განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2018
საქმის ნომერი
330310018002608544
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002608544

საქმე N3ბ/3154-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) -ზ------ მ---------ე;

წარმომადგენელი - დ----- ჯ--–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

წარმომადგენლები - გ--------------–--ე, თ----- მ-------ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს №----- ბრძანება მოსარჩელე ზ------ მ---------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში.

 

1.2. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზ------ მ---------ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ა------ს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე ზ------ მ---------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

1.4. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე ზ------ მ---------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზ------ მ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

მოსარჩელე ზ------ მ---------ე, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით დაინიშნა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. თელავი) ქ. ა------ს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრით დამტკიცებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განსაზღვრული იყო ქ. ა------ს სახანძრო - სამაშველო განყოფილების უფროსის 1 საშტატო ერთეული.

 

2018 წლის 1 აგვისტოს განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, სადაც განისაზღვრა ქ. ა------ს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი 1 საშტატო ერთეული.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე ზ------ მ---------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელე ზ------ მ---------ეს აუნაზღაურდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. (ს.ფ.53-62); (ს.ფ. 20-24); (ს.ფ. 25-27); (ს.ფ. 12);

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 73-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული კანონის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, ლიკვიდირებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო მისი მოსამსახურეები აყვანილი უნდა ყოფილიყვნენ კადრების განკარგულებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, სადაც განისაზღვრა ქ. ა------ს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი 1 საშტატო ერთეული, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე ზ------ მ---------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეების, მათ შორის მოსარჩელე ზ------ მ---------ის კადრების განკარგულებაში აყვანა პირდაპირ იქნა გათვალისწინებული კანონით.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის საშტატო ერთეული არ შემცირებულა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე უსაფუძვლოა დაწესებულების რეორგანიზაციასა და მის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობა, რადგან მოსარჩელე ამ დროისათვის იმყოფება კადრების განკარგულებაში და იგი სამსახურიდან დათხოვნილი (გათავისუფლებული) არ არის.

 

5.2 სასამართლოს განმარტებით, განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ა------ს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს და მოსარჩელე ზ------ მ---------ესთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში მოცემულ ეტაპზე დასრულებული არ არის მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება (იგი იმყოფება კადრების განკარგულებაში) შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ზ------ მ---------ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

5.3 რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას კანონი პირდაპირ უნდა ითვალისწინებდეს, იგი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. ზ------ მ---------ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

აპელანტის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ზ----- მ---------ის სასარგებლოდ სარჩელზე საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯის, მათ შორის საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

6.1. ზ------ მ---------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ რადგანაც მოსარჩელე ამ დროისათვის იმყოფება კადრების განკარგულებაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი და განთავისუფლებული არ არის. სამსახურის 30/07/2018 წლის წერილობითი შეტყობინებით, ზ. მ---------ეს შესთავაზეს თავისივე განყოფილების მეხანძრე მაშველის პოზიციაზე დანიშვნა, ისე, რომ ამ დროს არც ლიკვიდაციის აქტი არ ყოფილა გამოცემული და არც შესაბამისი რეორგანიზებული საშტატო ნუსხა არ ყოფილა დამტკიცებული, როგორც შემდგომ დადასტურდა, მისი საშტატო თანამდებობრივი ერთეული (განყოფილების უფროსის შტატი) რეორგანზაციის შემდეგ არ გაუქმებულა. ამდენად, აღნიშნული შეთავაზება მის სამსახურეობრივად დაქვეითებას ნიშნავდა, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე.

 

2018 წლის პირველი აგვისტოს სადავო ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით განისაზღვრა ქ. ა------ს სახანძრო - სამაშველო განყოფილების უფროსის 1 საშტატო ერთეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზ. მ---------ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული საშტატო ერთეული არ გაუქმებულა, არც ლიკვიდაცია არ შეხებია და რეალურად განხორციელდა სისტემის ერთგვარი სტრუქტურული ცვლილება, რეორგანიზაცია, რასაც თან არ ახლდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ საყურადღებოა ის გარემოება, რომ პრაქტიკულად იწურება მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანიდან კანონით დადგენილი მაქსიმალური 4 თვიანი ვადა, თუმცა მოპასუხის მხრიდან არავითარი ადეკვატური ქმედება მოსარჩელის მიმართ არ ხორციელდება.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის ძველი რედაქციის 30-ე მუხლი, ხოლო ახალი რედაქციით 26-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).

 

სქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ზ------ მ---------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები.

 

პალატა მიუთითებს, 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 241-ე პუნქტის შესაბამისად, მეხანძრე-მაშველი იყო პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკას და აქრობს ხანძარს, ატარებს საავარიო - სამაშველო სამუშაოებს, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ - ჩვევები.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის მმართველობის სფეროში შედიოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ------ მ---------ე, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით დაინიშნა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. თელავი) ქ. ა------ს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

7.3. 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტების თანახმად, მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან: შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება“ სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მოსამსახურე თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილი იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით, შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან მისი სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს.

 

ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი წესი წარმოადგენს ზოგად წესს, რომელიც ვრცელდება ყველა შემთვხევაზე, თუ რაიმე განსხვავებულად არ არის მოწესრიგებული სხვა, სპეციალური ნორმით და მოცემულ შემთხვევაში ეს სპეციალური ნორმა გაითვალისწინა კანონმდებელმა 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტში, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.

 

პალატა მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილზე და განმარტავს, რომ ზოგადი ნაწილის ნორმები, მართალია საერთოა, ყველა ან უმეტესი ურთიერთობის რეგულირებისათვის, მაგრამ ისინი ყოველთვის სრულად ვერ ასახავენ მოსაწესრიგებელი ურთიერთობის სპეციფიკას. რის შედეგადაც შესაძლოა წარმოიშვას ნორმათა კოლიზია - ზოგადი ნაწილის ნორმა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს სპეციალურ ნორმას, რა შემთხვევაშიც უპირატესობა ენიჭება სპეციალურ ნორმას. აღნიშნული კონკურენცია კი უნდა გადაწყდეს კანონის 71-ე მუხლის სასარგებლოდ, რომელიც გამოხატავას კანონმდებლის ნებას საკითხის ამგვარი რეგულირებისადმი.

 

მითითებული კანონის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, ლიკვიდირებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო მისი მოსამსახურეები აყვანილნი იქნენ კადრების განკარგულებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, სადაც განისაზღვრა ქ. ა------ს სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი 1 საშტატო ერთეული, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, ზ------ მ---------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, რაც პირდაპირ იქნა გათვალისწინებული კანონით.

 

7.4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე აპელანტის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის ბრძანება; კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასა განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს დავის საგანს, შესაბამისად, არ არსებობს ზ------ მ---------ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ბათილად არ არის ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ასევე, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალოს ზ------ მ---------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7.5 რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის #ბს-484-477(კ-15) გადაწყვეტილებაზე მითითებით, პალატა განმარტავს, რომ ზოგადი წესების შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების (სახელი უფლება, საავტორო უფლებები და ა. შ) ან არამატერიალური სიკეთის (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა. შ.) ხელყოფის შემთხვევაში. მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომლსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, არსებობოდეს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი სქემა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევა, ამასთან, ბუნებრივია, მორალური ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოში დამკიცებას (დადსტურებას) საჭიროებს. თუ არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით დადგენილი საფუძვლები (სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი), ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეიძლება დაეკისროს მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ საკითხის შეფასებას და განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივარი, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8.2. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული და სხვა ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების თაობაზე, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზ------ მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -