განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002632909
საქმე #1ბ/1527-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ-----------------ის, დაბადებულის 1968 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ა--------------------------–-------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ა--------------------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----------------ემ საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე მეუღლეს, ლ---------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხის ჯოხი დაარტყა ზურგის არეში, ასევე რამდენჯერმე დაარტყა წაქცეულს ხელი და ფეხი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის გამოც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118 -ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:
მ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენის, რომელიც აპელანტის აზრით, არის უკანონო, გაუქმებას და მსჯავრდებულ მ-----------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ-----------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ლ---------------ის, ნ-----–-----------ის, მ-------------ის, გ--–---------ის გამოკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #---------- და #---------- დასკვნების, ბრალდებულ მ-----------------ის გამოკითხვის ოქმების და მის მიერ დანაშაულის აღიარების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მ-----------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და ლმობიერი. იგი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებით, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიუთითა დანაშაულის აღიარება, ამასთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, ცალსახად წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, ამიტომ უკანონო სასჯელის დანიშვნით სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც უნდა შეიცვალოს კანონიერი გადაწყვეტილებით. (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-----------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო საჩივარში პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მითითებულია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აგრეთვე, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის (სასჯელის) დამამძიმებელ გარემოებას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. მოცემულ საქმეზე პალატა მიიჩნევს, რომ მ-----------------ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, კერძოდ, მ-----------------ე გამოძიებაში გამოკითხული იქნა როგორც მოწმის, ისე ბრალდებულის სახით, მან ასევე მონაწილეობა მიიღო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში. ამდენად, სააპელაციო პალატისთვის გაუგებარია პროკურორის მოსაზრება, რომ მ-----------------ემ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით (ოჯახში ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში სამართლებრივად არასწორია სასჯელის დანიშვნისას მითითება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ ლოგიკით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ყველა შემთხვევაში დამნაშავეს უნდა დაენიშნოს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე და ზომა, რაც სამართლებრივად არასწორია და ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ მ------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მ-----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. მ-----------------ემ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების ყველა ეტაპზე თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.
პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა მ-----------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-----------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
მ-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ დ--------------ის, ვ--------------ის, ლ---------------ის, მ------------ისა და მ-----------------ის თანასაკუთრებაში არსებულ 4200 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა--------------------------–---------------------------------, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში;
პირობით მსჯავრდებულ მ-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი ხელჯოხი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ადიგენის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე