განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210116001300446
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-362-2018 30 ოქტომბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ვ----– მ-------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ----------------–--
მოწინააღმდეგე მხარე - თ----- ც------ე
წარმომადგენელი - ი-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ-----ი ც------ის სარჩელი ვ----–ი მ-------–-–---–ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ. დაეკისრა ვ----– მ-------–-–---–ს თ-----ი ც------ის სასარგებლოდ 5230.00 (ხუთი ათას ორას ოცდაათი) ლარის და 2500.00 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა. დაეკისრა ვ----– მ-------–-–---–ს თ-----ი ც------ის სასარგებლოდ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 330.00 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის სახით გადახდილი - 50 ლარის გადახდა. დაეკისრა ვ----– მ-------–-–---–ს თ-----ი ც------ის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 440.20 ლარის გადახდა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, დარჩა უცვლელი. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, დადგენილია, რომ 2011 წლის 20 დეკემბერს მოპასუხე ვ----–ი მ-------–-–---–ის მიერ შედგენილი იქნა ხელწერილი, რომლის თანახმადაც ის აღიარებს, რომ მოსარჩელე თ-----ი ც------ის მიმართ აქვს ვალი 10 300 ლარი, 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი, სულ ათი ათას შვიდას ოთხმოცი ლარი და ორიათას ხუთასი დოლარი, რომელთა გადახდის ვალდებულებასაც მოსარჩელე თ. ც------ის მიმართ იღებს ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, პირობის დარღვევის შემთხვევაში კი გადაუხდელი წინა თვეებისას მომდევნო თვეებში იხდის ერთდროულად. 2.2. თ-----ი ც------ის შუამდგომლობის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო, მოპასუხის ვ----–ი მ-------–-–---–ის სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებას L-–---- ტექ პასპორტი D-------- მოდელი ფორდ ტრანზიტ 1904 1999 წელს გამოშვებული ვინკოდი W-----------------. 2.3. მოწმის სახით დაკითხულმა დ--------–-----ემ განმარტა, რომ იცნობს მოდავე მხარეებს. მოწმემ განმარტა, რომ ვასო მ-------–-–---–ი, სწორედ ხელწერილზე ხელისმომწერი ვ----–ი მ-------–-–---–ია. მისივე განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ნამდვილია და ის ესწრებოდა ხელწერილის შედგენას, ხოლო მხარეთა თხოვნით, როგორც დამსწრემ, ხელი მოაწერა ხელწერილს. 2.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენელის მიერ შესაგებელში და საქმის განხილვისას მითითებული გარემოებები. 2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული არ იყო. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. - ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. 2.7. მოპასუხე ვ----–ი მ-------–-–---–მა მოსარჩელე თ-----ი ც------ისაგან მიიღო 10 300 ლარი, 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი. მითითებული თანხის მიღების ფაქტი დადასტურებულია თვით მოპასუხე ვ----–ი მ-------–-–---–ის მიერ შედგენილი ხელწერილით, რომლის საფუძველზეც ის აღიარებს, რომ მოსარჩელე თ-----ი ცხდაძის მიმართ აქვს ვალი 10 300 ლარი, 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი, რომელთა გადახდის ვალდებულებასაც მოსარჩელე თ-----ი ც------ის მიმართ იღებს ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, პირობის დარღვევის შემთხვევაში კი გადაუხდელი წინა თვეებისას მომდევნო თვეებში იხდის ერთდროულად. ხელწერილის ნამდვილობა დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა, ხელწერილზე ხელისმომწერმა დ--------–-----ემ. 2.8. სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად - 1. თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის წარმომადგენელის განმარტება ხანდაზმულობის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ----– მ-------–-–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლებების რეალიზაცია ან დაცვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, მოპასუხეს ეკისრებოდა სახელშეკრულებო ვალდებულება ყოველთვიურად შეეტანა მოსარჩელის სასარგებლოს სესხის თანხა 500 ლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2013 წლის აპრილში, რაც არასწორია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მოწმე დაადასტურებდა 2013 წლის აპრილში თანხის გადახდას, რაც მოწმეს არ განუმარტია. რაიმე გადახდის ქვითარი, იმის დამადასტურებელი, რომ აპელანტმა გადაიხადა თანხა 2013 წლის აპრილში არ წარმოუდგენია. შესაბამისად ამის გათვალისწინებით სარჩელი არის ხანდაზმული და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 3.2. მხარეს არ წარმოუდგენია, ადვოკატის მომსახურეობის ქვითარი არც სარჩელს ერთვის შესაბამისად სასამართლომ არასწორად იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სასამართლომ არასწორად მიუთითა 141-ე მუხლი. აღნიშნულს განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და სასამართლოს იგი არ უნდა გამოეყენებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ თ----- ც------ემ (მოსარჩელე - კრედიტორი) ვ----– მ-------–-–---–ს (აპელანტი - მოვალე) ასესხა 10 780 ლარი, 480 ლარი და 2500 აშშ დოლარი. 4.2. ამ ვალთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს მხარეებმა შეადგინეს წერილობითი საბუთი, რომლითაც მოვალემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტორისათვის ვალი, ყოველთვიურად, 500 ლარის ოდენობით. პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოვალეს მომდევნო თვეებში წინა თვეების გადაუხდელი თანხა უნდა გადაეხადა „ერთდროულად“. 4.3. მოვალეს კრედიტორისათვის ვალი სრულად არ დაუბრუნებია და მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 5230 ლარს და 2500 აშშ დოლარს. 4.4. ვალის დაბრუნების მოთხოვნით კრედიტორმა სარჩელი 2016 წლის 30 მარტს აღძრა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.5.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტს მოსარჩელისათვის სესხად აღებული თანხა უნდა დაებრუნებინა. 4.6. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. 4.6.1. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 4.6.2. მხარეთა წერილობითი შეთანხმების მიხედვით, მართალია, მოვალეს შეეძლო ვალდებულება ყოველთვიურად შეესრულებინა, თუმცა ამავე შეთანხმების თანახმად, მას შეეძლო თანხა „ერთდროულად“, ე.ი. ერთიანადაც გადაეხადა. 4.6.3. ამის შესაბამისად, კრედიტორის უფლება დაირღვა იმ მომენტიდან, როცა მოვალემ საბოლოო გადახდის ვადას გადააცილა. 4.6.4. თუ სესხად აღებულ თანხას 500 ლარზე გავყოფთ, მხოლოდ 10780 ლარის გადასახდელად მოვალეს დაახლ. 22 თვე დასჭირდებოდა; ხოლო თუ ამას 2500 აშშ დოლარსაც დავუმატებთ, ვალდებულების შესრულების ვადა კიდევ უფრო გაიზრდება. 4.6.5. ამის შესაბამისად, მხოლოდ ლარებში განსაზღვრული თანხის გადახდის ვადა 20.12.2011 წ.+22 თვე=2013 წლის 20 ოქტომბერს გადიოდა. 4.6.6. კრედიტორმა კი სარჩელი 2016 წლის 30 მარტს, ე.ი. 2013 წლის 20 ოქტომბრიდან სამი წლის ვადაში აღძრა. 4.6.7. ამრიგად, კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად,იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. 4.7.1. უდავოა, რომ მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში წარმომადგენელი, ადვოკატი ი-------------ე იცავდა. 4.7.2. ზემოხსენებული ნორმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სავსებით მართებულად მიიღო გადაწყვეტილება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე. 4.7.3. აღსანიშნავია, რომ თავად აპელანტის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და გადახდის ქვითრის თანახმად, მან წარმომადგენლისათვის დახმარებისათვის 500 ლარი გადაიხადა. 4.7.4. ეს კი ადასტურებს, რომ გასაჩვრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა გონივრულია და დავის საგნის ფასს შეესაბამება. 4.8. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ვ----– მ-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე