განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002539455
საქმე #1ბ/1569-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), თ----------------------ის, დაბადებულის 1995 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), დაოჯახებულის, განათლების არმქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ---–-----------------------–----------–--------------------–-----ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკართან, ვალთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, შვილიშვილმა თ----------------------მა ბარი ჩაარტყა მარცხენა ხელის იდაყვის მიდამოში პაპას - 78 წლის ჰ--------–------------------ს, რის გამოც ჰ--------–------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაეცა ძირს, რა დროსაც ასევე ტკივილი განიცადა მუცლისა და გულმკერდის არეში.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:
თ----------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 7 ივლისიდან 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით), თ----------------------ს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ვადით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და თ----------------------ისთვის უფრო მკაცრი და შესაბამისად, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ-----------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ თ----------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ----------------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ჰ--------–------------------ის, ს-----------------ას, ა-------------------ას, ს----------ას, ს----------–-----ას გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ თ----------------------ის გამოკითხვის ოქმების და მის მიერ დანაშაულის აღიარების, ამოღების ოქმების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, პაციენტ ჰ--------–------------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------. დასკვნის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ----------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით თ----------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი არის იმდენად ჰუმანური, რომ შესაძლოა, მას ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდეს, რადგან მას ექნება დაუსჯელობის განცდა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი, მოტივი, გარემოებები და ბრალდებულის პიროვნება, ასევე არ გაითვალისწინა, რომ ჩადენილი დანაშაული, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის მომეტებული საფრთხის შემცველი. საჩივრის ავტორი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამო მიაყენა პაპას ფიზიკური შეურაცხყოფა. აპელანტის მოსაზრებით, მსჯავრდებულის ასეთი ქცევა მეტყველებს მისი ძალადობისკენ მიდრეკილებაზე (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ თ----------------------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ თ----------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ ასეთი ლმობიერი სასჯელის დანიშვნით არსებობს მსჯავრდებულის მიერ მომავალში ანალოგიური დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ თ----------------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება მსჯავრდებულის ძალადობისკენ მიდრეკილებას, რაზეც აპელირებს პროკურორი სააპელაციო საჩივარში, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ თ----------------------მა წარსულში ოჯახის წევრის ან ვინმეს მიმართ ჩაიდინა რაიმე ძალადობრივი ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ თ----------------------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს თ----------------------ის მიმართ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულმა თ----------------------მა სრულად აღიქვა მის მიერ პაპის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებრივი საშიშროება, როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მას წარსულშიც ჰქონდეს ჩადენილი რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება ოჯახის წევრის მიმართ, იგი შერიგებულია დაზარალებულთან და ამ უკანასკნელს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, რაც დადასტურებულია დაზარალებულ ჰ--------–------------------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, ამასთან, თ----------------------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ----------------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ----------------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ----------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ----------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
თ----------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 7 ივლისიდან 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით), თ----------------------ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ თ----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ჰ--------–------------------ის ტანისამოსი დაუბრუნდეს ჰ--------–------------------ს;
ჰ--------–------------------ის სისხლის ნიმუში, ბარი და ჯოხი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე