განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001811355
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4378-18 19 ნოემბერი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი – ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ი---------- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – რ------------–----
მოწინააღმდეგე მხარეები – გი-----------------------------------------------------------------------------------–-–---–- (მოპასუხეები)
დავის საგანი – მოვალის უფლებამონაცვლედ ცნობა, მემკვიდრეებისათვის ვალდებულების დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ------------------------------------------------------------------- და თ----------------–-–---–-- მოვალე გ---------------- უფლებამონაცვლეებად ცნობა;
1.2. უფლებამონაცვლეებისათვის, ი----------- სასარგებლოდ, 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ი----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1433-ე, 1488-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი----------მ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საფუძვლიანად და კანონიერად დაადგინა, მოპასუხეების მიერ სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი, თუმცა არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გაუშვა. ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების ვადა 2014 წლის 4 იანვრამდე იყო განსაზღვრული, მოსარჩელემ კი სასამართლოში სარჩელი წარადგინა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით.
5.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მემკვიდრე გ--------------- მამკვიდრებელის წარმომადგენელი იყო და მოსარჩელეს მასთან, როგორც მამკვიდრებლის წარმომადგენელთან, მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა და შესაბამისად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შეტყობინების მომენტიდან სწორედ მას (წარმომადგენელ გ---------------ს) წაუყენა მოთხოვნა, რომელიც დაპირდა ვალდებულების შესრულებას, თუმცა არაკეთილსინდისიერად არ შეასრულა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2----–-–------------------ ი--------------- (გვარის შეცვლის შემდგომ ი----------ს) და გ---------------ს (დაბ. 1--------- წელს) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გ---------------მ, რომელსაც ხელშეკრულების დადების დროს წარმოადგენდა მისი შვილი, გ--------------- (დაბ. 2--------- წელს) მოსარჩელისგან ისესხა 4000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის გადახდის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ს------–--–-----------------------–-------------------------------------------------------------).
9.2. მსესხებელი გ--------------- გარდაიცვალა 2----–-–-----------. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 4000 აშშ დოლარის და სარგებელს - 400 აშშ დოლარის ოდენობით.
9.3. გარდაცვალების დროისთვის მსესხებელი გ--------------- რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ს------–-------------------–----------. მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეებს არ მიუმართავთ და არც ჩანაწერი არსებობს გარდაცვლილის სახელით ანდერძის თაობაზე.
9.4. გარდაცვლილი გ---------------- პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე - თ----------------–-–---–- და შვილები: დ---------------------------------------------. თ----------------–-–---–- - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით, ხოლო დ----------------------------------- 2018 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით, გ---------------სთან (დაბ. 2--------- წელს) ერთად, ჩაებნენ სავალდებულო თანამოპასუხეებად.
9.5. მამკვიდრებლის, გ----------------, გარდაცვალების დროისთვის მეუღლე - თ----------------–-–---–- რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა მისამართზე: თბილისი, ს------–-------------------–----------; ამავე მისამართზე შვილებიდან რეგისტრირებულები არიან და ცხოვრობდნენ - დ--------------------------------. ხოლო გ--------------- და მ------------- სხვა მისამართზე იყვნენ რეგისტრირებულები.
9.6. 2017 წლის 20 თებერვალს ი----------მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და დ------------------------------------------------------------------- და თ----------------–-–---–-- მოვალე გ---------------- უფლებამონაცვლეებად ცნობა და მათთვის, 0--------- წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება მოითხოვა;
10. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეებს, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 1433-ე მუხლის საფუძველზე, სამკვიდრო ქონება მიღებულად ეთვლებოდათ, რის შესახებაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, თუმცა მან გაუშვა მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს დარღვეული აქვს მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.
11. სააპელაციო პალატა არ იზარებს სააპელაციო პრეტენზიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
11.2. აპელანტის ერთ-ერთი არგუმენტი გარიგების შეცილების ხანდაზმულობას შეეხება. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან სესხის დაბრუნების ვადა 2014 წლის 4 იანვარით განისაზღვრა, მოსარჩელეს სასამართლოში სარჩელის წარდგენა შეეძლო 2017 წლის 4 იანვრამდე, რაც გააკეთა კიდეც.
11.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარიგების შეცილების ხანდაზმულობაზე აპელანტის მითითება არ წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის პრეტენზიას გამომდინარე იქედან, რომ შეცილებისა და ხანდაზმულობის ვადები განსხვავებულ სამართლებრივ ცნებებს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. აღნიშნული განმარტება თანხვედრაშია საკასაციო პალატის მიერ არაერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებასთან: „აღნიშნული (სკ-ის 1488-ე) ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ საქმე № ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).
11.4. პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმის თანახმად, ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო.
11.5. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს. (იხ: ფ---------------------------.) თავად მოსარჩელის განმარტების თანახმად კი, მოვალის - გ---------------- გარდაცვალების შესახებ მან 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში შეიტყო.
11.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
11.7. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (იხ: 11.5.), მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელემ მოვალის გარდაცვალების შეტყობინებიდან - 2014 წლის ოქტომბრის თვიდან, 6 თვის ვადაში მიმართა მოპასუხეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა მან ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, რაც სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას გამორიცხავს. აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელის მიერ მემკვიდრეების მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
14. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი----------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე