განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310018002708319
საქმე N3/ბ-521-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატის მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი – ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი _ ჯ--- ჯ----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილება
დაინტერესებული პირი _ თ-- კ------ე
დავის საგანი _ შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
ჯ--- ჯ----–---–მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გრიგოლ ჩხობაძის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ-- კ------ესთან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2018 წლის 7 სექტემბერს თ-- კ------ემ ბავშვი, რომელიც დაიბადა დროზე ადრე, დატოვა უმეთვალყურეოდ იმ მოტივით, რომ ვერ გადარჩებოდა. ბავშვს ჯერ უვლიდა საავადმყოფოს მედპერსონალი, ხოლო შემდეგ მოსარჩელის 67 წლის დედა. ბავშვის გამოყვანის დროს, ორი დღით ადრე, თ-- კ------ე მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მოსარჩელე და მისი დედა საშუალებას არ აძლევდა ბავშვზე გაეწია მეთვალყურეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულის შემდეგ, თ-- კ------ემ მიმართა პოლიციის მეშვიდე განყოფილებას, სადაც განაცხადა, რომ ჯ--- ჯ----–---–მა 2018 წლის ივლისის თვეში იძალადა თ-- კ------ეზე, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ პოლიციიას წარუდგინა თ-- კ------ის სმს შეტყობინებები, რომელიც შეიცავდა მუქარას და შეურაცხყოფას.
რამდენიმე დღეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, ჯ--- ჯ----–---–ს აეკრძალა გარკვეული მოქმედებები, მათ შორის საკუთარ სახლში მისვლის, ასევე მისი კუთვნილი მოძრავი ნივთებით სარგებლობა.
მოსარჩელე არ დაეთანხმა სადავო შემაკავებელ ორდერს და განმარტა, რომ შემაკავებელ ორდერში მითითებული არ არის თუ როდის მოხდა მისი მხრიდან თ-- კ------ეზე ძალადობა. ამასთან, სახლი, რომლისგანაც მოხდა მისი მოშორება, ირიცხება მის საკუთრებად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ--- ჯ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
თ-- კ------ე და ჯ--- ჯ----–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2015 წლის 8 თებერვლიდან და მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ბ-------- ჯ----–---–ი და მ------ ჯ----–---–ი.
ქ. ქუთაისში, ს---–---------------. N25, ბინა N118-ში მდებარე უძრავი ნივთი, საკუთრების უფლებით ირიცხება ჯ--- ჯ----–---–ის სახელზე.
2018 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილებას განცხადებით მიმართა თ-- კ------ემ, სადაც აღნიშნა ჯ--- ჯ----–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რაზეც დაიწყო გამოძიება.
2018 წლის 25 ოქტომბერს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გრიგოლ ჩხობაძის მიერ გამოიკითხა თ-- კ------ე, რომელმაც განმარტა, რომ ის არის რეგისტრირებულ ქორწინებაში ჯ--- ჯ----–---–თან, რომელთანაც ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი ბ-------- და მ------ ჯ----–---–ები. 2018 წლის 15 ივლისს ჯ--- ჯ----–---–ი იყო აგრესიული და მან ოთახიდან ესროლა ბალიში, რომელიც მოხვდა მას მუცლის არეში და ვინაიდან იყო 7 თვის ფეხმძიმე განიცადა ტკივილი. ამასთან, ჯ--- ცდილობდა თ-- კ------ე გაეგდო სახლიდან, რამაც ასევე ძლიერი ტკივილი განაცდევინა მას. აღნიშნულის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლებმაც მისცეს გაფრთხილება, თუმცა შემაკავებელი ორდერი მისივე თხოვნით არ გამოიცა. თ-- კ------ე აღნიშნავს, რომ აღნიშნულის შემდეგ ჯ--- ჯ----–---–ი და მისი ოჯახის წევრები მიუვარდნენ სახლში და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, აეწია ცილა და ჰქონდა მაღალი წნევები, ცუდი ანალიზების გამო ვადაზე დარე გაუკეთდა საკეისრო კვეთა და ბავშვი გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში. ვინაიდან თ-- კ------ეს ჰქონდა წნევები და რთული მდგომარეობა ერთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლო ბავშვის სანახავად საავადმყოფოში მისვლა. თ-- კ------ე აღნიშნავს, რომ ბავშვის მკურნალი ექიმის ნახვიდან მეორე დღეს მას ტელეფონით დაუკავშირდა მისი მეუღლე რომელმაც ესაუბრა აგრესიულად, რის გამოც ჩავარდა სტრესულ მდგომარეობაში, რის ფონზეც განვითარდა ფილტვების თრომბოემბოლია. 9 დღის მანძილზე იწვა ზ. ცხაკაიას სახელობის ინეტერვენციულ მედიცინის ცენტრში, რეანიმაციაში, სადაც მიდიოდა ჯ--- და იქაც ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, ეუბნებოდა, რომ რადგან ბავშვი მიატოვა წაართმევდა მას. სახლში გამოწერის შემდეგ ჰქონდა წოლითი რეჟიმი, ჯანმრთელობის გამოკეთების შემდეგ საავადმყოფოში მისვლისას დახვდა მეუღლე და მისი ნათესავები, რომლებმაც დაუწყეს ყვირილი, ემუქრებოდნენ დედობის ჩამორთმევით და უფროსი შვილის წართმევითაც. აღნიშნულის გამო ითხოვა დახმარება საპატრულო პოლიციისგან, თუმცა შემაკავებელი ორდერი არ გამოიცა მისივე თხოვნის საფუძველზე, რადგან დართეს შვილთან ყოფნის უფლება. თ-- კ------ე აღნიშნავს, რომ ჯ--- ჯ----–---–ი არ მიდოდა სახლში, ამასთან არ აძლევდა მის მშობლებს მათთან მისვლის უფლებას, რის გამოც ფაქტიურად ავადმყოფი ადამიანი დატოვა მარტო მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ასევე განმარტავს, რომ ჯ---ს მიერ ადგილი ჰქონდა საცხოვრებელი ბინის საკეტის გამოცვლას, ელექტროენერგიის გათიშვას, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ის თავის შვლებთან ერთად. თ-- კ------ის განმარტებით ჯ--- ჯ----–---–ი სისტემატიურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას მასზე, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება ბავშვის წართმევით, რაც მხარეს განაცდევინებს სულიერ ტანჯვას. ამასთან, იმის გამო, რომ ჯ--- ჯ----–---–ის ნათესავები სოციალურ ქსელში თ-- კ------ეზე ავრცელებდნენ არასწორ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას იგი, როგორც სკოლის პედაგოგი, განიცდიდა მძიმე ემოციურ სტრესს.
ნარგიზა კ------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ჯ--- ჯ----–---–მა 2018 წლის 15 ივლისს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მას. ხოლო თ-- კ------ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას სხვადსხვა ფორმით.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, თ-- კ------ე 2018 წლის 3 სექტემბერს მოთავსდა სტაციონარში, საიდანაც გაწერეს 2018 წლის 12 სექტემბერს. დიაგნოზი - 082,8 სხვა ერთნაყოფიანი მშობიარობა საკეისრო კვეთით, ორსულობა 32 6/7 კვ. ნაყოფი მენჯით წინამდებარეობა, მშობიარობის პირველი პერიოდი, დატვირთული სამეანო ანამნეზი 2015წ გადატანილი საკეისრო კვეთა, მძიმე ფორმის პრეეკლამფისა, რეზუს კუთვნილება 014,1 მძიმე პრეეკლამფსია;
თ-- კ------ე 2018 წლის 26 სექტემბერს მოთავსდა სტაციონარში - 2018 წლის 5 ოქტომბრამდე დიაგონიზით - I26,0 ფილტვის არტერიის ემბოლია მწვავე ფილტვისმიერი გულის დროს; J96,0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა, I82.9 დაუზუსტებელი ვენის ემბოლია და თრომზობი, მარცხენა თეძოს შიგნითა ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი);
ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ცნობით, მ------ ჯ----–---–ი (დაბადების თარიღი 0---------) სტაციონარში მოთავდა 07/09/2018 წ, სტაციონარიდან გაეწერა 16/10/2018 წელს. დიაგნოზი - P22.8 ახალშობილთა სხვა რეპრესიული დისტრესი; P39.9 პერინატალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ინფექცია, დაუზუსტებელი; P 07.3 დღენაკლულობის სხვა შემთხვევები; P92.2 ახალშობილის სუსტი წოვა;
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გრიგოლ ჩხობაძის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლია თ-- კ------ე; მოძალადეა - ჯ--- ჯ----–---–ი;
ჯ--- ჯ----–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ჯ--- ჯ----–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; ჯ--- ჯ----–---–ს აეკრძალა თანასაკუთრების ერთპიროვნულად სარგებლობის უფლება; ძალადობის ფორმა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 30 დღე.
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ჯ--- ჯ----–---–ის სარჩელში მითითებული გარემოებანი და მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფლია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ჯ--- ჯ----–---–ის სარჩელში მითითებული გარემოებანი და მისი მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გრიგოლ ჩხობაძის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბრის გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლზე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციზე („სტამბოლის კონვენცია“) მითითებით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარადგინა ისეთი სახის არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით დაადასტურებდა შემაკავებელი ორდერის უკანონობას.
3. საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯ--- ჯ----–---–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მესამე პირთა უფლებებს. შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში თ-- კ------ის უფლებებს.
საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის მასალებში არ არის დაცული და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა წარდგენლი ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მისცემდა იმ სახის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ჯ--- ჯ----–---–ი ძალადობს თ-- კ------ეზე. შესაბამისად არ დასტურდება ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირების საჭიროება.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ჯ--- ჯ----–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ხსენებული კანონის მე-4 მუხლის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
პალატა მიუთითებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი შედგენილი უნდა იქნეს ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მიზანსაც წარმოადგენს დროებითი ღონისძიების გატარება სავარაუდო მოძალადის მიმართ. ანუ, პრევენციული ღონისძიებები სავარაუდო მსხვერპლის მიმართ უნდა განხორციელდეს ოპერატიულად, ისინი დროებითი ხასიათისაა და სწრაფი ეფექტის მატარებელი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეშვიდე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გრიგოლ ჩხობაძის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბრის გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი ჯ--- ჯ----–---–ის მიმართ, ოქმში მითითებულია, რომ ჯ--- ჯ----–---–მა 2018 წლის 25 ოქტომბერს მსხვერპლს (თ-- კ------ეს) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ძალადობის ფორმების ლეგალურ დეფინიციას შეიცავს მითითებული კანონის მე-4 მუხლი, რომლის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის მავნე შედეგები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფო ნეგატიურადაა ვალდებული თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უგულებელყოფას, ხოლო ამავე დროს პოზიტიურადაა ვალდებული შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბოლის კონვენცია), რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის აღკვეთას, მსხვერპლთა დაცვასა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემას და უზრუნველყოფს მსხვერპლ ქალთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ხდება დაუყოვნებელი მკაცრი რეაგირება ამგვარ ფაქტებზე. სახელმწიფო სისტემატიურად ქმნის ახალ მექანიზმებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას. სწორედ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები და დეტალურად განისაზღვრა მითითებულ ღონისძიებათა განხორციელების სპეციალური წესები. მითითებული კანონი ადგენს რეგულირებას, რაც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისათვის.
პალატა იზიარებს რა მითითებულ მოსაზრებას და ეთანხმება ეფექტური ღონისძიებების გატარებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით. ამასთან, სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები, უნდა გამომდინარეობდეს საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, მათი შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მხარეთა საერთოდ გათავისუფლებას მათ მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც ამყარებენ თავიანთ მოსაზრებებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურდა ჯ--- ჯ----–---–ის მხრიდან თ-- კ------ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, რის გამოც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ჯ--- ჯ----–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის წინაპირობები, რაც წარმოდგენილი საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ--- ჯ----–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2112-ე და 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ--- ჯ----–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი