განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210015775206
საქმე №2ბ/3137-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ი--- ჩ-------ი
წარმომადგენელი - ტ----- ჭ--–--ე
ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ი---- ჩ-------ი
წარმომადგენლები: მ--- თ-----–---–ი, რ---- მ----–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
І აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი სრულად
ІІ აპელანტის (შეგებებულ სააპელაციო საჩივარში) მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ი--- ჩ-------ის სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ი---- ჩ-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4850 ევროს შესაბამისი ეკვივალენტის დავალიანების გადახდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე ი--- ჩ-------ს მოპასუხე ი---- ჩ-------ისთვის გერმანიიდან საბანკო მომსახურების მეშვეობით 2008-2012 წლების პერიოდში გადმოგზავნილი აქვს თანხა 4850 ევროს ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი ( ს.ფ. 1-15 )
- შესაგებელი (ს.ფ. 96-104)
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2016 წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი 15:53:03);
-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2016 წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი
15:57:03);
-თანხის გადარიცხვის ქვითრები (ს.ფ. 16-18,21-28, 33-62, 70-74);
2.2. მოსარჩელემ 2008 წლის 4 სექტემბერს საბანკო მომსახურების საშუალებით ა----------------- გადმოურიცხა თანხა 60 ევრო (10 ევრო მოსაკრებელი) 2012 წლის 2 თებერვალს 114,50 ევრო (14,500 მოსაკრებელი) 2012 წლის 23 ივლისს 60 ევრო (10 ევრო მოსაკრებელი) სულ 234 ევრო (მოსაკრებლის გარეშე). 2009 წლის 06 ივლისს დ-------------–---- გადაურიცხა 326.50 ევრო (26.50 ევრო მოსაკრებელი) 10 ივლისს 38,50 ევრო, (8.50 მოსაკრებელი) სულ 365 ევრო მოსაკრებლის გარეშე, 2011 წლის 14 მარტს ქ---------------–---- გადმოურიცხა 300 ევრო, (17.00 ევრო მოსაკრებელი) 2012 წლის 2 მარტს მოსარჩელემ ნ-----–----–-------- გადმოურიცხა 1 614,70 ევრო (39,90 ევრო მოსაკრებელი) 22 დეკემბერს მოსარჩელემ ნ-----–----–-------- გადმოურიცხა 114,50 ევრო, (14,50 ევრო მოსაკრებელი) სულ 1729,2 ევრო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-15)
- შესაგებელი (ს.ფ. 96-104)
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2016 წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი 15:53:03);
-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2016 წლის 20 აპრილის სხდომის ოქმი
15:57:03);
-თანხის გადარიცხვის ქვითრები (ს.ფ. 18-19, 28-29, 30-31,37-38, 64-65, 73-74);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. მოპასუხე ი---- ჩ-------ს მოსარჩელის მიმართ გააჩნია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 4850 ევროს ოდენობით. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სასამართლოში იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც მოპასუხისათვის 2923 ევროს გადაცემის ფაქტს დაადასტურებდა.
2.4. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ მოსარჩელის მიერ გადმორიცხული თანხები წარმოადგენდა საჩუქარს, საცხოვრებელი ბინის სარემონტო ხარჯს ან აღნიშნული თანხით რომ უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის და დედამისის ვალების გასტუმრება.
აღნიშნული სასამართლომ დააადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც მხარე თავისუფალია, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი კი ორინტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას , თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა თანხა 7773 ევროს ოდენობით და აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ფულადი გზავნილის მოპასუხისათვის 4850 ევროს ოდენობით გადმორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ა-------------------------------–----–--------------------------------------–--ეებისთვის გადმორიცხულ თანხას სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა არ შეიძლება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული ვინაიდან, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და არც სარწმუნოდ მიუთითებია იმის შესახებ თუ რა ფაქტობრივმა გარემოებამ განაპირობა მოპასუხისათვის, რომელიც მოსარჩელის დაა გადასაცემი თანხის სხვადასხვა პიროვნებებზე გადარიცხვა, მაშინ როდესაც დასახელებულ პერიოდში მოპასუხის სახელზეც აქვს გადარიცხული თანხები.
მოპასუხე ი---- ჩ-------ი, როგორც წერილობითი შესაგებლით ასევე, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელს არ სცნობს და მიუთითებს, რომ მას მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალდებულება არ აქვს.თანხა მოსარჩელემ გადმორიცხა საჩუქრად, რიგ შემთხვევაში საცხოვრებელი ბინის გასარემონტებლად. აღნიშნულის დადასტურებას მოპასუხე ცდილობს მოწმეთა ჩვენების და შპს ჯ-------–-აუდიტის დამოუკიდებელი აუდიტორის 2015 წლის 25 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის №00------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქ. რუსთავი, მე--------------ში მდებარე ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 5706, 88 ლარს, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხანდაზმულობის ვადაზე საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზამ ვერ იმსჯელა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ნორმა ადგენს მხარის ვალდებულებას, საჭირო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც მისი მოთხოვნები ეფუძნება. კანონის აღნიშნული დანაწესი უთითებს იმ მტკიცებულებების რიგზე, რომლებიც მხარემ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად შეიძლება წარადგინოს, თუმცა გარკვეული ფაქტების დადასტურება შესაძლებელია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კონკრეტული, სათანადო მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლოს მიზანია, მხარეთა მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დაადგინოს სადავო გარემოების არსებობა-არარსებობის ფაქტი, რა დროსაც ყოველი მტკიცებულების სათანადოობა მოწმდება სასამართლოს მიერ.
სასამართლომ არ გაიზიარა შპს ჯ-------–-აუდიტის დამოუკიდებელი აუდიტორის 2015 წლის 25 აგვისტოს დასკვნის შინაარსს ქ. რუსთავი, მე--------------ში მდებარე ბინის საცხოვრებელი ბინის სარემონტო ხარჯის 6520 ლარის განსაზღვრის შესახებ ვინაიდან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის №00------- საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, დასახელებულ ბინაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 5706, 88 ლარს, ხოლო ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხანდაზმულობის ვადაზე საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზამ ვერ იმსჯელა. აუდიტორის დასკვნის და თავად მოპასუხის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარებული იქნა 2010-2013 წლებში, ხოლო მოწმე ზ--------------–---–-ს ჩვენებით, რომელიც მოპასუხემ წარმოადგინა მოპასუხის თხოვნით სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 2003 ან 2004 წელს. ის, რომ მოსარჩელის გადმორიცხული თანხებით გასტუმრებული იქნა მხარეთა დედის ვალები მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენით ვერ შეძლო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე რომლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო სესხის ხელშეკრულება, რომლიც თაობაზეც ნების გამოვლენა დადასტურებული იქნა ზეპირი ფორმით მხარეთა მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ი--- ჩ-------ს მოპასუხე ი---- ჩ-------ისთვის გერმანიიდან საბანკო მომსახურების მეშვეობით 2008-2012 წლების პერიოდში გადმოგზავნილი აქვს თანხა 4850 ევროს ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ ვადაში ვალდებულება არ სრულდება.
დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება, დაებრუნებინა თანხა არ შეუსრულებია. რაც შეეხება მოპასუხის და მისი წარმომადგენლების განმარტებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გადმორიცხული თანხის ნაწილი წარმოადგენს მხარეთა დედის ვალს, თანხის ნაწილი მოხმარდა საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოებს, ხოლო თანხის ნაწილი წარმოადგენდა საჩუქარს სასამართლო ვერ დაეთანხმება და მიაჩნია, რომ არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან წინააღმდეგობრივია თავად მოპასუხის სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება სადაც იგი ერთის მხრივ მიუთითებს მისი ოჯახის უზრუნველ მატერიალურ მდგომარეობის შესახებ, თუმცა მეორე მხრივ განმარტავს, რომ ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა გაქირავებული ჰქონდა ელემენტარული შემოსავლის მისაღებად და მოსარჩელის მიერ თანხის
გარკვეული ნაწილი გადმორიცხული იქნა ბავშვების ქალაქიდან გასაყვანად. მოპასუხის მითითებით მის მიერ რისკის გაწევის შედეგად აღებული იქნა სესხი მხარეთა დედის უცხოეთში გასაგზავნად, თუმცა რიგ შემთხვევაში მიუთითებს, რომ ოჯახში მეუღლესთან დაეძაბა ურთიერთობა იმის გამო, რომ მოსარჩელე და დედამისი მის მეუღლეს ვერ უსტუმრებენ ვალს.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სასამართლო მიიჩნევს, რომ არც აღნიშნული წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ვინაიდან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ თანხა გადმორიცხული იქნა 2010-2012 წლებში, მოპასუხე საერთოდ უარყოფს მხარეთა შორის სესხის არსებობას, შესაბამისად მისი დაფარვის ვადას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შეთანხმება თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობით არ არის დადასტურებული, ხოლო მოპასუხე სასერთოდ უარყოფს მხარეთა შორის სასესხო ვალებულებას, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, მითითებას 2013 წელს ვალდებულების შესრულების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
І აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული გადმორიცხვის ქვითრებით დასტურდება, რომ მითითებულ პერიოდში უშუალოდ მოპასუხისთვის გადარიცხული აქვს და მისი საკუთრებიდან გასულია არა 4850 ევრო, არამედ მოსაკრებლის ჩათვლით 5134 ევროს ოდენობით, მათ შორის 04.08.08 წელს 733.50; 13.10.08 წელს 733.50, 05.12.08 წელს 733,50; 09.01.09 წელს 733.50; 10.02.09 წელს 733.50; 11.11.09 წელს 219; 11.02.10 წელს 326.50; 03.05.2011 წელს 262; 30.12.11 წელს 430; 24.07.2012 წელს 114.50; 18.08.2012 წელს 114.50 ევროს ოდენობით, რაც ასევე, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არსებული თანხის გადარიცხვის ქვითრებით დასტურდება, რომ მოპასუხის თხოვნით მასზე გადასაცემად მოსაკრებლის ჩათვლით ჩურიცხა: ა--------------------ს - 04.09.08 წელს 60 ევრო, 02.02.2012 წელს 114.50 ევრო, 23.07.12 წელს 60 ევრო, ნ-----–----–-------- - 02.03.2012 წელს 1614.70 ევრო, 22.12.12 წელს 114.50 ევრო; ქ---------------–---- - 14.03.2011 წელს 317 ევრო; დ-------------–---- - 06.07.09 წელს 326.50 ევრო, 10.07.09 წელს 38.50 ევრო ანუ სულ 2639 ევრო.
აპელანტი მიუთითებს, რომ მის მიერ მოწმეებზე თანხის გადარიცხვა განპირობებული იყო მოპასუხის თხოვნით იმის გამო, რომ კონკრეტულ მომენტში არსებობდა საფრთზე, რომ კონფლიქტში მყოფ მეუღლე გ----------–---–- არ გაეგო მისგან სესხის სახით თანხის აღების მიზეზი, კერძოდ ის, რომ ჰქონდა ფიზიკური და იურიდიული პირების ვალები, რის გამოც იგი მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა.
3.1.2. აპელანტი მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაში უნდა შევიდეს ცვლილება და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე და განმარტავს, რომ 2008 წლის ზაფხულში მოპასუხის ინიციატივით, მის მიერ გამოვლენილი იქნა ნება სესხის თანხის პერიოდულად გადაცემის შესახებ, ვინაიდან ერთდროულად არ გააჩნდა შესაბამისი თანხა.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 623-ე მუხლზე და განმარტავს, რომ 2008-2012 წლებში საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გერმანიიდან გადაურიცხა ფულადი თანხა 5134 ევროს ოდენობით. ხოლო იმავე პერიოდში მისივე თხოვნით ასევე, საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გერმანიიდან საქართველოში გადაურიცხა ა----------------- 234.5 ევრო; დ-------------–---- 365 ევრო; ქ---------------–---- 317 ევრო; ნ-----–----–-------- 1729.2 ევრო ანუ ტრანზაქციის შესრულების გამო სასესხო პირობის შესასრულებლად მის მიერ დამატებით გაღებულ იქნა ფულადი თანხა საერთო ჯამში 424.9 ევროს ოდენობით.
აპელანტი არ იზაირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმრტებას 4850 ევროს დაკისრების თობაზე და მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ფულადი თანხა 7773 ევროს ოდენობით.
აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე და მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან.
ІІ აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტი ი---- ჩ-------ი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე ი---- ჩ-------ს მოსარჩელის მიმართ გააჩნია სესხის ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 4850 ევროს ოდენობით, ვინაიდან რეალურად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არადროს არ ყოფილა არანაირი სასეხო ხელშეკრულება. გზავნილის მიზანი სესხი არ ყოფილა.
აპელანტი განმარტავს, რომ არ ეთანხმება სსამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრვი გარემობას, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რომ მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხები წარმოადგენს საჩუქარს. ბინის რემონტს ან აღნიშნული თანხითუზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელის და დედამისის ვალების გასტუმრება. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა არც ექსპერტიზის დასკვნა და არც მოპასუხის ახსნა-განმარტება.
აპელანტის განმარტებით, მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებაზე მოსარჩელესთან მიმართებაში, ნების გამოვლენა არ დაუდასტურებია არც ზეპირად და არც წერილობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოცემულ საქმეში სარჩელის არსებითობის შესაფასებლად საყურადღებოა მასში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის დადებული იყო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სხვადასხვა დროს, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 7773 ევრო. აღნიშნული თანხები საბანკო გადარიცხვების გზით მიიღო მოპასუხემ. სესხის დაბრუნების დრო მხარეთა მიერ არ იყო განსაზღვრული. მოპასუხემ მიღებული თანხები მოსარჩელეს არ დაუბრუნა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელში მოცემული ზემოხსენებული გარემოებები რელევანტურია და მიუთითებს სარჩელის არსებითობაზე (სსკ-ის 623-ე, 624-ე, 626-ე მუხლები).
შესაგებლის არსებითობის შემოწმების მიზნით მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე შესაგებელში აღიარებს თანხების მიღების ფაქტს, თუმცა უარყოფს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას (სადავოდ ხდის თანხების გადაცემის მიზნობრიობას) და შესაბამისად, მათი დაბრუნების ვალდებულებას.
მოპასუხე უარყოფას აფუძნებს აგრეთვე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადარიცხვის ქვითრების შეფასებაზე, სადაც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობაზე არაფერია მითითებული.
იმისათვის, რომ შეფასდეს არსებითია თუ არა ზემოაღნიშნული შედავება, უნდა შეფასდეს მიუთითებს თუ არა შესაგებელი სარჩელის გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ შესაგებელი უთითებს სარჩელის შემაფერხებელ გარემოებებზე, რაც, შესაბამისი მატერიალური ნორმის საფუძველზე, შესაძლებელს ხდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება (სსკ-ის 623-ე მუხლი), რომელიც შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით, რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება მსესხებელის საკუთრებაში ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, ერთი პირის მიერ მეორე პირისაგან მხოლოდ თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების ფაქტი არ არის საკმარისი მათ შორის სასესხო ურთიერთობის დასადგენად, რადგან თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების სხვა საფუძველიც შეიძლება არსებობდეს.
სწორედ ამიტომ, თუ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი, მაგრამ სადავოა საფუძველი (სესხი თუ სხვა ხელშეკრულება), მაშინ იმ ფაქტის დადგენა - თანხის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თუ არა სესხის ხელშეკრულება, განპირობებულია მოპასუხის შედავებით. უფრო ზუსტად, მნიშვნელობა ენიჭება იმას, მოპასუხე რამდენად აქარწყლებს მოსარჩელის მითითებას სესხის ხელშეკრულების არსებობაზე. მოპასუხის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“ არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშობა ვითარება, როცა მოპასუხის შედავების არსი მიუთითებს იმაზე, რომ მან თანხები მიიღო, მაგრამ არ სურს ამ თანხების დაბრუნება და არც უთითებს ჰქონდა თუ არა მათი მიღების რაიმე საფუძველი.
ერთი მნიშვნელოვანი წესია, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს თავისი უფლება და მას არ მოეთხოვება მოპასუხის უფლების დადასტურება.
მართალია, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს (იხ. სუსგ საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015). მაგალითად, სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამ დროს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საჭიროა, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალო ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება სესხის არსებობა.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების დასადებად ზეპირი ფორმა შეარჩიეს, ხელშეკრულება დადებულად უნდა მივიჩნიოთ, თუ ამ ხელშეკრულებაში ასახულია მხარეთა შეთანხება სესხის საგანზე და მსესხებლისათვის მის გადაცემაზე. ასევე, სესხის პროცენტზე და ვადაზე.
სსკ-ის 623-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი აწევს გამსესხებელს. სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება გამსესხებლის მოვალეობას წარმოადგენს, ასევე, სსსკ-ის 102.1 მუხლის მიხედვითაც.(იხ. სუსგ საქმეზე #ას-839-890-2011, 08.11.2011; სუსგ საქმეზე #ას-361-343-2015, 14.12.2015). სესხის დაბრუნების მტკიცების ტვირთი კი, აწევს მსესხებელს (იხ. სუსგ საქმეზე #ას-41-38-2015, 23.03.2015). მოპასუხის მიერ თანხების მიღების ფაქტი, როგორც ასეთი, თავისთავად უკვე წარმოშობს ორ სავარაუდო შემთხვევას: ა. მოპასუხემ ეს თანხები მიიღო სამართლებრივი საფუძველით; ბ. მოპასუხემ ეს თანხები მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
პალატა განმარტავს, რომ პრეზუმფცია (ალბათობა), როგორც ლოგიკური სუბსტანცია, წარმოიშობა, თუ ის ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს. არ შეიძლება პრეზუმფცია ეხებოდეს ლოგიკურად წარმოუდგენელ, უჩვეულო გარემოებას (გამონაკლისი შეიძლება იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული პრეზუმფციები, მაგალითად, კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რაც თავისი შინაარსით უფრო ფიქციაა და ა.შ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სადავო თანხების მიღება მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ლოგიკურად იგულისხმება, რომ ამ თანხების მიღების საფუძველი არსებობდა. მოსარჩელე უთითებს სესხის ხელშეკრულებაზე, ხოლო მოპასუხე თანხების მიღების საფუძვლის შესახებ უთითებს რომ მათი მიღების საფუძველი არსებობდა. შესაბამისად, ეს თანხები მოპასუხემ მიიღო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და არც დაბრუნება ეკისრება. სწორედ ამიტომ მოსარჩელის მიერ მითითება, რომ ამ თანხების მიღება განპირობებული იყო სესხის საფუძველზე, ვერ წარმოშობს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის ვარაუდს, იმ დრომდე სანამ მოპასუხე თანხების მიღების სხვა სამართლებრივ საფუძველზე მითითებით ამ ვარაუდს არ გააქარწყლებს.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე უთითებს შემდეგ გარემოებაზე, რაც გონივრული განსჯის შედეგად ცხადს გახდიდა ამ თანხების მიღების სხვა საფუძველს. მოპასუხის მითითება, რომ: მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხები წარმოადგენს საჩუქარს. ემსახურებოდა ბინის რემონტსა და მოსარჩელისა და დედის ვალების გასტუმრებას და ამ მიზნით მოხდა მისი მიღება.
მოსარჩელემ ვერ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება. მოპასუხის მხრიდან მოხდა კვალიფიციური უარყოფა ანუ მოპასუხემ შესაგებელში თანხების მიღების საფუძველზე მიუთითა. აპელანტ ი--- ჩ-------ის მიერ ვერ მოხდა მითითება სესხის არსებით პირობებზე (მაგალითად სესხის ვადაზე) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი 11:53:39; 11:54:46; 11:5634); ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან ერთი ოჯახის წევრები - დები, ი--- ჩ-------ის მიერ გადარიცხულია სხვადასხვა ოდენობის თანხები სხვადასხვა დროს.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მხარის მიერ შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენის გამო, იქნა გაქარწყლებული მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობების არსებობის პრეზუმფცია, სარჩელი სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ არ არის საფუძვლიანი. შესაბამისად, ი--- ჩ-------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ი--- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და დაკმაყოფილდეს ი---- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. ვინაიდან ІІ აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ი--- ჩ-------ს ი---- ჩ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 281 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 53-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ი--- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი---- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და 2.1. პუნქტები;
4. ი--- ჩ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. ი--- ჩ-------ს ი---- ჩ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 281 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი