განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001567252
საქმე №2ბ/5424-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი, მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - ნ------------ე
წარმომადგენელი - ლ-------------–---–-
აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე - მ----- ჩ-------–---–ი
წარმომადგენელი - დ--–--------
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
აპელანტ ნ------------ის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში
აპელანტ მ----- ჩ-------–---–ის მოთხოვნა- ალიმენტის დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელე ნ------------ე და მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ი დაქორწინდნენ 2013 წლის 27 დეკემბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 08 იანვარს შეეძინათ შვილი ა------- ჩ-------–---–ი;
2. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ერთ წელზე მეტია შეწყვეტილია, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ა------- ჩ-------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ნ------------ესთან ერთად;
3. მოსარჩელე ნ------------ე ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, ბ-----------ს ქ. N7, ბინა N11. ბინა არის ოთხოთახიანი, კეთილმოწყობილი, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვან ა------- ჩ-------–---–ს დედასთან ერთად აქვს თავისი საძინებელი ოთახი. მოსარჩელის მშობლების ოჯახში არის მყუდრო და ა-------ს მიმართ კეთილგანწყობილი გარემო. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, არასრულწლოვან ბავშვს უყვარს დედა და აქვს მასთან მიჯაჭვულობა. როდესაც დედა მუშაობს, ბავშვზე ზრუნავენ მოსარჩელის მშობლები.
4. მოსარჩელე ნ------------ის ინიციატივით, ბავშვის გასინჯვისა და ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არასრულწლოვან ა------- ჩ-------–---–ს შპს ,,მ----–---–------. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში“ დაუდგინდა დიაგნოზი - ,,აუტისტური სპექტრის აშლილობა, განვითარების ეტაპების დაყოვნებით“. ბავშვის მეტყველების და ქცევის პრობლემების შეფასება მოხდა ,,MCHAT R/F“ სკრინინგული და ,,Baley III” შეფასებითი ინსტრუმენტებით. ქცევაზე დაკვირვებისას გამოვლინდა ნეგატიური ეფექტების სიჭარბე, რთულად ერთვება ერთი დავალებიდან მეორეზე. ,,MCHAT R/F“-მა გამოავლინა აუტისტური სპექტრის დარღვევის დაბალი/საშუალო რისკი, ,,Baley III”-ით შეფასებიბას დადგინდა - ,,კოგნიტური სფეროს საშუალო ხარისხის შეფერხება (3 პერცენტილი), მეტყველების (ექსპრესიული, რეცეფციული) სფეროს საშუალო ხარისხის შეფერხება (2 პერცენტილი), მოტორიკის სფეროს მსუბუქი ხარისხის შეფერხება, უხეში მოტორიკა - 9 პერცენტილი“. პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ქცევითი თერაპია - 10 მეცადინეობა, მეტყველების თერაპია - 10 მეცადინეობა. მოსარჩელე მხარემ გასწია გარკვეული ხარჯი შპს ,,მ----–---–------. ბავშვთა ცენტარლური საავადმყოფოში“ არასრულწლოვანი ბავშვის განვითარების შეფასებისა და კონსულტაციისათვის გასწია გარკვეული ხარჯი;
5. მოსარჩელე ნ------------ე დასაქმებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის N1------------–-----------–-----–----ს ექიმად და მისი ერთი თვის საშუალო დარიცხული ხელფასი განისაზღვრება 1116 ლარით, საიდანაც ხელზე ასაღები თანხის ოდენობაა 893 ლარი; მოსარჩელე მუშაობს ყოველ მეოთხე დღეს ოცდაოთხსაათიან მორიგების რეჟიმში.
6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოსარჩელე ნ------------ის დასაბეგრის შემოსავალი 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შეადგენს: 2016 წლის იანვრის თვეში - 1228.73 ლარს, თებერვლის თვეში - 1210.95 ლარს, მარტის თვეში - 1847.16 ლარს, აპრილის თვეში - 1836 ლარს, მაისის თვეში - 1297.2 ლარს, ივნისის თვეში - 1152 ლარს, ივლისის თვეში - 1297.2 ლარს, აგვისტოს თვეში - 2168 ლარს, სექტემბრის თვეში - 1008 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1297.2 ლარს, ნოემბრის თვეში - 1297.2 ლარს;
7. მოსარჩელე ნ------------ეს სს ,,ბ--------------–---ს“ მიმართ 2017 წლის 25 იანვრის მდგომარეობით გააჩნია საკრედიტო დავალიანება 4118.84 ლარის ოდენობით, მოსარჩელე სარგებლობს სს ,,ბ--------------–---ს“ ოვერდრაფტის სერვისით, რომლის ლიმიტის ოდენობა შეადგენს 800 ლარს. სს ,,ს----------–---------ს“ მიმართ ნ------------ეს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნია ფინანსური ვალდებულება 300 ლარის ოდენობით. მოსარჩელე სს ,,ლ--------------ს“ წინაშე პერიოდულად კისრულობს ფულად ვალდებულებებს. მის მიერ 2017 წლის იანვრის თვეში ათვისებული კრედიტის თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 500 ლარი;
8. მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, მ---–----–---ს ქ. N16, ბინა N11. საცხოვრებელი წარმოადგენს ერთ ოთახიან, ნათელ ბინას, რომელშიც დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, განთავსებულია ოჯახისათვის საჭირო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. მამას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ჰქონდა კონტაქტი შვილთან იმის გამო, რომ ყოველი მისი ვიზიტი ყოფილ მეუღლესთან მთავრდება ჩხუბით, რაც მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ხდება.
9. მ----- ჩ-------–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, 2002 წლის 24 ნოემბერს დაბადებული ნ------------–---–ი;
10. მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ი არ არის დასაქმებული ორგანიზაცია ,,N------------”-ში და ამ ორგანიზაციიდან არ ერიცხება რაიმე სახის შემოსავალი ხელფასის, პრემიის ან სხვა დანამატის სახით. მ----- ჩ-------–---–ი დაქირავებულია ,,მ---------------ს“ საქართველოს წარმომადგენლობის მიერ, მეცხოველეობის თანამდებობაზე. აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ,,N------------”-ს პარტნიორს შ---–----ის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (S--) მიერ დაფინანსებულ ,,ეკონომიკური განვითარება სოფლად საქართველოს სამხრეთ რეგიონებში“ პროგრამის ფარგლებში. მ----- ჩ-------–---–ი 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის ,,მ---------------ს“ წარმომადგენლობა საქართველოში, ქ-------------–-ს რეგიონალურ კოორდინატორად რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროექტი ქ-------------–----------–------------–ი. 2016 წლის 01 ნოემბრიდა მ----- ჩ-------–---–ი მუშაობდა მერძევეობის/მეცხოველოების სპეციალისტის თანამდებობაზე რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროექტი ქ-------------–----------–------------–ი. მიმდინარე შრომითი ხელშეკრულება ძალაშია 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით. მ----- ჩ-------–---–ს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება 2017 წლის 1 აგვისტოდან პროექტის დამთავრების გამო მისი სახელფასო სარგო წლების მიხედვით შეადგენდა: 1. 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით ყოველთვიური ხელფასი გადასახადების ჩათვლით შეადგენდა 1773 აშშ დოლარის ექვივალენტს გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით; 2. 2016 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათლით ყოველთვიური ხელფასი გადასახადების ჩათვლით შეადგენდა - 1879 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. 3. 2016 წლის 1 ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით ყოველთვიური ხელფასი გადასახადების ჩათვლით შეადგენს 1879 აშშ დოლარის ექვივალენტს გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით. პრემიები ან რაიმე სახის დანამატი მ----- ჩ-------–---–ს არ ერიცხება;
11. მ----- ჩ-------–---–ი ,,გ-------------------------------–---------------- ორგანიზაციას“ უწევს მომსახურებას, როგორც კ-------–------- რძის პროდუქტების დარგში. იგი ორგანიზაციაში დასაქმებულია დღიური ანაზღაურების პრინციპით. მისი დარიცხული დღიური განაკვეთი სავალდებულო დაქვითამდე შეადგენს 249 ლარს. 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით აღნიშნული პირის ჯამური თვიური ჰონორარი იყო: 2016 წლის მარტში - 2 478.79 ლარი, აპრილის თვეში - 2 478.79 ლარი, მაისის თვეში - 2478.79 ლარი, ივნისის თვეში - 2478.79 ლარი, ივლისის თვეში - 2478.79 ლარი, სექტემბრის თვეში - 2478.79 ლარი, ოქტომბრის თვეში - 2478.79 ლარი, ნოემბრის თვეში - 2478.79 ლარი, დეკემბრის თვეში - 2478.79 ლარი, 2017 წლის იანვრის თვეში - 1735.16 ლარი და თებერვლის თვეში - 743.64 ლარი. მ----- ჩ-------–---–ის შრომითი ხელშეკრულების ვადა ,,გ-------------------------------–---------------- ორგანიზაციასთან“ იწურება 2017 წლის 10 ივლისს;
12. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მ----- ჩ-------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2016 წლის იანვრის თვიდან 2016 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შეადგენს: იანვრის თვეში - 100 ლარს, თებერვლის თვეში - 4 488.9 ლარს, მარტის თვეში - 4 487.9 ლარს, აპრილის თვეში - 8 171.8 ლარს, მაისის თვეში - 106.3 ლარს, ივნისის თვეში - 3 910.2 ლარს, ივლისის თვეში - 4 465.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 4 518 ლარს და 175.5 ლარს, ხოლო სექტემბრის თვეში - 4 439.6 ლარს;
13. 2016 წლის 26 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ს სს ,,თ-----------ს“ მიმართ გააჩნია საბანკო დავალიანება. ამ დავალიანების დაფარვის მიზნით, ყოველთვიურად შესატანი თანხა შეადგენს 568.79 ლარს, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, თანხის დაფარვის ბოლო ვადად განისაზღვრა 04.11.2020 წელი;
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ------------ემ და მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ის მიმართ ითხოვა ნ------------ესა და მ----- ჩ-------–---–ს შორის 2013 წლის 27 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა------- ჩ-------–---–ის (დაბადებული 2014 წლის 08 იანვარს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2016 წლის 21 ოქტომბრიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.
14.1. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელე ნ------------ე და მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ი 2013 წლის 27 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 08 იანვარს შეეძინათ შვილი ა------- ჩ-------–---–ი. მეუღლეთა შორის ურთიერთობა მთელი ქორწინების პერიოდში იყო დაძაბული, ხშირი იყო ოჯახური კონფლიქტებიც. ამ დაძაბული ურთიერთობის გამო, მიუხედავად მოსარჩელის მიერ შერიგების მრავალი მცდელობისა, მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. დღეის მდგომარეობით, ნ------------ესა და მ----- ჩ-------–---–ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა და ისინი არ ეწევიან საერთო ოჯახურ მეურნეობას. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია, თუმცა მისი მატერიალური სახსრები არ არის საკმარისი არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე მხარე დასაქმებულია საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციებში ,,მ---------------ს“ საქართველოს წარმომადგენლობა“, ,,გ-------------------------------–---------------- ორგანიზაციის წარმომადგებლობასა“ და ,,N------------”- ში, და აქვს ყოველთვიური საკმაოდ სოლიდური შემოსავალი. მოპასუხემ სარჩელის აღძვრის შემდეგ ბანკის მიმართ იკისრა ფულადი ვალდებულება, რითაც ხელოვნურად შექმნა სურათი მისი შემოსვალიდან ყოველთვიური ხარჯვითი ნაწილის თაობაზე. მცირეწლოვან ა------- ჩ-------–---–ს შპს ,,მ----–---–------. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“-ში 2016 წელს დაუდგინდა დიაგნოზი - ,,განვითარების ეტაპების დაყოვნება“. მას აღენიშნება მეტყველების უნარის შეფერხება, აგრესიული ქმედება უცხო პირთა მიერ, უჭირს კონტაქტის დამყარება. არასრულწლოვან ა------- ჩ-------–---–ს 2017 წლის 12 იანვრის ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდა ,,აუტისტური სპექტრის აშლილობის“ დიაგნოზი. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს სხავდასხვა სადიაგნოსტიკო ტესტები. ფსიქოლოგის რეკომენდაციით ბავშვის საზოგადოების სრულყოფილ წევრად აღზრდისა და განვითარების მიზნით, აუცილებელია, ქცევითი თერაპიის კურსის გავლა. აღნიშნული კურსის თითოეული სეანსის ღირებულება შეადგენს 30 (ოცდაათი) ლარს. კურსის ინტენსივობა დამოკიდებულია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვი არ დადის საბავშო ბაღში. გამომდინარე აღნიშნულიდან, არასრულწლოვანი ა------- ჩ-------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის საჭიროა დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 21 თებერვლის განცხადებით და გაზარდა მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა. მოპასუხე ვალდებულია ზრუნავდეს თავის შვილზე და მოსარჩელეს სტაბილურად ეხმარებოდეს მის რჩენასა და აღზრდაში; (იხ. სარჩელი, 21.02.2017 წლის განცხადება (ტომი 2, ს.ფ. 3-5), სასამართლოს სხდომის ოქმები).
14.2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას ნ------------ესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის 08 იანვარს დაბადებული ა------- ჩ--------–---–-ს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდაში. მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ მამა შვილის რჩენაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ი მოსარჩელესთან ქორწინების ფაქტიურად შეწყვეტის შემდეგ სისტემატურად ყოველთვიურად იხდიდა საკმაო თანხებს, როგორც კვებისათვის, ასევე ტანსაცმლისა და დასვენებისთვის, რასაც ადასტურებს მოსარჩელის ანგარიშზე მოპასუხის მიერ თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები. მ----- ჩ-------–---–ი დღემდე იხდის ბავშვის დაზღვევის თანხებს თვეში 180 ლარს. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხის შემოსავალი არ არის სტაბილური, მისი შემოსავალი დამოკიდებულია მოკლევადიან დროებით სამუშაო კონტრაქტებზე. მოპასუხის კონტრაქტის ვადა იწურება 2017 წლის ივლისის თვეში, შესაბამისად, შესაძლოა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა საერთოდ ვეღარ შესძლოს მან. ამასთან, საქმის მასალებით, არ დასტურდება დღეის მდგომარეობით არსებული არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზუსტი დიაგნოზი. მოსარჩელე მხარის მიერ 2016 წლის ზაფხულის პერიოდის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში არ მომხდარა არასრულწლოვანი ბავშვისათვის შესაბამისი კვლევების ჩატარება. ყოველივე ზემოთმითითებული გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ი ვერ შესძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას. (იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
15. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
მ----- ჩ-------–---–ისათვის არასრულწლოვან შვილთან, 2014 წლის 08 იანვარს დაბადებული ა------- ჩ-------–---–თან ურთიერთობისათვის წესის განსაზღვრა ყოველი კვირის პარასკევი, შაბათი და კვირა დღე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და ღამით მასთან დარჩენის უფლებით, ასევე, საზაფხულო არდადეგების განმავლობაში ერთი თვე და ზამთრის არდადეგების პერიოდში - ერთი კვირა; სადღესასწუალო დღეებში 13:00 საათიდან 18:00 საათამდე განსაზღვრული დროის მონაკვეთი;
15.1. მოსარჩელის პოზიცია შეგებებული სარჩელით
მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 08 იანვარს შეეძინათ შვილი ა------- ჩ-------–---–ი. მ----- ჩ-------–---–ი და ნ------------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან, ნ------------ესთან ერთად. მხარეები 2016 წელს ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მამა მცირეწლოვანი შვილის მიმართ რჩენის ვალდებულების გათვალისწინებით, არსებული შემოსავლის მიხედვით, გადაიხდიდა ალიმენტს 300 ლარიდან 500 ლარამდე, ხოლო ნ------------ე არ შეზღუდავდა მამას, ენახა შვილი ა------- ჩ-------–---–ი და ურთიერთობა ჰქონოდა მასთან სტაბილურად. აღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, მოპასუხე ნ------------ე არ აძლევს საშუალებას მოსარჩელეს ნახოს არასრულწლოვანი შვილი. კონფლიქტური სიტუაციების გამო, მამას არასრულწლოვანი ა------- ჩ-------–---–ი არ უნახავს დაახლოებით ერთი წელია. მ----- ჩ-------–---–ს სურს ურთიერთობა ჰქონდეს თავის არასრულწლოვან შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში, ასევე იგი მიიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას. მოსარჩელე თანახმაა ეტაპობრივად აღდგეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, რითაც არ მოხდება რაიმე სახით უარყოფითი ზემოქმედება არასრულწლოვან ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობაზე. მხარეთა შეუთანხმებლობის გამო, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სასამართლომ განსაზღვროს მოსარჩელის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის წესი.
(იხ. შეგებებული სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
15.2. მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხე შეგებებულ სარჩელით მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ. მოპასუხე მხარე არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, მ----- ჩ-------–---–ი თავს იკავებს მცირეწლოვან შვილზე ზრუნვისაგან და მონაწილეობას არ იღებს მის აღზრდა-განვითარების პროცესში. მისი თანამონაწილეობა აღზრდის პროცესში შემოიფარგლებოდა მხოლოდ გარკვეული თანხების ჩარიცხვით, რაც არ ყოფილა სისტემატიური ხასიათის და ნ------------ის მრავალი თხოვნის შედეგად ხორციელდებოდა ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. მართალია მშობლებს შვილთან მიმართებაში გააჩნიათ თანაბარი უფლებები, თუმცა ამ უფლებების რეალიზება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში მამას მცირეწლოვან ა------- ჩ-------–---–თან დიდი ხანია არ ჰქონია ურთიერთობა, შესაბამისად, ბავშვი გაუცხოვებულია მამასთან და მ----- ჩ-------–---–ი მისთვის წარმოადგენს უცხო პიროვნებას. ა------- ჩ-------–---–ს დაუდგინდა ,,აუტისტური სპექტრის აშლილობის“ დიაგნოზი, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და სპეციალურ მოპყრობას. მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვებს უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება და ძნელად შედიან უცხო ადამიანებთან კონტაქტში. მოთხოვნილი პერიოდით ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა საფრთხილშემცველია მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის, რადგან ბავშვს ესაჭიროება მუდმივი მეთვალყურეობა, დედის მიმართ გააჩნია მიჯაჭვულობა და მის გარეშე უცხო გარემოში დიდი ხნით ყოფნა მცირეწლოვანისათვის სტრესს გამოიწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ----- ჩ-------–---–ისათვის შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განისაზღვროს ყოველი კვირის ერთი დღე 17:00 საათიდან 19:00 საათამდე. ამასთან, ბავშვის ნახვის ადგილად სასურველია განისაზღვროს მცირეწლოვანის საცხოვრებელი ადგილთან ახლოს მიმდებარე ტერიტორია. (იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
16. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. ორივე მათგანს შექმნილი აქვს კარგი საყოფაცხოვრებო პირობები. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. ბავშვის უპირატესი ინტერესების და მისი კანონიერი უფლებების გათვალისწინებით, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან, რასაც ეტაპობრივად უნდა შეეწყოს ხელი. არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი არ ეთანხმება მოპასუხე ნ------------ის (შეგებებული სარჩელით) მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მამამ კვირაში ერთი დღით ორი საათის განმავლობაში ნახოს ბავშვი, ვინაიდან ეს არის საკმაოდ მცირე დრო მამასა და შვილს შორის მიჩვევის ჩამოსაყალიბებლად. რადგან არასრულწლოვან ა------- ჩ-------–---–ს დიდი ხანია კონტაქტი არ ჰქონია მამასთან, ამასთან, მას აქვს მიჯაჭვულობა დედის მიმართ, მიზანშეწონილია, ამ ეტაპზე, მამა ბავშვს შეხვდეს კვირაში ორი დღე, რამდენიმე საათის (დაახლოებით 4 საათის) განმავლობაში, რათა ბავშვი შეეჩვიოს, დაუახლოვდეს მამას, ხოლო შეჩვევის შემდგომ, შესაძლებელია, გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის ხანრძლივობა და მამას მიეცეს უფლება შვილი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას და ბავშვის სურვილის შემთხვევაშიც ბავშვი ღამითაც დარჩეს მამასთან. აღნიშნული ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს ბავშვის დღის ჩვეული რეჟიმისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებებს ხელი უნდა შეეწყოს ისე, რომ მის ფსიქიკას არ მიადგეს ზიანი, რომელმაც შესაძლებელია მომავალში მის გონებრივ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ------------ის (პირადი N0----------) სარჩელი. შეწყდა ქორწინება ნ------------ესა (პირადი N0----------) და მ----- ჩ-------–---–ს (პირადი N6----------) შორის, რეგისტრირებული 2013 წლის 27 დეკემბერს, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი №0----------. დაეკისრა მ----- ჩ-------–---–ს (პირადი N6----------) არასრულწლოვანი შვილის ა------- ჩ-------–---–ის (დაბადებული 2014 წლის 08 იანვარი) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2016 წლის 21 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ----- ჩ-------–---–ის (პირადი N6----------) შეგებებული სარჩელი; მ----- ჩ-------–---–ს (პირადი N6----------) ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან 2014 წლის 08 იანვარს დაბადებული ა------- ჩ-------–---–თან განესაზღვრა შემდეგი სახით: მამა-შვილს შორის თავდაპირველი მიჩვევის პერიოდი განესაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 13:00 საათამდე დედის, ნ------------ის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. მამა-შვილის ზემოაღნიშნული ურთიერთობა შედგეს არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე - ეზოში, სკვერში, პარკში, სტადიონზე, მაღაზიაში, ტაძარში, საბავშვო გასართობ-ცენტრში ან სხვა ადგილას მხარეთა შეთანხმებით. მამა-შვილის შეხვედრის ადგილს ირჩევს ნ------------ე, რომელიც არა უგვიანეს 3-4 საათით ადრე ტელეფონის საშუალებით („სმს“ გზავნილის სახით) აცნობებს მოცემულის შესახებ მ----- ჩ-------–---–ს. ზემოაღნიშნული მიჩვევის პერიოდი განისაზღვროს 2-3 თვით ან იქამდე სანამ სრულად არ მოხდება მამა-შვილის ურთიერთობის აღდგენა. მშობელთა შორის მიჩვევის ზემოაღნიშნული ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში შეფასებას ახდენს სოციალური მომსახურების ცენტრი არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელთა მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიჩნევა, განხორციელდა თუ არა მამა-შვილს შორის მიჩვევა მათ შორის დამოუკიდებელი ურთიერთობის განსაზღვრის მიზნით. მ----- ჩ-------–---–ს (პირადი N6----------) ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან 2014 წლის 08 იანვარს დაბადებული ა------- ჩ-------–---–ის მიჩვევის შემდგომი პერიოდი განესაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე, ხოლო კვირა დღეს 11:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და დედასთან (ნ------------ესთან) დაბრუნების ვალდებულებით. 2018 წლის 01 სექტემბრიდან მამა-შვილის (მ----- ჩ-------–---–ის და ა------- ჩ-------–---–ის) ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00/18:00 საათიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე, ხოლო კვირა დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 16:00 საათამდე, არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან, დედასთან (ნ------------ესთან) დაბრუნების ვალდებულებით. 2019 წლიდან 01 ივნისიდან მამა-შვილის (მ----- ჩ-------–---–ის და ა------- ჩ-------–---–ის) ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00/18:00 საათიდან კვირა დღის 13:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. 2019 წლიდან არდადეგების პერიოდში მამა-შვილის ურთიერთობა განისაზღვროს შემდეგი სახით: 07 იანვრიდან 10 იანვრის 17:00 საათამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში (იგულისხმება ივლის-აგვისტოს პერიოდი) ყოველი თვის მეორე კვირის 4-5 დღე, არასრულწლოვანი ბავშვი იყოს მამასთან (მ----- ჩ-------–---–თან) წაყვანის და უკან დედასთან (ნ------------ესთან) დაბრუნების ვალდებულებით. იმ შემთხვევაში თუ მამა-შვილის ურთიერთობა-შეხვედრა ვერ ხერხდება შვილის, ა------- ჩ-------–---–ის უარყოფითი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღნიშნულ ინფორმაციას ნ------------ე ატყობინებს მ----- ჩ-------–---–ს არაუგვიანეს 3-4 საათით ადრე. იმ შემთხევაში თუ მ----- ჩ-------–---–ი ვერ ახერხებს არასრულწლოვანი შვილთან შეხვედრას, აღნიშნულის შესახებ მ----- ჩ-------–---–ი ატყობინებს ნ------------ეს სატელეფონო შეტყობინების სახით არანაკლებ 1-2 დღით ადრე. მამა-შვილის ურთიერთობისას მ----- ჩ-------–---–ს ჩართული ქონდეს საკომუნიკაციო საშუალება (ტელეფონი) ან სხვა რამ მხარეთა შეთანხმებით, დედის, ნ------------ის მხრიდან შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით. ზემოაღნიშნული მამა-შვილის ურთიერთობა (იგულისხმება არასრულწლოვანი ბავშვის დარჩენა მამასთან) განისაზღვროს არასრულწლოვანი ბავშვის, ა------- ჩ-------–---–ის სურვილის და ინტერესების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლს და 2017 წლის 16 მაისს /საქმეზე 2/32224-16/ მიღებული დროებითი განკარგულებები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ ნ------------ემ; სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ა------- ჩ-------–---–ი საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას, რისთვისაც საჭიროა როგორც მატერიალური ისე არამატერიალური რესურსი. ნ------------ე დღემდე დამოუკიდებლად ზრუნავს მცირეწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაზე და მამის, მ----- ჩ-------–---–ის მონაწილეობა ამ პროცესში ფორმალურია. სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას (3.2.4 პუნქტი) არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულწლოვანი ა------- ჩ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2017 წლის 12 იანვრის ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე ა------- ჩ-------–---–ს დაუდგინდა „აუტისტური სპექტრის აშლილობის" დიაგნოზი. ბავშვის მდგომარეობის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით გაიცა რეკომენდაცია, რომ ჩატარებულიყო სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ტესტები (A---------) და მცირეწლოვან ა------- ჩ-------–---–ს გაევლო ქცევითი თერაპიის კურსები (ABA), რომლის ღირებულება სამედიცინო დაწესებულებებში საშუალოდ 150-200 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ქცევითი თერაპიის თითოეული სეანსის ღირებულება შეადგენს 30 ლარს. კურსის ინტენსივობა კი დამოკიდებულია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კვირაში 3-4 სეანსი. შესაბამისად, კვირაში სულ მცირე სამი სეანსის შემთხვევაში, თერაპიის კურსის ყოველთვიური ღირებულება შეადგენს 360 ლარს, ხოლო წლის განმავლობაში 4320 ლარს. მოგეხსენებათ, რომ წინასწარ შეუძლებელია განისაზღვროს თერაპიის კურსის ხანგრძლივობა, ამიტომ მცირეწლოვანი ა------- ჩ-------–---–ის სრულწლოვნობის მიღწევამდე სავარაუდო თერაპიის კურსის ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს 65 000 ლარს. მითითებული დიაგნოზის მქონე ბავშვის სწორი განვითარებისა და საზოგადოებასთან ადაპტაციისათვის კი აუცილებელია სპეციალური კვალიფიკაციის მქონე ძიძის დაქირავება, რისი ღირებულებაც საშუალოდ შეადგენს ყოველთვიურად 500 ლარს. მ----- ჩ-------–---–ი დასაქმებულია სამ არასამთავრობო ორგანიზაციაში („მ---------------", N------------ და „გ-------------------------------–---------------- ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში"). მისი ყოველთვიური ანაზღაურება კი საბანკო ამონაწერებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად შეადგენს ყოველთვიურად დაახლოებით 6000 ლარს.
აპელანტის განმარტებით, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მუდმივ გამოკვლევებსა და თერაპიის კურსებს, რისი მატერიალური საშუალებაც მოსარჩელეს დამოუკიდებლად არ გააჩნია. მოსარჩელე მხარემ არაერთხელ მიმართა სასამართლოს, რომ საქმეში ჩართულიყო ფსიქოლოგი, რომელიც გამოიკვლევდა მცირეწლოვანი ა------- ჩ-------–---–ის ჯანმრთელობისა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რაც არსებით გარემოებას წარმოადგენდა არა მხოლოდ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, არამედ მამის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილშიც, თუმცა სასამართლო აცხადებს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სირთულეები დღეის მდგომარეობით სახეზე არ არის. თბილისის საქალაქო სასამართლო მამისა და შვილის ურთიერთობის შეფასებისას დაეყრდნო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებს, რომელიც თავისმხრივ შედგენილია სოციალური მუშაკის მიერ, რომელსაც არ გააჩნია ბავშვის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასების შესაბამისი კვალიფიკაცია. დასკვნის შინაარსი ფორმალური ხასიათისაა და იგი შედგენილია სხვა სოციალური მუშაკების მიერ და არა რ----------------–---–-ს მიერ, რომელიც მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა მცირეწლოვანი ა------- ჩ-------–---–ის ინტერესებს. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არასწორად მიუთითა, რომ აღნიშნული დასკვნები მომზადებულია სოციალური სამსახურის ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. წარმოდგენილი დასკვნები აღწერილობითი ხასიათიასა, არ შეიცავს ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებას და მომზადებულია სოციალური მუშაკის ნ-----–-----------სა და ხათუნა ჟღენტის მიერ, რომლებსაც არ გააჩნიათ ფსიქოლოგის კვალიფიკაცია. მცირეწლოვანი ა------- ჩ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი და მამის მ----- ჩ-------–---–ის ურთიერთობის წესის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ ფსიქოლოგის დასკვნის ან რეკომენდაციის შესაბამისად. მცირეწლოვნისათვის მ----- ჩ-------–---–ი წარმოადგენს უცხო პიროვნებას, არ აქვს გავლილი შეჩვევის პერიოდი და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალის რეკომენდაციის შესაბამისად განხორციელდეს მცირეწლოვანსა და მამას შორის ურთიერთობის აღდგენა, რათა ზიანი არ მიადგეს ა------- ჩ-------–---–ის ჯანმრთელობას.ბმცირეწლოვანი ა------- ჩ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მ----- ჩ-------–---–ის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალის რეკომენდაციის შესაბამისად.
აღნიშნულის შესაბამისად აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ნ------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება მ----- ჩ-------–---–ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ასევე შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მ----- ჩ-------–---–მა. მ----- ჩ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტი მოითხოვს ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში და ალიმენტის ოდენობა შემცირდეს 400 ლარამდე, რადგან მ----- ჩ-------–---–ს შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა შეუწყდეს და დაკისრებულ ალიმენტს ვერ გადაიხდის.
სამოტივაციო ნაწილი
20. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
21. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტში მითითებულ უდავო გარემოებებს, ამასთან პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად ადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
22. მოპასუხე მ----- ჩ-------–---–ის საბანკო ამონაწერით და 09.11.2018 წლის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ მ----- ჩ-------–---–ს აქვს არასტაბილური შემოსავალი. ამასთან საბანკო ამონაწერის თანახმად ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ხოლო 09.11.2018 წლის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაცემული ინფორმაციით მ----- ჩ-------–---–ი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს და მის მიმართ 01.01.2018 წლიდან 07.11.2018 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. 08.11.2018 წლის მდგომარეობით მ----- ჩ-------–---–ის მიერ 01.01.2018 წლიდან 07.11.2018 წლამდე ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების თანხა შეადგენს 4833.95 ლარს. ამდენად, მ----- ჩ-------–---–ი, როგორც ფიზიკური პირი თავად ახორციელებს მიღებული შემოსავლის 20%-ის ოდენობით გადახდას. ამდენად, მ----- ჩ-------–---–ს არ აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი.
23. 2018 წლის 03 ოქტომბრის ფსიქოლოგ ლ--–------–---–---–ის დასკვნით, სადაც მითითებულია, შვილი-მშობლის ურთიერთდამოკიდებულებები: „ა-------ს დადებითი და ყველაზე მჭიდრო ემოციურო კავშირი აქვს დედასთან. მასთან თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად და თავისუფლად გრძნობს. დედაც ყურადღებიანი და მზრუნველია. დედა პოზიტიურად აღწერს მამა-შვილის ურთიერთობასაც, აბმობს, რომ ბავშვს სურს მასთან ურთიერთობა, ხშირად კითხულობს როდის მოვა, რატომ არ მოდის, ნერვიულობს როცა მამა ვერ ახერხებს მოსვლას. იგი თანაახმაა მამას იმაზე მეტი დრო ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობისათვის, ვიდრე ეხლა აქვს (იგულისხმება კვირაში ორი დღე რამდენიმე საათი). არსებული გრაფიკი მისაღებია ბავშვის მამისთვისაც. იგი ბავშვთან ურთიერთობას ახასიათებს პოზიტიურად. წაყვანა-მოყვანის დროს არ აწყდებიან სირთულეებს. ბავშვი მასთან თავს კარგად გრძნობს და კარგად ერთობა, არ ითხოვს დედასთან დაბრუნებას. ერთობლივ ვიზიტზეც გამოვლინა, რომ მამა-შვილს შორის დადებითი ემოციური კავშირია. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ნეიროფსიქოლოგთან ორივე მშობლის თანამშრომლობა და მათ მიერ ნეიროფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინება.“
24. 2017 წლის 17 დეკემბრის ფსიქოლოგ მ-------------ს დასკვნის თანახმად გამოსაკვლევი პირის ქცევა, სააზროვნო ოპერაციების შესრულების უნარი, მიხვედრილობა, გარემოსთან ადაპტაციის უნარი ფსიქოლოგიური განვითარება შეესაბამება ასაკს, თუმცა ადგილი აქვს პედაგოგიურ ხელმიშვებულობას. გაცემული იქნა რეკომენდაცია - სასურველია წვრილ და მსხვილ მოტორიკაზე აქცენტის გაკეთება, თვითშეფასების ამაღლება, ყურადღების კონცენტრაციაზე მუშაობა, რაზედაც მუშაობა შესაძლებელია მშობლის მიერ სახლის პირობებში.
25. ზემოაღნიშნული დასკვნების, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ნ------------ის მოსაზრებას ა------- ჩ-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ალიმენტისა და მშობლის შვილთან ურთიოერთობის წესით შეცვლის თაობაზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების გათვალისწიენებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მშობელს აქვს ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელსა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ე.ი. ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამ მოსაზრებას განამტკიცებს „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
სასამართლო მიუთითებს ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში”
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მაგალითად, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
“ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლის თანახმად ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმა ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის მოვალეობას უპირატესად მშობლებს აკისრებს. მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლომ განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის“ მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
ალიმენტვალდებულ პირის შემოსავლებისა და იმის გათვალიწინებთ რომ მას ჰყავს კმაყოფაზე მყოფი შვილი პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ნ------------ის მოთხოვნას ალიმენტის ოდენობის 1500 ლარამდე გაზრდის თაობაზე და აპელანტ მ----- ჩ-------–---–ის მოთხოვნას ალიმენტის ოდენობად 250 ლარის განსაზღვრის თაობაზე. ალიმენტი წარმოადგენს რა იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება, ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად სწორედ მიიჩნია 650 ლარი.
26. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ნ------------ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ----- ჩ-------–---–ს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან 2014 წლის 08 იანვარს დაბადებული ა------- ჩ-------–---–თან უნდა განესაზღვროს კვირაში ერთი დღით 17სთ-დან-19სთ-მდე და აღნიშნულთან დაკავშირებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებას საქმეზე ას-1122-1078-2016, სადაც აღნიშნულია, რომ საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ მშობლისათვის შვილთან ურთიერთობა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ ვალდებულებას, რომლის განხორციელების მიზნით სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, საშუალება მისცეს ცალკე მცხოვრებ მშობელს ურთიერთობა იქონიოს მასთან, რისთვისაც განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.
სსკ-ის 1202-ე მუხლი მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. ასეთი შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დასკვნებით არ დასტურდება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება
საკასაციო სასამართლო ასევე ერთ-ერთ საქმეზე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ ხაზგასმითაღნიშნა, რომ „ძალიან სერიოზული დონის ჩარევაა ოჯახის გახლეჩა“ (Olsson v. Sweden /No.1/ 10465/83,par.81). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია,ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა,ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი დასახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტეს წილად გადასწონის მშობლის ინტერესს. (სუსგ ას-260-248-2016)
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა იქნეს განსაზღვრული მამა-შვილს შორის ურთიერთობა შეზღუდულად, კვირაში მხოლოდ ერთი დღე 17სთ-დან - 19 სთ-მდე, და რატომ შედის ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებში, მაშინ როცა მამა-შვილის ურთიერთობა პოზიტიურად იქნა შეფასებული ფსიქოლოგის მიერაც და ამასთან მათი ურთიერთობა პოზიტიურად აისახება ბავშვის განვითარებაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებებისა და მოვალეობების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ცალკე მცხოვრები მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი არ არის საზიანო მცირეწლოვანის ინტერესებისათვის, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
27. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მ----- ჩ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა