განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002215507
საქმე №1------18
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე საკასაციო წესით შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი---–-- ა-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი----- ბ----–-ას და ლ---- ჯ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენით:
ი---–-- ა-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
ი---–-- ა-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი---–-- ა-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ი----- ბ----–-ამ და ლ---- ჯ-------მ, რომლებმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, ითხოვეს საქართველოს სსკ-ის 266-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საქმის დაბრუნება თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში კასატორები უთითებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო ნორმების დარღვევებით, კერძოდ, დარღვეულ იქნა საქართველოს სსკ-ის 266-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ვინაიდან კასატორების პოზიციით მოსამართლემ დ. უ------ს ს----–--------------–-----------–--–-ის წერილობითი პასუხი უკანონოდ ცნო დაუშვებლად, ასევე ნაფიც მსაჯულთა განმარტებების გაანალიზებისათვის დაცვის მხარეს არ მიეცა გონივრული დრო, კასატორის პოზიციით განმარტებაც მოიცავდა არსებით შეცდომას. საჩივრის მიხედვით ერთერთი ნაფიც მსაჯული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი იყო და ერთერთი კი პროკურატურის მოქმედი თანამშრომლის მეუღლე.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში კასატორი ვერ ასაბუთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე. ამავე კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით მოტივირებული უნდა იყოს მხოლოდ სასჯელის ნაწილში.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი საჩივრდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დადგენილია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა ერთჯერადად, სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო წესით მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ი---–-- ა-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი----- ბ----–-ას და ლ---- ჯ-------ს საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენს ასაჩივრებენ ზემოაღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითი სახითაც გადაეცემა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების წესი. [...] განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება.
მოცემულ საქმეზე მოსამართლემ, როგორც სხდომის დასაწყისში, ასევე ვერდიქტის გამოტანამდე, გამოსაყენებელი კანონის თაობაზე ნაფიც მსაჯულებს მიაწოდა განმარტებები. განმარტებებში მითითებული იქნა მტკიცებულებების შეფასების წესი, კერძოდ, ნაფიც მსაჯულებს განემარტათ, რომ მათ მტკიცებულება უნდა შეეფასებინათ იმ კუთხით, თუ რამდენად შემხებლობაში იყო განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რამდენად სანდო იყო მისი შინაარსი და რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული.
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ (მუხლი 83.6). ამის შემდეგ, მხარეს შეუძლია შუამდგომლობის დაყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
პალატა მიუთითებს ნაფიცი მსაჯულებისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ მიცემულ განმარტებებზე, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. აღნიშნული განმარტებები შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან. განმარტებები წერილობითი სახით გადაცემული ჰქონდათ მხარეებს და გააჩნდათ უფლებამოსილება მიემართათ სხდომის თავმჯდომარისთვის მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით.
პალატა განმარტავს, რომ სხდომის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახალი მტკიცებულების წარდგენის შესახებ უარის თქმის თაობაზე, სრულად შეესაბამებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო კანონიერი, დასაბუთებული, ადგილი არ ჰქონია კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნული შუამდგომლობის განხილვისას ასევე არ დარღვეულა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება უნდა გამოეტანათ იმ მტკიცებულებათა ფარგლებში, რაც შეეხებოდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს. სასამართლო მტკიცებულებად ვერ დაუშვებდა დ. უ------ს ს----–--------------–-----------–--–-ის წერილობითი პასუხს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მოცემული ვითარების საფუძველზე დაუსაბუთებელია დაცვის მხარის არგუმენტი შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევასთანაც დაკავშირებით.
პალატა კასატორების პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიეცათ გონივრული დრო ნაფიც მსაჯულთათვის განკუთვნილი განმარტებების გასააზრებლად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნულის თაობაზე მათი პროტესტი/შენიშვნა, რაც ცალსახად არ არის ობიექტური მიზეზით განპირობებული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 231-ე მხულის მე-2 ნაწილის შესაბამისად [...] თუ მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.
რაც შეეხება კასატორების პოზიციას არასწორი ნაფიც მსაჯულებისათვის განმარტების თაობაზე, კერძოდ პრეტენზია ეხება შემდეგ განმარტებას „ვერდიქტი ემყარებიდეს მხოლოდ გამოკვლეულ მტკიცებულებებს“, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 231-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე - სხდომის თავჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს, რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არცერთი მტკიცებულება არ იქნეს მხედველობაში მიღებული სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით. მხედველობაშია მისაღების ის გარემოება, რომ ნაფიც მსაჯულებს კანონის შესაბამისად დადებული აქვთ ფიცი, შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელირება ვიწრო განმარტების შინაარსზე არ ქმნის რაიმე სახის კანონთან შეუსაბამობას ნაფიც მსაჯულთათვის განკუთვნილ განმარტებების ერთობლიობასთან.
კასატორების პოზიციას, რომ ერთერთი ნაფიც მსაჯული იყო პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და ერთერთი კი პროკურატურის მოქმედი თანამშრომლის მეუღლე, მოცემულ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესზე და არ არის სახეზე კანონთან შეუსაბამობა, კერძოდ: „პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ბ) პროკურორი, გ) გამომძიებელი, დ) პოლიციელი, ე) ადვოკატი, ვ) მოქმედი სამხედეო მოხელე, ზ) სასულიერო პირი, თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ი) ბრალდებული, კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთ წელზე ნაკლებია გასული, ლ) ნასამართლევი.
პალატას მიაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა სხდომა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სხდომის თავმჯდომარეს არ მიუღია უკანონო გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), სხდომის თავმჯდომარეს არ მიუღია მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო გადაწყვეტილება, რითაც არსებითად დაარღვევდა შეჯიბრებითობის პრინციპს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), სხდომის თამჯდომარეს არ დაუშვია ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების მიცემისას არსებითი შეცდომა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი), შესაბამისად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 303-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი---–-- ა-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ი----- ბ----–-ას და ლ---- ჯ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ისაევი
მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი
ვ. ლომიძე