----–---ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, სამედიცინო ექსპერტიზის №5------------------------- დასკვნების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ-----–-----–---მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ნ-----–-----–---ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი. იგი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის შერიგებული დაზარალებულთან, რის გამოც ამ უკანასკნელს გააჩნია პრეტენზია მსჯავრდებულთან. (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო საჩივარში პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ჩათვლილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აგრეთვე, არ არის შერიგებული დაზარალებულთან.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. მოცემულ საქმეზე პალატა მიიჩნევს, რომ ნ-----–-----–---მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, კერძოდ, ნ-----–-----–---ი გამოძიებაში გამოკითხული იქნა როგორც მოწმის, ისე ბრალდებულის სახით, ნ-----–-----–---მა ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში. ამდენად, სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია პროკურორის მოსაზრება, რომ ნ-----–-----–---მა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.
აპელანტს სააპელაციო საჩივარში სასჯელის გამკაცრების ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან და ამ უკანასკნელს გააჩნია პრეტენზია ნ-----–-----–---ის მიმართ დანიშნულ მინიმალურ სასჯელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულს, პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები).
სააპელაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას სასჯელის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. როგორც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებას რეალურად პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ითხოვს მის გამკაცრებას (იხ. სააპელაციო საჩივარი), რაც, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, დაკავშირებულია განაჩენის სამართლიანობასთან და არა განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა ფასდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ნ-----–-----–---ის მიმართ გამოტანილი, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან იგი ემყარება მოცემულ საქმეზე შეკრებილ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია პროკურორის პრეტენზია განაჩენის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ნ-----–-----–---ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის 500 ლარის ოდენობით დანიშვნის შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნ-----–-----–---მა მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების ყველა ეტაპზე თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებს, რომ ნ-----–-----–---მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, აგრეთვე, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასჯელის დანიშვნისას პალატა ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის ასაკს, რომ ნ-----–-----–---ი დაბადებულია 1952 წელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ-----–-----–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–-----–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ნ-----–-----–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ-----–-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე