განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210017002012352
საქმე №2ბ/4511-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - სა---------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი - გი-------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ გი--------------–--–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით სა---------–----–---------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელის ფულადი ვალდებულება სა---------–----–---------------------------ოს მიმართ განისაზღვრა 500 ლარით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 29 ივლისს სა---------–----–---------------------------ოს და ი/მ გი--------------–--–---–ს შორის გაფორმდა №407 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დანართი №1-ით განსაზღვრულ ვადებში და ადგილზე.
სასამართლო დაეყრდნო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №407 ხელშეკრულებას (ტ. І, ს.ფ.33-41).
2.2. ი/მ გი--------------–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და მარგარინი ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად 2016 წლის 20 დეკემბრისა მიწოდებული იქნა 2016 წლის 21 დეკემბერს.
სასამართლო დაეყრდნო ჯარიმის შესახებ №407 ხელშეკრულებას და მიღება-ჩაბარების აქტებს (ტ. І, ს.ფ. 42-45)
2.3. 2016 წლის 27 ივნისს სა---------–----–---------------------------ოს და ი/მ გი--------------–--–---–ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №333 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის რძის პროდუქტები, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეებს შორის გაფორმდა №1 დანართი, რომლის მიხედვით, პროდუქციის მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: რუსთავი- ყოველი კვირის სამშაბათი, წალკა- ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე, ციხისჯვარი- ყოველი კვირის სამშაბათი.
სასამართლო დაეყრდნო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №333 ხელშეკრულებას (ტ. І, ს.ფ. 48-58)
2.4. ი/მ გი--------------–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა №333 ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და რძის პროდუქტები რუსთავის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 08 და 14 დეკემბრისა მიწოდებული იქნა სამი კალენდარული დღის დაგვაინებით.
სასამართლო დაეყრდნო ჯარიმის შესახებ №333 ხელშეკრულებას (ტ. І, ს.ფ. 59-60)
2.5. 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები ახალციხის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით, ასევე რძის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბერისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ №333 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ტ. І, ს.ფ. 61-72);
2.6. 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები ახალციხის, ციხისჯვრის და რუსთავის ბაზებზე ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ №333 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ტ. І, ს.ფ. 73-81)
2.7. 2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ციხისკვრის ბაზაზე რძის პროდუქტები ნაცვლად 2017 წლის 10 იანვრისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ №333 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ტ. І, ს.ფ. 82-85);
2.8. 2016 წლის 29 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა №408 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის კვების პროდუქტები, ამავე ხელშეკრულებაში 2016 წლის 28 ოქტომბრის №1 შეთანხმებით დამტკიცებული №1 დანართის თანახმად, მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: კვირაში ერთხელ, რუსთავი - ყოველი კვირის შაბათი, წალკა - ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე ციხისჯვარი - ყოველი კვირის სამშაბათი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №408 ხელშეკრულება, დანართი №1, შეთანხმება №1 (ტ. І, ს.ფ. 88-98)
2.9. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რუსთავის ბაზაზე ხორცის პროდუქტები ნაცვლად 2016 წლის 06 და 13 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 08 და 14 დეკემბერს, სამი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო დაეყრდნო ჯარიმის შესახებ №408 ხელშეკრულებას (ტ. І, ს.ფ. 99-100)
2.10. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად
2016 წლის 6,13 და 20 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ №408 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ტ. І, ს.ფ. 101-112)
2.11. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 10 იანვრისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ №408 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები (ტ. І, ს.ფ. 115-118)
2.12. 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები რუსთავის, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯარიმის შესახებ №408 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები (ტ. І, ს.ფ. 119-127)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სა---------–----–---------------------------ოს და ი/მ გი--------------–--–---–ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 29 ივლისის № 407, 2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 და 2016 წლის 27 ივნისს გაფორმებული №333 ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელეს მიაწოდებს სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტებს, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დანართი №1-ით განსაზღვრულ ვადებში და ადგილზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების, კერძოდ, №333, №407, №408-ის 12.1 პუნქტების თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებისა და საქარველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის 12.2 პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობების ამ მუხლში.
განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ი/მ გი--------------–--–---–მა დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, დასტურდება მხარეთა ახსნა განმარტებებით და საქმეში წარმოდგენილი მიღება -ჩაბარების აქტებით, კერძოდ, მოპასუხემ ხორცის და რძის პროდუქტები რუსთავის, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე მიიტანა რამდენიმე კალენდარული დღის დაგვიანებით, თუმცა აღნიშნული მოპასუხის მტკიცებით გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, კერძოდ, ჰაერის დაბალი ტემპერატურით და თოვლის საფარის სიმაღლის გამო ვერ მოხერხდა პროდუქტების დანიშნულების ადგილებამდე მიტანა.
სასამართლო არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ვალდებულება ვერ შეასრულა დაუძლეველი ძალის არსებობის გამო, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, მე-400 და 401-ე მუხლის თანახმად, სასამართლო განმარტავს, რომ დაუძლეველ ძალა სა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის ურთიერთკავშირი, შესაფასებელი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სუბიექტური და ობიექტური გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუძლეველი ძალა, როგორც ხშირ შემთხვევაში საყოველთაოდ ცნობილი მოვლენა, მტკიცებას არ საჭიროებს. დაუძლეველი ძალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას. დაუძლეველ ძალა სა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა მტკიცებას საჭიროებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაუძლეველი ძალა არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისაგან პირის გათავისუფლების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულების დარღვევის მიზეზად უთითებს უამინდობას, კერძოდ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ი/მ გი--------------–--–---–მა გარემოს ეროვნული სააგენტოდან წარმოადგინა 2016 წლის 06, 07, 13 და 20 დეკემბერს ახალციხეში და დაბა ბაკურიანში არსებული ტემპერატურის და თოვლის საფარის სიმაღლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტით არ დასტურდებოდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევა, ი/მ გი--------------–--–---–ის მიერ არ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ უამინდობის გამო შეუძლებელი იყო პროდუქტის დანიშნულების ადგილამდე მიტანა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა
გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განიხლული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხარისხის და აღნიშნული დარღვევით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, რის გამოც მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4742.66 ლარი შეამცირა გონივრულ ოდენობამდე და ი/მ გი--------------–--–---–ს სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დააკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 474.27 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებითა და არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდებოდა, როგორც პირგასამტეხლოს, ასევე, ვადაგადაცილების ოდენობა. შესაბამისად, სამინისტროს პოზიცია სრულად იყო გამყარებული არსებული მტკიცეულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს. მოცემული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სა---------–----–---------------------------ო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულება, რომლისთვისაც სწორედ დადებული ხელშეკრულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ პირნათლად შეასრულდეს ძრითადი ფუნქცია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგ/ი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2. სა---------–----–---------------------------ოს და ი/მ გი--------------–--–---–ს შორის 29.07.2016 წელს გაფორმდა №407 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დანართი №1-ით განისზღვრა მიწოდების ადგილი რუსთავი - ყოველი კვირის სამშაბათი, წალკა - ყოველი კვირის ოთხშაბათი; ახალციხე - ყოველი კვირის სამშაბათი. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 1%-ის ოდენობით.
უდავოა, რომ ი/მ გი--------------–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა №407 ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და მარგარინი ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად 2016 წლის 20 დეკემბრისა მიწოდებული იქნა 2016 წლის 21 დეკემბერს.
4.3. ი/მ გი--------------–--–---–სა და სა---------–----–---------------------------ოს შორის გაფორმდა №408 ხელშეკრულება 2016 წლის 29 ივლისს, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის კვების პროდუქტები. 2016 წლის 28 ოქტომბრის №1 შეთანხმებით დამტკიცებული №1 დანართის თანახმად, მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: კვირაში ერთხელ, რუსთავი-ყოველი კვირის შაბათი, წალკა - ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე ციხისჯვარი - ყოველი კვირის სამშაბათი. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0.15%-ის ოდენობით.
2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რუსთავის ბაზაზე ხორცის პროდუქტები ნაცვლად 2016 წლის 06 და 13 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 08 და 14 დეკემბერს, სამი კალენდარული დღის დაგვიანებით.
2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2017 წლის 10 იანვრისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
2016 წლის 29 ივლისს დადებული №408 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ხორცის პროდუქტები რუსთავის, ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.4. სა---------–----–---------------------------ოს და ი/მ გი--------------–--–---–ს შორის 27.06.2016 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №333 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის რძის პროდუქტები, აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეებს შორის გაფორმდა №1 დანართის მიხედვით, პროდუქციის მიწოდების გრაფიკი და ადგილი განისაზღვრა შემდეგნაირად: რუსთავი-ყოველი კვირის სამშაბათი, წალკა - ყოველი კვირის ოთხშაბათი, ახალციხე, ციხისჯვარი-ყოველი კვირის სამშაბათი. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო თანხის 0.1%-ის ოდენობით.
უდავოა, რომ ი/მ გი--------------–--–---–ის მიერ დარღვეული იქნა №333 ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და რძის პროდუქტები რუსთავის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 08 და 14 დეკემბრისა მიწოდებული იქნა სამი კალენდარული დღის დაგვაინებით.
2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები ახალციხის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 6,13 და 20 დეკემბრისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8, 14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით, ასევე რძის პროდუქტები ციხისჯვრის ბაზაზე ნაცვლად 2016 წლის 6, 13 და 20 დეკემბერისა, მიწოდებული იქნა 2016 წლის 8,14 და 21 დეკემბერს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით.
2016 წლის 27 ივნისს დადებული №333 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, რძის პროდუქტები ახალციხის, ციხისჯვრის და რუსთავის ბაზებზე ნაცვლად 2017 წლის 21 თებერვლისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 22 თებერვალს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით. ციხისკვრის ბაზაზე რძის პროდუქტები ნაცვლად 2017 წლის 10 იანვრისა, მიწოდებული იქნა 2017 წლის 11 იანვარს, ერთი კალენდარული დღის დაგვიანებით.
4.5. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზედმეტად და არაპროპორციულად შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო ზიანის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან განხორციელდა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის გადამეტებული და არაპროპორციული შემცირება, კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ოყო შეუსაბამოდ მაღალი და 4742.66 ლარიდან შეამცირა 474.27 ლარამდე ისე, რომ არ გაითვალისწინა მხარეთა შორის არსებული სხვადასხვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განსხვავებული პროცენტული ოდენობები.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა სასამართლოს მხრიდან მისი შემცირება უნდა განხორციელდეს გონივრულ ფარგლებში, მხარეთა ინტერესებს სამართლიანი დაბალანსების საფუძველზე და ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობების პროპორციულად.
სააპელაციო პალატას მოცემულ შემთხვევაში გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება თითოეული ხელშეკრულებისთვის ცალ-ცალკე, კერძოდ, პალატის მოსაზრებით №407 ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლო 195.54 ლარიდან უნდა შემცირდეს 9.77 ლარამდე, №408 ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2879.74 ლარიდან უნდა შემცირდეს 879.89 ლარამდე, ხოლო №333 ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1667.38 ლარიდან უნდა შემცირდეს 764.17 ლარამდე და მთლიანობაში მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1653.83 ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სა---------–----–---------------------------ოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სა---------–----–---------------------------ოს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, ი/მ გი--------------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---------–----–---------------------------ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. სა---------–----–---------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ი/მ გი--------------–--–---–ს სა---------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1653.83 ლარის ოდენობით.
5. ი/მ გი--------------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა